ტაქსი გაძვირდა, მეტროში საცობია - კვირის პალიტრა

ტაქსი გაძვირდა, მეტროში საცობია

"როდესაც ტაქსი ძვირდება, მგზავრი ეძებს იაფ ალტერნატიულ საშუალებას - ეს არის მეტრო და ავტობუსი. მეტრო და ავტობუსი ისედაც გადატვირთული იყო და ახლა დაემატა ის ნაკადი, რომლისთვისაც ტაქსით მგზავრობა შეუძლებელი გახდა"

"მნიშვნელოვანი შეხვედრა არ დაგეგმოთ, რადგან რა დროსაც უნდა გახვიდეთ სახლიდან, მაინც დაიგვიანებთ!" "დაამატეთ მეტროს ვაგონები!.." - სოციალურ ქსელებსა თუ ქუჩაში, ყველგან, პიკის საათებში მიწისქვეშა და მიწისზედა საცობებზე, ტაქსების სიმცირესა და ტაქსით მომსახურების გაძვირებაზეა ლაპარაკი. "კვირის პალიტრა" არასამთავრობო სექტორსა და ტრანსპორტის სამსახურს ესაუბრა.

"ტაქსის ფასები ძველ ნიშნულს უმოკლეს დროში დაუბრუნდება"

მამუკა მუმლაძე, თბილისის მერიის ტრანსპორტის საქალაქო სამსახურის უფროსი:

- რატომ მოიმატა მეტროში მგზავრების რაოდენობამ, არის თუ არა ეს ტაქსების რეფორმის შედეგი? - ეს ტაქსების რეფორმის მიზეზი ვერ იქნება. მეტრო პიკის საათებში ისედაც გადატვირთულია. საერთოდ, ოქტომბერი (შეგვიძლია შევადაროთ გასულ წელსაც) მომატებული მგზავრთნაკადით გამოირჩევა. ეს ემჩნევა როგორც საცობებს, ასევე საზოგადოებრივი ტრანსპორტის გადატვირთულობას. მიმდინარე წლის დასაწყისის მონაცემებით, მეტროს ყოველდღიურად 350 000-მდე მგზავრი გადაჰყავდა, ახლა კი 440 000-მდეა გაზრდილი. ასე რომ, ტექინსპექტირების გამო დახარვეზებული ტაქსისტების 30%-ის გაჩერება ვერ შექმნიდა ამინდს მეტროსთვის. ამასთან, უკვე ნებართვის მფლობელი ტაქსების რაოდენობის ზრდის ტენდენცია გვაქვს. ეს ნიშნავს, რომ ბევრმა ტაქსისტმა მოაწესრიგა ავტომანქანა და ნებართვა თავიდან აიღო.

თბილისის მერმა დააანონსა, რომ მეტროთი უფრო მეტი მგზავრის უფრო კომფორტულად მომსახურებისთვის უახლოეს პერიოდში 40 ერთეულ მეტროს ვაგონს შევიძენთ. ასევე, უკვე დაიწყო მარშრუტზე "ისუზუს" მარკის 8-მეტრიანი ახალი ავტობუსებით ძველების ჩანაცვლება, რაც თავისთავად შედეგს მოგვცემს. მიმდინარე წლის ბოლოს სულ 220 ერთეული "ისუზუსა" და 90 ერთეული "მანის" მარკის ახალი ავტობუსი გვეყოლება. "იბიარდმაც" გამოაცხადა ტენდერი 2020 წლისთვის 110 ერთეული 12-მეტრიანი ავტობუსის შესყიდვაზე.

ჩვენ გამუდმებით გვაქვს უცხოელებთან კონსულტაციები და ზუსტად მათი რეკომენდაციაა, რომ თუ გვინდა მივიღოთ სწრაფი შედეგი, ტრანსპორტის სფეროში რეფორმა ერთმანეთის პარალელურად, თანამიმდევრულად უნდა გატარდეს.

- და მიგაჩნიათ, რომ ტაქსების რეფორმა წარმატებულია? - წარმატებულია. ის გამომდინარეობს ხალხის მოთხოვნიდან, რომ გვქონდეს უსაფრთხო და კომფორტული ტაქსი. ტაქსების რეგულაციამ მოგვცა მგზავრისთვის გამოკვეთილი შედეგები. კერძოდ, ტაქსის, როგორც სხვა საზოგადოებრივ ტრანსპორტს, წელიწადში 2-ჯერ ტექნიკური ინსპექტირება მოეთხოვება - ის უსაფრთხო და კომფორტული გახდა. რაც შეეხება ფასებს, ფასების ზრდის 2 გზა არსებობს: ბუნებრივი და ხელოვნური. მართალია, რეფორმის პირველ დღეებში ზოგიერთმა მძღოლმა მომსახურების ღირებულება გაზარდა, მაგრამ ამას ბაზარი დაარეგულირებს. დარწმუნებული ვართ, ფასები ძველ ნიშნულს უმოკლეს დროში დაუბრუნდება.

რეფორმა არ არის ორიენტირებული ტაქსების რაოდენობის შემცირებაზე.

ქალაქში ტაქსების რიცხვი უნდა იყოს იმდენი, რამდენსაც კლიენტი ითხოვს. ამიტომ რეფორმა ტაქსისტებისთვის მაქსიმალურად ლიბერალურად შევიმუშავეთ. ტაქსის მძღოლები გავათავისუფლეთ საშემოსავლო გადასახადისგან. ქალაქის ყველა უბანში მივეცით უფასო პარკირების ადგილები. მერიის ხელმძღვანელობამ ტაქსისტების საინიციატივო ჯგუფთან მოლაპარაკების შედეგად მათი რამდენიმე მნიშვნელოვანი თხოვნა გაითვალისწინა, მათ შორის, ავტომანქანის გადაღებვის ნაცვლად მისაღებია ავტომანქანაზე თეთრი ფირის გადაკვრაც. იმისთვის, რომ ტაქსისტების ფინანსური ტვირთი მინიმუმამდე დაგვეყვანა, დავურიგეთ ღებვის, ფირის გადაკვრისა და ქიმწმენდის ვაუჩერები.

- რეგულაციის მესამე ეტაპიც იქნება? - მესამე ეტაპი მგზავრობის სერვისის გაუმჯობესებისკენ იქნება მიმართული. ცვლილებების პროექტს უპირველესად მძღოლებთან განვიხილავთ, ამის შემდეგ ინფორმაციას გავასაჯაროებთ.

"შემოვა კომპანიები, რომლებიც ვიღაცის ბიზნესინტერესებს დააკმაყოფილებს"

დავით მესხიშვილი, ტრანსპორტისა და გზების ასოციაციის" ხელმძღვანელი:

- ტაქსების რეგულაციაზე საუბარი დავით ნარმანიას მერობის დროს დაიწყო. დღევანდელმა მერმა მაშინდელი მონახაზი გადაიბარა. მაშინვე ვამბობდით, უნდა ყოფილიყო გამართული და დამუშავებული პროექტი, უნდა ჩატარებულიყო საზოგადოებრივი აზრის კვლევა, თუ როგორი ტაქსით მგზავრობა სურს ხალხს, ასევე მძღოლებს რა პრობლემები ჰქონდათ. უნდა შემუშავებულიყო სტანდარტების დანერგვის სტრატეგიაც და ისეთი რეფორმა გატარებულიყო, რომლის შედეგის გაზომვაც იქნებოდა შესაძლებელი. მსგავსი არაფერი გაკეთებულა, ისე შემოიღეს რეგულაციები. ამიტომ ჩვენ ამ წამოწყებას რეფორმას ნაკლებად ვუწოდებთ. ეს ფურცელზე ჩაყრილი რეგულაციებია, რომელსაც ნელ-ნელა აპარებენ მძღოლებს. ზუსტად ეს არის ჩვენი კრიტიკის მთავარი მიზეზი - არ გამოქვეყნდა ყველა ეტაპი, რადგან ჯერ არც აქვთ მოფიქრებული. არადა, ეს მნიშვნელოვანი იყო - თვითდასაქმებულ მძღოლს უნდა სცოდნოდა, რას მოიცავს მესამე და მეოთხე ეტაპი, რათა თადარიგი დაეჭირა. იქნებ აღარც მონდომებოდა ტაქსით მომსახურება, თუ დაინახავდა, რომ საქმეს ვერ გასწვდებოდა?!

უპასუხისმგებლობაა ასეთი რეგულაციების შემოღება, როდესაც არა გაქვს გათვლილი, რა კრიზისი შეიძლება მას მოჰყვეს. უპასუხისმგებლობაა, როცა ამას აკეთებ იმ სამსახურებით, რომელთა თანამშრომლებს ამ სფეროში გამოცდილება არ გააჩნიათ.

- ტრანსპორტის საქალაქო სამსახურს გულისხმობთ? - ფასებთან დაკავშირებით ურთიერთგამომრიცხავი შეფასებები კეთდება. მერის მოადგილე ამბობს, 1%-ით გაძვირდაო, მერი კი ხან ამბობს, ტაქსი უნდა გაძვირდესო, მერე, არ გაძვირებულაო. ხალხმა უკეთ იცის, გაძვირდა თუ არა - გაძვირებულია.

ვაფრთხილებდით, არც იფიქროთ რეგულაციების დაწესება, სანამ საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ იქნება გამართული, თორემ ქაოსს გამოიწვევთ და გადაადგილება შეუძლებელი გახდება-მეთქი.

ამას პროფესორობა არ სჭირდება - როდესაც იაფი ტაქსი ძვირდება, მგზავრი ეძებს იაფ ალტერნატიულ საშუალებას - ეს არის მეტრო და ავტობუსი. მეტრო და ავტობუსი ისედაც გადატვირთული იყო და ახლა დაემატა ის ნაკადი, რომლისთვისაც გაძვირებული ტაქსით მგზავრობა შეუძლებელი გახდა. კრიზისი იმიტომაა, რომ მხოლოდ 8 ათას ტაქსის აქვს დღეს ლიცენზია, არადა, თბილისს 40 ათასი ტაქსი ემსახურებოდა.

- სიმართლეს არ შეესაბამება, როდესაც ამბობენ, ტაქსების მხოლოდ 30% გაჩერდაო? - რეალურად არ ვიცით, ამ ქაოსში ვინ გაჩერდა და ვინ არა, იმიტომ, რომ ქალაქში მომრავლდა ჩვეულებრივი სატრანსპორტო საშუალებები, რომლებიც ტროტუარზე მდგომ ქვეითად მოსიარულეს უჩერებენ და ეკითხებიან, სადმე ხომ არ გაგიყვანოო? ოფიციალურად ლიცენზირებული A და B კატეგორიის დაახლოებით 8 ათასი ტაქსია, ისინიც გაძვირებულია, იმიტომ, რომ მოთხოვნა გაიზარდა.

ხშირად გვესმის მერის განცხადება, პარალელურ რეჟიმში ვაწესრიგებთ მუნიციპალურ ტრანსპორტსო. გამოაქვეყნონ კვლევა, გვაჩვენონ, იქნებ დავიჯეროთ. არანაირი კვლევა არ არსებობს, ისევე როგორც არ არსებობს ტრანსპორტის პოლიტიკის დოკუმენტი. 2020 წლის ბოლოს იგეგმება მისი გამოქვეყნება, თუ დაწერეს... გვეუბნებიან, პარალელურ რეჟიმში შემოგვყავს ავტობუსებიო. ჯერ ერთი, პარალელურ რეჟიმში არ შემოჰყავთ, ტაქსების რეგულაციამ დაასწრო, მეორე - ავტობუსები ჩაანაცვლეს და არა დაამატეს. ვინ უთხრა თბილისის მერიას, რომ პარალელური რეჟიმი კარგია?!

- არ იყო საჭირო ტაქსების რეგულაცია? - ტაქსების რეგულაციას წინ უნდა უსწრებდეს კვლევა და არგუმენტირება, თუ რას ვცვლით და რატომ. ტაქსების რეგულაციები მითქმა-მოთქმაზე დაყრდნობით დაწესდა. ერთმა თქვა, ტაქსიში სუნი დგასო, მეორემ - მძღოლმა გზა არ იცისო, მესამემ - ტაქსი ტექნიკურად გაუმართავი იყოო... რა პრობლემა დგას პირველ, მეორე, მესამე ადგილებზე, კვლევა არ ჩატარებულა. როდესაც იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი გამართულია, ტაქსი ცდილობს უფრო მოწესრიგებული იყოს, რათა მგზავრი მიიზიდოს. მერიამ კონკურენტული გარემო არ შექმნა. რატომ არის ქუჩაში საცობები? იმიტომ, რომ ტაქსით, ავტობუსით და მეტროთიც ვეღარ მგზავრობ. ამის გამო, ვისაც ავტომობილი გაჩერებული ჰყავდა, ყველამ გამოიყვანა და კოლაფსი შეიქმნა.

- იყო თუ არა საჭირო რეგულაციები? - რეგულაციები სხვადასხვაგვარი არსებობს. სინამდვილეში ჩვენ შეგვპირდნენ, ტაქსი ტექნიკურად გამართული იქნებაო. არადა, ლიცენზიას კავშირი არა აქვს ავტომობილის ტექინსპექტირებასთან. ტექინსპექტირება ყველას გვეხება, ტაქსი იქნება თუ კერძო ავტომობილი, ამ ლიცენზიით კი მხოლოდ ტაქსის ფერი მივიღეთ. დღეს თვითდასაქმებული ტაქსისტების უმრავლესობა სად არის, კაცმა არ იცის.

ისეთი რეგულაციების შემოტანა იგეგმება, რომლებიც შეზღუდავს ავტომობილის ასაკს. ეს ნიშნავს, რომ ვინც დასაქმებულია, მათი უმრავლესობაც ვეღარ დააკმაყოფილებს სტანდარტებს, შედეგად, შემოვა კომპანია ან კომპანიები, რომლებიც ვიღაცის ბიზნესინტერესებს დააკმაყოფილებს და ის გაბატონდება ბაზარზე. ყველაფერი ბიზნესის გამსხვილებისკენ მიდის, შეიძლება ამას მონოპოლიზაციაც დავარქვათ.

თბილისში ამ დროისთვის ლიცენზია 16 731 მძღოლს აქვს

1-ლი ოქტომბრიდან ტაქსები ორ კატეგორიად გაიყო. ლიცენზირებული A კატეგორიის ტაქსები თეთრი, მარცხენასაჭიანი და ხუთკარიანია, გავლილი აქვს ტექდათვალიერება და ფლობს ლიცენზიას. A კატეგორიის ტაქსის მძღოლები პრივილეგიებით სარგებლობენ. კერძოდ, ტაქსის უფასო გასაჩერებელი ადგილებით და ტაქსის უფასო ნიშნებით. ასევე უფლება აქვთ ავტომანქანაზე რეკლამა განათავსონ და დამატებითი შემოსავალი მიიღონ.

რაც შეეხება B კატეგორიის ტაქსებს, მათ ავტომანქანის ფერის შეცვლის ვალდებულება არა აქვთ, თუმცა დედაქალაქში ტაქსის ნიშნით ვერ დადიან და პრივილეგიებითაც ვერ სარგებლობენ. თბილისში ამ დროისთვის ლიცენზია 16 731 მძღოლს აქვს.