6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა თვითმკვლელობა სცადა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა - კვირის პალიტრა

6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა თვითმკვლელობა სცადა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა

2018 წელს სუიციდის 389 და სუიციდის მცდელობის 477 ფაქტი დაფიქსირდა, ხოლო 2019 წლის 6 თვის განმავლობაში 219 ადამიანმა სცადა თვითმკვლელობა, 207-მა კი სიცოცხლე სუიციდით დაასრულა",- ამის შესახებ სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

ლომჯარიას განცხადებით, ფსიქიკური ჯანდაცვა ერთ-ერთი ყველაზე პრობლემური სფეროა საქართველოში და "მიუხედავად იმისა, რომ სახელმწიფომ აღიარა, რომ უნდა ჰქონდეს შემუშავებული სუიციდის პრევენციის პროგრამა, ჩვენს ქვეყანას ასეთი პროგრამა არ აქვს".

როგორც სახალხო დამცველმა აღნიშნა, ფსიქიკური პრობლემები ძალიან ხშირად გამოწვეულია ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედებით.

"სამწუხაროდ, ფსიქიკური ჯანდაცვის საკითხები გვახსენდება მხოლოდ მაშინ, როდესაც გარკვეული შემთხვევები სრულდება ძალიან ტრაგიკულად, სხეულის დაზიანებით ან უფრო მძიმე შემთხვევებით. ფსიქიკური ჯანდაცვის სფეროში, გარკვეულწილად, ბოლო წლებში იზრდება საბიუჯეტო დაფინანსება, მაგრამ ძირითადად ეს თანხები მიემართება ინფრასტრუქტურული და სარეაბილიტაციო სამუშაოებისათვის. გარკვეულ სტაციონალურ- ფსიქიატრიულ დაწესებულებებში ნამდვილად გაუმჯობესდა ვითარება, თუმცა ეს არის ძალიან მინიმალური და არასაკმარისი იმ გამოწვევებისთვის, რაც ამ სფეროში არსებობს.

პირველ რიგში ეს არის ის, რომ ჩვენ ძალიან დიდი ხანია ვითხოვთ, რომ გადავიდეთ თემზე დაფუძნებულ სერვისებზე, სამწუხაროდ, საქართველოში ჩვენ გვაქვს ე.წ.სტაციონალური ხანგრძლივი მკურნალობისთვის განკუთვნილი სერვისები, სადაც პაციენტები ცხოვრობენ მთელი სიცოცხლის განმავლობაში. მათ არ აქვთ დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის საკმარისი უნარ-ჩვევები, ვერ ტოვებენ აღნიშნულ დაწესებულებებს და ოჯახიც უარს აცხადებს მათ მიღებაზე. გარდა ამისა, ძალიან პრობლემატურია ფსიქიკური და ჯანდაცვითი პრობლემების იდენტიფიცირება ადრეულ ეტაპზე და მათი მკურნალობა. ჰოსპიტალიზაციის შემდეგ მკურნალობაში პაციენტთა მხოლოდ 37% ჩაერთო გასულ წელს. ეს არის ის დარგი, რომელსაც ნაკლები ყურადღება ეთმობა სახელმწიფოს მხრიდან", - განაცხადა სახალხო დამცველმა.

მისივე შეფასებით, ძალიან ხშირად ფსიქიკური პრობლემები გამოწვეულია ფსიქოტროპული ნივთიერებების ზემოქმედებით და ასეთ შემთხვევაში, სახელმწიფოში არ არსებობს გამართული კოორდინაცია ნარკოლოგიურ ან ფსიქიატრიულ დაწესებულებებს შორის.

"ხშირად პაციენტს, რომელსაც ფსიქიკური პრობლემები განუვითარდა ამ ნიადაგზე, მას ვერ გაეწევა დროული და სათანადო მკურნალობა იმიტომ, რომ ერთი მხრივ, ნარკოლოგიურ დაწესებულებებში არ აქვთ სათანადო შესაძლებლობები, რომ

ფსიქიატრიული მიმართულებით უნკურნალონ, ფსიქიატრიულ დაწესებულებებში კი ნარკოლოგიური პაციენტების მართვის უნარები არ აქვთ",- განაცხადა ლომჯარიამ.

ცნობისთვის, 10 ოქტომბერს ფსიქიკური ჯანმრთელობის მსოფლიო დღე აღინიშნება. წელს, ფსიქიკური ჯანმრთელობის საერთაშორისო დღე სუიციდის პრევენციას ეძღვნება.

"ინტერპრესნიუსი"