"ზემოთ 4 კაცი და ქვემოთ ყველა მათხოვარი, ქვეყანა არ არის" - კვირის პალიტრა

"ზემოთ 4 კაცი და ქვემოთ ყველა მათხოვარი, ქვეყანა არ არის"

"უკვე იმდენი ახლობელი დამეღუპა... ბოლო იყო ერეკლე ბადურაშვილი, უცბად წავიდა... ლორთქი მეუბნებოდა, ცხონებული, მარტო დავრჩი, ყველა წავიდა და მე რაღა ვაკეთო აქო. ახლა ვხვდები, რას გრძნობდა, როდესაც ამას ამბობდა"

გია ყანჩელმა ლანა ღოღობერიძის ბოლო ფილმში ზურა ყიფშიძე აამღერაო... ფილმის პრემიერას არ დაველოდე და ბატონ ზურას დავუკავშირდი. შეხვედრა ვთხოვე, არ გაუპროტესტებია, სიამოვნებით დამთანხმდა ინტერვიუზე.

- გული დამწყვიტა გია ყანჩელის წასვლამ. ჩემი ხმა მოსწონდა და მასზე გადაღებული დოკუმენტური ფილმი გამახმოვანებინა. "როცა აყვავდა ნუშის" გადაღებებიდან ვიცნობდი, მაგრამ ბოლო დროს განსაკუთრებით დავახლოვდით. უნდა იმღეროო... ბატონო გია, მე ცუდად ჩაცმული ვარ, თორემ ცუდად გაზრდილი კი არა, არ გამოვა ჩემი სიმღერა-მეთქი. ვიცი, ვინც ხარ და რაც შეგიძლიაო, თავისას არ იშლიდა. მისი ამბავი რომ გავიგე, სულში, შიგნით, რაღაც უხილავი ჩამწყდა. უკვე იმდენი ახლობელი დამეღუპა... ბოლო იყო ერეკლე ბადურაშვილი, უცბად წავიდა, ფილმის გადაღება ვერ დაამთავრა. ლორთქი მეუბნებოდა, ცხონებული, მარტო დავრჩი, ყველა წავიდა და მე რაღა ვაკეთო აქო. ახლა ვხვდები, რას გრძნობდა, როდესაც ამას ამბობდა.

- ცხოვრება გრძელდება... გავიგე, შემოქმედებითი სიახლეები გაქვთ. - ორ სერიალზე ვმუშაობ რუსებთან ერთად და სულ აქეთ-იქით ქროლა მიწევს. მივხვდი, რატომ ჩამოდიან, რა აგიჟებთ. მართლა უჩვეულო და თავისებურია ჩვენი ქვეყანა, მაგრამ საკმარისია 1-2 კვირა დაჰყო, მიხვდები, რომ ხალხს უჭირს. არ შეიძლება ასე მოექცე იმ ფენას, რომელიც, ფაქტობრივად, ქვეყანას წარმოადგენს. საშუალო ფენა ქმნის ქვეყნის სიძლიერეს, თორემ ზემოთ 4 კაცი და ქვემოთ ყველა მათხოვარი, ქვეყანა არ არის. კაპიკებზე ვმუშაობ. იქაც რუსები, კრიზისი გვაქვსო, გაიძახიან.

- რა სერიალებია? - ერთი 1990-იან წლებზე... პატარა ქალაქში ქართველი მაფიოზი აზის ქალაქს, ბოლოს იქამდე გაიქაჩება, რომ დეპუტატობას მოინდომებს. მე მაფიოზს განვასახიერებ. მეორე სერიალი ძალიან საინტერესოა. მე-16 საუკუნეა. ევროპას უნდა, რომ რუსეთ-თურქეთი დაატაკოს ერთმანეთს. ბორის გოდუნოვი თურქეთში ასირიელ მღვდელს გზავნის, ფაქტობრივად, აგენტს, რომელსაც მე ვასახიერებ. გადაღება სტამბოლში, მოსკოვში, ტულაში, ყირიმსა და პეტერბურგში მიმდინარეობს. ფილმში მალხაზ აბულაძე, ირაკლი აფაქიძე და გიორგი გურგულიაც მონაწილეობენ.

- არაერთი პიროვნება გაკილეს, რუსეთში წავიდა გასტროლებზეო.

- ერთადერთი სფეროა, სადაც კონტაქტები ისევ არსებობს. მგონი, ეს ჩვენს წისქვილზე ასხამს წყალს - რაც უფრო მეტი ურთიერთობა იქნება, უკეთესია.

- ფრენები რომ არ იყო, როგორ ახერხებდით დანიშნულების ადგილზე მოხვედრას? - ზოგჯერ მანქანით ჩავდიოდი ერევანში, ზოგჯერ წვალებ-წვალებით...

- რუსები რას ამბობენ ამ "სადამსჯელო აქციაზე"? - ზოგი არასერიოზულად უყურებს...

- რუსეთი რომ ოკუპანტია, იმასაც? - ამაზე ამბობენ, ეს პოლიტიკაა, ჩვენ ვერ ვერკვევითო.

დაძაბული სიტუაციაა რუსეთშიც. საპენსიო რეფორმამ საბოლოოდ დაასამარა აზრი, რომ მათი "მთავარი" ყველაზე ჭკვიანი და მაგარია.

- ქართველებს წელს ცხელი პოლიტიკური ზაფხული გვქონდა. - არის თავის მართლება, მთელ მსოფლიოში ასე ხდებაო, მაგრამ, ალბათ, არ იყო საჭირო სროლა, დავიდარაბა და თვალების დათხრა. ყველაფერი უნდა გაკეთებულიყო, რომ ეს არ მომხდარიყო, მაგრამ ბოლომდეც ვერ გაამტყუნებ, სამართალდამცავები თავიანთ საქმეს აკეთებენ.

- წინ არჩევნებია. როგორ პოლიტიკურ ამინდს მოელით? - არც როგორს, ვისაც დიდი მატერიალური რესურსი აქვს, ალბათ, დაიცავს თავის ბიზნესსა და ინტერესებს. ასე გაგრძელდება და გაიწელება. ამის მერე რა იქნება, არ ვიცი... ერთხელ ერთი ჟურნალისტი მიკროფონს მტენის და მეკითხება: "ბატონო ზურა, როდის დაიწყება წარღვნა?" - დაწყებული არ არის? თუ როგორ გგონიათ, დილით დაიწყება და საღამოს დამთავრდება-მეთქი? წარღვნა დიდი ხანია დაწყებულია.

- ოჯახს როგორი ზაფხული გქონდათ? - რთული, თუმცა, ერთი მხრივ, კარგი, ლენუკას პირადი ცხოვრება აეწყო. გიორგის მაინცდამაინც სამუშაო არა აქვს და ამაზე გაბრაზებული სახლში ზის.

- ვისი ბრალიაო, რას ამბობს? - ყველაფერი ჩვენს თავს უნდა მოვთხოვოთ. სხვისი ბრალიაო, რომ ვიძახოთ, რა მერე? ბავშვები კარგები გვყავს, ჩააბარეს, გაგვახარეს - ლენუკას ბიჭმაც, ნიკუშამ, და გიორგის გოგონამაც, ნატალიამ. ოჯახურ პროფესიას არ გაჰყვნენ. სულ პატარა ყველას გვაგიჟებს, თუ ასე გააგრძელა, გენიოსი გამოვა. ძალიან კარგი ტიპია. ყიფშიძეებს გვგავს, ოღონდ წინაპრებს, ჭკვიანები ვინც გვყავდა. შვილიშვილები ბაბუს მეძახიან, შვილები - ზურას. მამა ერთხელ გავიგონე და მივხვდი, რომ ძალიან ვჭირდებოდი იმ მომენტში. ახალგაზრდა ვიყავი, მამა რომ გავხდი, გიორგიზე 24 წლით უფროსი ვარ. მეწევა ნელ-ნელა, 42 წლისაა უკვე, მაგრამ როცა უნდა ბავშვია, როცა უნდა, დიდი.

- თეატრში რა ხდება? - არაფერიც არ ხდება. ამხელა ჩხუბით და დავიდარაბით ქეთი დოლიძის გაშვება სირცხვილია. მერე ახალი რომ მოდიხარ და აშკარად დაკვეთით დგამ ბრეხტის "დედა კურაჟს", რომელიც, ფაქტობრივად, ჩავარდა...

- ვისი დაკვეთა იყო? - დავტოვოთ კომენტარის გარეშე. თეატრი ქარხანა არ არის. იქ თუ რაღაც არ ხდება, თუ არ არის გურუ, რომელიც შეყვარებულია პროფესიაზე, არაფერი გამოვა. თეატრში აფეთქებები უნდა ხდებოდეს. როცა თეატრი ჩუმადაა, საშინელებაა.

- პოლიტიკაში მოსვლაზე არ გიფიქრიათ? - ღმერთმა დამიფაროს. სახლში ვერ დამილაგებია რაღაცები და ქვეყანაში დალაგება როგორია.