"სახლის კედლები ორად ნაწილად გაიყო. სადარბაზოს საძირკველი მთლიანად წყალშია" - ვარკეთილში საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა - კვირის პალიტრა

"სახლის კედლები ორად ნაწილად გაიყო. სადარბაზოს საძირკველი მთლიანად წყალშია" - ვარკეთილში საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა

ვარკეთილში, ერთ-ერთი საცხოვრებელი კორპუსიდან მოსახლეობის ევაკუაცია მოხდა. როგორც "ინტერპრესნიუსს" საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში განუცხადეს, 112-ში მოქალაქეების მიერ შევიდა შეტყობინება, რომლის თანახმადაც, კორპუსის ჩამონგრევის საფრთხე არსებობდა.

სამგორის რაიონის გამგებლის კახა სამხარაძის ინფორმაციით, ვარკეთილში, მე-3 მიკრორაიონში, საიდანაც 18 ოჯახის ევაკუაცია განხორციელდა, საცხოვრებელი კორპუსის გამაგრებითი სამუშაოები მიმდინარეობს.

მისივე ინფორმაციით, კორპუსი გამაგრებას ექვემდებარება და მოსახლეობა საცხოვრებელ სახლებში დაბრუნებას სამუშაოების დასრულების შემდეგ შეძლებს.

გამგებელს უჭირს კონკრეტულად თქვას, თუ რა დრო დასჭირდება კორპუსის გამაგრებით სამუშაოებს. ადგილზე რჩებიან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თანამშრომლები.

სამგორის რაიონის გამგებლის ინფორმაციით, ევაკუირებული მოსახლეობა თბილისის ერთ სასტუმროში განთავსდა. კერძოდ კი, 16 ოჯახი გადაყვანილია სასტუმროში, ერთი ოჯახი საკუთარი სურვილით რაიონში წავიდა, კიდევ ერთი ოჯახი კი ნათესავთან.

ამასთან, როგორც ადგილობრივებმა "ინტერპრესნიუსს" განუცხადეს, კორპუსის ერთ-ერთ სადარბაზოს ავარიულ მდგომარეობასთან დაკავშირებით პრობლემები წლების განმავლობაში არსებობს, თუმცა გამაგრებაზე უარს ეუბნებიან.

"დღეს მეორე სართულის საცხოვრებელი სახლის კედლები ორად ნაწილად გაიყო. სადარბაზოს საძირკველი მთლიანად წყალშია. ადგილზე მოსულმა სპეციალისტებმა გვითხრეს, რომ აღნიშნული სადარბაზო საცხოვრებლად უვარგისია", - აღნიშნა კორპუსში მცხოვრებმა პირმა.

მომხდარის გამო ევაკუირებული დაახლოებით 45 ადამიანი სასტუმროებში გადაანაწილეს.

"ინტერპრესნიუსი"

იხილეთ ვიდეო