"ვილა მარაინი" - ქართული ოცნება იტალიურად - კვირის პალიტრა

"ვილა მარაინი" - ქართული ოცნება იტალიურად

მეგობრის საფლავთან ჩაფიქრებულს ხანში შესული ქალბატონის ხმა შემომესმა:

- ეტყობა, მადლიანი კაცი იყო, დასაფლავებაზე ბევრი ხალხი მოვიდა.

- ცნობილი ექიმი იყო, ნარკოლოგი, - დავეთანხმე გულდამძიმებული.

ნარკოლოგის ხსენებაზე ქალბატონი იქვე ჩამოჯდა.

- ამ წამალმა, შვილო, რამდენი ოჯახი გააუბედურა, აი იქით სულ ახალგაზრდა ბიჭები არიან დასაფლავებულები, - ამოიოხრა ქალმა, - კვირა არ გავა, რომ არ მოასვენონ. 40 წელია საფლავებს ვუვლი და ასეთ რამეს მხოლოდ აფხაზეთის ომის დროს თუ შევსწრებივარ.

იმ დროს ვაკის სასაფლაოზე ვმუშაობდი. ხშირად მოასვენებდნენ ომში დაღუპულ ახალგაზრდებს, მაგრამ მაშინ განადგურებული მშობლები სასაფლაოზე თავაწეული დადიოდნენ, ახლა მოჰყვებიან შვილის კუბოს დაჩიავებულები, თავჩაქინდრულები, - ცრემლი მოადგა დეიდა ჟენიას, - ამათი მშობლების შემხედვარეს გული მიკვდება... ჩემი ჯერ კიდევ ცოცხალია...

სად არ ვუმკურნალე... ბოლოს, დაიჭირეს, ციხეში ორი თვე იჯდა. რომ გამოვიდა, ჯანმრთელად გამოიყურებოდა - აბა, ციხეში ნარკოტიკს ვინ მისცემდა! მერე გავიგე, რაღაც მეტადონის პროგრამა ყოფილა, სამკურნალო. ლატარია ვითამაშე, შვილო, პირველადი შესატანი - 450 ლარი რომ გადამეხადა, მერე ყოველთვე კაპიკს კაპიკზე ვადებდი და 150 ლარს ვიხდიდი, ვერც მეტადონმა უშველა რამე. პირიქით. ახლა ზის შინ ჩაკეტილი და მეშინია, გარეთ რომ გავიდეს... არადა, ნუთუ ჩემს შვილს და ათიათასობით მისნაირს  ცხოვრებაში მეორე შანსი აღარ უნდა მიეცეთ? - იკითხა და გაჩუმდა...

სამწუხაროდ, მის კითხვაზე პასუხი არ მქონდა და  საბურთალოს სასაფლაო გულდამძიმებულმა დავტოვე...

KvirisPalitra.Geროდესაც ნოემბრის დასაწყისში ევროპაში ერთ-ერთ ცნობილ სარეაბილიტაციო ცენტრ "ვილა მარაინიში" გამგზავრება შემომთავაზეს, მაშინვე დავთანხმდი, "ვილა მარაინიმ" ათიათასობით ნარკომანს ცხოვრების თავიდან დაწყება შეაძლებინა, ამიტომ მათი გამოცდილების გაზიარება ჩვენთვისაც სასარგებლო იქნებოდა.

"ვილა მარაინი" რომის ერთ-ერთ პრესტიჟულ უბანში, წითელი ჯვრის ტერიტორიაზე მდებარეობს, ცენტრი ყოველდღიურად სარეაბილიტაციო სერვისს 700-მდე პაციენტს სთავაზობს.

მასიმო ბარა, სარეაბილიტაციო ცენტრის ხელმძღვანელი: "1976 წელს რამდენიმე ენთუზიასტი შევიკრიბეთ. სულ სამი ოთახი გვქონდა და რამდენიმე პაციენტი გვყავდა. როდესაც სარეაბილიტაციო ცენტრის იდეა წითელ ჯვარს შევთავაზეთ, თავიდან დაგვთაAნხმდა, თუმცა შემდეგ პოლიციის ზეწოლის გამო გამოგვიცხადეს, რომ ჩვენი ოფისები უნდა დახურულიყო. სწორედ იმ დღეს გადავწყვიტეთ, რომ არასდროს შევწყვეტდით მუშაობას. კარგა ხანს დაფინანსების გარეშე ვმუშაობდით, მხოლოდ ენთუზიაზმით (სამწუხაროდ, ასეთ ადამიანებს საქართველოში თითქმის ვერ ნახავთ. - ავტ.). ჩვენი ერთგვარი დევიზი იყო:

"თუ ნარკოტიკის მომხმარებელი არ მოდის ჩვენთან, მაშინ ჩვენ მივიდეთ მასთან". დავდიოდით ქუჩებში და ვეძებდით იმ ადამიანებს, რომლებსაც ჩვენი დახმარება სჭირდებოდათ. როდესაც ჩვენი მუშაობის შედეგები თვალსაჩინო გახდა, სახელმწიფომ ცენტრის დაფინანსება გადაწყვიტა. დღეს "ვილა მარაინი" ნებისმიერი პაციენტისთვის ღიაა, არა აქვს მნიშვნელობა, საიდან ჩამოხვედი ან შენს ღმერთს რა ჰქვია".

"ვილა მარაინიში" მომსახურება უფასოა, ცენტრში მოსულ პაციენტს სარეაბილიტაციო პროგრამას ინდივიდუალურად ურჩევენ. მისი ხანგრძლივობა 11 თვიდან 3 წლამდეა. ცენტრის ტერიტორიაზეა თავშესაფარი, სადაც უსახლკარო პაციენტებს ღამის გათევა შეუძლიათ.

ცენტრის პაციენტებს არ ერიდებათ განვლილ ცხოვრებაზე საუბარი. ბევრი მათგანი ცენტრშივე არის დასაქმებული და გასამრჯელოთი უნივერსიტეტში სწავლის ფულსაც იხდის. საინტერესოა, რომ "ვილა მარაინის" თანამშრომლების ძირითადი ბირთვი, სოციალური მუშაკები - ყოფილი ნარკომანები არიან.

მასიმო ბარა: "პოლიცია ახლა დახმარებისთვის ხშირად მოგვმართავს. როდესაც დაკავებულ ნარკომანს საკანში აბსტინენცია ეწყება, ჩვენთან რეკავენ და მორიგე მობილური ჯგუფი მზად არის, დაკავებულს მეტადონი და სამედიცინო დახმარება შესთავაზოს. პოლიცია ჩვენს დახმარებას მაშინაც ითხოვს, როდესაც ქუჩაში საქმე ზედოზირებასთან გვაქვს (რომში ქუჩის ნარკომანიის პრობლემა მწვავედ დგას, ამიტომ ასეთი ფაქტები ხანდახან დღეში ორ ათეულს აღწევს. - ავტ.).

"ვილა მარაინიში" მეტადონს მხოლოდ ჰეროინის მომხმარებელ პაციენტებზე გასცემენ და აღნიშნავენ, რომ სარეაბილიტაციო პროგრამების გარეშე ნარკოტიკული ულუფის გაცემა არაეფექტიანი და შეიძლება სახიფათოც იყოს.

- კანონები უნდა იყოს ჰუმანური, - ამბობს ფსიქოლოგი ანა-მარია და ქართულ ნარკოპოლიტიკას ზედმეტად რეპრესიულს უწოდებს.

თუმცა ასეთი "ჰუმანური" კანონების წყალობით რომის გარეუბნებში თითქმის ყველა სახლში ნარკოტიკს ყიდიან და ყოველდღიურად ათასობით ახალგაზრდა იტალიის ყოველი კუთხიდან ამ უბნების ხშირი სტუმარია. რა თქმა უნდა, ეს სამართალდამცავებმაც იციან, მაგრამ თვალს ხუჭავენ.

"ვილა მარაინიდან" ქართული რეალობა სავალალოდ გამოიყურება. ჩვენში უკვე ორი ათეული წელია ნარკომანიის პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას. ხელისუფლება კი სარეაბილიტაციო ცენტრების გახსნას არ ჩქარობს.

მიუხედავად იმისა, რომ ბოლო ორი წელია საქართველოში ნარკოსცენა კარდინალურად შეიცვალა და ნარკომომხმარებლები ძირითადად კუსტარულად დამზადებულ ნარკოტიკებს მოიხმარენ (სპეციალისტებმა ამ ფენომენს "სააფთიაქო ნარკომანია" უწოდეს), ჯანდაცვის სამინისტრო  ისევ მეტადონით ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამების გაფართოებაზეა ორიენტირებული. უნდა ითქვას, რომ კოაქსილის მომხმარებელთა არმიისთვის საქართველოში არსებული სამკურნალო მეთოდები არაეფექტიანია.

საქართველოში სარეაბილიტაციო ცენტრის აშენებაზე გასული საუკუნის 80-იან წლებში დაიწყეს ფიქრი. ნარკოლოგების ძალისხმევით, 2005 წელს ბაზალეთის ტბასთან ცენტრის მშენებლობა თითქოსდა დაიწყო, თუმცა დღეისთვის იმ ადგილს მხოლოდ გალავანი აქვს შემოვლებული. არადა, სპეციალისტები ფიქრობენ, რომ სარეაბილიტაციო პროგრამების გარეშე ნარკოლოგიაში ჩადებული თანხები წყალშია გადაყრილი.