"მეუღლეც და ბავშვიც ქართულს ერთად სწავლობენ. მეც ვსწავლობ ჩინურს... ჩვენი მუზა ჩვენი შვილია"
"მეუღლეც და ბავშვიც ქართულს ერთად სწავლობენ. მეც ვსწავლობ ჩინურს... ჩვენი მუზა ჩვენი შვილია"
ფოტო:ირაკლი ნასიძე ცოლთან ერთად
"წარმოიდგინეთ, 23 წლის ბიჭს გეძლევა შანსი, ივ სენ ლორანის ან კრისტიან ლაკრუას ხელმძღვანელობით საოცრებები შექმნა. მათი ნდობა ყველაფერს განსაზღვრავდა. დიორი, გალიანო, შანელი - მოდის სამყაროს ამ გიგანტებთან ვთანამშრომლობდი..."

საქართველოდან 25 წლის წინ წავიდა... სულ მალე მისი სახელი და გვარი მსოფლიო მოდის ისეთი კორიფეების გვერდით გაჩნდა, როგორიცაა ივ სენ ლორანი, კოკო შანელი, კრისტიან ლაკრუა, კრისტიან დიორი, ჯონ გალიანო... ახლახან ირაკლი ნასიძე ოჯახთან ერთად სამშობლოს ეწვია. დიზაინერს და მის დას - ნინო
ნასიძეს სასაუბროდ შევხვდით.

- საქართველოდან 25 წლის წინ წახვედით. როგორი იყო მაშინ საქართველოს რეალობა და თქვენ რა გეგმებით მიდიოდით მოდის იმპერიაში?

- საქართველოში რთული წლები იყო - უშუქობა, უგაზობა, მიტინგები, სროლები... სამხატვრო აკადემიაში ვსწავლობდი, როდესაც ფრანგმა დიდგვაროვანმა ოჯახმა საქველმოქმედო პროექტით სხვადასხვა ინსტიტუტის 23 სტუდენტი საფრანგეთში,
თავის შატოში წაიყვანა ფრანგული ენის დასახვეწად. ბავშვობიდან ფრანგულს ვსწავლობდი და სამხატვრო აკადემიის ოთხ გამორჩეულ სტუდენტთან ერთად იღბლიანთა სიაში აღმოვჩნდი. ეს ჩემი პირველი გასვლა იყო საბჭოთა ქვეყნიდან. წარმოიდგინეთ, როგორი იქნებოდა ჩემი ემოციები, როდესაც საქართველოს რთული რეალობიდან საფრანგეთში, შატოში აღმოვჩნდი. როდესაც საქართველოში დავბრუნდი, უკვე გადაწყვეტილი მქონდა საფრანგეთში სამუშაოდ წასვლა. მშობლები წინააღმდეგი იყვნენ, მაგრამ ჩემს გადაწყვეტილებას ვეღარაფერი შეცვლიდა.

საფრანგეთში ჩასული ჩემს თავს ვეუბნებოდი, რომ აქ იმიტომ ჩამოვედი, რომ მიზანი მაქვს დასახული და უნდა მივაღწიო-მეთქი. დავიწყე ფიქრი, თუ როგორ მომეპოვებინა ჩემი ადგილი მოდის სამყაროში. თავდაპირველად სხვადასხვა მოდის სახლს ჩემს ნაქარგობებს ვთავაზობდი. შევხვდი მოდის ისეთ კორიფეს, როგორიცაა ივ სენ ლორანი.

- ივ სენ ლორანმა გარკვეულწილად განსაზღვრა თქვენი პოპულარობა?
- რა თქმა უნდა! წარმოიდგინეთ, 23 წლის ბიჭს გეძლევა შანსი, ივ სენ ლორანის ან კრისტიან ლაკრუას ხელმძღვანელობით საოცრებები შექმნა. მათი ნდობა ყველაფერს განსაზღვრავდა. დიორი, გალიანო, შანელი - მოდის სამყაროს ამ გიგანტებთან ვთანამშრომლობდი... ქარგვა არასოდეს მისწავლია და მათ ზუსტად ეს ბუნებრიობა მოსწონდათ! სხვა ენერგეტიკას, სულიერებას ხედავდნენ ჩემს ნამუშევრებში. რამდენიმე თემას მაძლევდნენ და კოსტიუმებისთვის ვქმნიდი ნაქარგებს ან ხელით ვხატავდი ქსოვილზე. ასე დავიმკვიდრე ადგილი მოდის იმპერიაში.

შემდეგ ფულის შეგროვება და ჩემი კოლექციის ჩვენება გადავწყვიტე. მე და ჩემმა ლიეტუველმა კონსტრუქტორმა საკუთარი კოლექცია შევქმენით. მისი პრეზენტაცია მოდის მუზეუმში 2002 წელს გაიმართა. ჩვენებაზე დედაჩემი ჩამოვიდა, რაც ჩემთვის განსაკუთრებულად ამაღელვებელი იყო, პარიზის მერი და უამრავი საინტერესო ადამიანიც ესწრებოდა. ბოლო კაბის ჩვენება ქართულ იავნანაზე მიდიოდა, უკვე მონატრებული ვიყავი ყველაფერ მშობლიურს და ქართული მუსიკა საგანგებოდ შევარჩიე.


მოდის მუზეუმში ჩვენების გამართვაზე ვოცნებობდი. მოდის მუზეუმის დირექტორი ჟივანშის ბიძაშვილი იყო და როდესაც დავუკავშირდი, მითხრა, ჩემი სამი ნამუშევარი მიმეტანა. როდესაც მივიტანე, მყისვე ნებართვა მომცა, ჩვენება მუზეუმში გამემართა. მაშინ ჯერ კიდევ არ იმართებოდა მუზეუმში ჩვენება და თუ იმართებოდა, დიდი გადასახადი იყო.

"ფრანსუა ლუსაჟი" იყო სახლი, სადაც ნაქარგებს ქმნიდნენ მაღალი მოდისთვის. დღეს ის შანელის სახლის საკუთრებაა. სულ 5-6 სახლია, სადაც ძველ ფრანგულ ხელოვნებას ემსახურებიან.

- ნაქარგებს რითი ქმნიდით?
- იმის მიხედვით, თუ რა თემა იყო... პირველ ჩვენებაზე მოდის მუზეუმმა ჩემი სამი ნამუშევარი შეიძინა. შემდეგ იყო გამოფენა "მოდას თვალი ადევნეთ", ექსპოზიციაში ჩემი ორი კაბაც იყო დიორის, ჟივანშისა და სხვა ცნობილი დიზაინერების ნამუშევრებთან ერთად.
ბოლოს იყო გამოფენა კოდრის მუზეუმში. კოდრისა და კალეშDი, უძვირფასესი ფრანგული მაქმანები იქმნება. კოდრის მაქმანების მუზეუმში ჩემი ნამუშევარი საქორწილო კაბა იყო გამოფენილი.

საინტერესო იყო თანამშრომლობა ბრენდ "პიაგეტთან" ამა წლის ივლისში. მე მათი ახალი კოლექციის პრეზენტაციისთვის, რომელსაც "ოაზისი" ჰქვია, საგანგებოდ კოლექცია შევქმენი. პრეზენტაციას კურატორობდა ცნობილი ბელგიელი სცენოგრაფი და დიზაინერი შარლ კეზენი.
ჩემი ნამუშევრების ჩვენებაზე მუსიკა ყოველთვის ქართულ მოტივებზეა. მოდის სამყაროდან ბევრ ჩემს უცხოელ მეგობარს უთქვამს, რომ მუსიკამ მათზე ძალიან იმოქმედა და ცრემლიც კი მოჰგვარა. არ მიკვირს, ჩვენ ხომ ვიცით, როგორი სულში ჩამწვდომია მეგრული "ნანა" თუ სხვა ქართული სიმღერა. მათ სიტყვები არ ესმით, მაგრამ იმხელა სიღრმე და სულიერებაა ქართულ სიმღერებში, სიტყვებით ახსნა აღარ სჭირდება.

- ამბობენ, რომ მსოფლიოში მოდა გაიყინა...
- არ გაიყინა, უბრალოდ, ინდივიდუალურობა დაიკარგა. ლუქსები, წამყვანი ბრენდები აბსოლუტურად კონვეიერული მანქანა გახდა. დღეს კომერციაა მთავარი. ეს, ალბათ, პიკს მიაღწევს და მერე ყველაფერი თავის ადგილს დაუბრუნდება. ბოლოს და ბოლოს, მივიდნენ ამ დასკვნამდე. არის მცდელობა, წინა ხაზზე გამოვიდეს სლოგანი "მოდა ხელოვნებაა!"



- 25 წლის განმავლობაში სამშობლოსთან კავშირი ყოველთვის გქონდათ.
- მაგნიტური მიზიდულობა ჩემს ქვეყანასთან არასოდეს ნელდება! ჩემი პროფესიული წარმატება ჩემი ქვეყნის დამსახურებაა. სამეგრელოში გატარებული არდადეგები დღესაც ისეთივე მუხტია ჩემს შემოქმედებაში! კოლხური სილამაზე, იქაური ჯადოსნური დილა, ნამიანი მინდორი, ფეხშიშველა გავლა, ციცინათელები - დაუვიწყარია! აფხაზეთში ჩემი ბიძა ცხოვრობდა, აფხაზეთი ჩემი კუთხე და სიყვარულია! ბევრი ვიმოგზაურე, მაგრამ სულ მახსოვს აფხაზეთი და ძალიან მენატრება. რასაც ვერაფრით ვივიწყებ, იყო სინათლე, ცის საოცარი გამჭვირვალობა, უჩვეულო ზღვა... ეს შთაბეჭდილება, რომელიც ჩემში დევს, ძალას მაძლევს! როგორც ბავშვი დედას ჭიპლარით, ასე ვარ მიბმული აფხაზეთთან, ჩემს დედულეთთან, საქართველოსთან.

ნინო ნასიძე: - ირაკლი რომ აფხაზეთზე საუბრობდა, მეც იგივე ემოციები მომეძალა. მე დღესაც მჭიდრო კავშირში ვარ აფხაზეთთან, რადგან აფხაზეთის განათლების და კულტურის სამინისტროში ვმუშაობ. ეს შემთხვევითი არა მგონია. ჩემი ბავშვობის ულამაზესი მოგონებებიდან აფხაზეთის იმდენად დიდი სიყვარული მაქვს, რომ იქ აღმოვჩნდი, სადაც ჩემთვის განსაკუთრებულად სანუკვარი სამყაროა... მეც და ირაკლიც საუკეთესოდ ვფლობთ მეგრულს!

საქართველოში რომ პირველი მოდის კვირეული ჩატარდა, ირაკლი საპატიო სტუმარი გახლდათ. მსოფლიო მოდის 150 წარმომადგენელი ირაკლის დამსახურებით ჩამოვიდა. ის საქართველოში რომც არ იყოს, ბევრი ჩამოდის იმ ინტერესით, სად არის ქვეყანა, სადაც ირაკლი ნასიძე დაიბადა და გაიზარდაო...


ჩვენი ოჯახი ძალიან ბევრ ასეთ სტუმარს მასპინძლობს. ზოგს ვიცნობთ, ზოგს არა, მაგრამ ყველას დიდი პატივით და სიყვარულით ვიღებთ.

- ბატონო ირაკლი, საქართველოში ოჯახთან ერთად იმყოფებით. გვიამბეთ თქვენს შვილსა და ჩინელ მეუღლეზე...
- ჩემი მეუღლე ციაოცი ფერმწერია, მაგრამ ისიც მოდის სფეროს წარმომადგენელია. მისი გარეგნობა არ გამოჰპარვიათ მსოფლიოს წამყვან დიზაინერებს, რადგან მის 16 წლის ასაკში გადაღებულ ფოტოებს რომ ვხედავ, ფაიფურის თოჯინას მაგონებს. ძალიან წარმატებული გზა განვლო მოდის სფეროში როგორც მანეკენმა. თანამშრომლობდა ალექსანდრ მაკქვინთან, შანელთან, ჟან პოლ გოტიესთან და სხვ. ჯერ პეკინში დაამთავრა უნივერსიტეტი, სადაც გრაფიკას სწავლობდა, შემდეგ პარიზის სამხატვრო აკადემიაში გააგრძელა სწავლა. ჩვენ პარიზში ვცხოვრობთ, მაგრამ იქ ყოფნა ნაკლებად გვიწევს, რადგან სულ ვმოგზაურობთ. რამდენიმე პროექტი ისე შევქმენით, რომ ერთად ვიყოთ. მალე გაიყიდება ბავშვებისა და ოჯახის ხაზი.

ჩვენი მუზა ჩვენი შვილია, გიორგი ნასიძე. მას ბაბუაჩემის სახელი დავარქვი. მეუღლეც და ბავშვიც ქართულს ერთად სწავლობენ. მეც ვსწავლობ ჩინურს. მეუღლე ძალიან კოსმოპოლიტური აზროვნების და გახსნილი ადამიანია. გატაცებულია ფილოსოფიით. გარდა იმისა, რომ არაჩვეულებრივი მეუღლე და დედაა, საოცარი მზარეულიც არის.

- ძალიან კარგად გამოიყურებით... რა არის ამის საიდუმლო?
- ეს გენეტიკის დამსახურებაა. არ ვარ სპორტით გატაცებული. უმეტესად ვჭამ ბოსტნეულს, რის საშუალებასაც აზიური სამზარეულო იძლევა. ძალიან მნიშვნელოვანია მოწესრიგებული ძილი.

მიუხედავად იმისა, რომ ორი ქვეყნის - საქართველოს და საფრანგეთის მოქალაქე ვარ, ყოველთვის ხაზს ვუსვამ, რომ ქართველი ვარ! საფრანგეთში განსაზღვრულ წრეებში მომიხსენიებენ როგორც ფრანგ დიზაინერს და ესეც ძალიან დიდი პატივია! ვალდებულება და პასუხისმგებლობაც არის, რადგან ფრანგებმა ძალიან ბევრი რამ მომცეს, მასწავლეს, მიმიღეს და უამრავი საიდუმლო გამანდვეს.


JimUK
14 ოქტომბერი 2019 05:41
ყოჩაღ მეგობარო! ძალიან გვიხარია! გფარავდეთ ღმერთი და გიწყობდეთ ხელს დიდი და კეთილი საქმეებს კეთებაში. გახსოვდეთ ყოველთვის ადამიანები, გაჭირვება, თანადგომა და უბრალოება. გისურვებთ ბედნიერ, სამართლიან და გასხივოსნებულ დიდხანს სიცოცხლეს.
გააკეთე კომენტარი

კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

რეგისტრაციისა და ავტორიზაციის გავლის შემდეგ აღარ მოგიწევთ დაცვის კოდისა და სხვა ინფორმაციის მითითება!

თქვენი კომენტარები გამოქვეყნდება ყოველდღე 11.00-დან 19.00 საათამდე, გამოგზავნიდან 30 წუთის განმავლობაში.

19.00 საათის შემდეგ მიღებული კომენტარები დაიდება მეორე დღეს.

P.S. ვრცელი კომენტარის გაკეთებისას ეცადეთ, ჩაეტიოთ 4 წუთში, ან დააკოპიროთ სხვა პროგრამაში აკრეფილი ტექსტი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
16-12-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-12-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-12-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
16-12-2019
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა თუ შემცირდა თქვენი ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
ბოლო ერთი წლის განმავლობაში გაიზარდა თუ შემცირდა თქვენი ნდობა ქართული მართლმსაჯულების მიმართ?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
ბლოგერები
თვის კითხვადი სტატიები