ყველაზე მებრძოლი და ლამაზი - გაეროში ახალგაზრდობის დამცველად 25 წლის ქართველი შშმ პირი მოვიდა! - კვირის პალიტრა

ყველაზე მებრძოლი და ლამაზი - გაეროში ახალგაზრდობის დამცველად 25 წლის ქართველი შშმ პირი მოვიდა!

ის ალბათ, ყველაზე მებრძოლი გოგონაა, ვისაც შეიძლება ოდესმე შეხვდეთ. გაეროში საქართველოს ახალგაზრდობის წარმომადგენელი 25 წლის შშმ პირი, ლამაზი, მებრძოლი და გაბედული უსინათლო ესმა გუმბერიძეა. მისთვის დამარცხება არ არსებობს! წელს მან გაეროში მუშაობისთვის ერთ-ერთ ყველაზე სერიოზულ კონკურსში გაიმარჯვა.

- სკოლაში შესვლა ცოტათი დამაგვიანდა... ჩემი ოჯახი ქუთაისში ცხოვრობდა, იქ კი არ იყო უსინათლოების სკოლა, ამის გამო საცხოვრებლად თბილისში უნდა გადავსულიყავით. პრობლემის მოგვარება ცოტა დაგვიგვიანდა და სკოლაში 8 წლის შევედი. იმ დროიდან მახსოვს ჩემი პირველი ბრძოლები ლიდერობისთვის: ორგანიზაციებს თუ გუნდებს ვქმნიდი, რომლებისთვისაც საიდუმლო სიმბოლოები გვქონდა შემოღებული. მაგალითად, გუნდში გასაერთიანებლად ალუჩის ჭამა იყო საჭირო. არდადეგებზე მშობლიურ ბაღდათსა და ქუთაისში ბავშვებს ვაგროვებდი და კონცერტებს ვმართავდით.

უსამართლობაზე პროტესტიც იმ დროიდან გამიჩნდა: გაკვეთილების შემდეგ, მშობლების მოსვლამდე, მასწავლებლები გვთხოვდნენ გაუნძრევლად ისხედითო. ასაკოვნები იყვნენ და სართულ-სართულ ჩვენი გამოყოლა უჭირდათ, ჩვენ კი ამას ვაპროტესტებდით. საშინელი პროტესტი მიჩნდებოდა, როდესაც ოლიმპიადაზე გავიმარჯვებდი, ჯილდოდ ინგლისური ენის შემსწავლელ ბანაკებში უნდა წავსულიყავი, მაგრამ ვერ მივდიოდი - ხან ვითომ ჩემი დოკუმენტაციის შევსება ავიწყდებოდათ, ხანაც ადგილი არ იყო. ასევე ხდებოდა გაცვლით პროგრამებში მონაწილეობისასაც. როდესაც მე და ჩემი კლასის გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის საკითხი დადგა, განათლების სამინისტროში თქვეს, უსინათლოს უცხოეთში რა უნდა, იქ რა უნდა ნახოს, ენას აქაც ხომ ისწავლისო. თავიდან პროტესტის გამოთქმას ვერ ვბედავდი. მერე და მერე კი მივხვდი, რომ წარმატება არ მოდის ერთ დღეში ან ერთ ცდაზე, წარმატება მოდის ჩვენს გადადგმულ თითოეულ ნაბიჯსა და გადაწყვეტილებებთან ერთად. ამიტომაც სულ ვსწავლობდი, ბრაილით ვკითხულობდი, ხმოვან წიგნებს ვისმენდი, უნივერსიტეტში იურიდიულ ფაკულტეტზე სწავლისას წიგნის წამკითხველები მოვითხოვე, ინგლისური კი დამოუკიდებლად ვისწავლე. სპეციალობა შემთხვევით არ ამირჩევია, მინდა კანონიერად, კანონებით ვიბრძოლო.

- იმიტომაც იყო, რომ ბრწყინვალე ინგლისურით წარდექი გაეროს შესარჩევ კონკურსზე. - ამ კონკურსში გამარჯვება ადრეც ვცადე და არ გამოვიდა, მაგრამ უკან არ დამიხევია და გამომივიდა. 2008 წლის შემდეგ არაერთხელ მინდოდა რომელიმე დიდ საერთაშორისო ფორუმზე გამოსვლა და ჩემს ქვეყანაზე საუბარი. მინდოდა მელაპარაკა დამთრგუნველ ოკუპაციაზე, სოციალურ მდგომარეობაზე... ურთულესი პრობლემები გვაქვს - ყველაფერთან ერთად შიმშილი მძვინვარებს. უამრავი პრობლემა აქვს ახალგაზრდობას და მათ შორის შშმ ახალგაზრდობას. ბევრს უნდა საზოგადოებრივ აქტივობებში ჩართვა, მაგრამ როდესაც არც ჟესტური ენის თარჯიმნებია საკმარისი და არც უსინათლოებისთვის გამცილებლები, ძალიან ძნელია აქტიურობა. უსინათლოებისთვის უნივერსიტეტებში ხმოვანი ლიტერატურაც არ არსებობს.

- ეს ყველაფერი შენ გადალახე, რადგან ვიცი, დედა გყავდა მუდამ მეგზურად.

- დედაც და მამაც. და კიდევ, ცხოვრება, სადაც ბრძოლა უსათუოდ უნდა იცოდე. მე ბევრი გეგმა მაქვს ადამიანების უფლებების დაცვისთვის და იმის იმედიც, რომ აუცილებლად შევასრულებ.