"მირჩევნია, თავი თვითონვე ვირჩინო, ვიდრე ვიღაცას ხელებში შევყურებდე" - კვირის პალიტრა

"მირჩევნია, თავი თვითონვე ვირჩინო, ვიდრე ვიღაცას ხელებში შევყურებდე"

ბექა გელაძე 18 წლის იყო, დასუფთავების სამსახურში რომ დაიწყო მუშაობა.

- უკვე ორი წელი და სამი თვეა, რაც მეეზოვედ ვმუშაობ. პირველ მორიგეობაზე დაბადების დღე მქონდა, მაგრამ მომერიდა, თავიდანვე დასვენება მეთხოვა. ტექნიკურ უნივერსიტეტში ვსწავლობ, სამშენებლო ინჟინერიის ფაკულტეტზე. მორიგეობის საათები ისე მაქვს განაწილებული, რომ ლექცია-სემინარებზეც ვასწრებ მისვლას. მუშაობას დილის 7-ზე ვიწყებ და 3-ის ნახევარზე ვასრულებ. ნახევარსაათიანი შესვენება მაქვს.

ძალიან კარგი სამუშაო გარემოა, თანამშრომლებსაც შევეჩვიე. ხელსაც მიწყობენ - თუ ისე მოხდა, რომ დილის საათებში მაქვს გამოცდა, არც ეგ არის პრობლემა. უნივერსიტეტიდან ცნობა მომაქვს ხოლმე. გამოცდების გამო გაცდენილ სამუშაო საათებს ჩვეულებრივ მინაზღაურებენ.

- მუშაობის დაწყება იმიტომ გადაწყვიტე, რომ სწავლის საფასური გადაგეხადა? - მე და ჩემი ძმები თბილისში ქირით ვცხოვრობთ. ისინიც სტუდენტები არიან და ორივე მუშაობს. მშობლები დასავლეთში გვყავს. უფასო ფაკულტეტზე ვსწავლობ, უნივერსიტეტში არაფრის გადახდა არ მიწევს. მუშაობის დაწყება იმიტომ გადავწყვიტე, რომ ქირის ფული გადამეხადა, ისე კი, მირჩევნია, თავი თვითონვე ვირჩინო, ვიდრე ვიღაცას ხელებში შევყურებდე, თუნდაც საკუთარ ძმებს.

- ოდესმე თუ გითაკილია მეეზოვეობა? - აქ ჩემზე ბევრად გამოცდილი და განათლებული ადამიანები მუშაობენ. არასდროს მქონია სირცხვილის გრძნობა, არც პირველ სამუშაო დღეს. არ მიმაჩნია, რომ რაღაცით ვინმეზე მეტი ან ნაკლები ვარ.

ძირითადად, ვარკეთილის ტერიტორიაზე მიწევს მუშაობა. ყველა კეთილგანწყობილია, ვინც იგებს, რომ სტუდენტი ვარ.

ჩემი ოჯახიც ჩვეულებრივად შეხვდა ამ ამბავს და კურსელებმაც იციან, სად ვმუშაობ.

არანაირი დისკომფორტი არ შემქმნია იმის გამო, რომ მეეზოვედ ვმუშაობ, პირიქით, მეამაყება, დედაქალაქის დასუფთავებაში წვლილი შემაქვს.

- შენ გარდა, სხვა ახალგაზრდებიც არიან? - "თბილსერვის ჯგუფში" გოგონებიც მუშაობენ, მაგრამ ჩვენს პოზიციაზე არა. სამი კატეგორიაა: დილის დამგველი, რომელიც 7-ის ნახევრიდან 9 საათამდე მუშაობს და მხოლოდ ტრასა აქვს დასაგველი; მეეზოვეები, რომელთაც კორპუსებს შორის ტერიტორია აქვთ დასასუფთავებელი და მესამეა სპეცმორიგის პოზიცია, რომელზეც ახლა ვმუშაობ. ყველაფრის დაგვა გვიწევს: ტრასების, კორპუსებს შორის ტერიტორიისა და სკვერების.

მეეზოვეები 12 საათზე ამთავრებენ მუშაობას. ქალაქი რომ სუფთად იყოს, მათი წასვლის შემდეგ სპეცბრიგადირები მივდივართ და ვალაგებთ. ჩვენ შედარებით მეტი, 7-საათიანი სამუშაო გრაფიკი გვაქვს. ხან შეიძლება ტოტი იყოს ჩამოვარდნილი გზაზე, იმას დილის დამგველი ქალი ვერ ასწევს და მაგისთვის არის სპეცბრიგადის შტატი.

- სამუშაო ფორმა ყველა სეზონზე იცვლება? - ყველა სეზონზე სხვადასხვა ფორმას გვაძლევენ. ზამთრისთვის თბილი ტანსაცმელი, ქუდი და ფეხსაცმელი გვაქვს. ისეთია, რომ მუშაობა გაგვიადვილდეს.

- აი, ამ სკვერში (ვარკეთილში, ზემო პლატოს 41-ე კორპუსთან) ათი სანაგვე ურნა მაინც არის, არადა, ნაგავს ძირს მაინც ყრიან? - ბევრს ეზარება ურნამდე მისვლა. ბევრჯერ მიმითითებია, ზოგიერთი გაიგებს და ბოდიშსაც მოიხდის, მაგრამ ისეთებსაც შევხვედრივარ, აზრი რომ არა აქვს მათთან საუბარს, მაინც იმავეს გააკეთებენ.

- როგორც ვიცი, 2015 წელს ოზურგეთში საქართველოს დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გამართულ მკლავჭიდის ჩემპიონატში პირველი ადგილი დაიკავე. ახლა თუ ვარჯიშობ? - ლექციების შემდეგ უნივერსიტეტის დარბაზში ვვარჯიშობ. სამწუხაროდ, დროის დეფიციტის გამო ვერ ვახერხებ მკლავჭიდზე სიარულს. თუ თავისუფალი დრო გამომიჩნდება, მეგობრებთან ვატარებ. იმედია, უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ ჩემი პროფესიით დავსაქმდები, მანამდე აქ ვიმუშავებ.

ნათია სიბაშვილი