"ჭკუიდან შეიშალე? პატრიარქს შენთვის პალტოს ჩუქება უნდოდა და უარი თქვი?" - რას იხსენებს იური როსტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე - კვირის პალიტრა

"ჭკუიდან შეიშალე? პატრიარქს შენთვის პალტოს ჩუქება უნდოდა და უარი თქვი?" - რას იხსენებს იური როსტი საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორეზე

იური როსტის რუბრიკაში "მეხსიერების ბარათი" - საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია მეორე

სტატიის ავტორი, ცნობილი ფოტოხელოვანი იური როსტი იხსენებს თავის შეხვედრებს საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორესთან. სტატია რუსულ გაზეთ Новая газета-ში 2019 წლის 11 ოქტომბერს გამოქვეყნდა.

"ის წელიწადი, როცა ილია სათავეში ჩაუდგა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას, კარგად მახსოვს - ჩვენ, მეგობრების კამპანია, "მოსკვიჩში" ვისხედით და კახეთში, "ალავერდობაზე" მივდიოდით. აქ, ალავერდის უდიდეს ძველ ტაძართან, მთელი ალაზნის ველიდან კახელები ოჯახებითა და მეგობრებით მოდიოდნენ, სუფრას შლიდნენ - ყველით, მწვანილით, დედასპურებით, მრგვლად მოხარშული დედლით, ტყემლით, ხაშლამით, ღვინით, ჭაჭის არაყით და წირვის დასრულებას ელოდნენ.

ღვინო და ჭაჭის არაყი მანქანაში ჩვენც გვქონდა. მართალია, მცირედ ნასვამები ვმღეროდით და ლაპარაკში ვიყავით გართულები, მაგრამ მაინც შევნიშნეთ "შავი "ვოლგა", რომელიც ვიწრო გზაზე ჩვენი "აზლიკ"-ის (АЗЛК –«Москвич») გასწრებას ცდილობდა.

- ვაჰ, რაიკომის მდივანს ჩვენზე ადრე მისვლა სურს?, - ამბობს გოგი ხარაბაძე.

საგზაო რბოლა დიდხანს არ გაგრძელებულა: უცებ წინ მჯდომი ჩვენი მეგობარი მიშა ჭავჭავაძე - მხატვარი, რომელიც ძველ ტაძრებში ფრესკების აღდგენას ნატრობდა, მობრუნდა და გვეუბნება: - მოიცათ, მანქანაში რაიკომის მდივანი კი არა, მღვდელი ზის. გზის ნაპირზე გავჩერდით. შავ "ვოლგაში" მჯდომმა ანაფორიანმა მშვენიერი გარეგნობის კაცმა გაგვიღიმა და მისალმების ნიშნად ხელი აგვიწია.

- ჩვენ რომ ის თავიდანვე წინ გაგვეშვა, ამ მომენტს ვერ დავიმახსოვრებდით, - თქვა გოგიმ, რომელიც, ისევე როგორც მიშა, სულ მალე "ვოლგაში" მჯდომ ადამიანს პირადად გაიცნობს და მთელი ცხოვრება მისი მეგობარი იქნება, - იგი ხომ ჩვენი პატრიარქია, ალავერდში მიდის თავისი პირველი წირვის ჩასატარებლად. ილია მეორე,  ფოტოგრაფი: იური როსტი

სწორედ ალავერდში გადავუღე პატრიარქს პირველად ფოტოსურათი, რომელიც დღემდე მაქვს შენახული. ამ ფოტოსურათით გაიხსნა ილია მეორეს აღსაყდრების 40 წლისთავისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა საქართველოს საპატრიარქოში, გოგი ხარაბაძის მხარდაჭერით.

ვიდრე ჩვენ მოლბერტებს ვამზადებდით, პატრიარქი თვალს გვადევნებდა, შემდეგ კი გამოფენილ სურათების დათვალიერება დაიწყო. შესაძლოა მან ამ დროს თავი გზის 40-წლიანი მონაკვეთი გაიხსენა...

- ეს ცხრა აპრილს არის გადაღებული? თქვენ გადამიღეთ?

საბედნიეროდ, ეს კადრიც შევინახე: გვიანი საღამოა, ხალხი რუსთაველის გამზირზე სანთლებით დგანან. ბევრი ხალხი - ახალგაზრდებიც, შუა ხნის კაცებით, ქალებიც. მიტინგი მიმდინარეობს. და უცებ მიკროფონთან ილია მეორე მიდის. იგი დაძაბულია, ჩაფიქრებული სახით. მიჩუმებულ სივრცეში იგი დინჯად და მკაფიოდ ამბობს, რომ მისთვის ცნობილი გახდა - მიტინგი დარბეული იქნებაო. პატრიარქი ყველას მოუწოდებს, რომ აგრესიისაგან თავი ქაშუეთის ტაძარს შეაფარონ.

დემონსტრანტები "მამაო ჩვენოს" ლოცულობენ და მთავრობის სახლის წინ რჩებიან.

- მაშინ მეც თქვენთან ერთად ვრჩები, - ამბობს პატრიარქი.

(...)

ქართველებისათვის ბედნიერებაა ის, რომ ილია ღირსეული ადამიანია, მაღალი ზნეობრივი დონით, თანაც იგი დღესაც ინარჩუნებს ადამიანურ მიმზიდველობას, იუმორს და შეუდრეკელობას, სათუთ გრძნობებს. ილია მეორე მასშტაბური პიროვნებაა და იგი დღესაც, ღრმა მოხუცებულობისა და ხშირი ავადმყოფობის დროსაც კი სერიოზულ საყრდენად რჩება ეროვნულ თვითშეგნებაში თავისუფალი საქართველოსთვის.

(...) შობის წინა დღე იდგა. გამოფენის გახსნის დღეს დარბაზში დავდიოდით და რაღაც-რაღაცეებს ვასწორებდით. ახალგაზრდა მამაო მომიახლოვდა და მეუბნება - მისი უწმინდესობა გიწვევთო. გოგი ხარაბაძეც ჩემთან ერთად წამოვიდა, პატრიარქის მეგობრის უფლებით.

ბოდიში, ბატონო გოგი, მაგრამ უწმინდესმა მხოლოდ ის მიიწვია", - თქვა მღვდელმა. გოგი დარბაზში დარჩა.

პატრიარქს თეთრი აბრეშუმის ტანსაცმელი ემოსა... მივუახლოვდი, ერთმანეთს მოვეხვიეთ.

ილია მეორე, 1989 წლის 9 აპრილი. ფოტოგრაფი: იური როსტი

- მადლობა, - მითხრა მან, როგორც ჩანს, გამოფენისათვის. მცირე ხანს იყუჩა და ხმადაბლა - ისე როგორც ახლა ლაპარაკობს - წარმოსთქვა: - მინდა პალტო გაჩუქოთ.

დავიბენი, თუმცა ვიცოდი, რომ იგი იუმორის მოყვარული ადამიანია.

- რა პალტო? - ლამაზი პალტოა. აი, თქვენს ზურგს უკან ჰკიდია.

მივიხედე და მართლაც კედელზე მიმაგრებულ საკიდზე ულამაზესი პალტო დავინახე, მატყლის შარფთან ერთად. ეს იყო ორბორტიანი შავი "როლს-როისი" ლაცკანებით...

- ჩაიცვით.

პალტო ზუსტად ჩემს ტანზე იყო გამოჭრილი, ჩამოსხმულივით მომერგო. შიგნით სარჩულზე წარწერა ჰქონდა - «Armani».

პატრიარქმა შემომხედა და მითხრა, პალტო ძალიან გიხდებაო.

გავიხადე და ფრთხილად ჩამოვკიდე თავის ადგილზე. (...)

- მე დიდი პატივისცემით გეპყრობით და თქვენს ყველა საჩუქარს - ბიბლიას, ქართულ ხატებს, ჯვრებს დიდი მადლობით ვიღებ და ვუფრთხილდები, მაგრამ მე, აი როგორ ვიცვამ - ჯინსი, სვიტერი, სპორტული ფეხსაცმელი... ჩემდა სამწუხაროდ, ამ პალტოს ვერ ვატარებ, თან ძალიან მეუხერხულება. სხვას კი ასეთ საჩუქარს ვერ მივცემ.

მან თავი დამიქნია. მოვეხვიე, დავემშვიდობე და წამოვედი.

პატრიარქის სამყოფელის შესასვლელთან მომლოდინეები იდგნენ, დაინტერესებულნი ჩემი მიწვევით, მე კი თან დაბნეული ვიყავი, თან მხიარული. მეგობრები ეჭვის თვალით მიყურებდნენ.

- აბა, რა იყო?, - მეკითხება გოგი ხარაბაძე ინტერესით.

- პალტოს ჩუქება სურდა

- და სადაა მერე პალტო?

- არ ამიღია, უარი ვთქვი.

- ჭკუიდან შეიშალე? პატრიარქს შენთვის პალტოს ჩუქება უნდოდა და უარი თქვი?

- მე ხომ პალტოს არ ვატარებ.

- მერე რა, პატრიარქის საჩუქარს ჩაიცვამდი... ბოლო-ბოლო, ვინმეს მისცემდი.

გოგის შევხედე და თვალით გავზომე - თითქმის ჩემი სიმაღლისაა. ამ დროს გოგი ქავთარაძე მოვიდა.

- შენ წარმოგიდგენია, პატრიარქი პალტოს ჩუქნის, ეს კი უარს ამბობს.

- თავის პალტოს?

- რა, რა თავისს... "არმანის" ფირმისაა, ორბორტიანი, ლაცკანებით...

- მერე, რატომ არ აიღე?, - შემომხედა გოგიმ.

- პირველ რიგში იმიტომ, რომ მთელი ჩაცმულობა უნდა შევიცვალო - პალტოს კოსტიუმი, პერანგი და ჰალსტუხი ჭირდება, ტუფლები...

- კი, წინდებიც...

- არა, წინდებს ვიცმევ ხოლმე... საერთოდ, არ მინდა ცხოვრების სტილი შევიცვალო.

- კარგი, პირველი მიზეზი გასაგებია, მეორე მიზეზით?

- პალტო რომ ამეღო, ამით საქმე ჩვეულებრივად დასრულდებოდა... ახლა კი ლეგენდა დაიბადა - პატრიარქმა პალტო აჩუქაო..

- "არმანის" ფირმის!

- ჰო, "არმანის", მან კი არ აიღოო

ამ დროს დარბაზში ილია მეორე შემოდის და მთელი ხალხი, პრემიერ-მინისტრის ჩათვლით, საპატიო ყარაულში ჩავდეგით. პატრიარქმა გამიარა და ხმადაბლა ჩაილაპარაკა:

- ჰმ, პალტო არ მოისურვა... შემდეგ ჩვენ ვისხედით და ვლაპარაკობდით. შორენას, პატრიარქის თანაშემწეს და მისთვის ახლო ადამიანს, ვეკითხები - ჩემი საქციელით ილია მეორეს ხომ არ ვაწყენინე-მეთქი.

- ჩემი აზრით, მას თქვენი საქციელი მგონი, მოეწონა კიდეც. მან იცის ცნობილი ანეკდოტი - "პალტო საჭირო არ არის" - ქართველისა და სომეხის პალტოების შესახებ.

დიახ, ილია მეორეს არ სწყენია. კაცმა რომ თქვას, მაინც დამასაჩუქრა. დასაჩუქრება ხომ მხოლოდ საგანში, ნივთში არ გამოიხატება, ის განზრახვაშიცაა. განზრახვა ჩვენი ცხოვრების მნიშვნელოვანი ნაწილია... და როგორ უნდა განახორციელო კეთილი საქმე, თუ მართლა გულწრფელად არ გსურს ან არ გაქვს მისი გაკეთების შინაგანი მოთხოვნილება? წყარო

მოამზადა სიმონ კილაძემ