"დამესიზმრა, რომ სახლის კარი ცისფერი იყო და ანგელოზები ეხატა" - კვირის პალიტრა

"დამესიზმრა, რომ სახლის კარი ცისფერი იყო და ანგელოზები ეხატა"

"საძინებელში კედელი ამოვიღეთ და მთელ სიგრძეზე ფანჯარა გავაკეთეთ. დილით რომ იღვიძებ, საოცარ ხედს ხედავ"

ზალიკო სულაკაურის სახლი სოფელ მამკოდაში მდებარეობს. ჟანგიან ჭიშკარს გვირილები ამშვენებს. სახლი შემაღლებულზე დგას, საიდანაც მთელი თბილისი ხელისგულივით მოჩანს. სახლი ზალიკოსავით ფერადი და ხალისიანია. კედლები სავსეა მისი ნახატებითა და უამრავი ანტიკვარული ნივთით, რომელთაც საინტერესო ისტორიები აქვს.

- ზალიკო, როგორ მოაგენით ამ ადგილს?

- აქ 90-იან წლებში დაიწყეს აგარაკების აშენება და მერე რომ გაუჭირდა ხალხს, მიტოვებული, ნახევრად აშენებული, გაპარტახებული სახლები დარჩა. ჩემი სახლის უკან დაცული ტერიტორიებია და ხშირად გზაზე კურდღელი გადაგიცუნცულებს, ტურების ყმუილიც ისმის. სულ სამი მეზობელი მყავს. მანამდე ნაქირავებში ვცხოვრობდით. ბანკმა მომცა სესხი და ისე ვიყიდეთ. ღამით აქაურობა ულამაზესია, ახალ წელს საოცარია, როცა უყურებ ზევიდან, როგორ "ფეთქდება" მთელი თბილისი. ეს სახლი რომ ვიყიდეთ, ერთმა მეგობარმა არქიტექტორმა მითხრა, მე გჩუქნი ამის არქიტექტურას, როგორ უნდა გადააკეთო ისე, რომ მაგარი სახლი გამოვიდესო. გადავაკეთეთ და ამ გადაკეთებაში იმას ვფიქრობდი, ჯობდა მეყიდა რაღაც ნანგრევი და ჩემით ამეშენებინა-მეთქი. მოკლედ, სულ დავანგრიეთ და თავიდან ავაშენეთ. ახლა ეზო მაქვს გასაკეთებელი, ახლახან სახლის გვერდით მიწაც ვიყიდე. ვფართოვდები.

- სახლში შესასვლელი კარი ისეთია, ალბათ, რაიმე ისტორიასთან არის დაკავშირებული? - დამესიზმრა, რომ სახლის შესასვლელი კარი ცისფერი იყო და ანგელოზები ეხატა. რაც დამესიზმრა, ზუსტად იგივე გავაკეთე. კარის შიდა მხარეს უამრავი სხვადასხვა მონეტა მაქვს მიკრული. მე მივაკარი და მერე მეგობრებმა, ვინც მოდის, ყველა ფულს აკრავს.

- ანტიკვარული ნივთები აშკარად გიყვართ, კოლექციონერობასაც ხომ არ მისდევთ? - მაქვს ძველებური ფოტოაპარატების კოლექცია, ასამდე ფოტოაპარატი, აქედან 90% მუშაობს. ვიზუალურადაც მომწონს, ლამაზად აწყვია.

მაქვს უამრავი წიგნი. მამა მწერალი მყავს, კინოდრამატურგი, ბევრი სცენარის ავტორი. წიგნების კითხვა კი მიყვარს, მაგრამ ხატვა უფრო. ფანქარი რომ არ მეჭიროს, წარმოსახვაში მაინც ვხატავ. სახლის კედლები მოფენილია უამრავი კარიკატურული ნახატით.

- ეს ანტიკვარული ნივთები ოჯახის მემკვიდრეობაა თუ მერე შეიძინეთ? - უმრავლესობა ჩემი მეუღლის სოფლის სახლში, სარდაფში ეყარა. გამოვალაგეთ და გამოვაცოცხლეთ.

- თქვენი საყვარელი ადგილი რომელია სახლში? - ამ სახლში ერთი უშნო ბუხარი იყო. ფასადი მოვანგრიეთ და თავიდან გავაკეთეთ, მერე ანტიკვარული ჭიქები და ბოთლები მივაწებე. ბოთლიდან რომ უნდა ისხმებოდეს ჭიქაში ღვინო, ასე დახრილად მაქვს ბოთლი, აი, იმ ჭიქაში ფანქრები მიწყვია, იმ ვაზაში მინდვრის ხმელი ყვავილები და ასე შემდეგ... ამ ბუხრის წინ ტახტზე წამოწოლას არაფერი მირჩევნია, თუმცა ამის დრო ნაკლებად მაქვს.

- საძინებელიც უცნაურია... - მეორე სართულზე, საძინებელში, კედელი ამოვიღეთ და მთელ სიგრძეზე ფანჯარა გავაკეთეთ. დილით რომ იღვიძებ, საოცარ ხედს ხედავ. ხის ანტიკვარული საწოლი გადავაკეთებინეთ - მის გვერდით ტუმბოს ნაცვლად ფიცარი დავკიდე, ყავა რომ დაიდგა ან რამე.

- ყავას საწოლში მოგართმევთ მეუღლე? - რა თქმა უნდა, ამ ფიცარზე დავდგამ და მივირთმევ, განცხრომაში ვარ.

- მესამე სართულზე რა გაქვთ? - მესამე სართულზე სახელოსნოს გაკეთება მინდა, მაგრამ იქამდე ჯერ ვერ ავედი. თუმცა რაღაცებს აქაც ვხატავ. ერთი ნახატის ისტორიას გიამბობთ, რომელიც ჩემს საძინებელში მიკიდია და ყველაზე ძალიან მომწონს. ჩვენი მეჯვარეები პოეტი კატო ჯავახიშვილი და ლევან სუხიტაშვილი იყვნენ. კატოს ვუთხარი, შენ ისტორიაში შენი სათქმელი თქვი, არ არის გამორიცხული, მეც ჩავეწერო, წლები რომ გავა. ახლა წარმოიდგინე ასეთი რაღაც - რომ მისულიყო ლადო გუდიაშვილი ანა კალანდაძესთან და ეთქვა, შენი ავტოგრაფიანი ლექსები მომეციო, დაეწებებინა და დაეხატა ზედ ნახატი, როგორი განძია, ანა კალანდაძის ლექსები გუდიაშვილის ნახატით-მეთქი. მოკლედ, ამ ნახატზე მეც ტექსტები განვათავსე და ზედ დავახატე ჩახუტებული კატო და მე.

- საყვარელი ნივთი ამ სახლში? - ვაჟა-ფშაველას სახის ნიღაბი, რომელიც გარდაცვალების შემდეგ აუღეს. ის ძალიან ძვირფასია ჩემთვის.

- სტალინისა და ბაბუის ფოტოც გქონიათ. - ნიკოლოზ პაპა სატანკო დივიზიის ასმეთაური გახლდათ, პოლკოვნიკი ღვინიაშვილი. პირველი ტანკი ბერლინში პაპაჩემის მეთაურობით შევიდა, ფაქტობრივად, მახარაშვილი იყო. დაჭრილი იყო პაპა და სტალინი მისულა მის ჰოსპიტალში. უთქვამთ, აქ გრუზინი წევსო, მაჩვენეთო, უთქვამს სტალინს, მისულა, ჩამოსჯდომია სასთუმალთან და დაუწყიათ ბაასი. სწორედ ამ დროს არის ეს ფოტო გადაღებული.

- საპირფარეშოს კარიც საინტერესო გაქვთ... - ახლა ხომ უყვართ ფოტოების გადაღება სააბაზანოსა და ტუალეტის სარკეში, უნიტაზზეც. ამიტომ გადავწყვიტე, კარზე ასეთი ნახატი დამეხატა - მე უნიტაზზე ვზივარ და ჩემ გვერდით ჩემი ცოლი სელფს იღებს სარკეში.

- სამზარეულოში ტრიალი გეხერხებათ? - არა. ჩემს ცოლს კარგად გამოსდის, მაგრამ ისეც არ არის, სულ რომ სამზარეულოში იყოს. ეზოში მწვანილსაც თესავს.

- როგორ სახლში გაიზარდეთ? - ვაკეში ვცხოვრობდით, მათემატიკოსების კორპუსში. მამაჩემის ძმაკაცი იყო ჰამლეტ გონაშვილი. ჩვენთან რომ მოდიოდა და მღეროდა, ვერც ვხვდებოდი მაშინ, რამხელა გენია ტრიალებდა ჩემს სახლში. მამაჩემი ხომ მწერალია, ბიძაჩემი, არჩილ სულაკაურიც მწერალი იყო. მე და ჩემი ძმა რომ დავიბადეთ, სახლში სუფრა გაიშალა და თამადა ნოდარ დუმბაძე იყო. დედაჩემს უნდოდა ჩემთვის დიდი ბაბუის სახელი, ლუკა დაერქმია, მაშინ ეს სახელი არ იყო მოდური და გადარეულან, რა სახელიაო. ჩემი ტყუპისცალისთვის ჯარჯი უნდა დაერქმიათ. ეს მწერლები რომ მოხვავდნენ სუფრაზე, უთქვამთ, მოდი, ტყუპს სახელები მოვუძებნოთო. ედიშერ ყიფიანს უთქვამს, ნახეთ, როგორ კარგად ჟღერსო? - ზაალ და ზურაბ სულაკაურები. აიტაცეს, დედაჩემს არც ჰკითხეს და დაგვერქვა ეს სახელები.

ის სახლი გავყიდეთ და სამმა ძმამ გავიყავით. რაღაცნაირად ჩამრჩა ეს სახლი. მეორე ოჯახი რომ შევქმენი, ნაქირავებიდან ნაქირავებში გადავდიოდით და ახლა რომ ვიცი, ეს სახლი ჩემია, სხვანაირად მიყვარს აქაურობა.

- თუშეთში არ დადიოდით ბავშვობაში? - ხან ყვარელში ვიყავი, ხანაც ალვანში. მამა ხომ თუში მყავს, თუშეთში ძველებური სახლი გვიდგას. სულაკაურების ტყეც არსებობს. პაპაჩემს ყვარელში ჰქონდა სახლი, ილია ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმის წინ არის ეკლესია და იმ ეკლესიის ეზოში. ვხუმრობ ხოლმე, მე, ილია ჭავჭავაძე და კოტე მარჯანიშვილი ერთად ვიზრდებოდით-მეთქი.

პაატა კურტანიძემ, "ავერსის" მფლობელმა მიამბო: თუშეთში ერთ სახლთან მიმიყვანეს, ეს ბაკურ და ზაალ სულაკაურების სახლიაო, ანუ ტურისტულ მარშრუტშია შეტანილი. იქით შენაქოს ეკლესიაში რომ ხალხი მიჰყავთ, ეუბნებიან, მხატვარმა ზაალ სულაკაურმა მოხატაო. ამ დროს მხოლოდ ერთი დღე ვიმუშავე.

ნიკოლოზ პაპა სატანკო დივიზიის ასმეთაური გახლდათ, პოლკოვნიკი ღვინიაშვილი. პირველი ტანკი ბერლინში პაპაჩემის მეთაურობით შევიდა, ფაქტობრივად, მახარაშვილი იყო. დაჭრილი იყო პაპა და სტალინი მისულა მის ჰოსპიტალში. უთქვამთ, აქ გრუზინი წევსო, მაჩვენეთო, უთქვამს სტალინს, მისულა, ჩამოსჯდომია სასთუმალთან და დაუწყიათ ბაასი. სწორედ ამ დროს არის ეს ფოტო გადაღებული..."

ხათუნა კორთხონჯია