"თუ დავინახავ, რომ საქართველოს არ ვჭირდები, ალბათ, ისევ თურქეთში დავბრუნდები" - რას ჰყვება თურქეთის სამხედრო კლინიკის ქართველი ექიმი
"თუ დავინახავ, რომ საქართველოს არ ვჭირდები, ალბათ, ისევ თურქეთში დავბრუნდები" - რას ჰყვება თურქეთის სამხედრო კლინიკის ქართველი ექიმი
რას ჰყვება თურქეთის სამხედრო კლინიკის ქართველი ექიმი
სამხედრო ქირურგი არსენ არსენიშვილი წლებია თურქეთის სამხედრო კლი­ნიკაში ოპერაციებს ატარებს. დიდხანს მუშაობდა თურქ სამხედროებსა თუ პოლიციელებთან, რომლებიც ქურთებთან შეტაკებებში სხეულის მძიმე დაზიანებებს იღებდნენ. ამას ბოლო წლებში სირიასა და ერაყში სამხედრო შეტაკებებიც დაემატა. "კვირის პალიტრა" ქართველ სამხედრო ექიმს ქართულ და თურქულ მედიცინას შორის განსხვავებებზეც ესაუბრა.

- 1998 წელს თბილისის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში ჩავაბარე. 2000 წელს თურქული ოცეული შეიქმნა. თურქეთს, როგორც ნატოს წევრ ქვეყანას, კვალიფიციური
განათლების მოცემა შეეძლო და გადავწყვიტე თურქული ენის კურსები გამევლო. ეს იყო ჯონ-მალხაზ შალიკაშვილის ნატოში ინტეგრირების პროგრამა, რომელიც საქართველოში 90-იან წლებში შეიქმნა. თურქეთის ყველა სამხედრო აკადემიას კვოტები ჰქონდა - საზღვაო, საჰაერო, საჯარისო და სამედიცინო, სადაც სამი ადგილი იყო დარჩენილი.­ გამიმართლა და სწავლა დავიწყე. საქართველოდან 18 კაცი
ვიყავით. ერთწლიანი მოსამზადებელი კურსის შემდეგ, ექვსი წელი სამედიცინო ფაკულტეტსა და ერთი წელიც ინტერნატურაში ვისწავლე.

- სამხედრო მედიცინა, ალბათ, სამოქალაქოსგან განსხვავებულია.
- სამხედრო სფერო სპეციფიკურია - თუ ჯარისკაცთან ერთად არ ჭამე, ივარჯიშე, დაიძინე, მისი რეჟიმით არ იცხოვრე, მის ნდობას ვერ მოიპოვებ. როდესაც ჩვენთან სამხედრო პირი ან ჩვეულებრივი მოქალაქე მოდის, გვეუბნება, ჯერ ღმერთს ვენდობი და მერე თქვენო. პაციენტების 5-10% სამოქალაქო პირია და მათაც ვემსახურებით. საქართველოში პაციენტი სამხედრო ექიმს კი არა, თუ კარგად არ გაიკითხა, არც ერთ მედიკოსს არ ენდობა. ჩემს ქვეყანაში მუშაობის დიდი გამოცდილება არა მაქვს, მაგრამ ვხედავ, რომ აქ ყველაფერი სხვაგვარადაა.

თურქეთში სამხედრო პირს დიდ პატივს სცემენ. მოსახლეობამ იცის, რომ მათი უსაფრთხოება შეიარაღებულ ძალებსა და პოლიციაზეა დამოკიდებული.

- რამ განაპირობა თურქეთის მედიცინის წინსვლა?
- თავდაუზოგავმა შრომამ და განათლებამ... მე და ჩემი თურქი კოლეგები მუშაობას 5 საათზე ვამთავრებთ, მაგრამ ძალიან ხშირად 12-მდე და უფრო გვიანობამდეც ვრჩებით. საქართველოშიI ყველას არა, მაგრამ ბევრს ერთი სული აქვს, მალე გაიქცეს. მათი გამტყუნება მიჭირს, რადგან ამის უამრავი მიზეზი არსებობს, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ ქართველებს ჩვენი პროფესია არ გვიყვარს. აქ მეტს შრომობენ და განათლებაც მეტი აქვთ.
ანკარაში, გულჰანეს სამხედრო კლინიკაში მუშაობის დაწყებამდე­ სამხედრო-სამედიცინო მუზეუმი დაგვათვალ­იერ­ებინეს, სადაც 300-წლიანი ისტორიაა შემონახული, ტექნოლოგიური ევოლუცია ოსმალეთის იმპერიიდან დღემდე თანამიმდევრულად არის წარმოჩენილი.

თურქეთი ნატოს წევრი ქვეყანაა და ეს სამხედრო პირის მიმართ დამოკიდებულებაში იგრძნობა - მათ არა აქვთ დაუცველობის განცდა,­ ისევე როგორც ნებისმიერ მოქალაქეს, რომელსაც გრძელვადიანი სამედიცინო რეაბილიტაცია სჭირდება - სახელმწიფო­ ხარჯს სრულად უფინანსებს. მყავს პაციენტები, შეიარაღებული ძალების ოფიცრები, რომლებთანაც ვმეგობრობ, რადგან საბრძოლო მოქმედებებში მიღებული ჭრილობების მკურნალობა წლებია გრძელდება. ჩვენ უკვე ოჯახებით ვმეგობრობთ.

- ალბათ, სირიასა და ერაყში დაჭრილი სამხედროებიც მოჰყავთ.
- ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული ჭრილობების მკურნალობით გათას კლინიკა თურქეთში წამყვანია, ამიტომ მთელმა სიმძიმემ ჩვენზე გადაიარა, განსაკუთრებით 2014-2015 წლებში, როდესაც ხშირი იყო ტერაქტები. დღეში 8-10 დაჭრილი მოჰყავდათ, მათ შორის, აღმოსავლეთ თურქეთიდანაც, სადაც ქურთების პროტესტი სამოქალაქო წინააღმდეგობის ფარგლებს გასცდა და ხშირი იყო ტერაქტები და თავდასხმები. მას შემდეგ, რაც სირიასა და ერაყში "ისლა­მური სახელმწიფო" გააქტიურდა, უამრავი სირიელი და ერაყელი მოჰყავდათ, მათ შორის ბავშვები. მნიშვნელობა არ ჰქონდა, რომელ მხარეს იბრძოდნენ, ყველას ვმკურნალობდით. მეტიც, ნატოს კანონმდებლობით, რელიგიური ნიშნითაც არ შეიძლება პაციენტების დაყოფა.
მათ შორის იყვნენ სამოქალაქო პირები, რომლებიც ვიღაცის მხარეს იდგნენ და ხელს უმართავდნენ, მებრძოლებს გზას უჩვენებდნენ. უმეტესობა სამხედრო მოქმედებების დროს დაიჭრა ან დაბომბვაში მოყვა. სულ რამდენიმე შემთხვევა მახსენდება, როდესაც დაჭრილი ვერ გადაგვირჩენია და ეს მთელი კლინიკისთვის ტრაგედია იყო.

ერაყელი კაცი მახსოვს, ერთ-ერთი პროვინციის პოლიციის მაღალჩინოსანი. სარაკეტო თავდასხმისას მთელი ოჯახი დაეხოცა. თავადაც მძიმედ დაშავდა. გადავარჩინეთ, მაგრამ მისი თვალები მეხსიერებიდან არ ამომდის. თავად გამოიყვანა დახოცილი ოჯახის წევრები ნანგრევებიდან, ცოლი და ორი პატარა ბიჭი. ბავშვების დანახვაზე ფითრდებოდა და ღვარად მოსდიოდა ცრემლები. თითქმის ორი წელი დადიოდა რეაბილიტაციაზე. თავის ტრაგედიაზე რაღაცნაირად, სვენებ-სვენებით ლაპარაკობდა, ერიდებოდა, ისედაც უამრავ უბედურებას უყურებთო... თავისი დიდსულოვნებით მაოცებდა.

- იმ კლინიკაში ავღანეთის სამშვიდობო მისიის დროს დაშავებული ქართველი სამხედროებიც გადიან რეაბილიტაციის კურსს?
- არა მხოლოდ ისინი, 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს დაჭრილი ქართველი სამხედროებიც იყვნენ. მათი მკურნალობისა და რეაბილიტაციისთვის ბაზა საქართველოში არ იყო და თურქეთში, ამერიკაში, გერმანიასა და ევროპის სხვა ქვეყნებში გადაანაწილეს. ავღანეთში დაჭრილი ქართველი ბიჭებიც მოუყვანიათ, ძირითადად, კიდურების ამპუტაციით. მახსოვს, ერთს ფსიქოლოგიური პრობლემები დაეწყო. იმ დროს ფსიქოლოგიური განყოფილება დაკეტილი იყო, პაციენტს მარტო ვერ დავტოვებდი - სადღაც გარბოდა, ბრძოლის ეპიზოდის ან აფეთქების ინსცენირებას აკეთებდა და ვითომ მეგობრების გადარჩენას ცდილობდა... რამდენიმე დღე-ღამე გვერდიდან არ მოვშორებივარ. შემდეგ სპეციალისტების დახმარებით თანდათან გადაუარა.
აფხაზეთის ომის ვეტერანი ლევან ბლუიშვილი კი წლებია ჩვენთან მკურნალობს. ის ჩემთვის და თურქი კოლეგებისთვის გმირია. 15-ზე მეტი ოპერაცია აქვს კიდურებზე გაკეთებული, მაგრამ მკურნალობას მშვიდად განაგრძობს და საღი აზროვნებაც შერჩა.
მტევნის ქირურგია და მიკროქირურგია საქართველოშიც უთუოდ უნდა განვითარდეს. მხოლოდ ტრავმატოლოგიის, ორთოპედიისა და პლასტიკური ქირურგიის განვითარება არ კმარა. ქართულ მედიცინაში ჯერჯერობით სხვა ინტერესები არ ჩანს.

- რა არის მიზეზი?
- ბევრი რამ... თურქული კანონმდებლობის თანახმად, ნებისმიერ ექიმს შეუძლია სახელმწიფო შუამდგომლობით ისარგებლოს და მისივე დაფინანსებით ამერიკის ან ევროპის რომელიმე კლინიკაში აიმაღლოს კვალიფიკაცია. ზოგი მაშინვე უბრუნდება სამშობლოს, ზოგიც მოგვიანებით, რათა საკუთარი კლინიკა გახსნას და ევროპული და ამერიკული გამოცდილება თავის ქვეყანაში დანერგოს. ჩვენთან აკი აღარ ბრუნდებიან. "ტვინის გადინება" ისედაც პატარა ქვეყანაზე მძიმედ აისახება.

- ვიცი, რომ თურქეთიდანაც მიდიან სპეციალისტები.
- ბოლო წლებში ქვეყანაში განვითარებული როგორც საშინაო, ასევე საგარეო პროცესები მედიცინაზეც აისახა, თუმცა თურქეთი მაინც დიდი სახელმწიფოა და პერიოდულ გადინებებს "აიტანს".

- მსმენია, რომ თურქი ექიმები გაოცებულან საქართველოში პაციენტის არასწორი მკურნალობით. ასეთი შეფასება გადაჭარბებული ხომ არ არის?
- საქმე ის არის, როდესაც თურქეთი ევროპისა და ამერიკის კვალდაკვალ ვითარდებოდა, ჩვენ ისევ პოსტსაბჭოთა დონეზე ვიყავით. ამას ემატება ზემოხსენებული გადინება. მე ვიყავი სამხედრო ექიმი, რომელსაც ხელშეკრულებით მუშაობის უფლება არ ჰქონდა, კანონმდებლობით იყო ასე დადგენილი. ხელშეკრულებით მიწევდა მუშაობა და ამიტომ წავედი ქვეყნიდან.

- რა გეგმები გაქვთ?
- 2017 წელს საქართველოში გორის სამხედრო ჰოსპიტალში ჩამოვედი და ერთხანს ტრავმატოლოგად ვიმუშავე. მინდოდა ჩემი ცოდნა და გამოცდილება ჩემი ქვეყნის შეიარაღებულ ძალებში გამომეყენებინა, მაგრამ ამის საჭიროება ვერ ვიგრძენი. თუ დავინახავ, რომ საქართველოს არ ვჭირდები, ალბათ, ისევ თურქეთში დავბრუნდები, რადგან ექიმი მუდმივად უნდა სწავლობდეს.
ამას წინათ ერთ ჩემს მეგობარს, რომელიც ჩიკაგოს მიკროქირუგიის ლაბორატორიის ხელმძღვანელია, შევჩივლე, ჯერჯერობით ჩემი ადგილი ვერ ვიპოვე-მეთქი. შენ კი არა, 50-ის ვხდები და მეც ვერ მიპოვია, შენ 36 წლის ხარ და რა გაწუწუნებსო.

- იქ ოჯახთან ერთად ცხოვრობთ?
- დიახ, ჩემი მეუღლეც ექიმია, მაგრამ ამჯერად შვილების აღზრდაზეა გადართული.

ჯონდი
27 ოქტომბერი 2019 17:48
კვალიფიციური ექიმის გაშვება არ შეიძლება.აუცილებლად უნდა დატოვოთ ქვეყანაში;

რუბრიკის სხვა სიახლეები