"ეს წიგნი გახდება თქვენი "წარმატების დღიური" - კვირის პალიტრა

"ეს წიგნი გახდება თქვენი "წარმატების დღიური"

ვინც სოციალურ ქსელში მიმდინარე მოვლენებსა და პოსტებს თვალყურს ხშირად ადევნებს, აუცილებლად შეამჩნევდა ასტროლოგ რამაზ გიგაურის სტატუსებს, რომლებიც მის ნაცნობებში, "ფრენდებში" თუ უცხო ადამიანებში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ბატონ რამაზს სწორედ ამ მიზეზით წლების წინ "ფეისბუკზე" დავუმეგობრდი და მის მიერ გამოქვეყნებულ საინტერესო პოსტებს ყოველთვის სიამოვნებით ვკითხულობდი, ვაზიარებდი და ზოგჯერ მის რჩევებსაც ვითვალისწინებდი. სხვათა შორის, იმაზეც მიფიქრია, რა კარგი იქნებოდა, წიგნი გამოეცა და ეს ყველაფერი არა სტატუსების სახით, არამედ უფრო მხატვრულად, ერთ ნაწარმოებად აკინძული წამეკითხა-მეთქი.

როდესაც მასთან ინტერვიუ პირველად ჩავწერე, სწორედ მაშინ გავიგე მისი წიგნის შესახებ "წარმატების 365 გასაღები", რომელიც 2014 წელს გამოვიდა და ისე უცებ გახდა პოპულარული, რამდენიმე დღეში მთლიანი ტირაჟი გაიყიდა და შეძენა ვერც კი მოვასწარი. მას შემდეგ სამი განახლებული გამოცემა დაიბეჭდა, ვინაიდან მოთხოვნა დიდი იყო, თანაც არა მხოლოდ საქართველოში, წიგნმა პოპულარობა ქართველ ემიგრანტებს შორისაც მოიპოვა.

ამის შემდეგ კომენტარებში მკითხველები აქტიურად გამოთქვამდნენ სურვილს, "წარმატების 365 გასაღები" პერსონალური სამუშაო წიგნის სახითაც ჰქონოდათ, რომელშიც პირად მიზნებს ჩაწერდნენ, სხვადასხვა ტიპის სავარჯიშოს შეასრულებდნენ და პიროვნული განვითარების ტექნიკასა და მეთოდებს დაეუფლებოდნენ.

ახლა კი სასიხარულოა ის ფაქტიც, რომ მკითხველის ინტერესის გათვალისწინებით "წარმატების 365 გასაღები" უკვე სამუშაო წიგნის სახით გამოიცემა და ამჯერად ბევრად პრაქტიკული იქნება. ის უამრავ სავარჯიშოს, ყოველდღიურ რეკომენდაციებს, ანტისტრესებსა და ცნობილ ადამიანთა გამონათქვამებს გააერთიანებს, რაც, მოგეხსენებათ, როგორი პოპულარულია საზოგადოებაში.

სამუშაო წიგნის სახით ის 26 სექტემბერს გამოიცემა და თვეში ერთხელ ჟურნალ "გზასთან" ერთად გამოვა, საერთო ჯამში კი 12 ნაწილს გააერთიანებს.

მკითხველთა იმ ნაწილს, რომელსაც წიგნი ჯერ არ წაუკითხავს, ალბათ, აინტერესებს, უფრო კონკრეტულად, რის შესახებაა ის და რა საკითხებს მოიცავს.

"წარმატების 365 გასაღებიდან" ჩვენ შეგვიძლია მივიღოთ რჩევები, თუ როგორ შევიცვალოთ უკეთესობისკენ, როგორ მივაღწიოთ წარმატებას, ჰარმონიას ადამიანებთან ურთიერთობებსა და პირად ცხოვრებაში, ავისრულოთ ოცნებები და რაც ყველაზე მთავარია, გავხდეთ ბედნიერი.

ეს, რა თქმა უნდა, არ არის""რეცეპტი" და ვინმე ისე ნუ გაიგებს, რომ მისი წაკითხვის შემდეგ უცებ გავბედნიერდებით, მაგრამ აუცილებლად ვისწავლით და დავინახავთ გზებს, რომლებიც სწორედ იმ სიკეთეებამდე მიგვიყვანს, რაც ჩამოვთვალეთ. ყველა წიგნისა და ნაწარმოების მთავარი დანიშნულებაც ხომ ეს არის.

უნდა აღინიშნოს ისიც, რომ მწერალი, სპიკერი და ასტროლოგი რამაზ გიგაური საქართველოში თვითგანვითარებისა და სამოტივაციო წიგნების ჟანრში ერთ-ერთი გამორჩეული ავტორია. ამ ჟანრის წიგნები დიდი პოპულარობით სარგებლობს არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში. ეს წიგნები ემსახურება პიროვნების განვითარებას როგორც ინტელექტუალური, ასევე ემოციური და ეკონომიკური თვალსაზრისით. ამ სახის წიგნები, ძირითადად, სხვადასხვა ფსიქოლოგიურ თეორიასა და შეხედულებას ეფუძნება.

რამაზ გიგაური: - მჯერა, რომ ეს წიგნი გახდება თქვენი "წარმატების დღიური, რომელშიც არა მხოლოდ ყოველდღე ჩაწერთ თქვენს მიზნებსა და გეგმებს, არამედ ისწავლით, როგორ იცუროთ წარმატებით ცხოვრების ოკეანეში.

თამთა დადეშელი