"როდესაც ოჯახს შევატყობინე, სრული შოკი ჰქონდათ. განსაკუთრებით მამამ ინერვიულა" - ვინ არის ამერიკული არმიის ქართველი ჯარისკაცი - კვირის პალიტრა

"როდესაც ოჯახს შევატყობინე, სრული შოკი ჰქონდათ. განსაკუთრებით მამამ ინერვიულა" - ვინ არის ამერიკული არმიის ქართველი ჯარისკაცი

"ფიცის მიღების ცერემონიალი გველოდება, შემდეგ ახალ ლოკაციაზე გადავალ, სადაც შემდეგი 3 წელი ვიმსახურებ. შესაძლოა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოვხვდე, ცხელი წერტილების ჩათვლით"

როდესაც რეჟისორ რიდლი სკოტის "ჯარისკაცი ჯეინი" ვნახე, სადაც მთავარი გმირი, დემი მურის პერსონაჟი, სტერეოტიპებს ამსხვრევს და ამერიკის სპეცდანაყოფში მოსახვედრად ურთულეს ეტაპებს გადის, ნამდვილად ვერ ვიფიქრებდი, რომ ოდესმე ამ გზის გავლას ქართველი გოგონაც მოისურვებდა.

ამჯერად ამერიკის არმიაში მსახურების ამბიცია 26 წლის ქართველ გოგონას, ქეთა ოთარაშვილსაც გაუჩნდა, რომელიც სამხედრო ფორმის ჩაცმაზე ყოველთვის ოცნებობდა. ერთხელაც სრულიად მარტო ამერიკაში წავიდა და სამშობლოდან გაყოლილი ოცნება იქ აისრულა.

ამერიკული ჯარის ქართველ ახალწვეულს "კვირის პალიტრა" მაშინ დაუკავშირდა, როდესაც საწყისი საბრძოლო მომზადების კურსებზე მიდიოდა. "ვღელავ, რადგან წინ უმძიმესი რამდენიმე კვირა მელოდება, მაგრამ თავს ვიმხნევებ, რადგან ჩავიფიქრე, ბოლოში უნდა გავიდე", - გვითხრა გაფრენის წინ.

- ჯერ კიდევ ვერ ვაცნობიერებ, რომ შეერთებული შტატების არმიის ახალწვეული გავხდი, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ქვეყნის არმიაში უნდა ვიმსახურო. მანამდე სავალდებულო იზოლაციის პუნქტში ორ თვეზე მეტხანს ფიზიკურ მომზადებას, შიდაგანაწესსა და სრულ ვაკუუმში ყოფნას უნდა გავუძლო, არც ტელეფონი და არც სხვა საკომუნიკაციო საშუალება არ გვექნება. ვიქნებით იმ ტანსაცმლით, რაც ტანზე გვეცმება და როგორც გვეუბნებიან, შეიძლება კვირა ისე გავიდეს, მაისურის გამოცვლაც ვერ შევძლოთ. როგორც ამიხსნეს, ფსიქოლოგიური დატვირთვა ის არის, რომ 10 კვირის განმავლობაში გარე სამყაროსთან კავშირი არ მექნება. ფიზიკური მომზადება დილის 4 საათზე იწყება და საღამოს 9 საათზე სრულდება. სხვამ თუ შეძლო, მე რატომ ვერ უნდა შევძლო, მით უფრო, რომ ეს ჩემი არჩევანია.

- ალბათ, ყოფილა შემთხვევები, როდესაც კარანტინი ვერ გაიარეს? - უამრავი შემთხვევა ყოფილა, ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დატვირთვას ვერ უძლებენ. ამიტომ სულ გვიმეორებდნენ, რაც უნდა მოხდეს, არ დანებდეთო. ზოგს შვილი ენატრება, ზოგს ოჯახის წევრები, ახლობლები. ამას ემატება უთენია ყვირილითა და ჩხუბით გაღვიძება, ანუ დისკომფორტს გაჩვევენ. არის სასჯელებიც...

- რატომ აირჩიეთ სამხედრო კარიერა? - ორი წლის წინ მივიღე ჯარში წასვლის გადაწყვეტილება და დავიწყე ფიქრი, როგორ მოვხვედრილიყავი ამერიკის არმიაში. ეს ჩემი ოცნების ქვეყანაა. საქართველოში ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტში ვმუშაობდი და მუდმივი კავშირი მქონდა სპორტსმენებთან, ვხედავდი, როგორ იბრძოდნენ ყოველდღიურად, როგორ ემზადებოდნენ მედლისთვის და ეს ერთგვარი მოტივაცია იყო. დაახლოებით იმავე გზის გავლა მიწევს, ოღონდ სამხედრო კარიერისთვის.

ჩამოსვლისთანავე შტაბს მივაშურე, სადაც ამიხსნეს, თუ რა სახის მომზადება უნდა გამევლო. ინგლისურ ენაზე გამოცდის ჩაბარებამაც მომიწია. მოგვამზადეს სირბილშიც. გოგონებს ცოტა შეღავათი გვაქვს, სრული ეკიპირებით დაახლოებით 17 წუთში 3,4 კმ უნდა დაგვეფარა. ეს ყოველდღიური ვარჯიშია, რომელსაც ხან ეკიპირებით, ხანაც ისე ვაბარებთ. მოწმდება ფიზიკური ძალა და კარდიორესპირატორული სისტემის ფუნქციონირება. ფიზიკურად ყოველთვის კარგ ფორმაში ვიყავი, სპორტი ბავშვობიდან მაინტერესებდა, ოღონდ ქალისთვის შედარებით არატრადიციული სახეობები - კარატე და კრივი.

10 საგნისგან შედგენილი სპეციალური ტესტი ჩავაბარე. აუცილებელი იყო წაკითხულის გააზრებაც. ტერმინოლოგია ინგლისურად არის და ადგილობრივებსაც უჭირთ. უნარები ცალკე საგნად არ არის, მაგრამ ათივე საგანში მისი ელემენტებია შეტანილი. ერთი სიტყვით, გამსვლელ 31 ქულას თუ აიღებ, ჩაბარებული გაქვს, მაგრამ რაც მეტს აიღებ, უკეთესია.

- ალბათ, მკაცრი სამედიცინო შემოწმება გაიარეთ. - დიახ, ორჯერ - პირველად, როდესაც კონტრაქტი გავაფორმე, მეორედ 3 თვის შემდეგ. დეტალურად შეგვამოწმეს, ტატუც არ უნდა გქონდეს ისეთ ადგილას, ფორმიდან რომ ჩანდეს.

- კონტრაქტი რამდენხნიანია? - 3 წელი და 20 კვირა - 10 კვირა კარანტინი და დანარჩენი 10 იმ სამსახურის კრედიტი, რომელსაც აირჩევ. შეერთებული შტატების არმიაში 150-ზე მეტი დასახელების სამსახურია. მე პირველი კონტრაქტით ლოჯისტიკა, ანუ ქვედანაყოფის მომარაგების სპეციალობა ავირჩიე. საქართველოში მაგისტრატურა მქონდა დამთავრებული, დიპლომი აქ დამიმოწმეს და სპეციალისტის რანგი E-4 (სულ 9 რანგია) მომანიჭეს, რაც მაღალ ხარისხად ითვლება. კარანტინის შემდეგ ფიცის მიღების ცერემონიალი გველოდება, შემდეგ ახალ ლოკაციაზე გადავალ, სადაც შემდეგი 3 წელი ვიმსახურებ. შესაძლოა მსოფლიოს ნებისმიერ წერტილში მოვხვდე, ცხელი წერტილების ჩათვლით.

ამერიკაში სამხედრო სამსახური ძალიან პრესტიჟულია და ბევრ შესაძლებლობას გაძლევს, გზას გიხსნის, სწავლა და პროფესიული ზრდა უფასოა, კარიერაშიც ძალიან გეწყობა ხელი.

- ვიცი, რომ ამერიკის შეიარაღებულ ძალებში ქართველი ბიჭები მსახურობენ. - მათ კარანტინი უკვე გაიარეს. ერთ-ერთი მათგანი, გიორგი ჩილინგარაშვილი, რომელიც ამერიკის ჯარში პირველი ქართველი ოფიცერი და გამოცდილი სამხედროა, ძალიან დამეხმარა, თუნდაც სამსახურების არჩევაში, რადგან სახელები დანომრილია, ასევე მათ გაშიფვრაში, ანუ ამოხსნაში.

- საქართველოში როგორ შეხვდნენ თქვენს გადაწყვეტილებას? - სანამ კონტრაქტი არ გამიფორმეს, არავისთვის მითქვამს. როდესაც ოჯახს შევატყობინე, სრული შოკი ჰქონდათ. განსაკუთრებით მამამ ინერვიულა, რა გინდა ჯარში გოგოს, თან ამერიკის ჯარშიო, მაგრამ გადაწყვეტილება უკვე მიღებული მქონდა და შეეგუვნენ.