"დედამ მხოლოდ 43 წლის შემდეგ შეიტყო, როგორ მოატყუეს"
"დედამ მხოლოდ 43 წლის შემდეგ შეიტყო, როგორ მოატყუეს"
ფოტო:ეთერ ჭყონია-გლამორისი
ზოგჯერ ბედისწერის სიურპრიზები­ ვარსკვლავივით აკაშკაშდება ხოლმე. მართალია, ხშირად არა, მაგრამ მაინც ხომ ხდება - ქუდბედიანი ადამიანები ნამდვილად იბადებიან. როცა ერთი ოჯახის სამი წევრი სამ პრიმადონად იქცევა, განა ეს ბედისწერის საჩუქარი არ არის? ჭყონიების ოჯახში სწორედ ასე მოხდა, - საბჭოთა­ საოპერო ვარსკვლავის, ლამარა ჭყონიას ოჯახში კიდევ ორი ვარსკვლავი გოგონა დაიბადა - ეთერ და ნიტა ჭყონიები.­ ამ ორის წარმატებულ გზებს თითქოს შეუცნობელი ძალა მართავს. თუმცა მათ შორის არის ეკლიანი ბილიკიც, რომელიც მუდამ
შეახსენებთ, რომ ტკივილი სადღაც ახლოა ჩასაფრებული. მისგან ხსნა მხოლოდ ამ ტკივილის სწრაფი დავიწყებაა. ეს კი მხოლ­ოდ მაშინ შეიძლება, თუ სიმღერა სიცოცხლესავით გიყვარს!

ვერის მყუდრო უბანში ამ სამი პრიმადონიდან ერთ-ერთს, სტოკჰოლმის კულტურის სამეფო ორდენის მფლობელსა და 9 მსოფლიო კონკურსის ლაურეატს ჯადოსნურად მომხიბლავ ეთერ ჭყონია- ლამორისს შემ­თ­ხვევით
შევხვდი და ბევრიც ვისაუბრეთ. მათ შორის, იმ ჩრდილებზეც, რომელიც ვარსკვლავებს მუდამ ახლავთ.

- ჯერ კიდევ ძალიან ახალგაზრდა ვმუშაობდი იმ ცნობილ ქართველ ხელოვანებთან, რომლებთან ურთიერთობაზე ჩემს ასაკში მხოლოდ ოცნება შეიძლებოდა. ალბათ, არა იმიტომ, რომ ცნობილი მომღერლის შვილი ვიყავი, ისე მოხდა, რომ მათ სწრაფად დამიჯერეს, თანაც უმძიმესი დატვირთვით ვმუშაობდი. 1992 წელს ესპანეთში საერთაშორისო კონკურსზე გავემგზავრე, იქიდან კი უკვე შინ გამოსამგზავრებელი ბილეთით ხელში დავურეკე დედას, რომელმაც მითხრა, ეთერ, თბილისში ომია, ახლა ნუ წამოხვალო. ეს ხმა იმდენად მძიმე იყო, რომ დავუჯერე, თანაც მე ხომ მარტო­ არ ვიყავი­, პასუხისმგებლობებიც ხომ მქონდა... მოკლედ, ამ ხმამ დამტოვა­ უცხო ქვეყანაში - ჩემი დამტვრეული ინგლისურით, გაურკვეველი მომავლით და სპონსორის მოცემული 300 დოლარით. ჩემი ერთადერთი ნუგეში ამ კონკურსის თარჯიმანი და ერთ დროს საბჭოეთში ნაცხოვრები მისი ოჯახი იყო. მითხრეს, ყველას ვთხოვთ, მოგისმინონო. მერე მირჩიეს, მოდი, ეს შენი 300 დოლარი ბანკში შეიტანე, თორემ დაგეკარგებაო. მოკლედ, როცა ფული ბანკში შემატანინა, თურმე იმ დღეს ბანკს ლატარიის გათამაშება ჰქონია და ამ ჩემმა ანგარიშის ნომ­ერმა 1.500 ევრო მოიგო. ეს რომ გავიგე, ყურებს არ დავუჯერე, მეგონა, ჩემი მასპინძლები მეხუმრებოდნენ. სამ დღეში თეატრში მომისმინეს და კონტრაქტი მივიღე.

- თქვენ შესახებ ყველგან წერია, რომ ტენორების 10 000-კაციან კონკურსებშიც გაგიმარჯვიათ.
- ასე იყო. ასეთ კონკურსებს მსოფ­ლიოში ცნობილი მომღერლები ატარებენ. ასე რომ, ამ გზაზე შემხვდნენ და ვითანამშრომლე ხოსე კარერასთან, პლასიდო დომინგოსთან. რეჟისორ ფრანკო ძეფირელისთან 15 წელი ვიმუშავე.

- ნიჭი ყოველთვის ანათებს. მით უფრო ევროპაში, სადაც მას ადვილად ამჩნევენ, თანაც ინტრიგებიც ნაკლებია.
- ასე ნუ იტყვით. ინტრიგები არანაკლებია და მეც სისხლი მაქვს გამშრალი განსაკუთრებით აგენტების ინტრიგებით. მიზეზი მარტივია - აგენტები თავიანთი მომღერლებით "იკვებებიან", მხოლოდ მათ წარმატებაზეა დამოკიდებული მათი შემოსავალი, იმიტომაც იბრძვიან მომღერლის სცენაზე გასაყვანად გამეტებით!

1967 წელი, ტოკიო. სხედან: მარცხნიდან: ლამარა ჭყონია და იაპონიის პრემიერ-მინისტრი ეისაკუ სატო, რუსეთის ჟიურის წევრი და მარია ბიეშუ

ერთ-ერთი მომღერლის აგენტმა ისე იბრძოლა, რომ ჩემ მაგივრად სხვა შეიყვანა ერთ-ერთი პოპულარული კლიპის გადაღებაზე. კლიპის რეჟისორი ბოლო წუთებამდე მე მელოდა და სხვა მომღერალმა შეუღო კარი...

ევროპა არც ისე სტუმართმოყვარეა, როგორც ჩვენ გვგონია - ურჩევნიათ თავისიანმა გაიკაფოს გზა. ამიტომ მათზე ორი-სამი თავით მაღლა მაინც უნდა იდგე, რომ წინ გაგიშვან. თუმცა აქაური ინტრიგები ბავშვური თამაშია იმასთან შედარებით, რაც მომღერლებს საბჭოთა სახელმწიფოში ჰქონდათ. მაგალითად, დედაჩემმა მხოლოდ 43 წლის შემდეგ შეიტყო, რა საშინელება მოუწყვეს საბჭოთა კარიერაში.

- რა მოხდა?
- გრან-პრი, რომელიც დედამ­ პრესტიჟულ ტოკიოს საერთაშორისო კო­ნკურსზე მიიღო, სხვას მიაკუთვნეს.
1967 წელს კონკურსზე ორი საბჭოთა მომ­ღერალი ლამარა ჭყონია და მარია ბიეშუ გაგზავნეს. მოლდოველი ბიეშუ საბჭოთა დელეგაციას თურმე­ თავისი საყვარლით, მაშინდელი მინისტრთა­ საბჭოს თავმჯდომარე ალექსეი კოსიგინით აშინებდა. ერთი სიტყვით, გემით მგზავრობითა და ზღვის ავადმყოფობით გატანჯულმა დედაჩემმა უკვე კონკურსის მეორე ტურზე იმდენი შეძლო, რომ იაპონიის იმპერატორი მოხიბლა, საბჭოთა დელეგაციას გამოუცხადეს, იმპერატორი ამბობს, უცხოელისგან ასეთი სიზუსტით გადმოცემული იაპონელი ქალის ხასიათი არასოდეს მინახავსო! მოკლედ, მეორე ტურზევე გადაწყდა, რომ გრან-პრი დედაჩემს ეკუთვნოდა, მესამე ტურის წინ კი საბჭოთა დელეგაციის წევრი მივიდა დედაჩემთან, ბიეშუმ მუშტი დაგვირტყა მაგიდაზე, თუ მოსკოვში გრან-პრით არ ჩავალ, კატასტროფას მოგიწყობთო! ამ კონკურსზე შენი ყველა კოზირი­ წასულიაო. თუმცა დედამ სცენაზე იმგვარად იმღერა, რომ მარია ბიეშუმ პირველი ადგილი მიიღო, დედამ კი გრან-პრი - დედა სცენაზე გამოიძახეს და გადასცეს, მაგრამ მერე მოხდა, რაც მოხდა - როდესაც გახარებული დედა რუსულ დელეგაციასთან მივიდა, მათ გრან-პრის მიღება მარია ბიეშუს მიულოცეს და გადაეხვივნენ, მერე კი პირველი ადგილი დედაჩემს მიულოცეს!

- ეს როგორ?!
- კონკურსებს არ თარგმნიდნენ, დედამ­ კი იაპონური ენა არ იცოდა, როდესაც დელეგაცია ბიეშუს დაეხვია გრან-პრის მისალოცად, დედამ ჩათვალა, რომ ჯილდო პირველი ადგილისთვის მიიღო. შესაბამისად, ბიეშუს "იაპონური გრან-პრით" მთელი საბჭოთა პრესა აჭრელდა. ჰოდა, 2010 წელს ესპანეთში, როდესაც იქ ჩემი მშობ­ლებიც ცხოვრობდნენ და დედას მოწაფეები ჰყავდა, მან თავის მოწაფეს იაპონიის კონკურსის დოკუმენტაციის თარგმნა სთხოვა, მან კი უთარგმნა, რომ დედამ მაშინ გრან-პრი მიიღო და არა პირველი ადგილი!

- ბიეშუ ამ დროს ცოცხალი იყო?
- დიახ. სიცოცხლის ბოლო წლებში მოლდოვაში დაბრუნდა და ფესტივალებზე­, როგორც გრან-პრის მფლობელი, იაპონური სამოსითაც გამოდიოდა სცენაზე...

თუმცა დედაჩემისთვის ყველაზე კოშმარული მაინც ხრუშჩოვის წინაშე გამოსვლა აღმოჩნდა. ხომ ვიცით, როგორ სძულდა ამ კაცს ქართველები სტალინის გამო. მოკლედ, ერთ-ერთ კონცერტზე, რომელსაც ხრუშჩოვიც ესწრებოდა, დედაჩემმა იმ თეატრის სახელით იმღერა, სადაც იმ დროისთვის მუშაობდა. მოკლედ, აღფრთოვანებულმა ხრუშჩოვმა განაცხადა, მომღერალი ჩემ გვერდით დასვით სუფრასთანო. ამასობაში კიევის თეატრის ხელმძღვანელმა თეატრის სადღეგრძელო შესვა - ჩვენთან ყველა ეროვნების ხალხია, მათ შორის, ქართველებიცო. თურმე სამარისებური სიჩუმე ჩამოვარდა. ხრუშჩოვს უკითხავს, აბა, ვინ არის ის ქართველიო და დირექტორმა დედაჩემზე მიუთითა, გვერდით გიზითო. ხომ ადვილი წარმოსადგენია, ამაზე ან დედას რა დაემართებოდა, ან ნიკიტა ხრუშჩოვს - მას ხელში არყის ჭიქა ეჭირა და ჭიქიანად შემობრუნებულა დედაჩემისკენ აწითლებული და იმდენად ხელაკანკალებული, რომ ჭიქიდან არაყი დედაჩემის შინდისფერ კაბაზე დაეღვარა. სხვათა შორის, ის ლაქა არც არასოდეს ამოსულა იმ კაბიდან.

მე და ჩემმა დამ ნიტა ჭყონია-ნიკოლმა (ფსევდონიმების მიღებას ობიექტური მიზეზები აქვს) 2013 წელს საერთაშორისო ფესტივალი დავაარსეთ ავსტრიაში. ფესტივალი იმდენად პოპულარულია, რომ ავსტრიის მთავრობა აფინანსებს, მაგრამ რა ხდება? დღემდე გრძელდება მტრობა იმის გამო, რომ პრესტიჟული ფორუმი უცხოელის დაარსებულია. ქართველებს ხელოვნების დიდი ნიჭი გვაქვს, რასაც წინ ვერავინ და ვერაფერი აღუდგება და რაც, გულახდილად რომ ვთქვა, უცხოეთში ჩვენებურების კრიმინალურ საქმეებს ანეიტრალებს. განა ეს საქმე არ არის ჩვენი
ქვეყნისთვის?!

ლამარა ჭყონია


კოლორიტული სოპრანო, ულამაზესი ტემბრის ხმითა და სრულყოფილი ვოკალური ტექნიკით. 1956 წელს დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია და იმავე წელს ზაქარია ფალიაშვილის სახელობის თბილისის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრის მომღერალი გახდა. 1960-1968 წლებში კიევის ოპერისა და ბალეტის თეატრში მიიწვიეს სოლისტად, სადაც ქართველ მეცოსოპრანოს დღესაც უდიდესი პატივისცემით იხსენებენ. მომღერალმა პარტიები შეასრულა ისეთ სახელგანთქმულ საოპერო სპექტაკლებში, როგორიცაა: მარფა, რიმსკი-კორსაკოვის "მეფის საცოლე", ტატიანა, იოლანტა - პეტრე ჩაიკოვსკის "ევგენი ონეგინი", "იოლანტა", ჩიო-ჩიო სანი - ჯაკომო პუჩინის "ჩიო-ჩიო სანი" და ა.შ. მინიჭებული აქვს პრემიები ვიოლეტას (ჯუზეპე ვერდის "ტრავიატა"), მაროს, ეთერის (ზაქარია ფალიაშვილის "დაისი", "აბესალომ და ეთერი") შესრულებისთვის... დაჯილდოებულია პრაღის (1960), სოფიისა და მოსკოვის (1960) საერთაშორისო კონკურსების პრემიებით, საპატიო ნიშნის"ორდენით და მედლებით.

მკითხველის კომენტარი (6)
...
26 ოქტომბერი 2019 15:44
არაყი ლაქას ტოვებს?
სოსო
25 ოქტომბერი 2019 22:08
საოცარი მომღერალი იყო ლამარა ჭყონია,თანაც ძალიან ლამაზი.
მედეა
25 ოქტომბერი 2019 18:09
ღმერთმა მტერი დაგიმარცხოთ და სულ გამარჯვებული გატაროთ უნიჭიერესო ოჯახო, ქართველების ს ი ა მ ა ყ ე ვ, გლოცავთ მთელი გულით!
25 ოქტომბერი 2019 05:19
გაგა

1992 წელს ევრო სად ნახა ნეტავ...
ეჰ ყველგან სიყალბე
24 ოქტომბერი 2019 14:24
სად იყო მაგ დროს ევრო?
ტოტო
24 ოქტომბერი 2019 13:18
ლამარა ჭყონია საოცრად მომხიბვლელი და ფანტასტიკური საოპერო მომღერალი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?