რას იხსენებს "ნიკოფსიითგან დარუბანდამდის" რუკის ავტორის შთამომავალი - კვირის პალიტრა

რას იხსენებს "ნიკოფსიითგან დარუბანდამდის" რუკის ავტორის შთამომავალი

სახელოვანი წინაპრების ღირსეული შთამომავალი დღეს დასასაქმებელთა სიაში მეორიათასეა

სახელოვანი წინაპრების შთამომავალი ქალბატონი მედიკო ჩხაიძე ერთ-ერთი სახელმწიფო დაწესებულების შესასვლელში დასაქმების მთხოვნელთა გრძელ  რიგში აღმოვაჩინეთ. ჩვენი ყურადღება მისმა რამდენიმეფურცლიანმა ავტობიოგრაფიულმა ცნობამ მიიპყრო, სადაც არა მხოლოდ ქალბატონი მედიკოს კვალიფიკაციის, საზღვარგარეთ მიღებული განათლების, სამეცნიერო ხარისხების, ნაშრომების თუ გამოგონებების, არამედ სხვადასხვა  გატაცებისა და უნარების ვრცელი ჩამონათვალი შევნიშნეთ.

KvirisPalitra.Geქალბატონი მედიკო ბოლო დრომდე ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიოლოგიის ფაკულტეტის კათედრაზე მუშაობდა და სავარაუდოდ, ასაკის გამო მოყვა შემცირებაში. ახლა კი, რაც შეეხება მის გენეალოგიას. როგორც აღმოჩნდა, ქართული რუკის შემდგენელი ევსევი ნიკიფორეს ძე ბარამიძე მისი მკვიდრი ბიძა (დედის - ქეთევან ბარამიძის  ძმა ყოფილა), ხოლო მამა, დავით პავლეს ძე ჩხაიძე - მრავალი საგანმანათლებლო წიგნის ავტორი.

ალბათ, ბევრმა არ იცის, რომ ევსევი ბარამიძე საბჭოთა პერიოდში სწორედ ამ რუკის გამო გადაასახლეს 10 წლით ციმბირში, არც ის იციან, რომ ევსევის ორი ძმაც რეჟიმთან ბრძოლას შეეწირა. ქალბატონმა მედიკომ სახელოვანი წინაპრების ცხოვრებისა და ნაღვაწის  თაობაზე დღემდე ცნობილი თუ უცნობი მასალები საგულდაგულოდ შეკრიბა და ერთი ნაწილი "კვირის პალიტრას" გაუზიარა:

- ბევრი იცნობს 1923 წლით დათარიღებულ საქართველოს პოლიტიკურ რუკას, რომელზეც საქართველო "ნიკოფსიითგან  დარუბანდამდე" საზღვრებშია წარმოდგენილი და ამშვენებს წარწერა: "შემდგენელ-შემსრულებელი ევ. ბარამიძე", იქვეა მისი ხელით შესრულებული ქაჯეთის ციხის შესანიშნავი გრაფიკა. ეს რუკა ივანე ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტის საქართველოს ისტორიის მუზეუმშია გამოკრული, სხვათა შორის, ევსევის რუკები ჩვენი ძველი სახლის მიშენებულ სარდაფში ინახებოდა.

მახსოვს,  ერთხელ ჩემი ძმის სათამაშოს ვეძებდი და საგულდაგულოდ დამალულ ტილოს ტომარას გადავაწყდი, ვცადე, გახსნა, მაგრამ ვერ მოვახერხე. მოგვიანებით მშობლებს ვკითხე, პატარა სარდაფში ერთი ტომარა ვიპოვე და შიგ რა არის-მეთქი. სასწრაფოდ ტუჩებზე ხელი ამაფარეს და გამაფრთხილეს: მაგ ტომარაზე არავისთან არაფერი წამოგცდეს, მასში რუკები ინახება, რომლის  გამოც ევსევი ბიძია გააციმბირეს და თუ ვინმე გაიგებს, რომ რუკები ჩვენთან არის, ევსევის ბედი მოგველისო. ბავშვობა ისე გავატარე, გაციმბირების შიშით სიტყვა აღარ დამიძრავს და აღარც ზედმეტი კითხვა დამისვამს. პატარებს მუდმივად გვესმოდა, კედლებსაც ყურები აქვსო.

იმ ტომარაში რუკებიდან ერთ-ერთი შესაძლოა ისიც ყოფილიყო, რომელიც ქართულმა დელეგაციამ 1919 წელს პარიზის საერთაშორისო სამშვიდობო კონფერენციაზე წაიღო. დელეგაციაში შედიოდნენ ნიკოლოზ ჩხეიძე (დელეგაციის ხელმძღვანელი), ირაკლი (კაკი) წერეთელი, ივანე ჯავახიშვილი, ზურაბ ავალიშვილი და სხვები. რამდენიმე რუკა ევსევის სწორედ იმ ევროპულ ქვეყნებში გაგზავნის მიზნით ჰქონდა შედგენილი, რომლებმაც შემდეგ სწორედ ამ რუკის "ნიკოფსიითგან დარუბანდამდის" საზღვრებში ცნეს ქვეყნის დამოუკიდებლობა:

გერმანიამ, ინგლისმა, საფრანგეთმა, ბელგიამ, იტალიამ, იაპონიამ, პოლონეთმა, ავსტრიამ, რუმინეთმა, ლუქსემბურგმა, მექსიკამ. იმ დოკუმენტაციის დიდი ნაწილი, რომელიც დღეს გასაიდუმლოებულია, სავარაუდოდ, ამ ქვეყნებში ინახება. ივანე ჯავახიშვილი და ევსევი ბარამიძე ცდილობდნენ ამ ისტორიული და სახელმწიფოებრივი საქმის მოსწრებას საქართველოს გასაბჭოებამდე.

1919 წელს ივანე ჯავახიშვილმა მონოგრაფიაში "საქართველოს საზღვრები" ზუსტად ისე აღწერა საიდან სადამდე იყო გადაჭიმული ჩვენი ქვეყნის ტერიტორია, როგორც მოგვიანებით გამოცემულ ევსევი ბარამიძის შედგენილ რუკაშია წარმოდგენილი.

სხვათა შორის, 1919 წლის გამოცემას რუკა თან არ ახლდა. ის 1923 წელს გამოიცა, რამაც ბოლშევიკები აღაშფოთა. 1936 წელს უნივერსიტეტში ივანე ჯავახიშვილის მონოგრაფიაზე გაიმართა დისკუსია, რომელსაც შედეგად ევსევი ბარამიძის ციმბირში გადასახლება მოჰყვა. ივანე ჯავახიშვილი იყო რუკის რედაქტორი.

ბავშვობიდან მიჩნდებოდა კითხვა:  როგორ გადაურჩა ევსევი ბიძია  დახვრეტას? მით უფრო, რომ 1924 წელს გოლოვინსკზე სხვა იუნკრებთან ერთად დახვრიტეს მისი ძმა, ეროვნულ-განმათავისუფლებელ ბრძოლაში ჩართული ახალგაზრდა იუნკერი ბენია ბარამიძე.

ევსევის მესამე ძმა - ქსენოფონტე ბარამიძე, ასევე ეროვნულ-განმათავისუფლებელი იდეების ქადაგების გამო ციხეში გამოამწყვდიეს, სადაც ჯანმრთელობა შეელახა და გარდაიცვალა. ვფიქრობ, ევსევი ბარამიძე ისევ პროფესიონალიზმმა გადაარჩინა. გადმოცემით ვიცი, რომ ციმბირში  ევსევის პროფესიის მიხედვით მისცეს საქმე და სხვა გადასახლებულებთან შედარებით ოდნავ უკეთეს პირობებში აცხოვრებდნენ. საყვარელ  მეუღლესა და შვილებზე ფიქრმა, როგორც ჩანს, კარტოგრაფს ძალა შემატა და ასე თუ ისე, ისტორია ისტორიად დარჩა, ხოლო  ფაქტი ფაქტად, რომ ბოლშევიკურმა რუსეთმა ჰაიჰარად გაასხვისა მიწები;

ისევ ივანე ჯავახიშვილის მონოგრაფიასა და ევსევის შედგენილ რუკას დავეყრდნობი და ვიტყვი, რომ სწორედ ბოლშევიკური რუსეთის წყალობით დავკარგეთ: ართვინის 3330 კვადრატული კილომეტრი, ფოცხოვის - 588 კვკმ; არტაანის - 5137 კვკმ, ოლთისის - 3051 კვკმ, ბორჩალოს - 3812 კვკმ, ზაქათალის - 3564 კვკმ.

ასე რომ, ალბათ, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს ისტორიის ეს ფურცელი, რომელთანაც ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და ტერიტორიული მთლიანობა მჭიდროდ არის დაკავშირებული, ჩვენი მიწების ნაწილ-ნაწილ დატაცებას კი ბოლო არ უჩანს.

- ძალიან საინტერესო წარმომავლობა გქონიათ. ასევე გავოცდი, როცა ავტობიოგრაფიულ ცნობარში თქვენი უნარების ჩამონათვალი ვნახე...

- ახალგაზრდობის საოცარი წლები მქონდა, შეიძლება ითქვას, წუთი უქმად არ დამიკარგავს. მოუსვენარი ვიყავი და ყველაფერი ვისწავლე... ასაკი მომემატა, თუმცა დღესაც ვცდილობ, ახალ დროებას ავუწყო ფეხი, მაგრამ...

ერთ-ერთმა თანამდებობის პირმა მომწერა, რომ მეორიათასე ვარ დასასაქმებელთა სიაში და როცა ჩემი ჯერი დადგება, ყურადღებას მომაქცევს(!). ყურადღებისთვის მაინც მადლობელი ვარ, მაგრამ  როდის დასაქმდება ნეტავ ის 1999, ახლა ამაზე ვფიქრობ.

ერთ დროს იმდენად მდიდრები ვიყავით, რომ სამჯერ გაგვქურდეს, უამრავი ძვირფასი ნივთი წაიღეს, მაგრამ დედ-მამა სამ-ოთხ ადგილზე მუშაობდა და დანაკლისი დიდად არ გვიგრძნია. ისედაც, კაცის მთავარ განძად მისი ღირსება და განათლება მიგვაჩნდა. დღეს არც კი ვიცი, სჭირდება კი ვინმეს განათლება ან ღირსება, რომლისთვისაც ჩემმა წინაპრებმა სიცოცხლე გაწირეს.

1936 წლის დისკუსიის ჩანაწერის ფრაგმენტი საიდუმლო არქივიდან:

"მენშევიზმის ქურქში გამოხვეული პროფესორი ჯავახიშვილი ცდილობს საზღვრების დაცვისთვის ყველაფერი შეასრულოს, დათმოს საქართველოს მენშევიკური დამოუკიდებლობისთვის ყოველივე. ერის პოლიტიკური უფლების საკითხი ჯავახიშვილისთვის საზღვრებია და არა მუშათა კლასის და გლეხობის ბრძოლის ლენინური სტრატეგია.

ბოროტად არის გაგებული სტალინური დებულება ერთა თვითგამორკვევის უფლების შესახებ... პროფ. ჯავახიშვილმა ანტიმარქსისტული, ანტილენინური, ანტისტალინური დებულებებით გაჟღენთილი შრომები მოგვცა და მას შემდეგ არ უცდია ეღიარებინა მის მიერ დაშვებული ეს უდიდესი შეცდომები".

KvirisPalitra.Ge