"და დეამ პირველად მაკოცა. დაქორწინებას ვგეგმავდით, როცა დამაკავეს" - კვირის პალიტრა

"და დეამ პირველად მაკოცა. დაქორწინებას ვგეგმავდით, როცა დამაკავეს"

"ერთხანს დეას მანქანით დღისით ვტაქსაობდი და ღამე ვწერდი სამეცნიერო სტატიებს. დეა მეხმარებოდა"

მათი სიყვარულის ისტორია რომანის სიუჟეტს უფრო ჰგავს. მათ სიყვარულს დიდი გამოცდის ჩაბარება მოუხდა, თუმცა განსაცდელმა წყვილი უფრო შეაკავშირა.

დეა აფციაური:

- ოთომ სოციალურ ქსელში გამიცნო. მიუხედავად იმისა, რომ ოთო აქტიურობდა, პირველად მე მივედი "ჯინოში" და გავეცანი. როცა ერთმანეთს პირველად შევხვდით, თავისი წიგნი "ევროკავშირთან საქართველოს ეკონომიკური ინტეგრაციის სტატისტიკური ანალიზი "მაჩუქა და ბევრი ლაპარაკის შემდეგ მკითხა: "მზად ხარ იმოგზაურო საოცრებათა სამყაროშიო. მას შემდეგ ერთად შევქმენით ჩვენი საოცრებათა სამყარო.

ოთო: - იმ დღის შემდეგ მინდოდა კიდევ გამოვლაპარაკებოდი, საუდის არაბეთიდან მყავდა სავაჭრო პალატის პრეზიდენტი სტუმრად, მიზეზი მქონდა დეასთვის მეკითხა, რომელი საცურაო აუზია კარგი, შენ ერკვევი-მეთქი. ამის შემდეგ ავაწყვეთ ურთიერთობა.

დეა: - შეყვარებულობის დროს ოთოს სულ ვარდის თაიგულები მოჰქონდა, რომელსაც ძალიან მოკლე ღეროები ჰქონდა. ერთხელაც ვკითხე, ასეთი მოკლე რატომ არის-მეთქი. თურმე იმდენად ეუხერხულებოდა ყვავილების მოტანა, აჭრევინებდა ტოტებს, რომ არ გამოჩენილიყო.

- როგორი იყო სიყვარულის ახსნა? დეა: - ბაზალეთზე მზის ჩასვლას ვუყურებდით, როცა სიყვარული ამიხსნა.

ოთო: - და დეამ პირველად მაკოცა. დაქორწინებას ვგეგმავდით, როცა დამაკავეს. ექვსიდან ცხრა წლამდე მელოდა ციხე. როდესაც 25 წლის ულამაზეს გოგოს ყველაფერი გაქვს, კარიერა და ასე შემდეგ, და უცებ გადაწყვიტე, პატიმრის ცოლი გახდე, რომელსაც მინიმუმ ექვსი წელი ვერ ნახავ, ეს არის ჩემთვის გმირობის ტოლფასი.

- არ გქონდა მომენტები, როცა გიფიქრია, რომ დეას შეიძლება ამხელა თანადგომა ვერ გაეწია? - იქ ყოფნის პერიოდში ერთი დღეც არ მიგრძნია, რომ დეა შორს იყო. გლდანის ციხეში შეიძლება სატელეფონო საუბრები, ამანათის გაგზავნა, წერილები. ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში ოთხი წერილი მაინც მომდიოდა. პატიმარს რომ უგზავნი სურსათ-სანოვაგეს, ხილს, წვენს, პატარა ფურცელი უნდა შეავსო, რას უგზავნი, რომ პატიმარმა ხელი მოაწეროს. დეა ფურცელზე ჩამონათვალს სათითაოდ აწერდა "მიყვარხარ". ციხიდან გამოსვლამდე კლინიკაში გადამიყვანეს, პალატას პატარა სარკმელი ჰქონდა, საიდანაც ვიყურებოდი. დეა და ჩემი ოჯახის წევრები მოდიოდნენ ყოველ ღამეს.

- როგორ სთხოვე ხელი? - სასამართლო პროცესზე ჩემი ადვოკატის ირმა ჭკადუას ბლოკნოტში დავუწერე, ძალიან მიყვარხარ და გამომყევი ცოლად-მეთქი. დეამ ეს წარწერა ნახა და რამდენიმე დღეში შემოდის სოციალური მუშაკი საქორწილო აქტით, რომ ამა და ამ დღეს გლდანის ცენტრალურ კორპუსში შეგვიძლია მოვაწეროთ ხელი. იქ სულ 40 წამით შეგვახვედრეს და გამოგვგლიჯეს ერთმანეთს.

ქრთამის აღებაზე დამაკავეს და რომ ჩავეხუტეთ ერთმანეთს, დეამ მითხრა, ფული სად დამარხე, მითხარი, მე ამოვიღებო. არაფერი ამიღია, იმედი გაგიცრუე-მეთქი, ვუთხარი. ციხეში რომ გავრცელდა ამბავი, ხელი მოვაწერე, მთელი ორი კორპუსი მილოცავდა.

- როგორ გახსენდებათ ამ ყველაფრის შემდეგ პირველი შეხვედრა? დეა: - იმ პერიოდში იმდენად ცუდად ვიყავით ორივე, რომ რამდენიმე დღის შემდეგ გავაანალიზეთ, რა მოხდა ჩვენს თავს.

ოთო: - პირველი შეხვედრა სასამართლო დარბაზში იყო. მოსამართლემ სხდომა დახურა, მაგრამ კარი გაიღო, დეა შემოვარდა, ჩამეხუტა და ხელი რომ ჩამკიდა, აღარ გამიშვა. მოსამართლემ დაუშვა, რომ მარტო დეა ყოფილიყო დარბაზში. მეც აღარ დამსვეს ბრალდებულის სკამზე, დარბაზში ვისხედით ჩახუტებულები.

ორი წელი გაგრძელდა ჩემი საქმე, არანაირი პირადობა, საბუთი, მუშაობას ვერსად დავიწყებდი. გამოვედი ციხიდან და დავრჩით მე და დეა რეალობის წინაშე.

- სასოწარკვეთილების მომენტები არ გქონია? - არა. 131-ე ნომერ სამარშრუტოში მძღოლმა ფული არ გამომართვა და აქეთ ჩამიდო ფული, გამოიყენეო. ნოტარიუსთან მივედი, რომ გამეყიდა რაღაცები და ნოტარიუსმა მითხრა, შენგან ფულს ვერ ავიღებო. ერთხანს დეას მანქანით დღისით ვტაქსაობდი და ღამე ვწერდი სამეცნიერო სტატიებს. დეა ხან მანქანის გარეცხვაში მეხმარებოდა, ხან ღამით სტატიების წერაში.

- ახლა როგორ გრძელდება შენი კარიერა?

- დღეს ოთხ უმაღლეს სასწავლებელში ვკითხულობ ლექციებს. თავი დავანებოთ იმ თანამდებობებს, რაზეც ვმუშაობდი, და ასე ვთქვათ - ერთი ტაქსის მძღოლი ბიჭი ევროპის წამყვანი უნივერსიტეტის პროფესორი გახდა. რიგაში საბუთები გავგზავნე და კონკურსში გავიმარჯვე. ბოლო სასამართლო პროცესი იყო, მოწვევა რომ მომივიდა, ტელეფონში ჩავიხედე და ისე გამიხარდა, დეას ვანიშნე, გავიმარჯვე-მეთქი. მოსამართლე გაოცებული მიყურებდა, სად გაიმარჯვაო? ვთქვი, რომ რიგიდან მოწვევა მომივიდა.

- ოთო, რა მოხდა სინამდვილეში შენს თავს? - ამდენი ხანი გავიდა და დღემდე ვერ ამოვხსენი. საბოლოოდ თემიდამ როგორც ბრძანა, ისე გამოვიდა - გავმართლდი.

ხათუნა კორთხონჯია