"თბილისობას" მთელი ქალაქი აღნიშნავდა, იყო ჟრიამული, სიყვარულის ზეიმი" - კვირის პალიტრა

"თბილისობას" მთელი ქალაქი აღნიშნავდა, იყო ჟრიამული, სიყვარულის ზეიმი"

"მზე ჩემს ქალაქში შუქად იღვრება/ დღეს მზესთან ერთად ქუჩაში ვივლი/ თბილისს უხდება თბილი სიმღერა /და თბილისობა უხდება თბილისს..."

"თბილისობასთან" დაკავშირებული ლექსებითა თუ სიმღერებით მდიდარია ქართული კულტურა. მაშინდელ და დღევანდელ თბილისზე, "თბილისობასა" და ურთიერთობებზე ვისაუბრებთ ჩვენს რესპონდენტებთან ერთად.

სოფია ბორისოვნას საქართველოს დროშა

ჟანრი ლოლაშვილი, მსახიობი: - მე დავიბადე მაშინდელ თბილისში, როცა კარაქი არ იყო; თუ იყო, წყლიან ქილაში ვინახავდით... დიდ ეზოში ვიზრდებოდი, რომელშიც ბევრი ოჯახი ბინადრობდა. სტუმარი რომ მოგვივიდოდა, მეზობელს რაც კარგი ჰქონდა, დააწყობდა თეფშზე და ფანჯარაში შემოგიდგამდა. ძველი თბილისი ასეთი იყო. კარები არ იკეტებოდა. მახსოვს, ერთხელ ვიღაც მეზღვაური ჩამოვიდა და მამაჩემს შესთავაზა, კარში დასამაგრებელი საჭვრიტინო რომაა, გლაზოკებს რომ ეძახიან, იყიდეთო. მამაჩემმა შეიცხადა, რას ამბობს, ჯერ უნდა გავიჭყიტო, ვინმე რომ მომიკაკუნებს და კარი მერე უნდა გავუღოო?!

პლეხანოვზე, მიხაილოვის საავადმყოფოს წინ ვცხოვრობდით. დილა ვირსალაძეების ოჯახიდან პიანინოს ჰანგებით იწყებოდა. ჩვენს ეზოში ცხოვრობდა სოფია ბორისოვნა ვულფოვიჩი. დანტისტი იყო და ფეხის ბურღი ჰქონდა. შემდეგში ელექტრო რომ შემოვიდა, ვერ მიეჩვია და პროთეზის კეთებაზე გადავიდა. მთელი ეზოს მცხოვრებლები მას უსხდნენ ხოლმე პირდაფჩენილები. სოფი ბორისოვნას აივანი გამზირისკენ იყურებოდა, ამიტომ დღესასწაულებზე უზარმაზარ საქართველოს დროშას ფენდა. უბნის რწმუნებული შოთა ჩიოდა ხოლმე, დღესასწაული დამთავრდა, უთხარით აიღოს, თორემ ტროლეიბუსს უშლის მოძრაობაშიო. ყურს რომ არავინ ათხოვებდა, თვითონ ადიოდა სოფია ბორისოვნასთან, რომელიც ცუკატებითა და მომპასებით უმასპინძლდებოდა, მერე უშვებდა აივანზე, აახვევინებდა დროშას და შვილებთან რომ ტკბილეული არ გაეტანებინა, ისე არ ისტუმრებდა. ძალიან რომ დაბერდა და კვირაობით არავინ ჰყავდა კარის შემღები, ადგებოდა ხოლმე სოფია ბორისოვნა და ჩვეულებრივ დღეებში ფენდა აივნიდან საქართველოს დროშას. მოვიდოდა შოთა... ისევ... მთელ ეზოს უყვარდა სოფია ბორისოვნა.

ყველა მეზობელს დაგვიტოვა სახსოვარი. თითოეულ ნივთს ქინძისთავებით მიამაგრა ფურცელზე დაწერილი სახელები. მეც შემხვდა ერთი, რომელსაც მიწერილი ჰქონდა "ჟანრიკუ". შინიდან რომ გამოვასვენეთ, მოიცადეთო, დაიძახა შოთამ, ავარდა მის აივანზე, გადმოფინა საქართველოს დროშა და გადმოგვძახა - ამის ქვეშ გამოატარეთო. ასეთი ისტორიებით მდიდარი რომაა თბილისი, ამიტომაცაა "თბილისობა" საყვარელი და მნიშვნელოვანი დღესასწაული.

ყოველ ორშაბათს შატალოზე მივდიოდი. გაკვეთილების დაწყებისთანავე სკოლის კარი იკეტებოდა, მეორე სართულიდან გადავდიოდი ლენინგრადის ქუჩის ეზოში არყის ხეზე, ხიდან იმ აივანზე ვხვდებოდი, სადაც ჟენია პრიმაკოვი ცხოვრობდა. ვიპარებოდი იმიტომ, რომ ორშაბათობით კინოში ახალი ფილმი მენახა. მერე ფილმს განვიხილავდი ბიჭებთან ერთად - ღორო, სიფათა, ლოვა კალოევი, გივი ამაშუკელი... მერე მილიციის წინ 3 კაპიკად კრემიან პონჩიკებს ვყიდულობდით, ლიმონათს დავაყოლებდით...

"თბილისობას" მთელი ქალაქი ზეიმობდა. ჩამოჰქონდათ რაღაცრუღაცები. რაჭველების, გურულების, კახელების ნობათი, ეპატიჟებოდნენ ერთმანეთს, იყო ჟრიამული, ჭირნახულის, ურთიერთობისა და სიყვარულის ზეიმი.

დღევანდელი თბილისი არ მომწონს არქიტექტურული დაუდევრობის გამო, ამერიკული კალკების გამო, იმის გამო, რომ ქალაქი დაიყო "იმისისტებად" და "ამისისტებად..."

"თბილისობა", ტრადიციულად, სიყვარულისა და ერთობის დღესასწაულია. მტერს უნდა ვებრძოლოთ და არა - ერთმანეთს. გაუმარჯოს თბილისს! გაუმარჯოს საქართველოს! ყველას ვულოცავ "თბილისობას"!

"ეჰ, თაობა..."

იმედა კახიანი, მსახიობი: - თბილისელობა და თბილისის საპატიო მოქალაქის ტიტული, ალბათ, ყველაზე დიდი ჯილდოა. თბილისელი კაცისთვის რა შეიძლება იყოს ამაზე ღირებული?! ბევრი ღირსეული ადამიანი ვიცით, ვინც წლების განმავლობაში გახდა საპატიო თბილისელი, მაგალითად, თემო ჩირგაძე, ვანიკო მაჭავარიანი. თემიკო კინოთი გაიცნო ბევრმა. პროფესიით პარაზიტოლოგი იყო. ვანიკოს არ უთამაშია კინოში, ის თავის თაობაში იყო ცნობილი და გამორჩეული. მღეროდა თბილისისთვის, მეგობრებისთვის, სიცოცხლე უყვარდა და სადაც იყო, ყველგან სიხარულსა და ბედნიერებას აფრქვევდა. საუცხოო ხმის ტემბრი ჰქონდა. არ იყო სცენის კაცი, მეგობრების წრეში სიმღერა ერჩივნა, პუბლიკისთვის - ნაკლებად. ფეიქრების ქარხანაში მუშაობდა. საუცხოო მოყოლა იცოდა. ერთი ჩვეულებრივი ამბავი ისე მოჰქონდა, სმენად ვიყავით ხოლმე ქცეული. ამაზე ერთხელ ოთარ მეღვინეთუხუცესმა იხუმრა, ახლა ჩვენ ვართ არტისტები და ეს - ფეიქარი? ეს უნდა იყოს არტისტიო.

რამდენი თბილისელი გავიხსენეთ ამ "თბილისობა" დღეს. ოთარ მეღვინეთუხუცესი საოცრად მოკრძალებული იყო, მით უმეტეს - ქალბატონებთან. ჩვენ ვმეგობრობდით. გურანდა ჩემი ჯგუფელი იყო, ბელა მირიანაშვილიც... ეჰ, თაობა...

სხვანაირი ურთიერთობები იყო მაშინ. "ბირჟაზე" ყველას ჩვენი ადგილი გვქონდა. გოგოსთან ერთად რომ გამოივლიდი, "ბირჟასთან" ჯიბეში რომ ჰქონოდათ ხელი ჩაყოფილი, ამოიღებდნენ და ისე მოგესალმებოდნენ. მაშინ არ იყო კაფე-ბარები. ჩვენი ზეიმი იყო კინო ორშაბათობით, "დინამოს" თამაში და ათასში ერთხელ - კონცერტი ფილარმონიაში.

"თბილისობა" 70-იანების ბოლოს დამკვიდრდა და სახალხო ზეიმად იქცა. ნობათი ჩამოჰქონათ სხვადასხვა კუთხიდან, ხელნაკეთები; ზეიმები იმართებოდა, სპორტული შეჯიბრებები. ასე იყო და ასე უნდა გაგრძელდეს. ეს გაძვირდა თუ ის, ამას არ უნდა შეეხოს, პატარ-პატარა სიხარული სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ადამიანებისთვის. ტრადიცია არ უნდა მოიშალოს.

"ადამიანებს დღესასწაული სჭირდებათ"

დათო ევგენიძე, კომპოზიტორი: - ძველი "თბილისობა" მახსოვს, ასოციაცია მაქვს - ბუბა ფაეტონში, მორის ფოცხიშვილთან და გოგი ცაბაძესთან ერთად. მართლაც მორის ფოცხიშვილის პოეზია, გოგი ცაბაძის სიმღერები, ბუბას, ნანის შესრულება გვაგონებს ამ დღეებს. დღეს იშვიათობაა ისეთი ვარსკვლავები, როგორიც მაშინ, იმ ეპოქამ შექმნა.

ქალაქისთვის ამ დღესასწაულს დიდი მნიშვნელობა აქვს. ადამიანებს საერთო დღესასწაული, რომელიც ჭეშმარიტ ღირებულებებზეა აგებული, ცხოვრებას ულამაზებს. მოსახლეობა ერთმანეთს ეფერება, შემოდგომის ჭირნახულს უნაწილებს, ნახულობენ ერთმანეთს, იხსენებენ, ზეიმობენ... უმნიშვნელოვანესია, რომ გრძელდება "თბილისობის" აღნიშვნა. ადამიანებს დღესასწაული სჭირდებათ და მადლობა ყველას, ვინც ეს ტრადიცია არ დაკარგა. ყველა თბილისელს, არათბილისელს და თბილისის სტუმარს მივულოცავ ამ დღესასწაულს.

სამწუხაროდ, ამჯერად გია ყანჩელის დაკრძალვას დაემთხვა "თბილისობის" დღესასწაული, მაგრამ ესეც ნიშანდობლივია, იმიტომ, რომ ძალიან ბევრი მუსიკა, რომელიც თბილისთან ასოცირდება, ყანჩელთან არის

დაკავშირებული.

პირველი "თბილისობა" და საპატიო მოქალაქეები

სახალხო დღესასწაული "თბილისობა" პირველად 1979 წლის 28 ოქტომბერს აღინიშნა. იდეის თანახმად, ეს უნდა ყოფილიყო დედაქალაქის წარსულისა და აწმყოს შეხვედრა, გაცოცხლებულიყო ძველი ყოფის ამსახველი სურათები: თბილისის ისტორიულ უბნებში ყარაჩოხელებს, კინტოებს, ეროვნულ სამოსში გამოწყობილ ადამიანებს ევლოთ, ესეირნათ ფაეტონით, მტკვარზე ტივი ჩაშვებულიყო, თბილისურ აივნებზე ფარდაგები გადმოფენილიყო და გლეხებს სოფლებიდან სანოვაგე ჩამოეტანათ, დედაქალაქში მათი ჭირნახულის გამოფენა-გაყიდვა გამართულიყო... დღესასწაულს კონცერტების, სხვადასხვა სპორტული ღონისძიების გარეშე არ უნდა ჩაევლო და ბოლოს აუცილებლად უნდა აერჩიათ თბილისის საპატიო მოქალაქეები. იდეა მალე რეალობად იქცა.

1979 წელს, პირველ "თბილისობაზე" პირველი საპატიო მოქალაქეები იყვნენ: ლადო გუდიაშვილი - საქართველოს სახალხო მხატვარი, შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატი; კონსტანტინე ილურიძე - ელექტროვაგონშემკეთებელი ქარხნის მჭედელი, სოციალისტური შრომის გმირი; აკაკი შანიძე - ენათმეცნიერი, საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსი; შუშანა ჩიქოვანი - საქართველოს დამსახურებული მასწავლებელი.