"18 წელი სიმსივნეს ისე ებრძოდა, არასდროს უთქვამს სიტყვები: "ცუდად ვარ", "მტკივა"..." - რას ჰყვება ნუგზარ ჯუღელის შვილიშვილი? - კვირის პალიტრა

"18 წელი სიმსივნეს ისე ებრძოდა, არასდროს უთქვამს სიტყვები: "ცუდად ვარ", "მტკივა"..." - რას ჰყვება ნუგზარ ჯუღელის შვილიშვილი?

ერთ-ერთ ხუთშაბათს, "გზის" მორიგი ნომრის გამოსვლის დღეს, ჩემს ტელეფონზე ზარი შემოვიდა:

- თამუნა, გამარჯობა! უფროსი კოლეგა ნუგზარ ჯუღელი გაწუხებთ. თქვენი სტატია წავიკითხე და სურვილი მაქვს, ამ პატარა ბიჭს დავეხმარო.

ნუგზარ ჯუღელი 9 წლის ბიჭზე მელაპარაკებოდა, რომელიც ოჯახს არჩენდა. მითხრა, ფეხი მტკივა, სახლიდან გასვლა არ შემიძლია და იქნებ, ამ დღეებში ჩემთან მოსვლა მოახერხოო. რა თქმა უნდა, მივედი. ჩემს რესპონდენტს გარკვეული თანხით დაეხმარა, - ეს ფული დღეს იმ ბიჭისთვის უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე - ჩემთვისო. მთხოვა, ეს ამბავი საიდუმლოდ შემენახა. მე კი სულ მახსოვდა, როგორც უანგარო სიკეთის მაგალითი.

ასეთი ამბები ნუგზარ ჯუღელს ცხოვრებაში მრავლად ჰქონია.

ლიკუნა (რემკა) რევიშვილი, ნუგზარ ჯუღელის შვილიშვილი:

- 10 თვის ვიყავი, როცა მამა გარდამეცვალა. ახლა 28-ის ვარ და ეს პერიოდი ისე ვიცხოვრე, არასდროს გამიგია, რა არის უმამობა. ჩემ გვერდით ბაბუ იყო. ბაბუ კი იყო სიყვარული, გულწრფელობა, ზრუნვა, ბედნიერება, თანადგომა... მე, დედას და დეიდას სულ გვეუბნებოდა, რომ ჩვენ ყველაზე ლამაზები ვართ, რომ ყველაფერი გვიხდება. ის ჩემთვის ბაბუაც იყო, მამაც, მეგობარიც... როგორც მე მინდოდა, ყველაფერი ყოველთვის ისე იყო.

- გათამამებდათ? - მათამამებდა, მაგრამ არ მატუტუცებდა. სამშობლო მან შემაყვარა, სულ სოხუმსა და გაგრაზე მელაპარაკებოდა, თავისუფლებას მასწავლიდა. ინტელექტუალი იყო, სულ კითხულობდა. გამორჩეულად თომას მანის შემოქმედება უყვარდა. უმდიდრესი ბიბლიოთეკა დაგვიტოვა. უნიკალური, ხელით ნაწერი წიგნები გვაქვს. ბაბუს გარდაცვალებამდე ვამბობდი, მას ყველაზე კარგად ვიცნობ-მეთქი. გარდაცვალების შემდეგ კი აღმოვაჩინე, მგონი, საერთოდ არ ვიცნობდი. დღეს ადამიანები მასზე ისეთ ამბებს ჰყვებიან, თურმე ბევრი სიკეთე უკეთებია, არასდროს ამის აფიშირებას არ ახდენდა. ის ამბავიც პირველად გავიგე, რომელიც თქვენ მითხარით. მეგონა გულთან ბევრი რამ არ მიჰქონდა, თურმე სხვაგვარად ყოფილა. 18 წელი სიმსივნეს ისე ებრძოდა, არასდროს უთქვამს სიტყვები: "ცუდად ვარ", "მტკივა"...

- ხშირად მოგზაურობდა და ვიცი, რომ მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან წერილებს გიგზავნიდათ. ამაზე მიამბეთ. - ყველა კონტინენტზე ნამყოფი იყო. ერთხელ მითხრა, ამერიკაში რომ ვიყავი, მაშინ შენ ძალიან პატარა იყავი და წერილი ვერ მოგწერეო. არქივში ბაბუს უამრავი წერილი მაქვს. როცა კამოს ქუჩაზე ვცხოვრობდით, ზოგჯერ ბარათს ჩამოფრენას ასწრებდა და ფოსტიდან ბარათი ბაბუს დაბრუნების შემდეგ მოდიოდა.

- რას გწერდათ? - მიყვებოდა სად იყო, მოგზაურობის შთაბეჭდილებებს მიზიარებდა და მესიყვარულებოდა.

- ბოლო ბარათი რომელი ქვეყნიდან მიიღეთ? - საფრანგეთიდან გამომიგზავნა, როცა დასხივების გასაკეთებლად წავიდა. ბაბუ არასდროს ლაპარაკობდა წარსულზე, არასდროს იხსენებდა ბავშვობას. ყოველდღე ვარჯიშობდა და სანამ სიარული შეეძლო, თურმე ყოველდღე მამაჩემის საფლავზე დადიოდა. მამას და ბაბუს სულ 7-წლიანი ურთიერთობა ჰქონდათ და ერთმანეთი გამორჩეულად უყვარდათ.

ძალიან პატარა რომ ვიყავი, მეუბნებოდა, ქუჩიდან ერთი ბავშვი ავიყვანოთ და გავზარდოთო. სასტიკი წინააღმდეგი ვიყავი. რა თქმა უნდა, ვერ ვაცნობიერებდი, რას ამბობდა. ვეხვეწებოდი, სხვა ბავშვი აქ არ მოიყვანო-მეთქი.

ბაბუ დღევანდელი დღით ცხოვრობდა. როცა გაიგო, ეს დაავადება ჰქონდა, საფრანგეთში მისმა ექიმმა უთხრა, პირობას გაძლევ, 10 წელი მაინც იცოცხლებო. საბედნიეროდ, უფრო დიდხანს იცოცხლა. ის ექიმი კი ამით გაკვირვებული იყო.

ბაბუ ხორცს არ ჭამდა, ვეგეტარიანელი გახლდათ. ამბობდა, რაც თავი მახსოვს, ხორცის გემო არ გამისინჯავს. ძალიან პატარა რომ ვიყავი, დედა მეჩხუბებოდა, ერთხელ ხელითაც შემეხო, ხორცის ჭამა აუცილებელიაო, მაგრამ მე მაინც არ ვჭამდიო. არასდროს იმის აფიშირებას არ ახდენდა, რომ ეკლესიაში დადიოდა. მას შემდეგ, რაც ბაბუ ლოგინად ჩავარდა, ერთ დღეს მე და დედა მთაწმინდაზე ტაძარში ავედით. იქ მოიკითხეს, ნუგზარი სად არისო? თურმე ყოველდღე დადიოდა და ზიარებას იღებდა. მეგონა, რელიგია საერთოდ არ აინტერესებდა... წლების წინ, ერთ-ერთ საეკლესიო დღესასწაულზე მთავრობის წევრები კამერების წინ, ანთებული სანთლებით რომ დაინახა, თქვა, როგორ მეცოდებიანო.

ვინმეს თუ დაეხმარებოდა, ამაზეც არასდროს ლაპარაკობდა. საკუთარ ტკივილს არასდროს თავს არ გვახვევდა. მოფერებით კუკუს მეძახდა. ძალიან ლამაზი დედა ჰყავდა, რომელსაც თურმე კუკლას, მერე კი კუკულას ეძახდნენ. ბაბუმ მეც ეს სახელი შემარქვა.

ჩემს დეიდაშვილს ნუგზარი ჰქვია, მას სახელი მამამისმა სიმამრის პატივსაცემად დაარქვა. ნუზის ვეძახით, ბაბუ ყოველთვის ნუგზარს ეძახდა. ჩვენთან ყვირილი და ხმაური არასდროს ყოფილა, იუმორი, მხიარულობა და სიცილი კი - ძალიან ხშირად.

ჩვენს სახლს დიდი ფანჯრები აქვს. ბაბუს ოთახსაც ქუჩის მხარეს აქვს ფანჯარა. სპეციალურ საწოლზე იწვა, რომელსაც გორგოლაჭები ჰქონდა. ზოგჯერ საწოლს ფანჯარასთან მივაგორებდით. ქუჩაში ხალხს უყურებდა, სახლის წინ ხეებია და სიმწვანე სიამოვნებდა. ერთ დღეს ვუთხარი: ო"ჰენრის პერსონაჟები გამახსენდნენ. ოთახში ორი კაცი რომ წევს, მათგან ერთი უსინათლოა და მას თვალხილული ატყუებს. აქედან ისეთი ხედია, სულ სიმწვანეა, მზე ანათებს, ბავშვები დარბიან, შეყვარებული წყვილები სეირნობენ-მეთქი... ბაბუ მომიბრუნდა და, მე ყველაფერს ვხედავო. 4 წელი საწოლიდან არ წამომდგარა, მაგრამ ყველაფერს აკეთებდა, რომ ცუდად ყოფნით არ შევეწუხებინეთ.

- ანდერძზე გკითხავთ, რომელიც მისი გარდაცვალების შემდეგ იპოვეთ. - ბოლო დღეებში ძალიან მძიმედ იყო. ჩვენ გვერდიგვერდ ოთახებში გვეძინა. სუნთქვაზეც ვხვდებოდი, ცუდად რომ იყო. ერთხელ შუაღამისას წამოვდექი, უკვე თენდებოდა, მისი ხელი ხელში მეჭირა და ველაპარაკებოდი, თავის ძველ ინტერვიუებს ვუყვებოდი. უეცრად მივხვდი, რომ აღარ აინტერესებდა, ზრდილობის გამო მისმენდა, ფიქრებით სხვაგან იყო. მერე თანდათან დამძიმდა, კომაში ჩავარდა. საავადმყოფოში გადავიყვანეთ და იქ გარდაიცვალა. 16 დღე აპარატზე იყო შეერთებული. საწოლში ჩავარდნილი 81 წლის ბაბუა, მაინც ოჯახის საყრდენი გახლდათ. საავადმყოფოდან სახლში რომ მოვასვენეთ, მისი ცხედრის და ჩვენი ძაღლის შეხვედრა საოცრება იყო. ცხედარი ისე "კოცნა", მსგავსი არაფერი გამიგია. ძაღლს არ უნდოდა, უცხო ადამიანები მიჰკარებოდნენ. პანაშვიდებზე სასახლეს არ მოშორებია.

ბაბუს თავისი ერთი ფოტო გამორჩეულად მოსწონდა და ჩვენ იმ ფოტოს მოძიება დავიწყეთ. წლებია, ოთახში კამოდი გვიდგას, რომელზეც ყოველთვის ბაბუს წამლები, ხელნაწერები ელაგა. იქ ფოტოსთან ერთად ვიპოვეთ წერილიც.

- როგორ ფიქრობთ, როდის აქვს დაწერილი?

- ამ ანდერძს ბაბუ 4 წლის წინ ვერ დაწერდა, რადგან ხელებს და ფეხებს ვერ ამოძრავებდა. ვფიქრობ, მაშინ დაწერა, როცა გაიგო, რომ სიმსივნე ჰქონდა. ასეთი ფურცლები ჩემს ბავშვობაში იყო, მგონი, ჩემი სკოლის რვეულიდან აქვს ამოღებული.

ანდერძი კი ასე იწყება: "მე წავედი უსასრულობაში, უმორჩილესად გთხოვთ, არ დაიბნეთ, რადგან ყოველთვის მზად ვიყავი ამისთვის. მიხარია, რომ ვიყავი ქართველი და ჩემს ერს აქვს სიტყვა "გარდაცვალება". ე.ი. ოდნავ შევიცვალე. ჩემი სული კი განაგრძობს სვლას ულევ სამყაროში... აქ დედამიწაზე ვიცხოვრე ისე, როგორც მინდოდა, ალბათ ოდნავ ეგოისტი ვიყავი, მაგრამ ღმერთმა შემინდოს.

...ჩემი მთავარი თხოვნაა, გარდაცვალების შემდეგ არავინ ნახოს ჩემი სახე. ცხოვრებაში მიცვალებულისთვის არ დამიხედავს. მე უკვე სხვა განზომილებას ვეკუთვნი და ძალიან გთხოვთ, ყველამ თავი დამანებეთ. გვირგვინი არ გამაკაროთ. ხელოვნური ყველაფერი მძაგდა და მარტო თითო ყვავილი, მხოლოდ და მხოლოდ გულით მორთმეული. ჩემზე არასდროს იდარდოთ. მე იქ წავედი, საიდანაც მოვედი...

სასაფლაოზე ნუ მოხვალთ. მე დედის და მამის საფლავზე არასდროს დავდიოდი..."

ლიკუნა: - ვეცადეთ, ყველაფერი ისე გაგვეკეთებინა, როგორც ბაბუმ დაგვიბარა. ოთახში მხოლოდ თეთრი ვარდები ელაგა, ეს მოსწონდა.

მისი სურვილით საფლავი არ უნდა შემოვსაზღვროთ. უნდა იყოს სიმწვანე და დავდოთ მხოლოდ ერთი ქვა წარწერით. ამ საფლავზე უნდა ირბინონ ბავშვებმა, ქვაზე შეყვარებული წყვილები ჩამოსხდნენ.

ეს დღეებია, შავები მაცვია, მალე გავიხდი - ბაბუს ასე რომ ვენახე, არ მოეწონებოდა. მეტყოდა, ხომ არ გაგიჟდი, ეს რა გოიმობააო. სულ მეუბნებოდა, - წადი, სადმე გაერთე, დალიე, იცეკვე, მოკლე კაბა ჩაიცვი, გულამოღებული მაისური ჩაიცვი. ფული გინდა? აიღე, თავისუფალი იყავი...

ანდერძში ასევე წერს, რომ არ გადავუხადოთ ქელეხი. იმ თანხით, რისი შესაძლებლობაც გვექნება, სიმსივნით დაავადებულ ბავშვებს დავეხმაროთ.

"...თქვენთან რომ ვიყავი, ყოველთვის უკან მიხედვა მძაგდა, არასდროს ვყოფილვარ ჩემს საბავშვო ბაღში, არც - სკოლაში. იშვიათად ვფიქრობდი უდარდელ ბავშვობაზე, ჩემს ლამაზ დედაზე, შეძლებისდაგვარად სრულყოფილებისკენ ვილტვოდი და აჰა, აღსრულდა, წავედი მარადისობაში... ჩემი გული ეკუთვნის საქართველოს, სული - ღმერთს.

გთხოვთ, დარდისგან მალე გათავისუფლდით. როგორც შეძლებთ ჩუმად, უდარდელად, უპრეტენზიოდ მიმაბარეთ მიწას. არასდროს არავინ შეაწუხოთ ჩემი გარდაცვალებით. მე წავედი იქ, სადაც ძალიან, ძალიან ბევრი ჩემნაირია. აქ ხომ ძალზე ცოტანი დარჩით. მადლობა. თქვენი ნუგზარ ჯუღელი..."

ლიკუნა: - ამავე წერილში ბებოს (ლია თოხაძე-ჯუღელი) მადლობას უხდის. 65 წელი ამ ადამიანებმა ერთად გაატარეს და ქორწინებიდან 60 წელი 19 სექტემბერს უნდა შესრულებოდათ. ბებო ამბობს ხოლმე, 65 წელია, ერთი ადამიანი მიყვარს და ფიქრშიც არასდროს გამიელვებია, რომ მის გარდა, სხვა შეიძლებოდა ყოფილიყო ჩემს ცხოვრებაშიო. ბოლო წუთამდე შეყვარებულები იყვნენ. სულ გვერდიგვერდ ისხდნენ. იხილეთ სრულად

თამუნა კვინიკაძე