მოხუცი და ძაღლი - კვირის პალიტრა

მოხუცი და ძაღლი

"აქ, ვერაზე, მშიერი ლეკვი დაწანწალებდა, რომელსაც ვაჭმევდი. ისიც შემეჩვია და აღარ მშორდებოდა. მერე სულაც ჩემთან წამოვიდა. ახლა ეგ არის ჩემი ყველაფერი - ცოლიც, შვილიც და ამხანაგიც"

ალბათ, ამ ამბის მოთხრობით უჩვეულოს ვერაფერს გეტყვით: ასეთია ჩვენი ყოფის ნებისმიერი სიუჟეტი, როცა გაჭირვება ქუჩაში უშვებს ადამიანებსა და მათ მეგობარ ცხოველებს. ასეთები, ალბათ, თქვენც შეგხვედრიათ - ერთგულ ძაღლებთან ჩახუტებული უპოვრები, რომლებიც თვალებს ჩამოფხატული ქუდის ქვეშ მალავენ, ალბათ, იმიტომ, რომ ცხოვრების ყურება არ სურთ. ჩემი ყურადღებაც ერთ-ერთმა ასეთმა მიიპყრო - შუა რუსთაველზე, ყოფილი გამომცემლობის შენობის ვიტრინის მოაჯირზე უჩვეულოდ მშვიდად ჩამომსხდარმა მოხუცმა და მისმა ძაღლმა, რომელსაც თავი პატრონის გვერდზე მიედო და განძრევასაც არ ფიქრობდა. მათ პატრონების გარეშე ცხოვრება წამითაც არ შეუძლიათ, დღედაღამ მათ სუნთქვას უნდა დარაჯობდნენ. არც პატრონებს შეუძლიათ წლობით შეჩვეული უტყვი მეგობრების გარეშე. ამ ფოტოს გმირებიც სწორედ ასეთები არიან - ალექსი ლევიცკი და მისი მოშავო-მოყავისფრო ყურშა, რომელიც მთელი დღე პატრონის გვერდით ისე წევს, წამოდგომას იშვიათად იფიქრებს. ალექსი ჯერ ჩემმა შეკითხვებმა გააღიზიანა, ვინ ხარ, რა გინდაო?! გულწრფელად ვუთხარი, თქვენ ორნი ისე რაღაცნაირად ერთიანი ხართ ამ ხმაურიან ქუჩაზე, რომ თქვენკენ ფეხები თითქოს თავისით გამოემართა, უნდა მიამბოთ, ვინ ხართ-მეთქი. როგორღაც დამყვა, თუ ჩემს მეგობარ ყურშაზე გინდა ლაპარაკი, დაგელაპარაკები, ოღონდ როცა გამოივლი, აუცილებლად საჭმელი მოუტანეო. მერე ზურგს უკან პარკი გამოაჩოჩა და ძაღლს საჭმელი დაუყარა, გამოფხიზლდი, შენზე ლაპარაკობენო, თანაც თავზე გადაუსვა ხელი. ძაღლმაც მშვიდი თვალებით შემათვალიერა და ორივე ყური დაყურსა, თითქოს ჩვენს საუბარს მართლა ისმენდა.

- შენ მითხარი, რისი მოყოლა გინდა და მეც იმას მოგიყვები, მაგრამ საინტერესო რა გითხრა? წლობით აქ ვზივარ, იმიტომ, რომ ერთადერთმა შვილმა სახლი გამიყიდა და მხოლოდ სარდაფი დამრჩა. იქ შევსახლდი და მხოლოდ ეს ძაღლიღა დამრჩა მეგობრად. სარდაფში ზაფხულობით ძალიან ცხელა, ზამთრობით კი ძალიან ყინავს, ამიტომაც ორივე რუსთაველზე დავდივართ სამოწყალოდ, თანაც აქ ბევრი ხალხი დადის და ადამიანებს ველაპარაკები. უკვე დიდი ხნის ნაცნობები მყავს, ჩემსავით გაჭირვებული ხალხი. მართალია, ისინიც გაჭირვებაზე ლაპარაკობენ, თითქოს მე ვუშველიდე, მაგრამ ერთმანეთის ტვირთს რომ ვინაწილებთ, ესეც საქმეა!

- ნუთუ პენსია ან სოციალური დახმარება არა გაქვთ, რომ ცოტა სული მოითქვათ?

- რომ მაქვს, რა? განა 200 ლარით თქვენ იცხოვრებთ? ეგ ხომ წამლის ფულადაც არ ეყოფა მიტოვებულ ადამიანს.

- ვიცი, რომ ქრონიკულად დაავადებული ადამიანებისთვის მთავრობამ უფასო წამლების გაცემაც დაიწყო. ახლა მაინც ისარგებლეთ. - ალბათ, უფალს პატიება უნდა ვთხოვო, ამას რომ ვამბობ, მაგრამ ეგ წამლები თავად მოიხმარონ. შიდსისა და ჭლექის წამლებია უფასო, მე არც ერთი მჭირს და არც მეორე, სახსრები მტკივა.

- ძაღლი როგორ გაიცანით? - როგორც ორი უპატრონო იცნობს ერთმანეთს, აქ, ვერაზე, მშიერი ლეკვი დაწანწალებდა, რომელსაც ვაჭმევდი. ისიც შემეჩვია და აღარ მშორდებოდა. მერე სულაც ჩემთან წამოვიდა. ახლა ეგ არის ჩემი ყველაფერი - ცოლიც, შვილიც და ამხანაგიც.

- საბელი რაღად უნდა, თუ მაინც არსად მიდის. - არც წავა, ხანდახან ძაღლებს გაეკიდება, რომლებიც ახლოს მოდიან, არ უყვარს, როცა ჩემს საცოდავ თავს ვინმე ეცილება. მეც საბელით მოვქაჩავ და ისევ ჩემთან მოდის. უკვე 8 წლის ხდება. სანამ ეს იცოცხლებს, ალბათ, მანამდე მეც ვიცოცხლებ. იმედია, ცოტა ხანს არაფერი დაგვემართება.

- რა უნდა გისურვოთ, არც ვიცი. - სახლ-კარს ნამდვილად ვერ მისურვებთ, რადგან არასოდეს მექნება. ისევ სხვებს უსურვეთ, რომ მოწყალების გაცემა შეეძლოთ, ასე ჩვენ ორნიც ვიარსებებთ.