"მოხუცი, რომელსაც ვუვლიდი, ისე მანერვიულებდა, რომ იმ ოჯახში მიკროინფარქტი გადავიტანე" - კვირის პალიტრა

"მოხუცი, რომელსაც ვუვლიდი, ისე მანერვიულებდა, რომ იმ ოჯახში მიკროინფარქტი გადავიტანე"

მომზადებულია 2019 წელს

"მოხუცს ისეთი სკლეროზი ჰქონდა, მთელი დღე საცვლებით იდგა, თავზე შლაპა ეხურა, ქათმებს წვავდა და სანაგვეში ყრიდა. მხოლოდ ერთი თვე გავძელი, რადგან სანახევროდ მშიერი ვიყავი. ერთხელ დანითაც გამომეკიდა, ძლივს გამოვასწარი"

ქართველი ემიგრანტები მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტული. მათ ყველაზე უკეთ იციან, როგორია სამშობლოს მონატრება. ირმა გაჩეჩილაძე უცხოობაში 22 წელია ცხოვრობს.

- ამერიკაში 1998 წელს ჩამოვედი ჩემს დასთან ერთად. ყველა ემიგრანტი ამბობს, რომ საქართველოდან გაჭირვებამ წამოიყვანა, მაგრამ მე ოკეანის გაღმა სიყვარულს გამოვყევი: ჩემი შეყვარებული სამუშაოდ კანადაში წამოვიდა და გადავწყვიტე, ჯერ აშშ-ში ჩამოვსულიყავი და მერე აქედან კანადაში. ცხოვრებამ კი სულ სხვაგვარად განსაჯა. როგორც ყველა ქართველი, ჩვენც ვფიქრობდით ერთ-ორ წელიწადში უკან დაბრუნებას. წელიწადს წელიწადი მიჰყვა და ასე გაგვიფრინდა ორ ათეულ წელზე მეტი.

- როგორი იყო ამერიკაში ცხოვრების პირველი წლები?

- თავიდან მე და ჩემი და მოხუცებს ვუვლიდით... მახსოვს, ერთი მოხუცი ისე მეჩხუბებოდა და მანერვიულებდა, რომ იმ ოჯახში მიკროინფარქტი გადავიტანე. როცა მისი სახლიდან წამოსვლა დავაპირე, მითხრა, არ წახვიდე, თორემ ვის უნდა ვეჩხუბო, ჩხუბის გარეშე კი მოვკვდებიო. ვუვლიდი მოხუც ქალს, რომელსაც ისეთი სკლეროზი ჰქონდა, მთელი დღე საცვლებით იდგა, თავზე შლაპა ეხურა, ქათმებს წვავდა და სანაგვეში ყრიდა. მხოლოდ ერთი თვე გავძელი, რადგან სანახევროდ მშიერი ვიყავი. ერთხელ დანითაც გამომეკიდა, ძლივს გამოვასწარი. საშინელება გამოვიარეთ, მაგრამ რომ მივხვდით, უკან ვეღარ დავბრუნდებოდით, ყველაფერს გავუძელით და ჩვენც აქაური ქუდი დავიხურეთ.

- ყველაზე მძიმე მოგონება ემიგრაციაში ყოფნისას რომელია? - აგვისტოს ომი. მაშინ ჩემი შვილი ლუკა ლომიძე 2 წლისა იყო. საქართველოში გამოვუშვი, სადაც დედა და ჩემი უმცროსი და ცხოვრობენ. იმ ხანებში გაფრთხილებული ვიყავი, რომ ამერიკა არ უნდა დამეტოვებინა, მაგრამ საემიგრაციო სამსახურში მივედი და ვუთხარი, 2 წლის შვილი მყავს ომის ზონაში, ამერიკის მოქალაქეა-მეთქი. სასწრაფოდ მომცეს საბუთები. სამი თვითმფრინავი გამოვიცვალე, ჯერ საბერძნეთში ჩავფრინდი, მერე თურქეთში, თურქეთიდან - ბათუმში.

- ახლა როგორია თქვენი ცხოვრება? - ახლა ბრუკლინში ვცხოვრობ, სკოლის ექთანი ვარ, კერძო ექთანადაც ვმუშაობ ავადმყოფ ბავშვებთან. ესთეტიკური პროცედურებიც შევისწავლე და უკვე კლიენტურაც გამიჩნდა.

ლუკა 12 წლისაა, ქართულად მშვენივრად ლაპარაკობს, ყოველ წელიწადს ჩადის საქართველოში, მაგრამ ამერიკა მაინც ყველაფერს ურჩევნია. სულ ვეუბნები, თუ საქართველოს დასჭირდები, უნდა დაბრუნდე-მეთქი, მაგრამ არ მჯერა, რომ თაობა, რომელიც ემიგრაციაში გაიზარდა, დაბრუნდება. ეს თაობა საქართველოსთვის დაკარგულია.

- ბრუკლინელი ქართველები იკრიბებით? - ქართველების მთავარი შესაკრებელი ბრუკლინის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარია, კვირაობით წირვაზე ვხვდებით ერთმანეთს. თავად 12 წლის განმავლობაში ვგალობდი წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში, ახლა კი ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ვგალობ. 11 წლის წინ აქ ქართული ეპარქია დაარსდა. აქვე მოღვაწეობს მამა ალექსანდრე (თანდილაშვილი), რომელმაც 27 წლის წინ დაიწყო საქმიანობა, ქართველი მრევლიც მან გააერთიანა. თუ ვინმე სამუშაოს ან ბინას ეძებს, ვეხმარებით და ერთმანეთს მხარში ვუდგავართ.

- როგორც ვიცი, ქართული თეატრიც გქონდათ, სადაც თქვენც თამაშობდით.

- დიახ, 8 წელი ქართული თეატრის მსახიობი ვიყავი: ქართველ მსახიობებთან - ცუცა კაპანაძესა და ხათუნა იოსელიანთან ერთად ვიდექი სცენაზე... ეს ჩემთვის ყველაზე ბედნიერი და ნათელი წლები იყო.

- საქართველოში დაბრუნებას აპირებთ? - მიუხედავად იმისა, რომ მონატრება მკლავს, მაინც ვერ მოვდივარ, სანამ ლუკა არ ისწავლის და სამუშაოს არ იშოვის, აქაურობას როგორ დავტოვებ? საქართველოს ამბებს ძალიან განვიცდი. მეუბნებიან, ემიგრანტები მაგ სიშორიდან ვერაფერს ხედავთო, მაგრამ ჩვენ ყველაზე კარგად ვხედავთ ყველაფერს, თან მონატრება გვკლავს, თან იმასაც ვდარდობთ, რომ საქართველოში უკეთესობისკენ არაფერი იცვლება. კიდევ კარგი, აქაური ქართველები ერთმანეთს არ ვკარგავთ - მშობლიურ მიწას მოწყვეტილებს მხოლოდ ეს გვაძლებინებს.

ხათუნა ჩიგოგიძე