"გია ყანჩელს ვეტყოდი, მადლობა მაესტრო, რომ ჩვენს საუკუნეში ინებეთ მობრძანება და თან ქართველად!" - კვირის პალიტრა

"გია ყანჩელს ვეტყოდი, მადლობა მაესტრო, რომ ჩვენს საუკუნეში ინებეთ მობრძანება და თან ქართველად!"

84 წლის ასაკში ცნობილი ქართველი კომპოზიტორი გია ყანჩელი გარდაიცვალა. გია ყანჩელი ბოლო პერიოდის განმავლობაში ავადმყოფობდა. ის თბილისში, ისრაელი-საქართველოს კარდიოლოგიისა და ანგიოლოგიის ცენტრში მკურნალობდა.

ქართველი ხელოვანები ლეგენდარულ კომპოზიტორს იხსენებენ:

ნინო სურგულაძე, ცნობილი საოპერო მომღერალი:

- დიდი კომპოზიტორი და პიროვნება დაკარგა საქართველომ და მსოფლიომ. არ მინდა ვიფიქრო, რომ დღეიდან ვეღარ მოვიკითხავ და ვეღარ მოვესიყვარულები. არასოდეს დამავიწყდება ჩვენი შეხვედრები, მუზიცირება, საუბრები, იუმორი, მოგონებები. საოცარი ჯენტლმენი და ღირსებით აღსავსე პიროვნება... ბავშვური ღიმილით და გაბრწყინებული თვალებით...

ჩემი პირველი ქართული სიმღერა სწორედ "ჰერიო ბიჭებო" ( სამშობლო როგორც უფალი) იყო. და სწორედ ასე, სამუდმოდ შევიყვარე გია ყანჩელი...

პირველად მაესტროს 80 წლის იუბილეზე შევხვდი, სადაც ბრწყინვალე მიშო ჯავახიშვილთან და ჯგუფ "ირიაოსთან" ერთად შევასრულე ყანჩელის (სიყვარულის თემა) სპექტაკლიდან "კავკასიური ცარცის წრე". კონცერტის შემდგომ დიდი მაესტრო დამიკავშირდა... და მითხრა, ნინო, მსურს შეასრულოთ ჩემი ვოკალური ციკლი - მახსოვს ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ ზარით... ციკლი პიეველად თბილისის კონსერვატორიის დიდ დარბაზში შესრულდა პიანისტ ალესანდრო სტელას აკომპანირებით, სადაც დიდი მაესტროც ესწრებოდა, ხოლო შემდეგ კი რომში. კონცერტის დასრულებისას ყველამ ერთად ვივახშმეთ, ვისაუბრეთ, განვიხილეთ. მაესტრომ შემაქო რაც ძალიან გამიხარდა და დასძინა: ნინო, თუ ნებას მომცემთ ამ ვოკალურ ციკლს თქვენ მოგიძღვნით, მაესტრო ეს დიდი პატივი იქნება - აღტაცებით მივუგე... საოცარი მუსიკა, და არაჩვეულებრივი ტექსტი, (ია საკანდელიძის) სადაც ჩანდა და ისმოდა ბატონი გიას განვლილი ცხოვრება, დიდი ტკივილით, სიბრძნით და სიყვარულით და ისევ და ისევ სიცოცხლისადმი უსაზღვრო წყურვილიც ნათლად იგრძნობოდა. კლინიკაში განვლილი წუთები, საათები, დღეები, შემდეგ დაბრუნება... ეს ყველაფერი მოთხრობილი იყო სწორედ ამ ციკლში.... გია ყანჩელი არ წასულა... ის იარსებებს აქ ჩვენთან მანამ, სანამ ის იქნება ჩვენს გულებში, მოგონებებში და მანამ, სანამ იარსებებს მაესტროს გენიალური მუსიკა, საქრთველო და საერთოდ სამყარო... მადლობა მას ყველაფრისთვის! ღმერთმა გაანათლოს მისი უკვდავი სული.

ანზორ ერქომაიშვილი, ანსამბლ "რუსთავის" ხელმძღვანელი: - დღეს ჩვენი ანსამბლი "რუსთავი" საგასტროლოდ ოდესაში იმყოფება, სადაც საღამოს პირველად შესრულდება გია ყანჩელის ნაწარმოები "წუთისოფელი"... ყველა ბილეთი გაყიდულია, გადაჭედილი დარბაზი იქნება და ფაქტობრივად გამოდის, რომ გია ყანჩელმა რექვიემი დაწერა თავის თავზე... ეს არის არაჩვეულებრივი ნაწარმოები, რომლის პრემიერაც დღეს შედგება!

გია ყანჩელი ჯერ კიდევ სტუდენტობისას გავიცანი და ჩვენ ნახევარსაუკუნოვანი მეგობრობა გვაკავაშირებდა. მან არაერთი ნაწარმოები მიუძღვნა ანსამბლ "რუსთავს", სულ გვერდით გვედგა და ქართული ხალხური პოპულარიზაციის მხრივ უდიდესი წვლილი აქვს! მის შემოქმედებაზე ახალს ვეღარაფერს ვიტყვით, მსოფლომ ძალიან დიდი ხნის წინ აღიარა და ყველამ განსაკუთრებულად შეიყვარა! საოცრება იყო ჯანსუღ კახიძის და გია ყანჩელის ტანდემი, მათ წარუშლელი კვალი დატოვეს ქართულ ხელოვნებაში! მათი დაკარგვით ქართულმა და მსოფლიო ხელოვნებამ უდიდესი დანაკლისი განიცადა!

გოჩა აბულაძე, ცნობილი საოპერო მომღერალი:

- მთელი ჩემი ბავშვობა ვუსმენდი გია ყანჩელის მუსიკას, ვერ ვხვდებოდი და ვერც წარმომედგინა რომ ამ სილამაზის შემქმნელი ადამიანი შეიძლებოდა ყოფილიყო! ჩემთვის ღვთაებრივი იყო მისი მუსიკა! გრძნობ, გიყვარს, ესაუბრები, გულით ატარებ, მაგრამ არსად არ ჩანს!…მერე გავიზარდე და ერთ ჩემთვის ძალიან ბედნიერ დღეს ბერლინში სტულიად შემთხვევით გავიცანი ის ღმერთკაცი, ვისი მუსიკითაც ვსაზრდოობდი მთელი ცხოვრება. თვალებს ვერ ვუჯერებდი, როცა ვხედავდი მის უბრალოებას, თავმდაბლობას, ბავშვივით სიკეთეს. მერე ისე გამათამამა, ვუმღერე კიდევაც... შეუძლებელია სიტყვებით გადმოვცე ის ემოცია, თუ რას ვგრძნობდი, როცა გია ყანჩელი მისმენდა. მან გულში ჩამიკრა და შემაქო... ბედნიერი ვარ, რომ გავიცანი ის უხილავი ღმერთკაცი, რომელიც მთელ ჩემს ცხოვრებას ალამაზებდა მისი ჯადოსნური და ღვთიური მუსიკით!

გელა ფარჩუკიძე, "თბილისის ბიჭუნათა კაპელის" სამხატვრო ხელმძღვანელი:

- მისი უდიდებულესობა გია ყანჩელის შესახებ ცრემლების გარეშე ვერ ვისაუბრებ. გია ყანჩელი რომ მსოფლიოს უდიდესი მუსიკოსი იყო ყველამ იცის, მაგრამ ის დიდი ეროვნული მოღვაწეც იყო! ძალიან დიდი საჩუქარი გამიკეთა: მე ერთი წლით ადრე დამიკავშირდნენ მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო კაპელის ხელმძღვანელები ლატვიიდან და თანამშრომლობა მთხოვეს... მათ მითხრეს, თქვენს შესახენ ინტერნეტში ვერაფერი მოვიძიეთ, მაგრამ ისეთმა ადამიანმა გვითხრა თქვენს შესახებ, ეს უკვე ყველაფერს ნიშნავსო, თანაც გია ყანჩელს უთქვამს, თქვენ მადლობელი იყავით მაესტრო გელა ფარჩუკიძე თუ დაგთანხმდებათ ჩამოვიდესო... აი ეს უკვე ყველაფერზე მეტყველებს! მისი შვილის თაობა ვარ და ასე გვეხმარებოდა ახალგაზრდებს თავის უდიდესი ავტორიტეტით...

ეს ლეგენდარული ადამიანი ქმნიდა ბავშვური კისკისიდან დაწყებული სულის შემძვრელი ტრაგიზმით გაჟღენთილ მუსიკას!

ჩემმა პაწაწინა ბავშვებმა გია ყანჩელის ბოლო კონცერტზე იმღერეს ოპერაში და არ დამავიწყდება, მან რომ დამირეკა, მომეფერა და ბავშვების მიმართ დიდი აღფრთოვანება გამოხატა...

გია ყანჩელს ვეტყოდი- მადლობა მაესტრო რომ ჩვენს საუკუნეში ინებეთ მობრძანება და თან ქართველად!

"კვირის პალიტრა" წუხს დიდი კომპოზიტორის გარდაცვალების გამო და თანაგრძნობას უცხადებს ოჯახსა და ახლობლებს

(სპეციალურად საიტისთვის)