"6 წლის ვიყავი, როდესაც კარტინგზე დავჯექი" - კვირის პალიტრა

"6 წლის ვიყავი, როდესაც კარტინგზე დავჯექი"

"რბოლამდე ყველაფერი ერთმანეთში ირევა. აი, საჭესთან რომ ვჯდები და სტარტზე ვარ, მთელ სამყაროს ვეთიშები. რბოლის მერე, ადრენალინის დახარჯვის შემდეგ, სიმშვიდე მეუფლება"

ნინო ზოზიაშვილი 18 წლის პროფესიონალი ავტომრბოლელია. სპორტის ეს სახეობა მისი ცხოვრების განუყოფელი ნაწილია, თუმცა პირველ ადგილზე სწავლასა და კარიერულ წინსვლას აყენებს.

"მამაჩემი 35 წელიწადზე მეტია, რაც ავტომრბოლელია. ჯერ კიდევ რამდენიმე თვის ვიყავი, დედას მის რბოლებზე რომ დავყავდი. თილისმასავით ვიყავი მისთვის. თუ ვესწრებოდი, საპრიზოზე აუცილებლად გადიოდა ხოლმე. მამას უნდოდა ვინმესთვის გადაეცა საკუთარი ცოდნა და გამოცდილება. 6 წლის ვიყავი, როდესაც კარტინგზე დამსვა. ყველა ძლიერი მრბოლელი ასე იწყებს ვარჯიშს. ერთხანს ამ საქმის მიტოვებამ მომიწია. ჩვენ ცხინვალიდან ვართ და 2008 წლის აგვისტოში ომის შუაგულში აღმოვჩნდით. მერე ორი წელი საფრანგეთში, ლე-მანში ვიყავი სასწავლებლად. იქაც დავესწარი შეჯიბრებას და გონებაში ყველაფერი ამომიტივტივდა, რაც სპორტის ამ სახეობას უკავშირდებოდა. საფრანგეთიდან რომ ჩამოვედი, მამამ შტურმანობა შემომთავაზა."

- დედა როგორ შეხვდა შენს გადაწყვეტილებას?

- დღემდე სკეპტიკურად არის განწყობილი. მირჩევს, ჯერ სწავლას მივხედო. მაშინ 16 წლის ვიყავი, შტურმანობისთვის ორივე მშობლის თანხმობა იყო საჭირო და გამიკვირდა, დედამაც რომ მოაწერა ხელი.

- ორი წელი შტურმანი იყავი, რამდენიმე თვეა, რაც საჭეს მიუჯექი და პილოტი ხარ. რომელი უფრო საპასუხისმგებლოა?

- შტურმანობა უფრო საპასუხისმგებლოა. ის არის ეკიპაჟის მეორე წევრი, რომელზეც გამარჯვების 80%-ია დამოკიდებული. ჩათვალეთ, რომ რბოლისას სწორედ ის არის მძღოლის თვალები და ყურები, შეცდომის დაშვების უფლება არა აქვს, რადგან ამას შეიძლება ფატალური შედეგი მოჰყვეს. შტურმანად რომ დავჯექი, ძალიან ვნერვიულობდი, თუმცა სტარტთან შიშის გრძნობა გამიქრა. მამას უკვირდა, ასე მალე რომ ავითვისე შტურმანობა. ახლა პილოტი ვარ...

- რბოლის დაწყებამდე ღელავ? - რბოლამდე ყველაფერი ერთმანეთში ირევა. საჭესთან რომ ვჯდები და სტარტზე ვარ, მთელ სამყაროს ვეთიშები. რბოლის მერე, ადრენალინის დახარჯვის შემდეგ, სიმშვიდე მეუფლება.

- რა სიხშირით ვარჯიშობ?

- რბოლიდან რბოლამდე ერთი თვეა. შეიძლება ერთხელ ან ორჯერ მომიწიოს იპოდრომზე სავარჯიშოდ გასვლამ. უფრო მეტ დროს მანქანის შეკეთებას ვანდომებთ. ყოველ რბოლაში ახალ რაღაცებს ვსწავლობ. არ ვფიქრობ, რომ ყველაფერი 100%-ით ვიცი. როდესაც მამას შტურმანი ვიყავი, ინციდენტი შეგვემთხვა და ერთი წელი ვაკეთებდით მანქანას. როდესაც შეკეთდა, გაყიდვაზე მიდგა საქმე. მაშინ მამას შევთავაზე, იქნებ მე დავჯდე საჭესთან, სანამ სპონსორებს ვიპოვით-მეთქი. 18 წლისას რაოდენ კარგი სამსახურიც უნდა გქონდეს, ვერ გასწვდები ასეთ ხარჯს და არც მინდოდა ოჯახს კისერზე დავწოლოდი, იმედი მქონდა, რომ ვიღაც აუცილებლად გამოჩნდებოდა და 18 წლის მრბოლელი გოგოთი დაინტერესდებოდა. ერთ დღესაც მანქანით ჩავუარე "თეგეტა მოტორსის" სათავო ოფისს და ვიფიქრე, ვცდი ბედს-მეთქი. ორ კვირაში დამირეკეს. რამდენიმე თვეა, რაც მათი სახე ვარ.

- სტერეოტიპი - "რა უნდა გოგოს ავტოსპორტში" დღემდე არსებობს? - დიახ, სამწუხაროდ. ჩემი რბოლის ფოტოებს სოცქსელში დებდნენ. იყო მსგავსი ფრაზაც: "ასეთი ნაზი და ლამაზი გოგო რბოლებში რატომ მონაწილეობ?", მაგრამ ბევრიც დადებითად მეხმაურებოდა, აღფრთოვანებასაც გამოხატავდნენ.

- ქალი მრბოლელებიდან ვინ არის შენი კერპი? - მიშელ მუტონი. ის ერთადერთი ქალია, რომელიც მონაწილეობდა რალის მსოფლიო ჩემპიონატში 1982 წელს. ვიცე-ჩემპიონი გახდა, 2 ქულა დააკლდა გამარჯვებამდე.

- ევროპის ან მსოფლიო ჩემპიონატში თუ მიგიღია მონაწილეობა? - უახლოს მომავალში მეეჭვება შევძლო, ძალიან დიდ ფინანსებთანაა დაკავშირებული. ამიტომ 3-4 წლის განმავლობაში საქართველოში ვიასპარეზებ.

- რბოლა შენთვის ჰობია თუ პროფესია? - უფრო ჰობია. პროფესია არის ის, რაშიც ფინანსურ სარგებელს იღებ, რბოლაში კი ფულს, პირიქით, ვდებთ. ვცდილობთ ადრენალინი პროფესიონალურ შეჯიბრებებში დავხარჯოთ და არა ქუჩებში.

- სიჩქარეს რომ ხარ მიჩვეული, არ გიჭირს ქუჩებში ნელა სიარული?

- ქალაქში ნელა დავდივარ. ჯერჯერობით არც ერთი ჯარიმა არ მქონია.

- ამ ეტაპისთვის რა არის შენი მიზანი? - ჯერ განათლება უნდა მივიღო. მომავალ წელს შვეიცარიაში მინდა ჩაბარება და ვნახოთ, მიზანს თუ მივაღწევ.

ნათია სიბაშვილი