"შენმა ამ ქვეყნიდან წასვლამ სიკვდილი გამიადვილა, იმიტომ, რომ ვიცი, შენ შემომეგებები და ვითომ არაფერი, მეტყვი: "თამუ! მოხვედი?" - კვირის პალიტრა

"შენმა ამ ქვეყნიდან წასვლამ სიკვდილი გამიადვილა, იმიტომ, რომ ვიცი, შენ შემომეგებები და ვითომ არაფერი, მეტყვი: "თამუ! მოხვედი?"

ერთი სიყვარულის ისტორია

XX საუკუნე. მამაკაცი ცნობილი პოეტი იყო, ქალბატონი - ცნობილი მთარგმნელი, მათი სიყვარული კი სკოლის ასაკიდან დაიწყო და უსასრულოდ გაგრძელდა. "...ეს რამხელა, რა უძირო და რა გამძლე გამოდექ,/ ჯოჯოხეთის დამტეველო, პაწაწინა სამოთხევ..." - ამ სიტყვების ავტორი "უძირო და გამძლე" გულის კაცი, აწ გარდაცვლილი პოეტი შოთა ნიშნიანიძეა. ჩვენი მონათხრობი კი სწორედ ბატონი შოთასა და მისივე თანამეცხედრის - თამარ ჩიჯავაძის შეხვედრა-თანაცხოვრების ლირიკული ამბავს ეძღვნება.

"ორთაჭალაში მარტო ნუ ივლი, თეთრო თოლია"

ქალთა სკოლის მოსწავლეები ლესელიძის ქუჩაზე მდებარე კულტურის სახლში კონცერტს ესწრებოდნენ. მათ შორის იყო იმავე სკოლის მოსწავლე თამარ ჩიჯავაძე. ამ დროს დარბაზში შევიდა საკმაოდ მაღალი ყმაწვილი, რომელსაც ქალთა სკოლის მოსწავლეების ნაცნობი ბიჭი ახლდა. ის მაღალიც სკოლის მოსწავლე ყოფილა, მაგრამ იმხელა ჩანდა, თამარ ჩიჯავაძეს გაოცებით შეუხედავს, - ნეტავ, ეს კაცი ვინ არისო? თურმე, ვაჟმაც შეამჩნია გოგონა, მაგრამ ისე პატარად მოეჩვენა, იფიქრა, - ალბათ, მეზობლის გოგოა და კონცერტზე უფროსებმა წამოიყვანესო. ის მაღალი - დამწყები პოეტი შოთა ნიშნიანიძე იყო. ქალ-ვაჟი მეორედ ერთმანეთს ერთი წლის შემდეგ, საახალწლო სუფრასთან შეხვდა. კარგი მოლხენის შემდეგ, დილით, ვაჟმა გოგონა ორთაჭალაში, სახლამდე მიაცილა. რამდენიმე დღის შემდეგ შოთა ნიშნიანიძე თამარ ჩიჯავაძეს სკოლასთან დახვდა და ლექსებით სავსე თორმეტფურცლიანი რვეული გადასცა. სამწუხაროდ, თამარმა ის რვეული დაკარგა, იმ ლექსებიდან კი მხოლოდ ერთი სტროფი დაამახსოვრდა: "ორთაჭალაში მარტო ნუ ივლი, თეთრო თოლია, იყავი ფრთხილი, არვის ეგონო პატარა ანა, არ აგედევნოს ბესიკის ჩრდილი"...

შოთა ნიშნიანიძე მეუღლე თამარ ჩიჯავაძესთან, ქალიშვილ ნათიასთან და შვილიშვილებთან ერთად

ნიშნიანიძე-მამაგეიშვილი-ნიშნიანიძე

შოთა ნიშნიანიძე ქსენია და გიორგი ნიშნიანიძეების ოჯახში დაიბადა. მამა ადრე გარდაიცვალა და, დაქვრივებული სამშვილიანი დისთვის შვება რომ მიეცა, 8 წლის ასაკიდან იგი უშვილო დეიდამ - ვერამ გაზარდა. ბიძამ ბიჭი თავის გვარზე - მამაგეიშვილზე გადაიყვანა, ამიტომ საბუთები მამაგეიშვილზე ჰქონდა, მაგრამ სკოლაში მაინც ნიშნიანიძედ იცნობდნენ. პირველი ლექსი მეცხრეკლასელმა შოთამ თავისი ქართულის მასწავლებლის - იოსებ ჭარელიშვილის წაქეზებით დაწერა და ნიკოლოზ ბარათაშვილს მიუძღვნა, მეთერთმეტე კლასში ყოფნისას კი უკვე ბევრი პატარა ლირიკული ლექსი დააგროვა. მისმა ბიძაშვილმა შოთა იოსებ ნონეშვილთან მიიყვანა, ამ უკანასკნელმა კი რამდენიმე მათგანი გაზეთ "საქართველოს კომუნისტში" დაუბეჭდა. ლექსები შოთამ ნიშნიანიძის გვარით გამოაქვეყნა და თამარ ჩიჯავაძესაც ნიშნიანიძედ გააცნო თავი.

"ერთხელ "ახალგაზრდა კომუნისტმა" არჩევნებში პირველად მონაწილე ახალგაზრდების ფოტოები დაბეჭდა, მათ შორის შოთას ფოტოც იყო. სურათს ქვეშ "შოთა მამაგეიშვილი" ეწერა. იმხანად ახალგაზრდებმა გაცნობისას რატომღაც გვარისა და სახელის შეცვლა იცოდნენ. ვიფიქრე, "იმანაც" იცრუა-მეთქი და განაწყენებული დიდხანს ხმას არ ვცემდი", - იხსენებს ღიმილით ქალბატონი თამარი.

ოხერი "ბათინკები"

შოთა ნიშნიანიძემ სკოლა 1947 წელს დაამთავრა და იმავე წელს ჩაირიცხა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტზე. ჩარიცხვით კი ადვილად ჩაირიცხა, მაგრამ, თურმე, პირველი სემესტრის დამთავრებამდე, ლექციების გაცდენის გამო, ასევე ადვილად გაირიცხა. გაცდენების მიზეზი ომის მონაწილის "ბათინკები" ყოფილა, - ეს ოხერი "ბათინკები" მერვე თუ მეცხრე კლასში მიყიდეს, მაგრამ ისეთი გამძლე გამოდგა, საშველი არ დაადგა მის გაცვეთას. ამიტომ ახალიც აღარ მეღირსა. გავბრაზდი და ლექციებზე აღარ დავდიოდიო, - თავს იმართლებდა, თურმე. ამის გამო შეწუხებული ვერა დეიდა დეკანის მოადგილესთან მივიდა და ტირილით სთხოვა: ნუ დამიღუპავთ, ბატონო, ბაღანასო. გულაჩუყებულმა დეკანის მოადგილემ მოითხოვა, ბიჭი შემოიყვანეთო და... კარში გახიდრული, ლამის ორმეტრიანი, ულვაშდამშვენებული "ბაღანა" რომ დაინახა, ახარხარებული, კინაღამ სკამიდან გადავარდა, ვერა დეიდა კი სასტიკი უარით გაისტუმრა. მეორე წელს ახალფეხსაცმლიანმა შოთამ ხელახლა ჩააბარა მისაღები გამოცდები იმავე ფაკულტეტზე, თანაც ისე, რომ არც რეპეტიტორი დასჭირვებია, არც პროტექცია, არც ქრთამი. შოთა ნიშნიანიძე, ტარიელ ჭანტურია, ნოდარ დუმბაძე და ჯანსუღ ჩარკვიანი

"შოთას არც გარიცხვა ვიცოდი, მითუმეტეს - არც ხელახლა ჩარიცხვის ამბავი. უნივერსიტეტის სამდივნოს ფანჯრის წინ ვიდექი სტუდბილეთის ასაღებად. ყვავილებით მოჩითული ძალიან ლამაზი ახალი კაბა მეცვა, რაც ახალგაზრდა მდივანს არ გამოჰპარვია და, - რა ლამაზი კაბა გაცვიაო, - მითხრა. "რა, გოგო არ არის ლამაზი?" - მომესმა შორიახლოდან. მივიხედე და ბიჭებში მდგარი გაღიმებული შოთა შემრჩა ხელთ. ისე დავიმორცხვე, მისალმებაც ვერ მოვახერხე. მეორე დღეს ამხანაგს ლექსი გამოატანა: "შურთხის ფრთებზე დაკვართული ყვავილების ჩუქურთმა,/ ნაფერები, ზღვაფერები, ვით ღიმილი შუქურთა,/ შენს კაბაზე მოსულან და აკინძულან ვარდებად,/ ყვავილებს თუ გოგო უყვარს, მე არ შემიყვარდება?" ერთხელ, შოთამ დერეფანში რომ გაიარა, ბიჭებმა მე გადმომხედეს და ერთმანეთს რაღაც გადაუჩურჩულეს. ის დღე იყო და ის დღე - მესამე კურსამდე შოთასთვის ხმა არ გამიცია", - იხსენებს თამარ ჩიჯავაძე.

წყვილმა უნივერსიტეტი 1953 წელს დაამთავრა. კარგა ხანს სამსახური ვერ იშოვეს და, ვიდრე დამოუკიდებელი ცხოვრების საშუალება არ ექნებოდათ, შეუღლებასაც არ აპირებდნენ. მთელ დღეებს წყვილი საჯარო ბიბლიოთეკაში ატარებდა. გვიანობამდე, ხშირად ბიბლიოთეკის დაკეტვამდე ისხდნენ და კითხულობდნენ. მერე კი, 1956 წელს, დაქორწინდნენ და ერთ წელიწადში ქალიშვილი - ნათია შეეძინათ. 14 კვადრატულ მეტრ ოთახში ცხოვრობდნენ და ისეთი გადაჭედილი ჰქონდათ ავეჯით, ნათიამ ფეხი, თურმე, საწოლებზე აიდგა. "ერთი შეხედვით "გრუბი" შოთა ბავშვთან მშვენიერად ურთიერთობდა. პატარა ნათიასთვის ყველაზე დიდი სიამოვნება მამამისის კისერზე ჯდომა და მისი "ქოჩრის" ვარცხნა იყო. შოთას კი ამ მომენტში თავისუფლად შეეძლო წიგნის კითხვა. იშვიათად მაგრამ მაინც, თუ ნათია ძალიან იცელქებდა და იხმაურებდა, მაშინ კი უჯავრდებოდა, მაგრამ ეს გაჯავრება უცებ გაქარწყლდებოდა ხოლმე, როგორც კი ნათია ოვანეს შირაზის ერთი ლექსის შოთასეულ თარგმანს იტყოდა ხმამაღლა. ეს ლექსი მე ვასწავლე საგანგებოდ, ასეთი შემთხვევისთვის: "სადაც ბავშვის ხმა არ ისმის,/ იგი სახლი საზარია,/ ზარს რომ ენა ამოართვან,/ აბა, იგი რა ზარიაო?" - სიცილით ჰყვება ქალბატონი თამარი... ქალბატონი თამარი ქალიშვილთან ერთად

"გულო უნდა მიერთგულო, მიმყვე საიქიომდე"

შოთა ნიშნიანიძეს სიმსივნე დაუდგინეს და უმძიმესი ოპერაცია გაუკეთეს, თუმცა სიმსივნით კი არა, გულით დაიღუპა. გერმანელი პროფესორი 10 საათის განმავლობაში უკეთებდა ოპერაციას. მესამე დღეს ძალიან დაუმძიმდა მდგომარეობა - სისხლისდენა დაეწყო. შეიძლება კვლავ ოპერაცია დასჭირვებოდა, რომლის კეთილად დასრულების მცირე იმედსაც ვერ აძლევდნენ ოჯახს. ხატების წინ დაჩოქილები, ქალბატონი თამარი და ნათია მთელი ღამის განმავლობაში ევედრებოდნენ ღმერთს შოთას გადარჩენას. მაშინ უსმინა უფალმა და ორი თვით აჩუქა მისი სიცოცხლე. "უკანასკნელ დღეს მითხრა: სახლი და ჩემი საწოლი მომენატრაო. გვიანი იყო და, ხვალ დილითვე წავიდეთ-მეთქი, დავპირდი და ძალიან გაუხარდა. ახლა ვფიქრობ, ალბათ, მე დამინდო, თორემ გრძნობდა აღსასრულის მოახლოებას. დილამდე არ დაგვჭირდა მოცდა. იმ ღამესვე წამოვიყვანეთ საკაცით, მაგრამ თავის მონატრებულ საწოლში აღარ დაწოლილა. დიდ ოთახში, ტახტზე დავაწვინეთ, მშვიდად და უშფოთველად სამუდამოდ ჩაძინებული. შოთას ცხედართან მდგომმა ბატონმა ლაურ მანაგაძემ მითხრა: გულმა უღალატაო. მე კი ვიტყვი, რომ გულმა კი არ უღალატა, ის საშინელი ტანჯვა-წამება აარიდა, რაც ელოდა თურმე. "გულო, უნდა მიერთგულო, მიმყვე საიქიომდე", - ჯერ კიდევ როდის ითხოვდა შოთა და მართლაც უერთგულა - საიქიომდე მიჰყვა და უკეთესი მომავლის იმედის ნაპერწკალი გაატანა თან... წლებით ადრე მის გულს ექიმებმა "მოტორი" უწოდეს, მაგრამ ასეთმა გულმაც ვერ დაიტია ჩვენს ქვეყანაში 1990-იან წლებში დატრიალებული ჯოჯოხეთი, გაცვდა და გაილია - შოთა 1999 წელს გარდაიცვალა.

პ.ს. "შენმა ამ ქვეყნიდან წასვლამ სიკვდილი გამიადვილა, შოთა! ალბათ იმიტომ, რომ ვიცი, შენ შემომეგებები დამფრთხალსა და შეშინებულს, რატომღაც მგონია, წვიმიანი ამინდი იქნება. შენ როგორიც აქ გქონდა, ისეთი გრძელი და ფართხუნა "პლაში" გეცმევა. კეფიდან შუბლზე ჩამოიფორცხავ დასველებულ "ქოჩორს" და ვითომ არაფერი, მეტყვი: "თამუ! მოხვედი?" - თამარ ჩიჯავაძე

(სპეციალურად საიტისთვის)