"დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს" - როგორ ეხმაურება აშშ-ის საელჩო გია ყანჩელის გარდაცვალებას - კვირის პალიტრა

"დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს" - როგორ ეხმაურება აშშ-ის საელჩო გია ყანჩელის გარდაცვალებას

ლეგენდარული ქართველი კომპოზიტორის, გია ყანჩელის გარდაცვალებას საქართველოში აშშ-ის საელჩო ეხმაურება.

"დღეს მსოფლიომ ლეგენდარული კომპოზიტორი, გია ყანჩელი დაკარგა. მისი მუსიკა კვეთდა დროისა და კულტურის საზღვრებს და ის სამუდამოდ გააგრძელებს ცხოვრებას.

დღეს, როგორც არასდროს, ყვითელი ფოთლები სიჩუმეს ჰგავს", - ნათქვამია აშშ-ის საელჩოს განცხადებაში, რომელიც "ფეისბუკში" გაავრცელეს.

84 წლის ასაკში კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა. გია ყანჩელი ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა. ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.

გია ყანჩელმა 1963 წელს დაამთავრა თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია, 1972 წლიდან მუშაობდა შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო აკადემიურ თეატრში მუსიკალური ნაწილის გამგედ, 1979 წელს იგი საქართველოს კომპოზიტორთა კავშირის მდივანად.

განსაკუთრებულად აღსანიშნავია მისი სიმფონიური თხზულებები. 1977 წელს შექმნილმა სიმფონიამ "ინ მემორია მიქელანგელო" მას საერთაშორისო აღიარება მოუტანა.

მას ეკუთვნის რობერტ სტურუას საუკეთესო სპექტაკლებისათვის შექმნილი მუსიკა "კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ III", "ჰამლეტი", "ქალი-გველი", "მეთორმეტე ღამე".

გია ყანჩელის შემოქმედებით მემკვიდრეობას განეკუთვნება: ოპერა "და არს მუსიკა" (1983წ.), 6 სიმფონია, კონცერტი სიმფონიური ორკესტრისათვის (1962 წ.); ლარგო და ალლეგრო სიმებიანი ორკესტრის, ფორტეპიანოსა და ლიტავრებისათვის (1963 წ.); "სევდა ნათელი" - ბიჭუნათა გუნდის, ორი სოლისტისა და დიდი სიმფონიური ორკესტრისათვის (1985 წ.); მუსიკა სპექტაკლებისთვის: "ხანუმა", "კავკასიური ცარცის წრე", "რიჩარდ III"; (შოთა რუსთაველის თეატრის დადგმები). მუსიკა კინოფილმებისთვის: "არ დაიდარდო", "ქვევრი", "არაჩვეულებრივი გამოფენა", "მიმინო", "შერეკილები", "რამდენიმე ინტერვიუ პირად საკითხებზე", "როცა აყვავდა ნუში" და სხვა.