The Top Tens: საქართველო უძველეს ცივილიზაციათა სამეულში შევიდა - კვირის პალიტრა

The Top Tens: საქართველო უძველეს ცივილიზაციათა სამეულში შევიდა

ამერიკულმა გამოცემამ The Top Tens-მა გამოკითხვა ჩაატარა, რომლის დროსაც მკითხველებს "ყველაზე საუკეთესო ცივილიზაციების" ათეული უნდა შეერჩიათ. შეფასებების შედეგების მიხედვით, საქართველომ რეიტინგში მესამე ადგილი დაიკავა.

ქართულ ცივილიზაციას წინ მხოლოდ ბერძნული და ეგვიპტური ცივილიზაციები უსწრებენ. შემდეგ უძველესი ცივილიზაციების რეიტინგში ადგილებს თანმიმდევრობით ინაწილებენ რომი, ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთი, აცტეკების იმპერია და სპარტა. ბოლო ადგილზე არიან - კელტების ცივილიზაცია, შუა საუკუნეების ინგლისი და ეთიოპია.

რეიტინგი იმ კრიტერიუმების მიხედვით შედგა, რომლებიც უძველეს ცივილიზაციებს ახასიათებთ. ვებ-გვერდის მკითხველებს შესაძლებლობა ჰქონდათ თავიანთი აზრი ამა თუ იმ ქვეყნის მიმართ კომენტარების სახით გამოეხატათ, აგრეთვე დაესაბუთებინათ, თუ რატომ მიეკუთვნება ესა თუ ის ქვეყანა (ხალხი) უძველეს ცივილიზაციას. საქართველოს შესახებ სამასზე მეტ კომენტარში საიტის მკითხველები აღფრთოვანებულნი არიან ქვეყნის მდიდარი კოლორიტით და ქართველების მეგობრული განწყობით, მათი სტუმართმოყვარეობით, ქართული მრავალხმიანი სიმღერებით და ცეკვებით. გამოხმაურებებში მკითხველები კავკასიის უძველეს ქვეყანას ვაზის სამშობლოს უწოდებენ და იხსენებენ მსოფლიოში ცნობილ ლეგენდებს ოქროს საწმისსა და მიჯაჭვული პრომეთეს შესახებ.

კომენტარებში ასევე აღნიშნულია, რომ სწორედ საქართველოში იქნა აღმოჩენილი უძველესი არააფრიკული ჰუმანოიდების ნაშთები, ხოლო ქართული ენა მსოფლიოს ათ უძველეს სალაპარაკო ენების სიაში შედის, რომელზეც ადამიანები ჯერ კიდევ საუბრობენ.

შეგახსენებთ, რომ The Top Tens-ის გასული წლის გამოკითხვის შედეგებით საქართველოს მეფემ დავით IV აღმაშენებელმა ყველა დროის ათ ცნობილ მხედართმთავართა ათეულში პირველი ადგილი დაიკავა და თვით ალექსანდრე მაკედონელსაც კი გადაუსწრო. წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ