"ლარი ახალი წლისთვის გაჯანსაღდება" - კვირის პალიტრა

"ლარი ახალი წლისთვის გაჯანსაღდება"

"როცა ეროვნულმა ბანკმა პროცესების მართვა გადაწყვიტა, უკვე დაგვიანებული იყო. ყველა პირველადი მოხმარების პროდუქტი და მომსახურება აგვისტოში უკვე გაძვირებული იყო. საერთო სურათს მხოლოდ ადგილობრივი ხილი და ბოსტნეული აბალანსებდა. ამ მომენტისთვის რომ დაეწყო ეროვნულ ბანკს ჩარევა და არ დაეგვიანებინა, ვითარება უფრო რბილი იქნებოდა"

რამდენ ხანს შეიძლება გაგრძელდეს ლარის კურსის რყევა და როგორ იმოქმედებს ცენტრალური ბანკის ჩარევა ლარის კურსზე, ამის შესახებ ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის ვიცე-პრეზიდენტი პაატა ბაირახტარი გვესაუბრება.

- დაახლოებით თვე-ნახევრის წინ ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი გაზარდა და ლარი გააძვირა. თუმცა მიხვდა, რომ ეს საკმარისი არ იქნებოდა და ისტორიაში პირველად რიგგარეშე სხდომა მოიწვია, სადაც კვლავ გაამკაცრა მონეტარული პოლიტიკა, თან საჭიროდ მიიჩნია ბაზარზე ინტერვენციით ჩარევა. დღეს დავინახეთ, რომ

კურსი გაჯანსაღებისკენ წავიდა. თუ ეროვნული ბანკის პოლიტიკა თანამიმდევრული იქნება და სხვა ქმედებებს არ მიმართავენ, კურსის გაჯანსაღება უნდა გაგრძელდეს.

- სხვა ქმედებებში რას გულისხმობთ? - მაგალითად, იმავდროულად ფულის მასის გაზრდას. ეროვნული ბანკი არ აღიარებს, რომ ეს კურსზე გავლენას ახდენს, მაგრამ ეკონომიკის პრინციპები საწინააღმდეგოს მეტყველებს. ასევე ნეგატიური ზეგავლენა ექნება, თუ რეფინანსირების სესხებს, რომლებიც 90 მილიონით გაიზარდა, კიდევ გავუზრდით ბანკებს და არ შევკვეცთ და სხვ.

- დაწყებულ გაჯანსაღებაში რას გულისხმობთ, როცა კურსი უკვე 3-ზე მეტია? - ეს კომერციულ ბანკებში, მე კი ბლუმბერგის პლატფორმაზე გესაუბრებით, სადაც მიმდინარეობს ცოცხალი ვაჭრობა ეროვნულ ვალუტაზე. ინტერვენციის დაანონსების შემდეგ კურსმა მცირედი გაჯანსაღება დაიწყო და დღეს გამყარებისკენ წავიდა. თუ წინა დღით კურსი 2,98 იყო, დაანონსების შემდეგ 2,96-მდე ჩამოვიდა, დღეს კი, ინტერვენციის შემდეგ, 2,95-მდეა ჩამოსული. ველოდები პროცესის გაგრძელებას, თუ ამგვარი პოლიტიკაც გაგრძელდება. წინა ჯერზე კი ინტერვენციის შემდეგ ეროვნულმა ბანკმა, რეფინანსირების სესხებით, ლარის მასაც გაზარდა და ამას უკუეფექტი ჰქონდა.

2,95-იანი ნიშნული არ არის განპირობებული მაკროეკონომიკური პარამეტრებით. ლარი უფრო მეტად არის გაუფასურებული, ვიდრე ამას ჩვენი ეკონომიკური ვითარება განაპირობებს. სწორედ ამ პროცესების მართვა შეუძლია ეროვნულ ბანკს.

- ექსპერტები ვარაუდობენ, ახალი წლისთვის ლარი შეიძლება კიდევ უფრო გაუფასურდეს.

- ღია და მით უმეტეს ასეთ პატარა ეკონომიკაში რამდენიმეთვიანი პროგნოზის გაკეთება არასერიოზულია. ახალი წლისთვის რა მოხდება, შეგვიძლია სხვადასხვა პარამეტრზე დაყრდნობით გავთვალოთ, თუმცა, თუ იმ დროისთვის ერთ-ერთი პარამეტრი მაინც შეიცვალა, განსხვავებულ შედეგს მივიღებთ.

- ამბობთ, რომ ლარის დასტაბილურების საქმეში პატარა შედეგები შეინიშნება. მოსახლეობა როდის იგრძნობს შვებას? - როცა რეფინანსირების განაკვეთი პირველად გაიზარდა, ანუ როცა ეროვნულმა ბანკმა პროცესების მართვა გადაწყვიტა, უკვე დაგვიანებული იყო. ყველა პირველადი მოხმარების პროდუქტი და მომსახურება აგვისტოში უკვე გაძვირებული იყო. საერთო სურათს მხოლოდ ადგილობრივი ხილი და ბოსტნეული აბალანსებდა. ამ მომენტისთვის რომ დაეწყო ეროვნულ ბანკს ჩარევა და არ დაეგვიანებინა, ვითარება უფრო რბილი იქნებოდა.

- გადავხედოთ ფასებს, მაგალითად, შარშან, როცა ყინვა დაიჭირა, კარტოფილი 1 ლარიდან 1,2-მდე გაძვირდა. დღეს მისი ფასი 1,2-დან 1,6-მდეა. - არ მიყვარს უარყოფითი სურათის დახატვა, რადგან ეს ასეთივე მოლოდინებს ქმნის. დღევანდელი ფასების საერთო დონე ნომინალური კურსის გაუფასურებამ განაპირობა, რომელიც, გავიმეორებ, გაუფასურებულია იმაზე მეტად, ვიდრე უნდა იყოს. ამ პროცესის მართვა შეუძლია ეროვნულ ბანკს, რომელმაც მის ხელთ არსებული ინსტრუმენტების გამოყენება ბოლო დროს დაიწყო. მაგრამ ამ ინსტრუმენტებს აქვს ეკონომიკაზე გადაცემის პერიოდი და ყველაფერი მეორე დღესვე არ გამოსწორდება. ეს რამდენიმეთვიანი პერიოდია. თუ საშუალოვადიან პერსპექტივაში სწორი მონეტარული პოლიტიკა გაგრძელდა და მაკროეკონომიკურმა პარამეტრებმაც ხელი შეგვიწყო, ნომინალური გაცვლითი კურსის წნეხი ინფლაციაზე უნდა შემსუბუქდეს, რაც ფასების საერთო დონის დაწევას გულისხმობს.

ახალი წლისთვის ეროვნული ვალუტა ჯანსაღდება, რადგან უცხოური ვალუტის შემოდინება იზრდება, მაგრამ არათანამიმდევრული ხარჯვის მიზეზით აუთვისებელ საბიუჯეტო თანხებს დიდი ოდენობით გაუშვებენ, ეს 2 ფაქტორი ერთმანეთს შეეწინააღმდეგება. თუ ისინი "მწყობრშია", როგორც წესი, კურსი ჯანსაღდება.

- იყო საუბარი, რომ თუ რუსეთთან ფრენები აღდგებოდა, დადებითად აისახებოდა ვალუტის კურსზე. კიდევ რა ფაქტორები შეიძლება დადებითად აისახოს ვალუტის კურსზე? - კურსზე დადებითად ბევრი რამ შეიძლება აისახოს. 2 წელია გაუარესდა ინვესტიციების შემოდინება, 50%-იანი კლება აღირიცხა ტურიზმის სექტორში, ვიზიტორთა რაოდენობა კი გაიზარდა, მაგრამ ფულის შემოდინება შეგვიმცირდა... ნებისმიერი პარამეტრი, რომელიც უცხოური ვალუტის შემოდინებას უწყობს ხელს, ეროვნული ვალუტის კურსზე დადებითად აისახება, მათ შორის, პირდაპირი ფრენების აღდგენა, რასაკვირველია, ცუდი არ იქნება.