უკანონო მშენებლობები ჩაჟაშში - კვირის პალიტრა

უკანონო მშენებლობები ჩაჟაშში

"უკანონო მშენებლობისთვის არაერთი სანქცია დავაწესეთ, მაგრამ ამან ნაყოფი ვერ გამოიღო. იყო ასეთი შემთხვევებიც - სასამართლო ცნობდა სამართალდარღვევად, მაგრამ ჯარიმებს არ აკისრებდა. ეს იქამდე მივიდა, რომ დაუსჯელობის სინდრომი გავრცელდა"

მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა ნუსხაში ზემო სვანეთის ისტორიული დასახლება, უშგულის თემის სოფელი ჩაჟაში შედის. დაცული კომპლექსი 13 კოშკს, 4 ციხე-სახლს, 21 ბაჩუბსა და 11 ხალხურ საცხოვრებელს აერთიანებს. უშგულის თემის სოფლებიდან ყველაზე მეტი სვანური კოშკი სწორედ აქ არის შემორჩენილი. უკანონო მშენებლობების გამო ჩაჟაში შესაძლოა მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოიღონ. ამის შესახებ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენერალური დირექტორი ნიკა ანთიძე გვესაუბრა:

- სოფელ ჩაჟაშის რეაბილიტაცია სახელმწიფოსა და ფონდ "ქართუს" ერთობლივი პროექტია. 2008 წელს მოვამზადეთ შენობების ნაწილობრივი პროექტი და იუნესკოს გავუგზავნეთ, რაზეც თანხმობა მოგვდიოდა, იმათ რესტავრაციას ვიწყებდით. ახლა უკვე მთლიანი პროექტი გვაქვს გაგზავნილი და ველოდებით პასუხს, თუმც პრობლემები შეიქმნა.

- რა პრობლემებზეა ლაპარაკი? - პირველი ის, რომ ძალიან დაგვიგვიანდა წელს მუშაობის გაგრძელება, რადგან სოფელში სარესტავრაციო კომპანიის შესვლის გამო კონფლიქტი იყო. მაინც მოვახერხეთ და დავიწყეთ რეაბილიტაცია, რის პარალელურადაც არაჩაჟაშელმა აქტივისტებმა წამოიწყეს პროტესტი. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ის ადამიანები აქტიურობდნენ, რომელთაც უშგულში მშენებლობები აქვთ დაწყებული. ამის თქმის უფლებას მაძლევს ერთ-ერთი ჩაჟაშელის ვითომდა პროტესტი, რომ მისი სახლი ხარვეზით კეთდებოდა. არადა, თვითონვე აქვს უკანონო მინაშენი და ახლაც უკანონო მიშენებას აგრძელებს. ჩვენ მუდმივ მონიტორინგს ვატარებთ. არსებობს სპეციალიზებული დაწესებულება, რომელიც ადგილზე სამუშაოებს ნახულობს.

2014 წელს, როდესაც დავიწყეთ ჩაჟაშის რეაბილიტაცია, ქალბატონი მარიამ ხაჭვანი მოვიდა და გამომიცხადა, თუ მათი სოფლის რესტავრაციასაც არ დავიწყებდით, გზას გადაკეტავდნენ და არ მოგვცემდნენ ჩაჟაშში მუშაობის საშუალებას. ეს მინისტრის მოადგილესთან, ბატონ ლევან ხარატიშვილთანაც გაიმეორა. სხვის ნაკლოვანებებს რომ ეძებს, თავად არ უნდა ემუშავა უკანონოდ მაჩუბში. ჩვენ არ მოგვეცა საშუალება სოფელში შევსულიყავით. არადა, ვეჭვობდით, რომ იქ უნებართვოდ ჩატარდა სამუშაოები. მისი საცხოვრებელი სახლი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, არადა, სახლზე აფიშაა გამოკრული, რომ იქ კინოთეატრია. სოფელში არ შეგვიშვა და შესაბამისად, არ ვიცით, იქ რა სამუშაოები ჩაატარა.

- რა პრინციპით არჩევთ სარესტავრაციო ძეგლებს?

- ყველაფერს ხელის ერთი მოსმით ვერ აღვადგენთ, ამიტომ ლოგიკურ არჩევანზე გვიწევს წასვლა. პირველად გამოვყავით ჩაჟაში, ტურისტების უმეტესობა სვანეთში სწორედ მის სანახავად ჩადის. მესტიის მუნიციპალიტეტში 160 ძეგლი საჭიროებს გადაუდებელ ჩარევას. ჩვენ ვარჩევთ ორ კატეგორიას: პირველი - ისეთს, დღეს-ხვალ რომ ჩამოიქცევა, მეორე კატეგორიაშია ის ძეგლები, რომლებიც დღეს-ხვალ დაიწყებს დაბზარვას. როცა სოფელ ჩვიბიანში ჩარკვიანების კოშკი ჩამოინგრა, სააგენტო გადაუდებლად ჩაერთო და უკვე მიმდინარეობს რეაბილიტაცია. წელს იგივე დაემართა მურყმელში ჩანქსელიანების კოშკს. უკვე ვამზადებთ ტექნიკურ დავალებას და ტენდერს, რომ დავიწყოთ რეაბილიტაცია.

- რა თანხაა გამოყოფილი სვანეთის ძეგლების რესტავრაციისთვის? - სახელმწიფო ბიუჯეტიდან 10 მილიონი ლარი გამოიყო და დაიწყო 5-წლიანი პროგრამა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სოფელში უმნიშვნელოვანესი ძეგლების რეაბილიტაციას. წელს, უშგულის გარდა, მესტიის მუნიციპალიტეტში 21 ძეგლის რეაბილიტაცია მიმდინარეობს, ხოლო 30-ის საპროექტო დოკუმენტაცია მზადდება. გარდა კოშკებისა და მაჩუბებისა, სვანეთში ეკლესიებსაც ვაკეთებთ. აპელირება იმაზე, რომ მილიონები იხარჯება, სიმართლეს არ შეესაბამება. 2014-დან 2019-ის ჩათვლით 2 მილიონი ლარია დახარჯული უშგულში, შენობების 95% გადარჩენილია.

- როგორც ვიცი, ბევრს სანქციაც დაუწესეთ.

- უკანონო მშენებლობისთვის არაერთი სანქცია დავაწესეთ, მაგრამ ამან ნაყოფი ვერ გამოიღო. იყო ასეთი შემთხვევებიც - სასამართლო ცნობდა სამართალდარღვევად, მაგრამ ჯარიმებს არ აკისრებდა. ეს იქამდე მივიდა, რომ დაუსჯელობის სინდრომი გავრცელდა. მაგალითად, უშგულში მთელი დასახლება გაჩნდა - ლანჯურისი, რომელიც აგრესიულად არის ჩაწერილი ლანდშაფტში და პირველი ყვითელი ბარათი, რისთვისაც შეიძლება ამოგვიღოს იუნესკომ, ეს უკანონო მშენებლობები იქნება. ყოველ მონიტორინგზე თითო ახალი შენობა გვხვდებოდა უშგულში. აი, ეს უქმნის საფრთხეს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის ნუსხაში ჩაჟაშის ყოფნას და არა ხარვეზიანი რესტავრაცია, რომლის გამოსწორება შესაძლებელია.

- მუხმელს რა ბედი ელის?

- მუხმელი იმიტომ არის დაუსახლებელი, რომ ზვავსაშიშია. სპეციალისტები მსჯელობენ, რა ღონისძიება შეიძლება გატარდეს, რომ ზვავსაშიშროება იყოს არიდებული, წინააღმდეგ შემთხვევაში, იქ რამის გაკეთებას აზრი ეკარგება.

- კომპანიამ, რომელიც უშგულში მუშაობდა, უარი განაცხადა მუშაობის გაგრძელებაზე. - დიახ, სამწუხაროდ. ჩვენ შევთავაზეთ მოსახლეობას, თავად ყოფილიყვნენ ინიციატორები და დაესახელებინათ კვალიფიციური სპეციალისტები. ერთ-ერთ ტელეგადაცემაში განაცხადეს, ჩვენ ვიცით, გავაკეთებთო. თუ იცით, მობრძანდით, ბატონო, იმუშავეთ. სამწუხაროდ, ჯერჯერობით პასუხი არ მომსვლია. ჩვენი თხოვნით, მუნიციპალური განვითარების ფონდმა გამოაცხადა ტენდერი და ჩვიბიანი-ჟვიბიანის რეაბილიტაციის პროექტი მზადდება, მაგრამ ვინ განახორციელებს? ფაქტობრივად, სპეციალისტები არ არიან.

როდესაც დავიწყეთ ჩაჟაშის რეაბილიტაცია, კომპანიამ შესთავაზა მოსახლეობას, დაგვხმარებოდნენ, დავასაქმებდით, მაგრამ არც ერთი ჩFაჟაშელი არ მოსულა. კომპანია იძულებული გახდა სხვა სოფლებიდან და სხვა მხარიდანაც მოეყვანა სპეციალისტები. ახლა უშგულს ახალი გამგებელი ჰყავს და იმედია, საინიციატივო ჯგუფს შექმნის, წინააღმდეგ შემთხვევაში, უშგულში შეწყდება მუშაობა.

- რა არის გამოსავალი? - უკანონო მშენებლობები აღარ უნდა გაგრძელდეს და დაუჯერონ სპეციალისტების რეკომენდაციებს, რომლებიც გენგეგმით შემუშავდა. იუნესკოს პასუხის შესაბამისად დაიწყება საჯარო განხილვები მოსახლეობასთან ერთად. თვითონვე უნდა იყვნენ მოტივირებული, რომ მსგავსი რამ აღარ მოხდეს.

ნათია სიბაშვილი