"დე, შენნაირი სიკვდილი მარგუნოს ღმერთმა მეც და უპატრონოდ მომკლას..." - კვირის პალიტრა

"დე, შენნაირი სიკვდილი მარგუნოს ღმერთმა მეც და უპატრონოდ მომკლას..."

მაშინ 23 წლის იყო. ამდენი ხნის შემდეგ შეძლო იმაზე საუბარი, რაც გადაიტანა. როდესაც მის ჩანაწერს ვკითხულობდი, მეგონა, მეც იგივე გზა გავიარე, მეც გავურბოდი სიკვდილს, მეც მივატოვე დედა ჩემი შვილების გადასარჩენად და ძალიან მტკიოდა ეს ყველაფერი. ეკა თბილისში ცხოვრობს, შვილები დაიზარდნენ. ნაბოლარა, ქრისტინე სწორედ ომის ტოლიაო, - მითხრა ეკა საჯაიამ...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"მოგონებები არ მასვენებს. ვიგერიებ, მაგრამ ყოველი მხრიდან მოძვრებიან გულში, სულში, ტვინში, მთელს სხეულში ქოთქოთებენ... 1993 წელია. 27 სექტემბრის დილა გათენდა. მე და დედა ვკამათობთ: უნდა გავიქცეთ, დე, გავასწროთ, სოხუმში შემოსულან უკვე. ვცდილობ, შევაშინო, რომ დავიყოლიო. შენ წადი, ბავშვები წაიყვანე, მე არსად მოვდივარ, სახლს არ დავტოვებ, - ჯიუტად იმეორებს დედა. ბევრი კამათისა თუ ხვეწნა-მუდარის შემდეგ, როგორც იქნა, დავიყოლიე. "კალიასკაში" 3 თვის ქრისტინა მიწევს. 6 წლის ირაკლი და 7 წლის თამთა ჩაბღაუჭებულები არიან "კალიასკას", გვერდით ჯოხით ხელში, 63 წლის დედაა. გავუდექით გზას ჯანდაბისკენ და ჯოჯოხეთისკენ..."

" ჰაერში სიკვდილის სუნი იდგა და ვგრძნობდი, ჩემ გვერდით მოაბიჯებდა. ვაგზლის ქუჩაზე მოვდიოდი დაფეთებული, შეშინებული, შერცხვენილი, დამარცხებული და ამ სიცარიელისგან განადგურებული. დაგვამარცხეს, გადაგვიარეს, გადაგვთელეს და გავრბივართ... უცებ ყურებს რაღაც ტკაცატკუცის ხმები მოსწვდა. გაძლიერდა, უკვე სროლის ხმებიც კარგად გავარჩიე და ტანკების გრუხუნიც..."

"ტვინმა გამალებულმა დაიწყო გადარჩენისთვის ფიქრი და ბრძოლა. ხიდის ქვეშ შევალ, გადავლენ და მერე გავაგრძელებ გზას, ვფიქრობ. არა, რომ დამინახონ, დამცხრილავენ, ბავშვებს რა ეშველებათ? გაიქეცი, გაიქეცი, ეკა, გადაასწრებ, გაიქეცი, შევძახე ჩემს თავს და გავიქეცი. მივარბენინებ "კალიასკას" და გავრბივარ ხიდზე. ისვრიან უმოწყალოდ..."

"დედა წუხდა, ფეხები ასტკივდა, ვეღარ მოდიოდა. ვინანე, რომ წამოვიყვანე. შემეშინდა, გზაზე არ მომკვდომოდა... გაწამდა, ტირილი დაიწყო. მე ხვალ დავბრუნდები, ვერ გავაგრძელებ გზასო... ტირილ-ტირილით გამოვემშვიდობეთ ერთმანეთს. ჩაკოცნა ბავშვები და გაუდგა გზას. მიდის კოჭლობით, უკან ერთხელაც არ მოიხედა. თვალწინ მიდგას ახლა, ჩია, სუსტი, პატარა, კაფანდარა, მაგრამ ცეცხლისმფრქვეველი ქალი, კოჭლობით მიმავალი. ნეტავ რას ფიქრობდა? რატომ ერთხელ მაინც არ მოიხედა? ყველანი გაშეშებულნი ვდგავართ... უყურეთ, ბავშვებო, კარგად დაიმახსოვრეთ ბებიათქვენი, შეიძლება მეტად ვერც ნახოთ, - ვეუბნები ბავშვებს და ტირილს ვიწყებ. უცებ გადაწყვეტილებას ვიღებ და დედამთილს ვეუბნები, ვერ გავაგრძელებ გზას, დედას ვერ დავტოვებ-მეთქი..."

"იკამ ვერ მოითმინა, ბეეე, ბებიააა, - იყვირა და გაიქცა. თაკოც მიჰყვა ბებია-ბებიას ყვირილით. ელვის სისწრაფით შემოტრიალდა, რაღაცნაირი ხმა აღმოხდა პირიდან. ხელები გაშალა ჯოხიანად და კოჭლობ-კოჭლობით გამოიქცა ჩვენკენ, თან ღიღინი დაიწყო. უბედნიერესი იყო, რომ არ დავტოვეთ... ეს ბედნიერება და სიხარული მხოლოდ ნახევარ საათს გაგრძელდა. გზის ბოლოს სიკვდილი იყო ჩასაფრებული..." იხილეთ სრულად

ნინო ჯავახიშვილი