გურამ გაბესკირია: ფეხბურთელი, მსაჯი, მებრძოლი - საქართველოს ეროვნული გმირი - კვირის პალიტრა

გურამ გაბესკირია: ფეხბურთელი, მსაჯი, მებრძოლი - საქართველოს ეროვნული გმირი

"ქალაქის მერი, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს ბოევიკებმა დატყვევებული მთავრობის წევრებთან და მათ თანმხლებ პირებთან ერთად მთავრობის შენობის წინ მოედანზე გაიყვანეს. გურამს, როგორც გამორჩეულ პიროვნებას, დაჩოქება უბრძანეს. გურამ გაბესკირიას პასუხი იყო ლაკონიური და კატეგორიული - არასოდეს სიცოცხლეში!"(Никогда в жизни!)"

"Никогда в жизни!" - იყო გურამ გაბესკირიას პასუხი ბრძანებაზე - დაიჩოქე! თავისი ხალხისა და ქვეყნისთვის არასდროს დაიჩოქებდა, მით უმეტეს არ იკადრებდა ამას გმირული სიკვდილის წინ! სოხუმის მერმა, გაუტეხელმა კაცმა, გურამ გაბესკირიამ (1947-1993) მხოლოდ 46 წელი იცხოვრა. საქართველოს ეროვნულ გმირად ქცევისთვის სიცოცხლის ბოლო საათები ეყო, მაგრამ მანამდეც ბევრი მოასწრო. რუსეთთან ომის (1992-1993) დაწყებამდე დიდ წარმატებას მიაღწია სპორტულ და საზოგადოებრივ ცხოვრებაში. საქართველოში და მის საზღვრებს გარეთ მას იცნობდნენ როგორც წარმატებულ ფეხბურთელს, შემდეგ მსაჯს, სპორტის ორგანიზატორს, მენეჯერს, საქართველოს ერთ-ერთი საუკეთესო საფეხბურთო კლუბის - სოხუმის "ცხუმის" ერთ-ერთ დამაარსებელსა (1990) და პრეზიდენტს (1990-1993). ფეხბურთის თამაშიც მშობლიურ სოხუმში დაიწყო და წარმატებული კარიერა ჰქონდა ჯერ ადგილობრივ "დინამოში", მოგვიანებით კი– კრასნოდარის "ყუბანში", ლანჩხუთის "გურიასა" და თბილისის სკა-ში. მტკიცე ხასიათი ფეხბურთშიც და მსაჯობაშიც ეხმარებოდა. 1974-1980 წლებში გურამი მსაჯობდა ჯერ საქართველოს პირველობის, შემდეგ კი სსრკ-ის მეორე, პირველი და უმაღლესი ლიგის მატჩებს.

სოხუმის დაცემიდან 26-ე წლისთავზე, საქართველოს ეროვნული გმირის გურამ გაბესკირიას სპორტული კარიერისა და საქმიანობის გახსენება ვთხოვეთ მის მეგობარს, საქართველოს დამსახურებულ ჟურნალისტს, სოხუმელ თენგიზ პაჭკორიას, რომელიც ბოლო 10 წელია, თავისი ეკიპირებით ყველა სპორტულ (და არა მარტო) ღონისძიებაზე მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახსენებს ყველას, რომ სოხუმი საქართველოა!

- ბატონო თენგიზ, როდის გაიცანით გურამ გაბესკირია? - 1969 წელს, როცა სოხუმის მე-17 საშუალო სკოლის მეოთხე კლასის მოსწავლე ვიყავი. სკოლაში სწავლის (1976 წლამდე) პერიოდში ჩემი და თანაკლასელების მთავარი გასართობი ფეხბურთი და ზღვა იყო, სხვა არაფერი გვაინტერესებდა. სოხუმში იმ დროს არა მარტო სსრკ ჩემპიონატის მეორე ლიგის გუნდები ჩამოდიოდნენ (ადგილობრივი "დინამო" მეორე ლიგაში იყო), არამედ უმაღლესი ლიგის კლუბებიც (თბილისის "დინამო", ერევნის "არარატი", უკრაინის, მოსკოვის, ლენინგრადისა და ბელარუსის გუნდები), რომლებიც საკონტროლო ამხანაგურ მატჩებს მართავდნენ სეზონის დაწყების წინ ან ჩემპიონატის დასრულების შემდეგ. ერთ-ერთი ამხანაგური მატჩის დროს სოხუმის ძველ სტადიონზე გაბესკირიამ ისე ძლიერად დაარტყა, კინაღამ ძელი დაიმტვრა და მაყურებლის ოვაცია დაიმსახურა. მატჩის შემდეგ მივედი გურამთან და ვკითხე, გურამ ბიძია, ასეთი თამაში ვინ გასწავლათ-მეთქი? რომ გაიზრდები, შენც გასწავლიო, მითხრა და დაამატა, ამისთვის ბევრი ვარჯიშია საჭიროო! მაშინ ძალიან ძნელი იყო ფეხბურთის მატჩებზე ბილეთების შოვნა და მოზარდებს ხშირად გვჩუქნიდა ბილეთებს.

- საფეხბურთო კარიერის დასრულების შემდეგ გურამ გაბესკირია წარმატებული მსაჯი გახდა. - დიახ. მსოფლიოში აღიარებული მსაჯი, ფიფას არბიტრი, ბორჯომში დაბადებულ-გაზრდილი და სოხუმში დავაჟკაცებული, საქართველოს XX საუკუნის საუკეთესო მსაჯი ანატოლი მილჩენკო (1938-2011) ასე ახასიათებდა მას: "გურამი იყო ძალიან ყურადღებიანი და ვაჟკაცი ადამიანი. როდესაც გურამთან ერთად ვმსაჯობდი, მშვიდად ვიყავი, მას ერთი შეხედვით და სიტყვით შეეძლო თავის ადგილზე დაეყენებინა ნებისმიერი ავტორიტეტული ფეხბურთელი, მწვრთნელი, მსაჯი, ჩინოვნიკი. ერთხელ მოსკოვში ვმსაჯობდით მოსკოვისა და კიევის დინამოელთა"შეხვედრას. ცნობილი ფეხბურთელი ვალერი გაზაევი მსაჯების ნებისმიერ გადაწყვეტილებაზე უკმაყოფილებას გამოთქვამდა, ზოგჯერ უხეშ სიტყვებს იყენებდა. გურამმა დამიძახა და მითხრა: "ტოლიკ, გააძევე ეს ფეხბურთელი! თუ არ გააძევებ, გვერდით ხაზს მივატოვებ და ვაჩვენებ სეირს".

ქართულად ვუპასუხე: "გურამ, რას ამბობ, ეს ხომ ცენტრალური სტადიონია, მთავარი მატჩია, დამშვიდდი". მატჩის დასრულების შემდეგ, როცა გასახდელიდან გავედით და ავტობუსში ვსხდებოდით, დავინახეთ ფანები, რომლებიც ჩვენი მისამართით "თბილ" სიტყვებს აფრქვევდნენ. გაზაევი განზე იდგა და უყურებდა ამას. გურამმა ამ ფანჯგუფის წევრებს გასძახა, ჩემთან მოდით, ყველას გაგიმასპინძლდებითო და მუშტი მოუღერა. მომიხდა გურამის კიდევ ერთხელ გაჩერება. ვიცოდი, გურამი მამაცი კაცი იყო, რომელსაც რამდენიმე კაცის ცემა შეეძლო, მაგრამ ჩვენ წინაშე იყო ბრბო. არავინ უწყის, რა მოხდებოდა".

- მოგვიანებით გურამი საფეხბურთო ფუნქციონერიც გახდა, სწორედ გაბესკირიაა სოხუმის "ცხუმის" ერთ-ერთი დამფუძნებელი.

- წარმატებული მენეჯერი გახდა. ის იყო სოხუმის "ცხუმის" დაარსების ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი და ორგანიზატორი (1990 წლის მარტში) და კლუბის პრეზიდენტი 1990-1993 წლებში, იმ კლუბის, რომელიც 1990-1992 წლებში დიდი წარმატებით გამოდიოდა ეროვნულ ჩემპიონატში, ორჯერ (1990 და 1992 წლებში) გახდა საქართველოს თასის ფინალისტი. 1992 წლის მაისში სოხუმის "ცხუმი" გახდა საქართველოს ჩემპიონატის ვერცხლის პრიზიორი და მოიპოვა უეფას თასის საგზური, მაგრამ სამწუხაროდ, 1992 წლის ივლისში საქართველოში არსებული"რთული მდგომარეობის" მოტივით უეფამ არ დაუშვა ჩვენი ქვეყნის კლუბები (თბილისის "დინამო" და სოხუმის "ცხუმი") ევროტურნირებზე. არადა, უკვე შეყვანილი იყვნენ მონაწილეთა წინასწარ სიაში.

- მერე კი, სამწუხაროდ, აფხაზეთში ფეხბურთისთვის აღარავის ეცალა... - მტკიცე ხასიათსა და ორგანიზაციის ნიჭს გურამი ყველა თანამდებობაზე წარმატებით იყენებდა. ის სამეწარმეო საკითხებშიც კარგად ერკვეოდა და 1990 წლის დეკემბრიდან, როდესაც აფხაზეთში ანტიქართულმა განწყობამ იმატა, ადგილობრივი მაღალჩინოსნების თათბირზე ხშირად თამამად და არგუმენტირებულად ეკამათებოდა მაშინდელი უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე ვლადისლავ არძინბას. ისიც აღსანიშნავია, რომ 1992-1993 წლების ომის დროს სოხუმში დასუფთავების სამსახური და სამოქალაქო ინფრასტრუქტურა გამართულად მუშაობდა. როდესაც ეშერიდან ან სხვა მხრიდან იბომბებოდა ხიდი ან რომელიმე ქუჩა, მეორე-მესამე დღეს შესაბამისი სამსახურები მას აუცილებლად აღადგენდნენ. ეს იყო გურამის მუშაობისა და ცხოვრების სტილი - საქმიანი, კეთილი და მამაცი ადამიანი იყო!

- და როგორც აღნიშნეთ, ქალაქის მერის ყურადღებას ყველა სოხუმელი გრძნობდა. - 1992 წლის შემოდგომაზე, რუსეთთან ომის დროს, გურამმა რამდენიმე ადგილობრივს, მათ შორის მეც, გვითხრა, იმ სოხუმელების სია მომიტანეთ, ვისაც ყველაზე მეტად უჭირსო და მეგობრებთან ერთად დაეხმარა პროდუქტით, ტანსაცმლით, მორალურადაც... მათ არ უნდა იფიქრონ, ჩვენ არავის ვახსოვართო, ამბობდა გურამი. განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევდა მოხუცებს და ბავშვებს.

1993 წლის 20 თებერვალს რუსეთის ავიაციის მოიერიშე თვითმფრინავმა დაბომბა სოხუმის ერთ-ერთი საცხოვრებელი უბანი, 500 კგ-იანი ბომბი ჩამოვარდა ჩემი მეზობლის სახლის ეზოში, დაიღუპა მამაჩემი, დავიჭერით მე, დედაჩემი და რამდენიმე მეზობელი, დაინგრა ჩვენი და რამდენიმე სახლი სამეზობლოში. მე და დედაჩემი ჯერ სოხუმში, მერე უცხოეთში ვმკურნალობდით და ყველგან ვგრძნობდით გურამის ყურადღებას.

- 1993 წელს გურამი იყო სოხუმის მერი, სწორედ ეს იყო მისი ბოლო "სამსახური" საყვარელი ქალაქის და ქვეყნის წინაშე... - გურამმა ბევრი გააკეთა იმ ქალაქის დასაცავად, რომელიც გახდა საქართველოს ერთიანობის სიმბოლო და გმირი-ქალაქი. 27 სექტემბერს რუსეთის არმიის მეომრებმა, ჩრდილოკავკასიელთა და აფხაზთა შეიარაღებულმა დაჯგუფებებმა შტურმით აიღეს სოხუმი: გურამ გაბესკირია ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხვა წევრებსა და მთავრობის თავმჯდომარე ჟიული შარტავასთან ერთად დაატყვევეს და რამდენიმე საათში, სასტიკი წამების შემდეგ მოკლეს. გურამი 46 წლის იყო.

- "მოკლეს" ფიზიკურად, რადგან გმირები არ კვდებიან! - ვიდეოკადრებში, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს აფხაზმა ვიდეოოპერატორებმა გადაიღეს და 1996 წელს ჟიული შარტავას დაცვის ერთ-ერთი წევრისა და გაბესკირიების ოჯახმა მოიპოვა, ნათლად ჩანს ქალაქის მერი, რომელიც 1993 წლის 27 სექტემბერს ბოევიკებმა დატყვევებული მთავრობის წევრებთან და მათ თანმხლებ პირებთან ერთად მთავრობის შენობის წინ მოედანზე გაიყვანეს. გურამს, როგორც გამორჩეულ პიროვნებას, დაჩოქება უბრძანეს. გურამ გაბესკირიას პასუხი იყო ლაკონიური და კატეგორიული - არასოდეს სიცოცხლეში!"(Никогда в жизни!).

ამ ეპიზოდს უფრო დიდ დატვირთვას აძლევს გურამის დამახასიათებელი გამომეტყველება და ხელის მოძრაობა იმის დასტურად, რომ ის არასოდეს დაიჩოქებს!

- წლების განმავლობაში გურამ გაბესკირიას საფლავიც არ იყო ცნობილი... მისი ნეშტის იდენტიფიცირებაც მხოლოდ ორიოდე წლის წინ მოხერხდა. - გურამის მეუღლეს, ქალბატონ ჟანას, შვილებს ეკას და ვლადიმერს (ბოხოს) დიდხანს არ სჯეროდათ, რომ გურამი მოკლული იყო და 1993 წლის 27 სექტემბრის შემდეგ ქართული და საერთაშორისო ორგანიზაციების მეშვეობით ცდილობდნენ მისი ბედის გარკვევას.

2005 წელს თბილისში ამერიკელი ფოტოხელოვანის მალკომ ლინტონის ფოტოგამოფენაზე ერთ-ერთ ფოტოზე გურამის ოჯახის წევრებმა 1993 წლის 27 სექტემბერს დაღუპულთა შორის გურამ გაბესკირიაც ამოიცნეს. სიკვდილიდან 24 წლის შემდეგ, როგორც იქნა, მოხერხდა მისი ნეშტის იდენტიფიცირება და თანამებრძოლებთან ერთად თბილისში გადმოსვენება. 2017 წლის სექტემბერში საქართველოს პრეზიდენტმა გურამ გაბესკირიას საქართველოს ეროვნული გმირის წოდება მიანიჭა. საქართველოს ეროვნული გმირი გურამ გაბესკირია დიღმის ძმათა სასაფლაოზე განისვენებს.