გაუღიმარი კაცის მოგზაურობა საქართველოში
07-10-2019
გაუღიმარი კაცის მოგზაურობა საქართველოში
ელდარ შენგელაია: "მოვიარეთ მთელი თბილისი. რედფორდმა თონეში პურის ჩაკვრას რომ უყურა, მთხოვა, მეც ჩავაკრავო, ჩააკრა და კინაღამ ჩახტა თონეში, ხელი ვტაცე და დავიჭირე"

ოსკაროსანმა მსახიობმა, 82 წლის რობერტ რედფორდმა გასულ წელს კინოდან წასვლის გადაწყვეტილება მიიღო - "არასოდეს უნდა თქვა არასოდეს, მაგრამ ახლა დარწმუნებული ვარ, რომ კინოში თამაშით დავიღალე. მას შემდეგ, რაც 21 წლის გავხდი, მუდმივად ვჩანვარ ეკრანზე და არასდროს დამისვენია. 60-წლიანი კარიერის მანძილზე გამუდმებით გადაღებებზე ვიყავი, ახლა კი დროა დავისვენო",
- განაცხადა რედფორდმა. The Old Man& The Gun მისი ბოლო კინოროლია, მანამდე კი, 2017 წელს, ჯეინ ფონდასა და რობერტ რედფორდის წყვილი 37 წლის შემდეგ კვლავ დაუბრუნდა ეკრანს და ნეტფლიქსის ახალ რომანტიკულ დრამა - Our Souls at Night-ში ითამაშეს... 1988 წელს ოსკაროსანი მსახიობი, რეჟისორი და პროდიუსერი
რობერტ რედფორდი საქართველოში გვეწვია. როგორ გაატარა სამი დღე თბილისში და რა დაამახსოვრდა ყველაზე მეტად? - ამ კითხვებით რეჟისორ ელდარ შენგელაიას მივმართეთ, რომელიც რობერტ რედფორდის მასპინძელი გახლდათ.

პირველი შთაბეჭდილება


ელდარ შენგელაია:
- რობერტ რედფორდი ჩემი პირადი სტუმარი იყო. თავისი მეგობრის, ბიზნესმენ ჯორჯ გარდის თვითმფრინავით ოჯახთან ერთად ჩამოფრინდა. როგორც კი გვესტუმრა, სუხიშვილების კონცერტზე წავიყვანე, ოჯახი კი სასტუმროში დარჩა. დარბაზი იმდენად დიდი ოვაციით შეხვდა, გაოგნდა, რომ აქ იცნობდნენ. დავსხედით ლოჟაში, დაიწყო კონცერტი და გაგიჟდა ქართულ ცეკვაზე, სასწრაფოდ თარჯიმანს სთხოვა, ჩემი ოჯახიც მოიყვანეთ, ეს აუცილებლად უნდა ნახონო. კონცერტის შემდეგ ნინო რამიშვილს სულ ხელები დაუკოცნა. ეს იყო მისი პირველი შთაბეჭდილება საქართველოზე.

რედფორდი დეზერტირების ბაზარში

მოვიარეთ ძველი თბილისი. თონეში პურის ჩაკვრას რომ უყურა, მთხოვა, მეც ჩავაკრავო, ჩააკრა და კინაღამ ჩახტა თონეში, ხელი ვტაცე და დავიჭირე. დეზერტირების ბაზარში მოინდომა გასეირნება ქართული სუნელების საყიდლად, ძალიან მოსწონდა მათი გემო. თვითონაც კარგად ერკვეოდა, იუტის შტატში ცხოვრობდა და იქ ჰქონდა თავისი მეურნეობა. წავიყვანე, რა თქმა უნდა, იცნეს და ფული არ გამოართვეს, გადაირია, რატომ არ მართმევენო? ავუხსენი, რომ ეს პატივისცემის ნიშანი იყო.


პამიდორი მიკროფონის ნაცვლად

ვიზიტის ბოლოს ჩემთან სახლში კინემატოგრაფისტებთან ერთად დავპატიჟეთ თემიკო ჩირგაძე. თემიკომ არ იცოდა ინგლისური, მაგრამ სუფრის თამადობა მას დაევალა. ჩანგალზე წამოაცვა პამიდორი, მიკროფონივით დაიჭირა და ვითომ რაღაცებს ლაპარაკობდა ინგლისურად - მთელი სუფრა ასე ითამადა. საერთოდ, რედფორდი გაუღიმარი კაცია, თემიკოს ხუმრობებზე კი სიცილით კვდებოდა.

რედფორდის ვიზიტის შემდეგ ერთ წელიწადში 9 აპრილი მოხდა და წერილი მომწერა,"ასეთ კარგ ხალხს ასეთი რამ არ უნდა დაგმართოდათო! ძალიან თანაგვიგრძნობდა, შემდეგ სულ გვქონდა მიმოწერა, მეპატიჟებოდა. ამას წინათაც, "სავარძელი" რომ გადავიღეთ და გავგზავნეთ ფესტივალზე, მიწერ-მოწერა გვქონდა. ძალიან უშუალო ადამიანია. თბილისში რომ ჩამოვიდა, მითხრა, რობერტ დე ნირო იმდენად კმაყოფილი იყო თქვენთან ვიზიტის შემდეგ, ისე აღფრთოვანებული გვიყვებოდა, მეც მომინდა ჩამოსვლაო.

"ღამით ამდენი ხორცი ცხოვრებაში არ მიჭამიაო"


იმედა კახიანი რობერტ რედფორდს ცოტა მორიდებულ და გაუღიმარ ადამიანად ახასიათებს: - რობერტი მასტროიანივით ენაწყლიანი არ იყო. ვაჩვენეთ მცხეთა, სვეტიცხოველი, შემდეგ ერთ მეგობართან სახლში ვისადილეთ. ამერიკაში რომ დაბრუნებულა, გაკვირვებულს უთქვამს, ღამით ამდენი ხორცი ცხოვრებაში არ მიჭამიაო. ქუჩაში ვერც შეატყობდი, ვინ იყო, იმდენად მოკრძალებულად დადიოდა. თავშეკავებულად, მოკრძალებულად გამოხატავდა ემოციებს, თუმცა ქართული ცეკვით აღფრთოვანდა.
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?