"მოხუცი, რომელსაც ვუვლიდი, ისე მანერვიულებდა, რომ იმ ოჯახში მიკროინფარქტი გადავიტანე"
09-10-2019
"მოხუცი, რომელსაც ვუვლიდი, ისე მანერვიულებდა, რომ იმ ოჯახში მიკროინფარქტი გადავიტანე"
"მოხუცს ისეთი­ სკლეროზი ჰქონდა, მთელი დღე საცვლებით იდგა, თავზე შლაპა ეხურა, ქათმებს წვავდა და სანაგვეში ყრიდა. მხოლოდ ერთი თვე გავძელი, რადგან სანახევროდ მშიერი ვიყავი. ერთხელ დანითაც გამომეკიდა, ძლივს გამოვასწარი"

ქართველი ემიგრანტები მთელ მსოფლიოში არიან მიმოფანტული. მათ ყველაზე უკეთ იციან, როგორია სამშობლოს მონ­ატრება. ირმა გაჩეჩილაძე უცხოობაში­ 22 წელია ცხოვრობს.

- ამერიკაში 1998 წელს ჩამოვედი ჩემს დასთან ერთად. ყველა ემიგრანტი ამბობს, რომ საქართველოდან გაჭირვებამ წამოიყვანა, მაგრამ მე ოკეანის გაღმა სიყვარულს გამოვყევი: ჩემი
შეყვარებული სამუშაოდ კანადაში წამოვიდა და გადავწყვიტე, ჯერ აშშ-ში ჩამოვსულიყავი და მერე აქედან კანადაში. ცხოვრებამ კი სულ სხვაგვარად განსაჯა. როგორც ყველა ქართველი, ჩვენც ვფიქრობდით ერთ-ორ წელიწადში უკან დაბრუნებას. წელიწადს წელიწადი მიჰყვა და ასე გაგვიფრინდა ორ ათეულ წელზე მეტი.

- როგორი იყო ამერიკაში ცხოვრების პირველი წლები?
-
თავიდან მე და ჩემი და მოხუცებს­ ვუვლიდ­ით... მახსოვს, ერთი მოხუცი ისე მეჩხუბებოდა და მანერვიულებდა, რომ იმ ოჯახში მიკროინფარქტი გადავიტანე. როცა მისი სახლიდან წამოსვლა დავაპირე, მითხრა, არ წახვიდე, თორემ ვის უნდა ვეჩხუბო, ჩხუბის გარეშე კი მოვკვდებიო. ვუვლიდი­ მოხუც ქალს, რომელსაც ისეთი­ სკლეროზი ჰქონდა, მთელი დღე საცვლებით იდგა, თავზე შლაპა ეხურა, ქათმებს წვავდა და სანაგვეში ყრიდა. მხოლოდ ერთი თვე გავძელი, რადგან სანახევროდ მშიერი ვიყავი. ერთხელ დანითაც გამომეკიდა, ძლივს გამოვასწარი. საშინელება გამოვიარეთ, მაგრამ რომ მივხვდით, უკან ვეღარ დავბრუნდებოდით, ყველაფერს გავუძელით და ჩვენც აქაური ქუდი დავიხურეთ.

- ყველაზე მძიმე მოგონება ემიგრაციაში ყოფნისას რომელია?
- აგვისტოს ომი. მაშინ ჩემი შვილი ლუკა ლომიძე 2 წლისა იყო. საქართველ­ოში­ გამოვუშვი, სადაც დედა და ჩემი უმც­როსი და ცხოვრობენ. იმ ხანებში გაფ­რ­თხილებული ვიყავი, რომ ამერიკა არ უნდა დამეტოვებინა, მაგრამ საემიგრაციო სამსახურში მივედი და ვუთხარი, 2 წლის შვილი მყავს ომის ზონაში, ამერიკის მოქალაქეა-მეთქი. სასწრაფოდ მომცეს საბუთები. სამი თვითმფრინავი გამოვიცვალე, ჯერ საბერძნეთში ჩავფრინდი, მერე თურქეთში, თურქეთიდან - ბათუმში.



- ახლა როგორია თქვენი ცხოვრება?
- ახლა ბრუკლინში ვცხოვრობ, სკოლ­ის ექთანი ვარ, კერძო ექთანადაც ვმუშაობ ავადმყოფ ბავშვებთან. ესთეტიკური პროცედურებიც შევისწავლე და უკვე კლიენტურაც გამიჩნდა.

ლუკა 12 წლისაა, ქართულად მშვენივრად ლაპარაკობს, ყოველ წელიწადს ჩადის საქართველოში, მაგრამ ამერიკა მაინც ყველაფერს ურჩევნია. სულ ვეუბნები, თუ საქართველოს დასჭირდები, უნდა დაბრუნდე­-მეთქი, მაგრამ არ მჯერა, რომ თაობა, რომელიც ემიგრაციაში გაიზარდა, დაბრუნდება. ეს თაობა საქართველოსთვის დაკარგულია.

- ბრუკლინელი ქართველები იკრიბებით?
- ქართველების მთავარი შესაკრებელი­ ბრუკლინის ღვთისმშობლის სახელობის ტაძარია, კვირაობით წირვაზე ვხვდებით ერთმანეთს. თავად 12 წლის განმავლობაში­ ვგალობდი წმინდა ნინოს სახელობის ეკლესიაში, ახლა კი ღვთისმშობლის სახელობის ტაძარში ვგალობ. 11 წლის წინ აქ ქართ­ული ეპარქია დაარსდა. აქვე მოღვაწეობს მამა ალექსანდრე (თანდილაშვილი),­ რომ­ელმაც 27 წლის წინ დაიწყო საქმიანობა, ქართველი მრევლიც მან გააერთიანა. თუ ვინმე სამუშაოს ან ბინას ეძებს, ვეხმარებით და ერთმანეთს მხარში ვუდგავართ.

- როგორც ვიცი, ქართული თეატრიც გქონდათ, სადაც თქვენც თამაშობდით.
- დიახ, 8 წელი ქართული თეატრის მსახიობი ვიყავი: ქართველ მსახიობებთან - ცუცა კაპანაძესა და ხათუნა იოსელიანთან ერთად ვიდექი სცენაზე... ეს ჩემთვის ყველაზე ბედნიერი და ნათელი წლები იყო.

- საქართველოში დაბრუნებას აპირებთ?
- მიუხედავად იმისა, რომ მონატრება მკლავს, მაინც ვერ მოვდივარ, სანამ ლუკა არ ისწავლის და სამუშაოს არ იშოვის, აქაურობას როგორ დავტოვებ? საქართველოს ამბებს ძალიან განვიცდი. მეუბნებიან, ემიგრანტები მაგ სიშორიდან ვერაფერს ხედავთო, მაგრამ ჩვენ ყველაზე კარგად ვხედავთ ყველაფერს, თან მონატრება გვკლავს, თან იმასაც ვდარდობთ, რომ საქართველოში უკეთესობისკენ არაფერი იცვლება. კიდევ კარგი, აქაური ქართველები ერთმანეთს არ ვკარგავთ - მშობლიურ მიწას მოწყვეტილებს მხოლოდ ეს გვაძლებინებს.

ხათუნა ჩიგოგიძე

...
10 ოქტომბერი 2019 07:52
ირმა you are such a strong lady. Best to you and your family.
გიორგი
09 ოქტომბერი 2019 22:51
ეს ადამიანები ჩემთვის გმირები არიან!
აბა რა
09 ოქტომბერი 2019 21:04
საქართველოს ირანელებინ და რუსები უფრო უყვარს თურქებთან და აზრბაიჯანელებან ერთად ქართველებს ყვეკა ხერხით აგდებენ საქათვწლოდან . ჯერ გაააფხაზებენ გააოსებენ მერე თავუსივე ქვეყანაში ლტოლვილებს გახდიან და ბოლოს ეკონომიურად ისე შებოჭავენ სუნთქვაზე რომ სოჩიკის დაყენება შეიძლებოდეს მასაც გაუკეთებდნენ.
დაკარგული დაკარგული ყველა თაობააა ქვეყნისთის იმ დროს როცა დებილი მართველები ზიან სკამებზე.
მათი შვილები მენახონ უსამშობლოდ ვინც ხალხს ასეთ მდგომარეობაში აგდებს.

რედაქტორის რჩევით
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმდინარე რეფორმას?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
როგორ შეაფასებთ ტაქსების მიმიდინარე რეფორმას?
თვის კითხვადი სტატიები