მეღვინეობა „შილდაში" ახალი ბრენდის „პრინცი იოანე ბაგრატიონის“ წარდგენა გაიმართა - კვირის პალიტრა

მეღვინეობა „შილდაში" ახალი ბრენდის „პრინცი იოანე ბაგრატიონის“ წარდგენა გაიმართა

საქართველოს სამეფო ოჯახის წევრმა, პრინცმა იოანე ბაგრატიონმა საზოგადოებას სამეფო ღვინის ახალი ბრენდი „პრინცი იოანე ბაგრატიონი“ წარუდგინა. ცერემონია კახეთში, მეღვინეობა „შილდაში“ გაიმართა. ღონისძიებაზე სტუმრებს წარუდგინეს „პრინცი იოანე ბაგრატიონის“ სხვადასხვა სახის ღვინო.

ღონისძიებას სხვა სტუმრებთან ერთად საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დაესწრო.

როგორც იოანე ბაგრატიონმა განაცხადა, მისთვის დიდი პატივია მათი ღვინის წარდგენა.

„ქალბატონო პრეზიდენტო, ქალბატონებო და ბატონებო, ჩემთვის დიდი პატივია აქ თქვენს გვერდით ყოფნა. ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში, ჩემ ფესვებთან დაბრუნება. ძალიან ამაყი ვარ დღევანდელი დღით“, - განაცხადა პრინცმა იოანე ბაგრატიონმა.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ორგანიზატორებს ღონისძიებაზე მიწვევისთვის მადლობა გადაუხადა.

„დიდი მადლობა იმ კარგი საქმისთვის, რომელიც წამოიწყეთ. ყოველივე ახალი დაწურული ღვინო არის ამ ქვეყნისთვის ძალიან დიდი საქმე. ეს ქვეყანა დგას ღვინოზე, ღვინის წარმოებაზე, ამ ქვეყანას მომავალი იმიტომ აქვს, რომ სიძნელეების მიუხედავად, ყოველთვის შეუძლია აღადგინოს ღვინის წარმოება და ამით გაიტანოს თავი უცხოეთში და თავადაც დადგეს ფეხზე", - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„დახვეწილი, წარსულის ინოვაციური ხედვით შთაგონებული „პრინცი იოანე ბაგრატიონის” პრემიუმ კლასის ღვინო მემკვიდრეობის სიყვარულისა და წმინდა ტრადიციების პატივისცემის სიმბოლოდ შეიქმნა“ , - ნათქვამია ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

პრინცი იოანე ბაგრატიონის მთავარი მიზანი, პრემიუმ კლასის ღვინის შექმნით, ქვეყანაში ღვინის წარმოების გამდიდრება და ქართული მეღვინეობის მრავალსაუკუნოვან კულტურაში საკუთარი წვლილის შეტანაა.

„საგულისხმოა, რომ საქართველოში მეღვინეობა 8 000 წლის წინ დაიწყო, რამაც UNESCO-ს მიერ საქართველოს ღვინის აკვნად აღიარება განაპირობა. ბაგრატიონთა საგვარეულო ერთ-ერთი უძველესი სამეფო დინასტიაა მსოფლიოში. აღსანიშნავია, რომ ოჯახს ქართული ღვინის წარმოებაში შეტანილი უმნიშვნელოვანესი წვლილის ხანგრძლივი ისტორია აქვს. სამეფო ოჯახის იძულებითი ემიგრაციის გამო, პრინცი იოანე დაიბადა და გაიზარდა ქალაქ მადრიდში. 2014 წელს იგი თავის მშობლიურ ფესვებს დაუბრუნდა. პრინცი იოანე იცავს ქართული მეღვინეობის ტრადიციულ მეთოდებს და ამავდროულად სძენს ახალ სიცოცხლესა და ინოვაციას. მას სჯერა, რომ მისი ხედვა ჰარმონიაში მოდის მეღვინეობა შილდასთან - ღრმად ფესვგადგმული ტრადიციების პატივისცემა, სიახლისკენ მუდმივი სწრაფვა პრინცი იოანესა და მეღვინეობა შილდას თანამშრომლობის საწინდარია“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.