წლის მთავარი ღვინის ფესტივალი - "ქართული ღვინის ფესტივალი 2019" შარდენზე დღეს გაიმართება - კვირის პალიტრა

წლის მთავარი ღვინის ფესტივალი - "ქართული ღვინის ფესტივალი 2019" შარდენზე დღეს გაიმართება

დღეს, წლის მთავარი ღვინის ფესტივალი - "ქართული ღვინის ფესტივალი 2019" შარდენზე გაიმართება.

"მათთვის, ვისაც ქართული ღვინის უკეთ გაცნობა სურს, 12:00-დან 19:00 საათამდე, შარდენზე "ქართული ღვინის ფესტივალი 2019" გაიმართება. ფესტივალში, რომელიც "პალიტრა მედიას", მედიაპორტალი ალლწინე.გე-სა და "მეიდან ჯგუფის" ორგანიზებით უკვე მესამედ იმართება, მონაწილეობის მიიღებენ როგორც დიდი კომპანიები, ასევე მცირე მარნები და სტარტაპები.

სინოპტიკოსები შაბათს მზიან და თბილ ამინდს გვპირდებიან, ამიტომ თამამად შეგიძლიათ მოხვიდეთ და დააგემოვნოთ ღვინო ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან ერთად.

ღონისძიების სამზადისი საკმაოდ მასშტაბურია. მონაწილეები ყოველდღიურად მუშაობენ და ქმნიან ახალ პროგრამებს, პერფომანსებს, გმირებს, რომლებსაც "ქართული ღვინის ფესტივალზე" წარადგენენ.

ფესტივალის ფარგლებში მოეწყობა ქართული ღვინის, ყველის, ჩირის, ასევე ქართული აქსესუარების გამოფენა-გაყიდვა. მრავალფეროვანი პროგრამის დახმარებით, ყველანაირი გემოვნების მქონე ადამიანი შეძლებს გართობას.

ფესტივალს 12:00 საათზე, საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი გახსნის და ამის შემდეგ სცენას ანსამბლი "შვიდკაცა" დაიკავებს. სასცენო პროგრამა სამ ეტაპად დაიყოფა: დღის პირველ ნახევარში ფოლკლორული და ქალაქური სიმღერები შესრულდება ისეთი ჯგუფების მიერ, როგორიცაა: თორდა, ადილეი, მარუა, რანინა და ცეკვის ანსამბლები. მესამე ნაწილში კი სცენას დაიკავებენ ისეთ ბენდები როგორიცაა: რეზო და ბავშვები და ელის ბენდი.

თუკი წიგნის მოყვარული ბრძანდებით, გამომცემლობა "პალიტრა L" გაძლევთ შანსს, რომ 13:00 საათზე, ამერიკელი მწერლის ელის ფეირინგის წიგნის - "ღვინის სიყვარულით, მოგზაურობა ღვინის სამშობლოში" წარდგენას დაესწროთ.

თუ ფესტივალზე ოჯახთან ერთად მისვლას აპირებთ, ნამდვილად არ ინანებთ, რადგან იგეგმება გასართობი შოუები თეატრალური და ცეცხლოვანი შოუს, ოჩოფეხების, მიმების, ბენდების, ცეკვის ანსამბლებისა და ფოლკლორული ჯგუფების , ასევე დრამების შოუს მონაწილებით.

დღეს, 12:00 საათიდან, გელოდებით შარდენზე, ქართული ღვინის დღესასწაულზე", - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.