"სახალხო კრება" ტელემუშაკის თვალით - კვირის პალიტრა

"სახალხო კრება" ტელემუშაკის თვალით

გასული კვირის მთავარი ტელემოვლენა ნამდვილად "სახალხო კრება" გახლდათ. შეიძლება იკითხოთ, რატომ ვფიქრობ ასე, რა კავშირი აქვს საპროტესტო მიტინგსა და ტელევიზიას? საქმე ის არის, რომ დღევანდელ სტატიაში მინდა ერთმანეთთან დაპირისპირებული პოლიტიკური ძალების საქმიანობა ტელეინდუსტრიის სპეციფიკიდან გამომდინარე განვიხილო.

ტელევიზიასა და პოლიტიკას ბევრი რამ აქვს საერთო: დინამიზმი, დრამატურგია და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გამოსახულების ხარისხი. თუ "სახალხო კრებას" გავიხსენებთ, შეიძლება მას ძალზე ზუსტი ტელეანალოგია მოვუძებნოთ.

1990 წელს სახტელერადიო კომიტეტის მუშაკები თვალის დახამხამებაში "გაეროვნულდნენ" (ისევე, როგორც მეცნიერული კომუნიზმის კათედრა გადაკეთდა თეოლოგიის კათედრად). დიქტორი, რომელიც მანამდე არაკრაკებდა საკმაოდ რთულ  ფრაზას: "დიმიტროვის სახელობის ქარხნის მუშები გამოვიდნენ შემხვედრი გეგმით, რომელიც გეგმა-ვალდებულებაზე მეტია", 90-იან წლებში უკვე თავისუფლად ოპერირებდა სიტყვებით: მამულიშვილი, ღვთივკურთხეული, სულმნათი და მისთანა. ამავე დროს არ გტოვებდა ბუნდოვანი შეგრძნება იმისა, რომ ეს კაცი ერთსა და იმავეზე ლაპარაკობდა.

გამოხდა ხანი, გამოიცვალა კადრის დაყენების, სტუდიის განათების, სატელევიზიო რეპორტაჟის მომზადების მეთოდიკა, გამოიცვალა ხალხი, რომელიც ეკრანზე ჩანდა, შეიცვალა ქვეყანა, შემოვიდა ინტერნეტი, მობილური კავშირგაბმულობა. მოკლედ,  XXI  საუკუნე დადგა, მაგრამ რაოდენ სამწუხაროა, რომ ქართული ოპოზიციური სპექტრის დიდი ნაწილი სწორედ იმ 90-იანი წლების, კომუნისტურიდან სახელდახელოდ გაეროვნებულის ასოციაციას ტოვებს. "სახალხო კრების" ტრიბუნაზე გამომსვლელ პოლიტიკოსთა პათოსი ისევე არადამაჯერებელია, როგორც მაშინდელი დიქტორების "პატრიოტული ლირიკა". ტელევიზია ოხერი რამეა.

ხშირად გამოსახულება უფრო მეტზე მეტყველებს, ვიდრე ის, თუ რას ლაპარაკობენ კადრში. მაგალითად, გუბაზ სანიკიძე, რომელსაც ტრიბუნა "უჭერდა" (თავის ფიგურასთან შედარებით პატარა ტრიბუნასთან იდგა), თავისი მძლავრი სხეულით ფარავდა ზურგს უკან გაკრულ ბანერს და მაყურებელი, ნაცვლად  იმისა, წაეკითხა "ძალა ხალხშია", კითხულობდა "შია"-ს.

როგორც ყოველთვის, გუბაზი ძალიან მჭევრმეტყველურად და აღმგზნებად ლაპარაკობდა იმაზე, თუ როგორი პირსისხლიანია მიხეილ სააკაშვილი და როგორ უნდა აღუდგეს წინ ქართველი ერი მის დიქტატურას, მაგრამ მის უკან ვერაგულად მომზირალი "შია" სულ სხვა ელფერს აძლევდა მის გამოსვლას. მთელი ესთეტიკა ამ სახალხო ჰეპენინგისა, კადრის სტრუქტურა ("მაესტრო" ყოველივეს პირდაპირ ეთერში გადასცემდა), ვიზუალური კონცეფცია, ის, რასაც ტელევიზიის ხალხი "კარტინკას" უწოდებს (ბოდიში რუსული სიტყვისათვის), სწორედ იმ ბედკრული 90-იანების დასაწყისს მახსენებდა.

მიშა კი აშკარად "ემ-ტი-ვია", ოღონდ ინგლისური არა, აზიური. "ემ-ტი-ვიზეც" იყო გადაცემა "გრაინდი", სადაც პლაჟზე შიშველი გოგოები ცეკვავდნენ და მიშამაც მოაწყო რაღაც ამდაგვარი ბათუმში. მისი პარტიული თავყრილობები "ემ-ტი-ვის" დაჯილდოების ცერემონიალს ჰგავს, მუსიკალური ნომრებითა და კარგი  ქალებით. ერთი სიტყვით, სწრაფი მონტაჟი, ჭყეტელა მრავალფერადოვნება სწორედ ამ გასართობი ტელევიზიის ასოციაციას ქმნის.

"ემ-ტი-ვი" არ არის ყველაზე მაგარი ტელევიზია მსოფლიოში, მის მომხმარებელთა შორის ინტელექტუალთა, აზრზე მოსულთა რაოდენობა არცთუ ისე დიდია, ის მასკულტურის პროდუქტია. თუმცა რაც უნდა ეცადოს ნინო ბურჯანაძე, 90-იანი წლების სახტელერადიოკომიტეტი "ემ-ტი-ვის",  თუნდაც აზიურს, ვერ მოუგებს.

მაყურებელი ყოველთვის გადართავს "ემ-ტი-ვიზე", რეკლამასაც ყოველთვის "ემ-ტი-ვიზე"“მიიტანენ. მით უმეტეს, როცა ჩვენს„"ემ-ტი-ვის" საკუთარი პოლიცია ჰყავს, რომელიც ამ ყოველივეს უზრუნველყოფს. მგონი, მოვიდა დრო, როცა პოლიტიკოსების ერთმა ნაწილმა "მაუწყებლობა" უნდა შეწყვიტოს და "ეკრანზე" ფერადი ზოლები გაუშვას.

შალვა რამიშვილი