"მაკრიტიკებენ, ქართველი კაცი ვერ იპოვე, რა გაგიჭირდაო? მე ეს ადამიანი შემიყვარდა, მან მაჩუქა სითბო, სიყვარული..." - კვირის პალიტრა

"მაკრიტიკებენ, ქართველი კაცი ვერ იპოვე, რა გაგიჭირდაო? მე ეს ადამიანი შემიყვარდა, მან მაჩუქა სითბო, სიყვარული..."

"ორი მული მყავს. ისინიც ატარებენ ჰიჯაბს, მაგრამ მამა არ აიძულებს, ეს მათი არჩევანია. ზოგი იმდენად არის მიჩვეული, მოხსნისას საკუთარი თავი აღარ მოსწონს"

მარიამ ცხადაძე ქალაქ მოსულში ცხოვრობს. მეუღლე ერაყელი მუსლიმანია, თუმცა ამას მათი სიყვარულისთვის ხელი არ შეუშლია...

- ჩემი მეუღლე, მუსტაფა ალ-ქასაბი, 25 წლისაა. 2016 წლის 14 იანვარს გავიცანი. ერთმანეთი ინტერნეტით გავიცანით, აღმოჩნდა, რომ საქართველოში ცხოვრობდა. მერე შევხვდით. თავიდან ვფიქრობდი, თუ არ მომეწონება, რა პრობლემაა, აღარ შევხვდები-მეთქი. სამსახურში ყოველდღე მაკითხავდა, 2017 წლის 21 აგვისტოს ხელი მოვაწერეთ და ჩემთან, საჩხერეში წავედით.

- როგორი რეაქცია ჰქონდათ შენს მშობლებს, როდესაც გაიგეს მისი ეროვნებისა და განსხვავებული მრწამსის შესახებ?

- დედაჩემმა იცოდა, რომ ჩემი შეყვარებული ერაყელი მუსლიმანი იყო. მითხრა, მთავარია, ბედნიერი იყო, მაგრამ მამაშენს რა უნდა ვუთხრაო? დაახლოებით ერთ წელიწადში მამაჩემს გაუმხილა, მარიამს ერაყელი შეყვარებული ჰყავსო. ერთ დღესაც მამამ დამირეკა, მართლა გიყვარსო? კი-მეთქი. მაშინ ჩამოიყვანე და გაგვაცანიო.

მეორე დღეს დავკარით ფეხი და საჩხერეში წავედით. ჩემს ოჯახს თუ სამეზობლოს მუსტაფამ ისე შეაყვარა თავი, რომ მისი ჩასვლა ძალიან უხაროდათ.

- როგორც ვიცი, შენს მეუღლეს განათლება საქართველოში აქვს მიღებული. - სამედიცინო უნივერსიტეტის კურსდამთავრებულია. 6 წელი სტომატოლოგიურ ფაკულტეტზე სწავლობდა.

- მისი ოჯახი როგორ შეგხვდა ქრისტიან რძალს? - მუსტაფას მამა განათლებული კაცია და უდიდეს პატივს სცემს ქრისტიანებს.

ამას წინათ მისი ძმა გვეწვია და ჩემზე ჰკითხა, სარწმუნოება თუ შეიცვალაო? ჩემმა მამამთილმა უპასუხა, სარწმუნოება რომ შეეცვალა, ჩემს შვილს ვაიძულებდი დაშორებოდაო. 14 თებერვალს, სიყვარულის დღეს, მუსტაფამ საჩუქრად ჯვარი მომიტანა და მას შემდეგ სულ მიკეთია.

- სავარაუდოდ, არც ჰიჯაბის ტარებას მოგთხოვდნენ. - ერაყში რომ ჩავედით, ჩემმა მეუღლემ მითხრა, თავზე უბრალოდ წამოიფარე რამეო. ეს რომ მამამთილმა გაიგონა, უსაყვედურა, რა საჭიროაო. თუ ქალი არ არის ერაყელი, მუსლიმანი, არ არის ვალდებული თავსაფარი ატაროს.

მოსულში ქალების უმრავლესობა ჰიჯაბს მხოლოდ იმიტომ ატარებს, რომ საზოგადოებამ არ გაკიცხოს. მის ტარებას გოგოები 12 წლის ასაკიდან იწყებენ - ქალებს მხოლოდ ხელის მტევნები და სახე უნდა უჩანდეთ.

ორი მული მყავს. ერთი 21 წლისაა, მეორე - 24-ის. ისინიც ატარებენ ჰიჯაბს, მაგრამ მამა არ აიძულებს, ეს მათი არჩევანია. ჩემი მამამთილი ლექტორია, ფსიქოლოგიას ასწავლის, ამასთან, ადვოკატია. კვლევა ჩაატარა, მოსწონთ თუ არა გოგოებს ჰიჯაბის ტარება. როგორც აღმოჩნდა, 70%-ს არ მოსწონს. როგორც ჩემმა მულებმა ამიხსნეს, ზოგი იმდენად არის მიჩვეული, მოხსნისას საკუთარი თავი აღარ მოსწონს.

- ერაყში საცხოვრებლად რატომ გადახვედით? - საქართველოში იუსტიციის სახლში შარშან შევიტანეთ განაცხადი ბინადრობის მოწმობაზე. უარი მოგვივიდა, ნასამართლობის ცნობა არ გვქონდა წარმოდგენილი. მუსტაფას მამამ გამოგზავნა და თავიდან შევიტანეთ განცხადება. 15 დღის შემდეგ მოვიდა წერილი, რომ პროცესი შეწყდა. დავრეკე, რა ხდება-მეთქი? მითხრეს, ნასამართლობის ცნობა არა გაქვთ წარმოდგენილიო. არადა, გვქონდა. მოკლედ, გაარკვიეს და მომიბოდიშეს. კიდევ 15 დღე გავიდა და მომივიდა წერილი, თქვენი მეუღლე ქვეყნისთვის საშიშიაო. გავასაჩივრე და დღემდე ველოდები სასამართლოს დანიშვნას, რომ მივიღო პასუხი, აძლევენ თუ არა ჩემს ქმარს ბინადრობის უფლებას. 6 წელი საქართველოში ცხოვრობდა და სწავლობდა, მაშინ თუ არ იყო საშიში, მერე რა შეიცვალა?! 30 სექტემბერს საქართველოში ყოფნის ვადა ამოეწურა, ამიტომაც წავედით ერაყში. მალე გამოცდები აქვს ჩასაბარებელი - ერაყის სახელმწიფო ყველას, ვინც უნივერსიტეტს საზღვარგარეთ ამთავრებს, 10 ეროვნულ გამოცდას უტარებს. მარტში ჩააბარებს და მერე ვნახოთ - ან დავრჩებით, ან სხვა ქვეყანაში წავალთ, ან თუ ღმერთი ინებებს, საქართველოში დავბრუნდებით.

- ბინადრობის მოწმობა შენ თუ აიღე? - ორ კვირაში ავიღებ სამუდამოს.

წერილებს მწერენ და მაკრიტიკებენ, ქართველი კაცი ვერ იპოვე, რა გაგიჭირდა ამისთანაო? მე ეს ადამიანი შემიყვარდა, მან მაჩუქა სითბო, სიყვარული და ყურადღება. მეშინია, რომ უარი მოუვა ბინადრობაზე და იძულებული ვიქნები, საქართველო სამუდამოდ დავტოვო.

- როგორია ქალთა უფლებები ერაყში? - საჯარო სკოლებში აკრძალულია ბიჭებისა და გოგოების ერთ კლასში გაჩერება. მაგალითად, ერთი კვირა გოგოებს აქვთ დილით სწავლა და ბიჭებს საღამოს, მეორე კვირაში პირიქით. არის კერძო სკოლები, სადაც ბიჭები და გოგონები ერთადაც სწავლობენ - იქ პროგრესულად მოაზროვნე ადამიანებს მიჰყავთ შვილები. უმაღლეს სასწავლებელში უკვე ერთად სწავლობენ. გოგონები ფოტოებსა და ვიდეოებს სოცქსელებში არ ტვირთავენ. ეშინიათ, სადმე არ გამოაქვეყნონ ან რამე უხამსობა არ დაუწერონ. აქ ბიჭს თუ დაელაპარაკე, იფიქრებს, სხვასაც დაელაპარაკებაო და ასეთი გოგო არ უნდათ. შეყვარებულები საზოგადოებას ემალებიან, ვერავინ იეჭვებს, რომ ერთმანეთი უყვართ.

არიან გამონაკლისებიც, რომლებიც მიმტანებადაც მუშაობენ, მაღაზიებშიც იხილავთ კონსულტანტ ბიჭებთან ერთად, ქორწილში ჰიჯაბის გარეშე ბედავენ წასვლას, მოკლე მაისურით თუ დეკოლტეიანი კაბით, ოღონდ გოგონები რესტორანში სხედან, ბიჭები კი გარეთ. ვიდეოს გადაღება აკრძალულია, სიძეს მხოლოდ ერთი საათით აქვს პატარძლის ნახვის უფლება...

- მოსული რამდენად უსაფრთხოა? - ქუჩების დასაწყისში დგანან ჯარისკაცები, რომლებიც ყველა მანქანას ამოწმებენ. დღისით ფანჯარა უნდა ჩასწიო, ღამით სინათლე უნდა აანთო კაბინაში და უთხრა, სად მიდიხარ.

მოსულს მდინარე ტიგროსი ორ ნაწილად ჰყოფს. მარჯვენა მხარე განადგურებულია, ჩვენ მარცხენა მხარეს ვართ. ახლა გზების დაგება დაიწყეს, ნაგვისა და ნანგრევების გატანაც. ჩემი მეუღლის ადრინდელი სახლი ბომბმა დაანგრა და მამამისმა თავიდან ააშენა.

ხალხს ჰგონია, რადგან ერაყია, აუცილებლად ომი უნდა იყოს. ერთადერთი ტერორისტები უქმნიან აქაურობას საფრთხეს, თორემ მშვიდობიან მოქალაქეებს ნამდვილად არ უნდათ ომი. ერაყში ბევრი ქართველია. მაგალითად, ქურთისტანში, ერბილში, 8 ათასი ქართველია.

- როგორც ვიცი, საქართველოდან კატა წაიყვანე. - "ტამტამი" ძალიან მიყვარს. აქ ძაღლს ეშმაკად, კატას კი ანგელოზად თვლიან. ბევრი ამბობს, ერაყში, მუსლიმანურ სამყაროში ცხოველი არ შეიძლება სახლში გყავდესო, რაც ტყუილია, ჩემ კატას თავს ევლებიან.

ბევრი მლანძღავს, უჯიშოებს ამრავლებ, ეგეთი ქალი შევარცხვინეო. თუმცა თბილი ტექსტებიც მომდის. ახლა მე და ჩემს მეუღლეს მხოლოდ ერთი ოცნება გვაქვს - საქართველოში გვინდა დაბრუნება.

10 ქვეყანა, სადაც ქალთა უფლებები უგულებელყოფილია

1. ჩადი

ჩადი ამ სიაში პირველ ადგილს იკავებს. ქალებს უმძიმეს ვითარებაში უწევთ ცხოვრება - ქვით ჩაქოლვა, დამახინჯება (სახის დაწვა) აქ ჩვეულებრივი ამბავია. გოგონებს 11-12 წლიდან ათხოვებენ, ხშირია ძალადობის ფაქტები. ხშირად პოლიციელები თავად არიან მოძალადეები.

2. ავღანეთი ავღანეთში ქალთა სიცოცხლის საშუალო ხანგრძლივობა 45 წელია. ომისა და ჩაგვრის ფონზე მათი რიცხვი შემცირებულია და გოგონებს ნაადრევ ასაკში აიძულებენ გათხოვებას. შესაბამისად, უამრავი გოგონა მშობიარობას ეწირება, რასაც ისიც განაპირობებს, 85%-ს არა აქვს შესაძლებლობა მიიღოს სამედიცინო მომსახურება.

3. კონგო კონგოში ყოველდღიურად 1000-მდე ქალი ხდება გაუპატიურების მსხვერპლი. 1996 წლიდან დღემდე ქვეყანა დატოვა 200 000-ზე მეტმა მოქალაქემ, რომელთა უმეტესობა ქალია.

4. სუდანი 2003 წლიდან დღემდე სუდანში სქესობრივი ძალადობის მსხვერპლი ქალების რაოდენობა მილიონს აჭარბებს.

5. გვატემალა ქალთა ძალადობრივი და დისკრიმინაციული ფაქტებით ეს ქვეყანა მხოლოდ აფრიკის ქვეყნებს თუ ჩამორჩება.

6. მალი მალი ერთ-ერთი ყველაზე ღარიბი ქვეყანაა მსოფლიოში. აქ ბევრი გოგონა წინადაცვეთის შემზარავ ტრადიციას ეწირება, ზოგიც გართულებული მშობიარობის მსხვერპლი ხდება 10-11 წლის ასაკში.

7. სომალი ამ ქვეყანაშიც გოგონების 95% წინადაცვეთის ტრადიციის მსხვერპლია. მხოლოდ 9%-ს აქვს შესაძლებლობა სამედიცინო დაწესებულებაში იმშობიაროს.

8. ინდოეთი ინდოეთში ქალების 70% ძალადობის მსხვერპლია - გოგონების 44.5%-ს 18 წლამდე აიძულებენ გათხოვებას, ყოველ 29 წუთში ერთხელ გაუპატიურება, ხოლო 77 წუთში ერთხელ ქალთა მკვლელობა ხდება. გასულ საუკუნეში ინდოეთში 50 მილიონ ქალზე მეტი მოკლეს, 100 მილიონი კი ტრეფიკინგის მსხვერპლი გახდა.

9. პაკისტანი პაკისტანში დაოჯახებულ ქალთა 90% ერთხელ მაინც ან მუდმივად არის ოჯახური ძალადობის მსხვერპლი. 2005 წელს ამ ქვეყანაში 1000 ქალი მოკლეს.

10. ერაყი სადამ ჰუსეინის დრო დიდი ხნის წინ დასრულდა, მაგრამ ქალთა უფლებები ჯერ კიდევ უგულებელყოფილია. ერაყელების ნაწილს სურს დემოკრატია, მაგრამ ამ ქვეყანაში ტრადიციები კანონზე მაღლა დგას. საინტერესოა ის ფაქტი, რომ არაბულ ქვეყნებს შორის, ერაყელი ქალები განათლების დონით ყველაზე წინ არიან.

ნათია სიბაშვილი