ტყუილის ანატომია - კვირის პალიტრა

ტყუილის ანატომია

"ჩვენთან არ იყიდება პოზიტივი..."

თყუილი საინტერესო ფენომენია. ფსიქოლოგ ზურაბ მხეიძის თქმით, ტყუილი სოციალური ადაპტაციის ინსტრუმენტია და რაღაცის მოპოვებას ან შენარჩუნებას ემსახურება. ჩვენს ინტერვიუში ტყუილის ფენომენსა და პოლიტიკაში არსებულ ტყუილზე ვისაუბრებთ:

- ტყუილს 2 მიმართულება აქვს:

1. შევინარჩუნო პიროვნების მთლიანობა - სტატუს-კვო, რომელიც მაქვს;

2. მოვიპოვო უფრო მეტი, ვიდრე მაქვს.

პირველის არსი ასეთია - არ შეცვალოთ ჩემ მიმართ დამოკიდებულება, ისევ ისეთი ვარ, როგორსაც მიცნობდით. მაგალითად, დამაგვიანდა სამსახურში და ვთქვი, რომ საცობში მოვყევი, სინამდვილეში, დროზე ვერ გავიღვიძე - ასეთი ტიპის ტყუილებს ძალიან ბევრი ამბობს. მეორე ტიპის ტყუილისას საკუთარ თავზე ჰყვებიან რაღაც ისეთს, არარსებულ ამბავს, რომ მსმენელის თვალში სტატუსი აიმაღლონ. მეორე ტიპის ტყუილი უფრო ბავშვებისთვის არის დამახასიათებელი. თუ დიდობაშიც განაგრძობს ადამიანი ასეთი ტყუილების თქმას, ე.ი. ვერ გაზრდილა. მას კვლავ სჭირდება ისტორიის შეთხზვა თავისი სტატუსის განსამტკიცებლად. რადგან შეთხზვა სჭირდება, ესე იგი, არ არის რეალიზებული. ზრდა არ ნიშნავს ფიზიკურ ასაკს.

- პოლიტიკური ტყუილი რომელი მიმართულების ტყუილია? - პირდაპირ ასე არ მოიხსენიებენ, თუმცა, ცხადია, პოლიტიკური ტყუილი ხმის მოპოვებას ან ოპონენტის დაზიანებას ემსახურება. ცხოვრებაში შეიძლება არჩევანი გააკეთო და ვისთანაც გჭირდება, მხოლოდ იმასთან თქვა ტყუილი, პოლიტიკაში კი ნებისმიერ ადამიანს განიხილავენ როგორც ხმას, ანუ არჩევანი არ არის, იძულებული ხარ, ყველა ინსტრუმენტი გამოიყენო, რომ მოიპოვო რაღაც (ხმა).

- ხანდახან აშკარაა, რომ პოლიტიკოსი ტყუის, თუმცა საზოგადოება მაინც უჯერებს. - ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ადამიანი ლოგიკას მიჰყვეს.

ხანდახან მიკვირს, როგორ შეიძლება ზოგიერთ პოლიტიკურ გამონათქვამსა და აზრს ჰყავდეს მხარდამჭერი. იმიტომ კი არა, რომ იდეურად მიუღებელია, არამედ იმიტომ, რომ ლოგიკასაა აცდენილი, აბსოლუტური სისულელეა, მაგრამ მხარდამჭერი მაინც ჰყავს.

- გახსენდებათ ასეთი ტყუილი?

- ჩართეთ ტელევიზორი და ნახავთ. მიკვირს ხოლმე, როცა ვუყურებ ზოგიერთს და ვფიქრობ, აი, ამ პოლიტიკოსს როგორ შეიძლება თანამოაზრე ჰყავდეს-მეთქი? არის მეორე მხარეც - ადამიანი იჯერებს იმას, რისი დაჯერებაც უნდა - ანუ თუ ვიღაცაზე გაბრაზებული ვარ, მასზე ცუდს ადვილად ვიჯერებ. ქართული ხასიათიც ასეთია. ვერ გაიხსენებთ ფაქტს, ვინმე, ვთქვათ, გაათავისუფლეს სამსახურიდან და ეთქვას, ჩემი ბრალია, რომ გამათავისუფლესო. ყველა ამბობს, რომ ვიღაც სხვისი ბრალია, არადა, ხომ შეიძლება, ერთხელ მაინც ვიღაც დამსახურებულად გაეთავისუფლებინათ?

პოლიტიკაშიც ასეა - როგორც კი ვიღაც ოპოზიციონერი მეუბნება, იმის ბრალია, შენ რომ ცუდად ხარო, მე უკვე მიხარია. აბა, ჩემი ბრალი როგორ იქნება. მაშინვე გადამაქვს ბრალეულობა. წინააღმდეგ შემთხვევაში, უნდა ვთქვა, რომ რაღაც არ ვისწავლე, რაღაც დავალება სათანადოდ ვერ შევასრულე. "უფალო ღმერთო, რად გამაჩინე, თუ გამაჩინე, კიდეც მარჩინე" - დაახლოებით ეგ ტექსტია.

- რამდენად ნიჭიერად იტყუებიან ქართველი პოლიტიკოსები?

- პოლიტიკოსს გააჩნია. ტყუილი ინსტრუმენტი გახდა და ძალიან ბევრი მეთოდი არსებობს, როგორ უნდა იმოქმედო მისი მეშვეობით აუდიტორიაზე. მათ შორის არის დემაგოგია. დემაგოგია ოპონენტის დამარცხებაა უწესო ხერხით და ხანდახან იმდენად კარგადაა შეფუთული, რომ კარგ სპეციალისტსაც გაუჭირდება გაშიფვრა.

ხშირად ვარაუდი ფაქტად საღდება - "ფეისბუკში" რაღაცას დაწერენ ან დააწერინებენ და მერე ამას იყენებ ინფორმაციის საფუძვლად. ზოგიერთი ჟურნალისტი სიუჟეტს ამზადებს, რომელსაც იწყებს უპასუხისმგებლო განცხადებით:""ვრცელდება ინფორმაცია". ვრცელდება კი არა, ავრცელებ. როდესაც დემაგოგიური ზემოქმედება გსურთ, პირის ნიშნებსაც მნიშვნელობა აქვს. დააკვირდით: "თქვენზე ამბობენ, რომ კორუმპირებული ხართ". ამბობენო, პასუხისმგებლობა გადატანილი აქვს სხვაზე. რომ შეეკითხო, ვინო? იტყვის, სამარშრუტო ტაქსიში გავიგონეო.

ზემოქმედებას დიდი ძალა აქვს. მე რომ მეუბნები, კორუმპირებული ხარო, რომ გიჩივლო, მოგიგო სასამართლო, ჩემს სახელზე მაინც მიკერებული დარჩება კორუმპირებულის იარლიყი. ესე იგი, ტყუილმა თავისი პოლიტიკური საქმე გააკეთა. პირველ ემოციას მეტი ეფექტი აქვს. ეს კარგად იციან პოლიტიკოსებმა. თქვენ გგონიათ, ტექსტი ახდენს ადამიანზე გავლენას? სინამდვილეში ამ ტექსტით გამოწვეული ემოცია ზემოქმედებს.

- რა შეიძლება დემაგოგიას დავუპირისპიროთ?

- მხოლოდ და მხოლოდ ცოდნა. ინტელექტია მთავარი იარაღი დემაგოგიასთან ბრძოლაში.

- ქართულ პოლიტიკაში რა ხერხებს მიმართავენ ოპონენტები ერთმანეთის დასამარცხებლად? - ძალიან იოლი გამოსაყენებელია პოპულარულ ემოციებზე აპელირება. წარმოიდგინეთ, რაღაც მოხდა ქვეყანაში, თქვენ, როგორც ხელისუფლების წარმომადგენელმა, მართლაც ბევრი რამ გააკეთეთ, რაღაც შექმენით, ციფრებიც მოგყავთ თვალსაჩინოებისთვის, ყველაფერს მართალს ამბობთ. მე, ხელი რომ შეგიშალოთ, ეს მიღწევა დავანგრიო ემოციურად, გეუბნებით: "ახლა თქვენ ხალხს თვალებში ნაცარს აყრით"! ამ დროს არ აყრით, მაგრამ ემოცია გაშვებულია. ვაგრძელებ: "ვითომ ეს რაღაცები რომ გააკეთეთ, ხალხი გაბედნიერდა?! თუ ქუჩაში არ დადიხართ და არ ხედავთ, ნაგავში რომ იქექებიან? არ იცით, ხალხი როგორ ცხოვრობს?" ასეთი ოპონენტი აუცილებლად მოგიგებთ, ხალხი მას მიემხრობა, ოღონდ მისი ლაპარაკი უსაქმურისაა, ემოციებზე თამაშია. ის არ უთქვამს, თავად რას აკეთებს, რა პროგრამა აქვს, მაგრამ მაინც მოგიგებთ. მთავარია, ემოციური თანხვედრა იყოს.

- კიდევ როგორ ტყუილს ამბობენ? - დავუშვათ, ჩვენ პოლიტიკოსები ვართ, ვლაპარაკობთ და ვატყობ, რომ მიგებთ. ერთ-ერთი მეთოდია პიროვნული შეტევა. ამისთვის ჩემი ამოცანაა თემიდან ამოგაგდო.

- მაგალითად, არგუმენტირებულად ვლაპარაკობ ქვეყანაში დასაქმების დონის აწევაზე. როგორ შემიშლით ხელს? - საუბარს გაწყვეტინებთ და გეკითხებით: "რამდენი მიეცით დიპლომში?" ამ დროს ნორმალური ადამიანის რეაქციაა: "რა ვიყიდე?!" მე მესამე პირში გეუბნებით: "რა ვიცი, ამბობენ..." თქვენ ისევ: "ვინ ამბობს?!" გპასუხობთ: "თქვენი მეზობლები". კვლავ დაინტერესდებით: "ვინ მეზობლები?" მე, აუღელვებლად: "ქალბატონო, თქვენს მეზობლებს არ იცნობთ და ქვეყნის სახელით ხალხზე მელაპარაკებით?!" ამაზე, ბუნებრივია, თქვენ გადაირევით. მე კი ვაგრძელებ: "დაწყნარდით, ეს იმიტომ გკითხეთ, რომ საზოგადოებას აინტერესებდა. ასე თუ აღელდებოდით, არ მეგონა", - თავშეუკავებელიც გამოგიყვანათ, თან აღარც გახსოვთ, რაზე საუბრობდით. საზოგადოება აგრესიულობას ითხოვს.

თუ არჩევნებს მიადევნებთ თვალყურს, ვინც აგრესიულია, ის იგებს ხოლმე. ძალიან კარგი კონტრასტია, მაგალითად, სააკაშვილი, ბურჯანაძე და ჟვანია რომ ცალ-ცალკე იყვნენ. თუ გახსოვთ, ბურჯანაძე-ჟვანიას თავიანთი კამპანია ევროპულად, პოზიტიურად მიჰყავდა, სააკაშვილს აგრესიულად და ყველგან იმარჯვებდა. ამიტომ პოლიტიკურმა პარტიებმა გადაწყვიტეს, ხალხს ეს უნდაო.

საზოგადოებას პოლიტიკური კულტურის შეცვლა შეუძლია. თუ აგრესიაზე იტყვი უარს, მაშინ პოლიტიკოსები იძულებული იქნებიან, მათაც უარი თქვან. დღეს რა ენერგიაც აგრესიაში იხარჯება, რომ გადაიყვანოთ კილოჯოულებში, მგონი, ჰესი აღარ დაგვჭირდება. მე კომუნიკაციების სპეციალისტი ვარ და ევროპელი ან ამერიკელი კონსულტანტი რომ ჩამოგვყავს, ხშირად მეკითხებიან, რატომ ილანძღებით, პოზიტივზე ისაუბრეთო. ზოგიერთმა პარტიამ ასეთი კონსულტანტი ჩამოიყვანა, მაგრამ შეცდნენ.

- რატომ?

- იმიტომ, რომ ჩვენთან არ იყიდება პოზიტივი. ბევრად მეტი შანსია, ნეგატივში რომ დავემთხვეთ. პოზიტივზე საუბრისას ემოციური თანხვედრა არ ხდება და ამომრჩეველი ფიქრობს, ეს ვინაა, ციდან ჩამოფრინდა, რაებს ლაპარაკობსო, მაგრამ, რომ ვამბობ, ინგრევა ქვეყანა-მეთქი, მაშინ ემოციური თანხვედრაც ხდება. ნეგატივს უფრო ენდობა ხალხი.

- ჩვენი და, ვთქვათ, ბრიტანელი პარლამენტარების ქცევა რომ შევადაროთ, იქაც ფასობს ნეგატივი ან აგრესია? - ბრიტანეთში ერთ პოლიტიკოსს კვერცხი ესროლეს, მან ვერ მოითმინა, მსროლელს გაარტყა და გაზეთში დაიწერა, ამ პოლიტიკოსმა თმენის ვალდებულება დაარღვიაო. თუმცა როცა გამოიკვლიეს, რეალურად ყველა მის მხარეს იყო. ქცევა გაიკიცხა, თუმცა თანაუგრძნობდნენ.

ძველ კვლევებში (როდესაც ახალი ცნობილი იქნება, გეტყვით) ღირებულებით ნაწილში ქართველი ადამიანს უპირველესად იმით აფასებს, კეთილი ხარ თუ ბოროტი, გერმანელი და ესტონელი - ჭკვიანი ხარ თუ სულელი. გამოდის, გერმანელი და ესტონელი ენდობიან იმას, ვინც ჭკვიანია, ქართველი კი იმას, ვისაც კეთილად ჩათვლის. ამიტომ გვყავს "ამისტები" და "იმისტები". "ისტების" კატეგორია ძალიან სახიფათოა, კრიტიკა გამორთული აქვთ.

- ამიტომ დავდივართ წრეზე? - არ დავდივართ. უბრალოდ, სხვადასხვა მოთხოვნა ჩნდება. საბჭოთა კავშირის დროს თავისუფლება გვინდოდა, მივიღეთ; თავისუფლება გვქონდა, მაგრამ არავინ გვცნობდა, მოვიდა შევარდნაძე და დაალაგა რაღაცები, გაგვიცნეს, დაიწყო ბაქო-ჯეიჰანის პროექტი და ა.შ., მაგრამ აღარ გვინდოდა ჭაობში ყოფნა; მოვიდა რეაქტიული კაცი. იმან თავისი ფუნქცია შეასრულა - დაარტყა ქვედა კორუფციას, მენტალობას. თუ ადრე ინსპექტორს ქრთამს აძლევდი და ეს ჩვეულებრივი ამბავი იყო, ახლა რომ ფული მოგთხოვონ, გაგიკვირდება... სააკაშვილმა თავისი გასაკეთებელი გააკეთა, თავი ამოწურა. აღარ გვინდოდა დიქტატურა, ტირანია... ახლა საქმე გვინდა...

ეკა სალაღაია