ამგვარ წიგნებს ერთი ამოსუნთქვით კითხულობენ - კვირის პალიტრა

ამგვარ წიგნებს ერთი ამოსუნთქვით კითხულობენ

ვაჟა გიგაშვილს ლოზუნგებით ლაპარაკი არც უყვარს, არც შეუძლია. ან რა საჭიროა? როდის, რომელ ლოზუნგს მიუტანია სიმართლე კაცთა გულებამდე? სულ სხვაა, როცა მაგიდას მეგობრები უსხედან, ის კი სიგარეტის კვამლში გახვეული ლაპარაკობს. მეგობრები თავისას ამბობენ, ის - თავისას ჰყვება და ყველას ყველაფერი ესმის...

ან, მაგალითად, წარმოიდგინეთ, სანადიროდ გაჰყევით ვინმეს. ეს-ესაა, ციცაბო ბილიკები აიარეთ, მოსანადირებელი მოინადირეთ და როცა თითქოს მეორე სუნთქვა გაგეხსნა - ახლა უკვე სახელდახელოდ გაშლილ სუფრასთან რაღაცას იხსენებ... აი, ასეთი ტონით იწერება ვაჟა გიგაშვილის მოთხრობები, ასეთია

"ერთი ვინმე ყაფლანიშვილი", წიგნი, რომელსაც ქართული პროზის საგანძურის სერიით მიიღებთ მომავალ ხუთშაბათს.

ამგვარ წიგნებს ერთი ამოსუნთქვით კითხულობენ...

აქ ტრიბუნიდან არავინ გელაპარაკებათ, არც წარსულს მისტირის ვინმე აშკარად... აქ არც ოხვრაა, არც ფილოსოფიური წიაღსვლები. აქ ცხოვრებაა, რომელიც უნდა იყოს თუ არ უნდა იყოს ისეთი, როგორიც არის, მკითხველმა განსაჯოს.

სამი ერთმანეთისაგან დამოუკიდებელი, პატარა ეპიზოდი წიგნიდან "ერთი ვინმე ყაფლანიშვილი":

"ნოდარი დურბინდში ჩაშტერებული ცდილობდა გაერკვია, რა ხდებოდა... გივი მოთმინებით იდგა და გასცქეროდა გაღმა ნაპირს თვალებმოჭუტული...

რაღაც უცნაური პროცესია ჩანდა... ალბათ, ათამდე იქნებოდნენ, შეიძლება მეტიც... შამბსა და ლელიანში ისე რიალებდნენ და ირეოდნენ, რომ ბოლომდე ვერც დაინახავდი და ვერც დაითვლიდი. შუაში კი ერთი მობუქნავე სამეული ირჩეოდა. ერთ-ერთი მართლაც ქალი იყო.

სილუეტით მიხვდებოდი, რომ ლამაზი აღნაგობისა უნდა ყოფილიყო. სხარტად და მოხდენილად ტრიალებდა... შუბლზე წაკრული და აქეთ-იქით გაფრიალებული მანდილის გრძელი ბოლოები სახის გარჩევის საშუალებას არ იძლეოდა... მეორე - მაგარი და ყოჩაღი ახალგაზრდა კაცი იყო, პერანგი და ქურთუკი ერთიანად ჰქონდა მოშილიფებული, მკვრივი მკერდი და დაკუნთული მუცლის ფარი მოუჩანდა ხოლმე ტრიალისას...

მესამე - დათვივით დიდი, ბაყბაყა ვინმე იყო, თავპირ-გაბანჯგვლული, ჩოხადახეული... მხარზე მსხვილი მარგილი გაედო, ზედ ჩამოცმული ცხვრის თავითა და ტყავით... მოუხეშავი ბაჯბაჯითა და ტორტმანით ცეკვავდა, მაგრამ ძალიან ენერგიულად კი ამოდიოდა ბუქნებს...

...ერთ ვიღაცას, წინ გამოსულს, რაღაც უცნაურად დიდი ფანდური ეკავა და შეუსვენებლად, თავგადაკლული სიჩქარით გაუდიოდა ჩხლაკუნი... ერთ თეთრ თმაწვერიან, მოკაკვულ ბერიკაცს შამფურები ეჭირა მწვადის დიდრონი ნაჭრებით... ვიღაც მხარბეჭიანს კაი მოზრდილი ტიკი გაედო მხარზე...

სულ ბოლოში ერთი ჭიაყელასავით დაგრეხილი, მეჩხერწვერიანი, ელამი კაცი მობანდალობდა, ცალ იღლიაში წითელი მამალი ჰყავდა ამოჩრილი... სხვებიც იყვნენ, მაგრამ ცუდად ჩანდნენ... ყველანი "ცანგალა და გოგონას" დასძახოდნენ, ტაშს უხურებდნენ მოცეკვავეებს... ასე, ტაშ-ფანდურითა და ბუქნაობით, მთელი პროცესია სადღაც აღმისაკენ მიდიოდა"...

"- კარგი, წავედით! ხაშის ვარიანტი გატყდა, ლუდი უკვე დავლიეთ. მაინც გავიდეთ ცხვრის ქაბაბზე და "ბავარიულით" გავაგრძელოთ.

- გერმანელები, კაცო, ღორსა ჭამენ. ცხვრის ქაბაბზე "ბავარიული" არც გაუსინჯავთ, - თქვა ნოდარმა.

- ჰოდა, მაგაში ვერხი გვაქვს ქართველებს!"

"- მაგაზე ბოდიში და, სარქისიანცებს უკეთესი ყნოსვა ჰქონდათ, ვიდრე ჩვენს კნიაზებსა და გენერლებს. ოღონდ, კაცო, ეგეთი ამბებიცა გვხვდება: კნიაზ ფალავანდიშვილს დიდი ვალი აქვს აღებული ვინმე სუნდუკიანცისაგან, თამასუქით, უსინდისო, მხეცური პროცენტით. გირაოში მამულია ჩადებული.

დრო გადის, ფალავანდიშვილი გრიალებს, პროცენტები გროვდება. სუნდუკიანცი ხელებს იფშვნეტს, მამული მისი ხდება. მერვედ ფასში! მოგებას ანგარიშობს და ამ დროს - პუპლუზ! შემოვიდნენ წითლები, ატყდა დავიდარაბა! ფალავანდიშვილს დაშხუილებული აქვს და შაგრიალებული მთელი ეგ ფული. მამული აღარა აქვს. ვიღა რაღას წაართმევს? ვის შერჩა? ფალავანდიშვილს! რა შერჩა? გრიალი! ეგეთი მაგალითიც ბევრია.

ნოდარმა გადაიხარხარა:

- ვა-ჰა-ჰა-ჰა! ვენაცვალე ფალავანდიშვილს! ღმერთმა შეარგოს!

- იმ მომენტში კი შეარგო, მაგრამ მერე დახვრიტეს, 24-ში.

- ეჰ, ბოლშევიკები რამეს შეგარჩენენ?! - ისე ნაღვლიანად თქვა ნოდარმა, თითქოს ეს წუთია, ახლობლის უბედურება შეატყობინესო".

ეს არის ის, რისი დანახვაც მართლაც შეგიძლია შენს ქალაქში, შენს სოფელში... ასეთი დიალოგებიც არაერთი გაქვს მოსმენილი... ამაზე ჯერ კიდევ მიხეილ ჯავახიშვილი წერდა "ჯაყოს ხიზნებში" (ყაფლანიშვილის გვარიც ამაზე მიგვანიშნებს), მასაც ხომ ასეთი საქართველო სტკიოდა.

რაში გვაქვს "ვერხი" ქართველებს და რაში სჯობდა გვქონოდა, - ამაზე პასუხი, ცხადია, იცის მწერალმა, მაგრამ დიდაქტიკური ტონით არაფერს გეტყვით. ის უბრალოდ, უპრეტენზიოდ გიამბობთ და თქვენ - ჭკვიანებმა და ლამაზებმა, გულანთებულებმა და პრინციპულებმა იპოვეთ საქართველო. მარტო წიგნებში კი არა, ყოველდღიურ ცხოვრებაში.