"ხალხი ისე დაუნდობლად, უსინდისოდ ილანძღება და ცილს მწამებს, ეს ყველაფერი საშინლად განვიცადე..." - კვირის პალიტრა

"ხალხი ისე დაუნდობლად, უსინდისოდ ილანძღება და ცილს მწამებს, ეს ყველაფერი საშინლად განვიცადე..."

ამჯერად თამრიკო ჭოხონელიძის "წიგნის თაროთი" დავინტერესდით. ქალბატონ თამრიკოს ლიტერატურული ნაწარმოებების დამოუკიდებლად კითხვა 6 წლისას დაუწყია და მის ცხოვრებაში წიგნს დღესაც მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს...

გთავაზობთ ამონარიდებს ინტერვიუდან, რომელიც ჟურნალში "გზა" გამოქვეყნდა:

"კოკო ბევრს კითხულობდა, თუმცა ისე სწრაფად, რომ გააზრებას ვერც ვასწრებდი. მაინტერესებდა, წაკითხულ ნაწარმოებს როგორ აანალიზებდა, რა დასკვნა გამოჰქონდა, მას კი უკვე მეორე წიგნის კითხვა ჰქონდა დაწყებული (იღიმის). დღესაც ინტერესით კითხულობს. ხანდახან აღფრთოვანებული ვეკითხები: ამის წაკითხვა როდის მოასწარი, სად წაიკითხე-მეთქი? მიხარია, რომ ჩემი ორივე შვილი წიგნთან კარგად დაახლოებული იყო..."

"ბოლო დროს ზოგიერთმა იმ ადამიანმა, ვისაც ცოტაოდენი სმენა აქვს, ჩათვალეს, რომ სიმღერის დაწერა შეუძლიათ. ტელევიზიებიც არ აყოვნებენ და ტიტრებში მათ სახელს "კომპოზიტორს" უწერენ. ახლახან გია ყანჩელი უკანასკნელ გზაზე გავაცილეთ. ისიც კომპოზიტორი იყო და ის ადამიანებიც, ვინც რაღაც საშინელ, მდაბიოობას გვთავაზობს? თან, არანაირი გამოცდილება და განათლება არ აქვთ. პოეზიაშიც ეს ტენდენცია წამოვიდა: "საოცარი" კრებულები გამოდის. ან წიგნის გამოსაცემ ფულს სად შოულობენ? ყველამ მაპატიოს, მაგრამ ხალხი შიმშილით კვდება, სხვებს მაინც დაეხმარონ ეს უნიჭო ე.წ. პოეტები..."

"იცი, როგორი ლექსები იბეჭდება? მათი კითხვა ჩემთვის ერთგვარი გართობის საათია - ცრემლებამდე ვიცინი. "მე, ბებია, ილიკო და ილარიონში" ზურიკელას ლექსი - "ღამე იყო მთვარიანი", მათ შორის, ხარისხობრივად ყველაზე უკეთესია, გეფიცებით! აბსოლუტური უაზრობები ქვეყნდება. სხვათა შორის, საკუთარ თავს აღარ ვენდე და აზრი სპეციალისტებსაც ვკითხე - იქნებ არ მესმის და ამ ლექსების კითხვისას ტყუილად ვიცინი-მეთქი? თითქმის ყველასგან ერთნაირი პასუხი მივიღე - ქვეყანაში ქაოსიაო..."

"სინამდვილის დაწერის გარდა, მსურს, მნიშვნელოვანი კვანძები შევკრა და ისეთი საკითხები ამოვატივტივო, რომელიც ხვალ ჩემი შვილების და შვილიშვილების თაობას გამოადგება, მაგრამ ეს ისეთი მასალაა, რომელსაც მერე მხატვრულად გააზრება სჭირდება. სხვაგვარად წიგნი არ იკითხება. მართლა საინტერესო ცხოვრება გავიარე. იმედია, კიდევ მაქვს გასავლელი..."

"დღეს იმის გამო მატკინეს გული, რომ დღევანდელ ხელისუფლებასთან დაკავშირებით, "კითხვის ნიშნები" გამიჩნდა. საპროტესტოდ არ გავსულვარ და დროშა არ ამიღია ხელში, ხომ? ხალხი ისე დაუნდობლად, უსინდისოდ ილანძღება და ცილს მწამებს, რომ ეს ყველაფერი საშინლად განვიცადე. არ დავმალავ: თუ ვინმეს უნდოდა, ჩემთვის ყველაფრის სურვილი ჩაეკლა, მათ ეს მოახერხეს, თუმცა ისევ ჩემი შვილების წყალობით, ეს სტრესი დავძლიე. დღეს სალანძღავ კომენტარებზე ბევრს ვიცინით, მაგრამ თავის დროზე გული მტკიოდა..."

სტატიას სრულად წაიკითხავთ ჟურნალ "გზის" 10 ოქტომბრის ნომერში.

"ცილი დამწამეს, სამშობლოს და პატრიარქს უღალატაო... აღმოჩნდა, რომ თურმე სასულიერო პირებისგანაც ყოფილა ჩემზე თავდასხმა"

ეთო ყორღანაშვილი