"წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებთ"... - კვირის პალიტრა

"წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებთ"...

ისტორიული ქართული წყაროები გადასარჩენია!

"შესაძლოა ზოგიერთ თქვენგანს უნახავს საქართველოს სოფლებში გაბნეული ქვის წყაროები, რომლებიც 200-300 წელიწადს ითვლიან და იმ ისტორიად არიან ქცეული, რომელთა აღრიცხვა და გადარჩენა აუცილებელია! რაც დრო გადის, მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელ მათ არქიტექტურას მეტი ფასი ედება. კაცმა არ იცის, როგორ შეძლეს ჩვენმა წინაპრებმა ან ამ წყაროებამდე ამხელა ქვების მიტანა, ან ასეთი გრანდიოზული ქვების გათლა, ფაქტობრივად, შიშველი ხელებით. ზუსტად ასეთია ჩვენი სოფლის, საჩხერის სოფელ შალაურის ისტორიული ქვის წყაროც, რომლის ასაკი თურმე თვით სოფლის უხუცესების ბებია-ბაბუებსაც არ ახსოვდათ. დღეს დრო-ჟამისაგან ოდნავ სახეშეცვლილი ჩვენი წყაროც ისეთივე რესტავრაციას საჭიროებს, როგორსაც სხვა ქვის წყაროები, თუმცა ძველი პეწი მას ჯერ კიდევ შენარჩუნებული აქვს. უფრო სწორად, პეწი რომ შენარჩუნებული ჰქონია, ეს ახლა გამოჩნდა, როცა, ფაქტობრივად, დამშრალი, ლაფით დაფარული წყარო სოფელმა იმ იმედით გაწმინდა, რომ გადაერჩინა და თანაც დაკარგული წყალიც ეპოვა. ასეც მოხდა - წყაროს ლაფისა და ეკალბარდებისაგან გაწმენდის შემდეგ აღმოჩნდა, რომ დაკარგული წყალი იქვე, მიწაში ჩადიოდა. ბედნიერებისაგან აღარ ვიცოდით, რა გაგვეკეთებინა. არადა, ეს ადვილი საქმე არ იყო, ერთი კარგი საჩხერელი კაცი, პეტრე ჭიხორია რომ არ მოგვშველებოდა თავისი ტექნიკით, მხოლოდ ბარითა და თოხით ვერაფერს გავაწყობდით. მალე სოფელ შალაურის 300-წლოვანი ქვის წყარო სიცოცხლეს დაიბრუნებს. რესტავრაციასაც ჩავუტარებთ და წყალსაც ახალ მილში გავუშვებთ, მე კი ინიციატივას ავიღებ და მივმართავ კულტურის სამინისტროს: "საუკუნოვანი ქართული ქვის წყაროები მოიძიეთ, აღრიცხეთ და გადაარჩინეთ! დრო მოვა, ამ წყაროებს ოქროს ფასი დაედება, თქვენ კი ქვეყნისთვის ნამდვილ აგურს დადებთ, ილუზიურს კი არა!"

მანანა კაპანაძე, ისტორიკოსი

ქალბატონ მანანა კაპანაძეს ისტორიული ქვის წყაროების შესახებ ცოტა რამ მოვაყოლეთ:

- ჩემმა ბავშვობამ სოფელ შალაურში სწორედ ასეთ მოჩუხჩუხე წყაროსთან გაიარა. არა მგონია, კულტურის სამინისტროში მათ შესახებ რაიმე იცოდნენ, ქვით ნაგები წყაროები ხომ თითზე ჩამოსათვლელია, თანაც მთიან სოფლებში. ამიტომაც აუცილებლად უნდა დადგეს მხოლოდ ჩვენი ქვეყნისთვის დამახასიათებელი ამ ისტორიული ნაგებობების აღრიცხვისა და გადარჩენის საკითხი. ჩემი სოფლის წყაროც უკვე საკმაოდ დაზიანებულია, მაგრამ მისი გადარჩენა უკვე დავიწყეთ - რესტავრაციას გავუკეთებთ, თორემ ქვის აუზები დღემდე საღად ჰქონია შენარჩუნებული. უცხოსთვის, ალბათ, წარმოდგენაც ძნელია, რამდენად ნატიფად არის დამუშავებული ისინი - წვეთი წყალიც არსაიდან ეპარება. ეს ქვები ჩვენს წინაპრებს ადგილობრივი ხეობიდან მოჰქონდათ, მერე კი საჭრეთლით თლიდნენ.

- საკვირველია, მდინარის ხეობიდან 3-4-ტონიანი ქვები რით ამოიტანეს? - ჩემი სოფლის წყაროს აუზების ქვები დაახლოებით ტონა-ნახევარი იქნება. როგორც სოფლის ასაკოვანი ხალხი ამბობს, რამდენიმე წყვილ ძლიერ ხარს შეაბამდნენ ურემში, ქვებს ურემს ჯაჭვებით მიაბამდნენ და ასე მოჰქონდათ. წყაროს წყალი სათავიდან წყარომდე კრამიტის "მილებით" მიჰყავდათ. კრამიტებს ერთმანეთში იმგვარად აწყობდნენ, რომ წვეთი წყალი არ იკარგებოდა, ესეც ხომ ხელოვნებაა! რომ არა დიდი მიწისძვრა, კრამიტს დამტვრევა არ ეწერა. როგორც ვიცით, დაახლოებით 30 წლის წინ რაჭასა და იმერეთში ძლიერი მიწისძვრა მოხდა და სავარაუდოდ, იმიტომაც დაიკარგა წყაროების წყალი. ჩვენი დამშრალი წყაროს გაწმენდა იმ იმედით დავიწყეთ, რომ წყალს გაწმენდისას წავაწყდებოდით და ასეც მოხდა. თუმცა იმდენი შლამი დაგვხვდა, რომ მხოლოდ თოხითა და ბარით ვერაფერს გავხდით. ჩვენთვის მოულოდნელად, ტექნიკით საჩხერის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი პეტრე ჭიხორია დაგვეხმარა - ბედნიერებაა, როცა ხედავ, რომ სადღაც ადამიანებს ისტორიის ფასი ესმით. უფრო მეტი ბედნიერება იქნება ის, თუ ქვის საუკუნოვანი წყაროების გადარჩენის ინიციატივას საქართველოს კულტურის სამინისტრო აიღებს და უპატრონებს. აუცილებლად მოვა დრო, როცა ქვის ამ წყაროებს ოქროს ფასი დაედება, მათი საქმიანობაც იქცევა მისაბაძად, ვინც ამ წყაროებს გადაარჩენს. როგორც გურამ დოჩანაშვილი წერს: "წყაროდან ჭიქას ნუ წამოიღებთ", რადგან ამ ჭიქით წყალი იმ პატარა ქართველმაც უნდა დალიოს, რომელიც საკუთარი ისტორიის სურნელს შეისისხლხორცებს!