არც გზა, არც წყალი და არც გაზი - კვირის პალიტრა

არც გზა, არც წყალი და არც გაზი

"დუშეთის მერია აქეთ გვთხოვს დახმარებას, ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართეთ, რომ რეგიონებზე ფული სამართლიანად გაანაწილოსო!"

"ბევრ ჩვენგანს უნახავს, როგორ მიაშურებენ ასაკოვანი ადამიანები მშობლიურ სოფლებს, სადაც თავდაუზოგავად შრომობენ. ბევრჯერ ისეც ყოფილა, უმუშევრად დარჩენილ შთამომავლებსაც ინახავენ სოფლის ნობათით. ჩვენ იმის განსჯას არ ვაპირებთ, ეს კარგია თუ ცუდი, მაგრამ კარგი ის არის, რომ ხშირად ეს ხალხი სოფლის კეთილმოწყობისთვის უფრო მეტად აქტიურობს, ვიდრე იქ მუდმივად მცხოვრებნი. ასეთია მაყვალა ბებოც (მამნიაშვილი) დუშეთის სოფელ ჭილურტში. ამ ულამაზეს სოფელს არც წყალი აქვს, არც ბუნებრივი აირი და არც გზა, ქვიშამოყრილი ორღობე იმდენად მტვერდება, რომ ხანდახან მოსახლეობა შინიდან ვერ გამოდის. მაყვალა ბებო სოფელში კანტიკუნტად გამოჩენილ ხელისუფლების წარმომადგენლებს არ ასვენებს, მაგრამ ვერაფერს გახდა, ამიტომ იქნებ თქვენ მიაწვდინოთ მთავრობას ხმა".

პატივისცემით. მაია გიუნაშვილი.

წერილის წაკითხვის შემდეგ მაყვალა მამნიაშვილს დავუკავშირდით.

- როგორც იტყვიან, რკინის ქალამანი ჩაგიცვამთ და რკინის ჯოხიც აგიღიათ სოფლის დასახმარებლად. რატომ უჭირს წყალი სოფელს, როცა დუშეთის გარშემო სულ მთებია, სადაც მთის წყაროები უხვად არის. - მე არაფერი ვიცი მთების წყლისა, მაგრამ ის ვიცი, რომ სოფელს ადრე წყარო ჰქონდა და ახლა აღარ აქვს. ახლა ნახევარი საათი უნდა იდგე, სანამ 5-ლიტრიან ჭურჭელს გაავსებ. რომ ვიკითხე, მიზეზი რა არის-მეთქი, მითხრეს, წყაროს სათავეა გასაწმენდი, მაგრამ ამ საქმეს იმდენი ფული სჭირდება, რომ ხელისუფლებამ ბურღის დაკვრა არჩიაო. ჩვენ კი აღარც ბურღის წყალი გამოგვადგა, სოფელში კვირაში ერთხელ ვერ მოდის. ამბობენ, თუკი ბურღს 200 მეტრზე დაჰკრავ, მთელ სოფელს წყალი მხოლოდ ამ შემთხვევაში ექნება, რადგანაც წყალს სიღრმე არ ჰყოფნისო. ეს თუ მე ვიცი, ხელისუფლებამ არ უნდა იცოდეს? მოვიდნენ, დაჰკრან ღრმად ეგ ბურღი და ამოგვასუნთქონ, გადაგვიხმა ყველაფერი! 150 ძირი გალაღებული პამიდორი დამიხრუკა მზემ! იმიტომაც გაწუხებთ, რომ ხელისუფლებამდე ხმა მიიტანოთ და გვიშველოთ!

ვისაც ფეხი მოუცდა მთავრობიდან, ყველას მაგ თხოვნით ვხვდებით და მაინც არაფერი გამოდის. ალბათ, ზოგიერთს თავიც მოვაბეზრე, რადგან ერთმა წამომაძახა, ამ ქალმა არ შეგვჭამაო?! მაგრამ მე მაგათ სიტყვებს ყურს არ ვუგდებ, რამდენსაც ჩემს სოფელში ფეხი ამოუცდება, იმდენს გავახსენებ, რომ არც წყალი გვაქვს, არც გაზი და არც გზა! გაზსადენი სულ 3 კილომეტრით არის დაშორებული, სოფელ მჭადიჯვარში გადის! დავიჯერო, ეს 3 კილომეტრი ასე შორს არის, რომ ჩვენ სოფლამდე გაზს ვეღარ მოაღწევინეს? ხალხი შეშაში 700 ლარს იხდის! მერედა, სად არის ამდენი ფული! გზაა კიდევ და, სავსეა ორმოებით, მანქანები შიგ პანტაპუნტით იმტვრევა!

- 3 კილომეტრზე მდებარე გაზსადენიდან ბუნებრივი აირის შემოყვანა რაღა სირთულე გახდა, რომ ხალხს ტყე მაინც არ გაანადგურებინონ. - ჰოდა, შვილო, მთავრობას ხმა მიაწვდინე, - კიდევ ერთხელ მთხოვა მაყვალა ბებომ და მეც დუშეთის მერიას დავუკავშირდი. დუშეთის მერიამ კი აქეთ გვთხოვა შველა, ხელისუფლებას მერიებში ბიუჯეტი არათანაბრად აქვს გადანაწილებული. რა უნდა ქნას საქართველოში ყველაზე დიდმა რაიონმა, დუშეთმა, სადაც 280 სოფელია, 7-მილიონიანი ბიუჯეტით, როცა, მაგალითად, გარდაბანს 30-მილიონი ბიუჯეტი აქვს! ეგ კი არა, გზები ვერ გაგვყავს საკუთარი ქვიშით, დუშეთის სამშენებლო ქვიშა თბილისს მიაქვს, ჩვენ კი საკუთარი ქვიშის ამოღების ნებას არ გვაძლევენ! ცენტრალურ ხელისუფლებას მიმართეთ, რომ ფული სამართლიანად გაანაწილოსო!