უშგულის "თბილისიზაცია" - კვირის პალიტრა

უშგულის "თბილისიზაცია"

"ღვთისმშობლის სახელობის, ლამარიასად წოდებული, მეცხრე-მეათე საუკუნის ტაძრის ერთი ნაწილი სასულიერო პირების საცხოვრებელია და იმ სივრცეში თანამედროვე რემონტი გაუკეთებიათ. გვითხრეს, თეთრი იატაკი დააგეს, ეს ძეგლთა დაცვის სამსახურმაც იცის, მაგრამ მღვდლებს ვერ ეწინააღმდეგებიანო!"

როდესაც უშგულს მიადგები, ორნაირი გრძნობა გეუფლება, აღფრთოვანებისა და ტკივილის. მესტიიდან უშგულამდე გზა სანახევროდ გაუკეთებიათ. აქაურები ამბობენ, კარგა ხანია, გზის საფრის დაგება შეწყდა, ხელისუფლებას ფული არა აქვსო. ქვეყნის ეკონომიკური განვითარების პრიორიტეტად რომ ტურიზმს აცხადებ, იღებ სარეკლამო კლიპებს, დიდ ფულს იხდი, რომ მსოფლიომ გაიგოს, რა საოცარი ბუნება, კულტურული მემკვიდრეობა გაქვს და სამყაროს ერთ-ერთი საოცრება, სვანეთის რეგიონი რომ საქართველოა, მესტიიდან უშგულამდე გზა როგორ ვერ უნდა დააგო სულ რაღაც 44 კმ-ზე, მით უფრო, ნახევარი უკვე დაგიგია?!

გზად ორი უცხოელი დაგვემგზავრა, მეტი ფეხით მიმავალი შეგვხვდა, ბევრიც მანქანებით, მიკროავტობუსებით მიდიოდა. ტურისტებში ევროპელები ჭარბობენ. სანამ მოთოვს, ტურისტების ნაკადი არ წყდება.

უშგულის თემთან მიახლოებისას მგზავრებმა აღფრთოვანება ვერ დაფარეს: "აქ, ალბათ, სულ ფილმებს იღებენ, რა საოცარი მხარეა, რამდენი კოშკია, როგორი არქიტექტურული ხაზები", - ამბობდნენ ახალგაზრდები, რომელთაგან ერთი არქიტექტორი იყო.

თავდაპირველად ზვიადი, მზის სხივებში შთამბეჭდავი სილუეტებით გაფენილი კოშკები გამუნჯებს, მერე გიკვირს, რა მოუვლელია ყველაფერი. უსიყვარულო, მომხმარებლური დამოკიდებულება იგრძნობა. ეზოები მიულაგებელია, ნაგავს, პლასტმასის ბოთლების ნარჩენებს ბლომად ნახავთ. ჩანს, არც აქაურები აკლებენ და არც ყველა ტურისტი იქცევა სანიმუშოდ. ვერ ვითმენ, სვანებს ვსაყვედურობ, რატომ არ ალაგებთ, არ გიყვართ აქაურობა-მეთქი? დუმან, სახეს მარიდებენ. ერთი-ორი შენიშვნას იღებს, მაგრამ ჩივიან, აქ ეზოები კი არა, ადამიანებიც უყურადღებოდ არიანო. მათი თქმით, უშგულის ნაწილი ჩაჟაში, სადაც რეაბილიტაცია ჩატარდა და კულტურული მემკვიდრეობის უძველესი ძეგლები ჩამონგრევის საფრთხისგან იხსნეს, მალე ისევ პრობლემური გახდება. ამბობენ, რომ ნაგებობები უხარისხო მასალით, მათ შორის წვრილი კოჭებით დაიხურა და როცა თოვლი მოდის, ჩამონგრევის საფრთხე იქმნება. ჯერ წვიმა ჩამოდის, მერე, ალბათ, ჩამოინგრევა და თავიდან გასაკეთებელი იქნებაო. არადა, როგორც ცნობილია, ამ უმნიშვნელოვანესი საქმისთვის ფონდ "ქართუს" დაფინანსებით დიდი ფული გამოიყო.

უცნაურია, ფული იმისთვის გამოიყო, რომ წვრილი კოჭები და უხარისხო მასალა ეყიდათ? რამდენჯერაც ამ თემაზე პასუხისმგებელი პირების ინტერვიუები ჩამიწერია, სულ თავს იწონებენ, კარგად გავაკეთეთ, გადავარჩინეთო. არადა, წყალი მართლა ჩამოდის და იმიტომ კი არა, რომ ვიღაცას თოვლის სიმძიმისგან დაცურებული ფილების შესწორება ეზარება, ხარისხიანად დახურული არ არის. მომჩივანს ვთხოვ, ვიდეოს გადაგიღებთ, თქვენი პრობლემების შესახებ მიამბეთ-მეთქი. შემეშვით, შარიაო, ამბობს და იმალება.

ამ მშვენიერებაში, რომელსაც უშგულის უძველესი არქიტექტურა წარმოადგენს, არაფერი ისე მძიმე აღსაქმელი არ არის, როგორც თბილისიზაცია. უსახური შენობები ქაოსურად შენდება. ვისაც სად უნდა, მეტი ტურისტის მისაზიდი ხედი რომ ჰქონდეს, იქ აშენებს და ვერც ხვდება, რომ სწორედ ამ ხედების ფონზე გულისამრევია წამოჭიმული დიდი სასტუმროებით ფულის შოვნის სურვილი. მეტი სტუმარი, მეტი ფულიო და, სულ არ ანაღვლებთ, არქიტექტურული ანსამბლისთვის შეუფერებელ, უსახურ ნაგებობებს რომ დგამენ სივრცეში, რომელსაც თვალისჩინივით უნდა უფრთხილდებოდნენ. ამ სიმახინჯეების გამო საერთაშორისო ორგანიზაციები, რომლებიც უძველეს კულტურულ მემკვიდრეობას იცავენ, უშგულის დაცვის ნუსხიდან ამოღებით იმუქრებიან.

ვცდილობ, გაქანებული მშენებლობების დამკვეთები ვიპოვო. ამ დროს მათ აქ ვერ ნახავთო, მპასუხობენ ისინი, ვინც მუშებად მაცნობენ თავს. მარტივად მიშორებენ, მე არაფერი ვიცი, ფულს მიხდიან, უნდა ავაშენო, დანარჩენი ჩემი საქმე არ არისო. ალბათ, ჩემზეც იტყვიან, შენი საქმე არ არის, აქ ვინ რას აშენებსო და თავსაც იმართლებენ, უშგული ძველი კი არის, მაგრამ ხომ უნდა განვითარდესო?! ამბობენ, სახელმწიფო ორგანიზაციები სამშენებლო პროექტებს დროულად ან საერთოდ არ ითანხმებენ, ამის გამო გაბრაზებული ხალხი კი თვითნებურად აშენებსო. მაგრამ "კულტურული მემკვიდრეობის დაცვის შესახებ" კანონი ხომ კრძალავს თვითნებურ მშენებლობებს, მით უფრო სიმახინჯეების, და გაუგებარია, ამ ადამიანებს რატომ არ აჯარიმებენ, არ ანგრევინებენ იმას, რაც საგანძურს უსახურ ჩრდილს აყენებს და მეტიც, განადგურებით ემუქრება? ვიღაცამ ხომ უნდა შეაგნებინოს ამ ხალხს, რომ უშგული მხოლოდ კერძო საკუთრება არ არის და სრულიად საქართველოს უძველესი მემკვიდრეობაა?!

გეზი შხარის წინ წამომართული ღვთისმშობლის სახელობის, ლამარიასად წოდებული, მეცხრე-მეათე საუკუნის ტაძრისკენ ავიღეთ. თვალში საცემია ძველი თუნუქის ღობე, ოდესღაც შეღებილი და სიძველით აჭრელებული, გალავანზე ელექტროსადენის სქელი გრაგნილი, მეტალოპლასტმასის ფანჯრები, Yთანამედროვე სავენტილაციო საშუალებები. ძეგლის ერთი ნაწილი სასულიერო პირების საცხოვრებელია და იმ სივრცეში თანამედროვე რემონტი გაუკეთებიათ. გვითხრეს, თეთრი იატაკი დააგეს, ეს ძეგლთა დაცვის სამსახურმაც იცის, მაგრამ მღვდლებს ვერ ეწინააღმდეგებიანო!

მესტიისკენ მობრუნებული ვფიქრობდი, ნუთუ ვინმეს ჰგონია, როცა უშგული სხვადასხვა ფერის სახურავებით აჭრელებული მახინჯი შენობებით აივსება და თითო-ოროლა კოშკი ან მაჩუბი შემორჩება, ტურისტების ისეთივე ნაკადი ივლის, როგორიც დღეს? ნუთუ ჰგონიათ, რომ ამდენი სასტუმრო, ფულის მოსაჭრელი დაზგა რომ ჰგონია ზოგიერთს, ისეთი დატვირთვით იმუშავებს, როგორც დღეს?

და ყველაზე მთავარი - სად არის სახელმწიფო? რატომ არ მოქმედებს კანონი და თუ მოქმედებს, მაშინ უძველესი კოშკების ფონზე რატომ გვეჩხირება თვალში ამდენი უკანონობა? ერთი ასე გამდიდრების მოსურნეც რომ დაესაჯათ, მეორე და მესამე იმავეს ხომ ვერ გაბედავდა?

რამდენიმე წლის წინ სტამბოლში მერიის ჩინოსნებმა გემით გასეირნებისას აღმოაჩინეს, რომ ახალი, ე.წ. აზიური სტამბოლის ცათამბჯენების სილუეტი უფრო მაღალი ჩანდა, ვიდრე ჰორიზონტზე მათ გასწვრივ გაჭიმული ძველისძველი კონსტანტინოპოლის მემკვიდრეობა. თავში ხელი შემოირტყეს, ეს როგორ დავუშვით, როგორ ვერ გავთვალეთო და დაუყოვნებლივ განკარგულება გასცეს, ცათამბჯენებიდან ათეულობით სართული მოენგრიათ, რომ მათ სიმაღლეს უძველესი კულტურული საგანძური, ძველი სტამბოლის ძეგლები - აია-სოფია, სულთნის სასახლე და სხვები არ დაეთრგუნა.

ნუთუ ვინმეს შეუძლია უშგულსა და მთელ საქართველოში მიმდინარე მანკიერი პროცესები იმით გაამართლოს, რომ უკვე აშენებულს ვერავის დაანგრევინებენ, რადგან ბიზნესის განვითარებას ხელს ვერ შეუშლიან? დავიჯერო, საქართველოში უკეთ იციან ბიზნესისთვის ხელშეწყობა, ვიდრე თურქეთში?

იმის გამო, რომ საქართველო მუდმივი ომების ქარცეცხლში იყო, ტაძრების გარდა, ქართული არქიტექტურის ძეგლები თითქმის არ შემოგვრჩა და რაც შემოგვრჩა, თვითონვე უნდა ავაოხროთ?

უშგული სტატუსს დაკარგავს?!

"ICOMOS საქართველოს" განცხადებით, უშგულში და მის მიმდებარე ტერიტორიაზე უკანონო თანამედროვე მშენებლობები მნიშვნელოვნად ხელყოფს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლის გარემოსა და სივრცით-გეგმარებით ავთენტურობას, შესაბამისად, მის უნივერსალურ ღირებულებას, რასაც შეიძლება ძეგლის მსოფლიო მემკვიდრეობის ნუსხიდან ამოღება მოჰყვეს.

განცხადების თანახმად, ჩაჟაშის ისტორიულ ნაგებობებზე მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები პროექტის დარღვევით მიმდინარეობს. მთელ რიგ შემთხვევებში გამოყენებულია არატრადიციული, არათავსებადი მასალები და ტექნოლოგიები (როგორიცაა ცემენტის დუღაბი, გადახურვებში რუბეროიდის ფენილი, გადახურვის გადაკერებული ძელები და ა.შ.). რიგ შემთხვევებში იკვეთება შემსრულებელთა არაკვალიფიციურობა (ფიქლით გადახურვა და აშ.).

ყოველივე ეს კი საავტორო ზედამხედველობის არარსებობისა და არასაკმარისი მონიტორინგის შედეგია.