რაჯის და რიშის მოგზაურობა საქართველოში - კვირის პალიტრა

რაჯის და რიშის მოგზაურობა საქართველოში

"ინდოეთის ჩარლი ჩაპლინი, ინდური კინოს დამაარსებელი, ადამიანი, რომელიც ცხოვრობდა იმედით, რომ ხვალინდელი დღე დღევანდელზე უკეთესი იქნებოდა", - ასე ახასიათებენ კინოკრიტიკოსები რაჯ კაპურს. მას სცენის სიყვარული მამისგან დაჰყვა, რომელიც თეატრის ხელმძღვანელი იყო, 14 წლამდე კი პატარა რაჯი ეპიზოდურ როლებში, მსახიობების ასისტენტად, გამნათებლად და დამლაგებლადაც კი მუშაობდა. 1943 წლიდან დაიწყო რაჯ კაპურის კინოში აღმასვლა, 1947 წელს დააარსა საკუთარი კინოსტუდია R.K.Films, სულ გადაღებულია 67 ფილმში და 11 ფილმის რეჟისორია.

ამბობენ, რუსეთში ვიზიტის დროს, როცა ხრუშჩოვი რაჯ კაპურით დაინტერესდა, ინდოეთის პრემიერ-მინისტრ ჯავაჰარლალ ნერუს უთქვამს, რაჯ კაპურისთვის კონკურენციის გაწევა არ არის მარტივი საქმე, ის ერთადერთი ადამიანია, რომელიც პოპულარობაში მეცილებაო.

1954 წელს ეკრანებზე გამოვიდა ფილმი "ავარა", რომელიც მხოლოდ ყოფილ საბჭოთა კავშირში 64-მა მილიონმა კაცმა ნახა. 1954 წელს მსახიობი საქართველოსაც ესტუმრა. სად იმოგზაურა, როგორ დახვდნენ ქართველები და რა შთაბეჭდილებებით წავიდა, ამ კითხვებზე პროდიუსერი, კინომცოდნე და ინდოლოგი დავით ბეჟიტაშვილი გვიამბობს.

"არსებობს ლეგენდა რაჯ კაპურის თბილისურ ვოიაჟზე - თითქოს ის მანქანიანად აიტაცეს ხელში"

- 1954 წელს ინდოეთის კინემატოგრაფისტთა დელეგაცია ჩამოვიდა და ცნობილ მსახიობებს შორის რაჯ კაპურიც იყო. აკაკი ხორავამ მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მერე ავიდნენ ფუნიკულიორზე, ესტუმრნენ კინოსტუდიას, რუსთაველის თეატრს, კახეთშიც იყვნენ რთველზე. იმ პერიოდში ფილმს "ისინი ჩამოვიდნენ მთიდან" იღებდნენ - ინდოელი მსახიობები გადაღებას დაესწრნენ და ლეილა აბაშიძესაც შეხვდნენ. ქართველი მსახიობებისთვის რაჯ კაპურთან შეხვედრა დიდი მოვლენა იქნებოდა, რადგან ეს ის პერიოდია, როდესაც ეკრანებზე გამოვიდა ფილმები "ავარა" და "ბატონი 420". მთელი თბილისი მღეროდა ამ ფილმების სიმღერებს.

რაჯ კაპური რთველში

რაჯ კაპური 1965 წელს მოსკოვის კინოფესტივალზეც ჩამოვიდა მეუღლესთან ერთად. იმ პერიოდში ძალიან ბევრი ცნობილი მსახიობი ჩამოდიოდა საქართველოში. მაშინ კინო სხვა სიმაღლეზე იყო, მხოლოდ თბილისში 25 კინოთეატრი არსებობდა, ახლა რამდენი გვაქვს?! აი, ამ ოცდახუთივე კინოთეატრში დილიდან საღამომდე ბილეთებზე რიგი იდგა, კინოთეატრები გეგმას ინდური ფილმებით ასრულებდნენ. არ ვიცი, რამდენად მართალია, მაგრამ არსებობს ლეგენდა რაჯ კაპურის თბილისურ ვოიაჟზე - თითქოს მანქანიანად აიტაცეს ხელში.

1954 წლის ვიზიტი იმდენად მაღალ დონეზე იყო ორგანიზებული, ყველა ოფიციალური პირი იყო ჩართული რაჯ კაპურის მასპინძლობაში. მაშინ ძალიან მოინდომეს ჩვენებმა, რომ საქართველოში მოგზაურობა მას კარგად დამახსოვრებოდა.

63 წლის შემდგომ

- 2017 წელს ჩემი მოწვევით საქართველოში რაჯ კაპურის ვაჟი - რიში კაპური ჩამოვიდა. ის ჩვენმა მაყურებელმა ფილმ "ბობით" გაიცნო. მას იგივე მარშრუტი გავატარე, რომელიც 63 წლის წინ ლეგენდარულმა მამამისმა გაიარა - ავიყვანე ფუნიკულიორზე და ზუსტად იმ ადგილას გადავუღე ფოტო, სადაც მამამისს აქვს გადაღებული.

რიში კაპურს იმდენად მოეწონა აქაურობა, რომ სულ სამდღიანი ვიზიტი იყო დაგეგმილი და 5 დღეს დარჩა. მამისგან იცნობდა საქართველოს ფოტოებით, რაჯის მოგონებებითა და მონაყოლით იცოდა ქართველების შესახებ. ყველაზე მეტად კალმახი მოეწონა, სავახშმოდ რომ დავსხდებოდით, მეტყოდა: "კალმახი... არც მწვადი, არც ხინკალი, მხოლოდ კალმახი".

1989 წელს საბჭოთა კავშირი და ინდოეთი ერთობლივ ფილმებს იღებდნენ და მათ შორის ერთ-ერთში, "ალი-ბაბა და 40 ყაჩაღში" სოფიკო ჭიაურელი თამაშობდა, იმავე წელს გადაიღეს "შავი უფლისწული აჯუბაც", რიში კაპურის, ზურაბ ქაფიანიძის, დავით დარჩიაშვილისა და არიადნა შენგელაიას მონაწილეობით. რიში კაპური უკვე კარგად იცნობდა ქართული სუფრის წესებს და მოლხენასაც, მაგრამ 2017-ში მაინც შევახსენეთ, 1989 წლიდან ბევრი დრო იყო გასული.

წასვლის წინ გავატანე ვიდეოფირი, სადაც ჩაწერილი იყო რეპორტაჟი 1954 წელს რაჯ კაპურის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ. რიში ინდოეთში რომ დაბრუნებულა, მთელი კაპურების დინასტია შეკრებილა და ერთად უნახავთ დოკუმენტური ფილმი რაჯ კაპურის საქართველოში მოგზაურობის შესახებ.

55 წლის შემდეგ სუხიშვილები ინდოეთში ჩავიდნენ

თენგიზ სუხიშვილი, რაჯ კაპური და ილიკო სუხიშვილი

2016 წელს ინდოელი კინოვარსკვლავი ჰემა მალინი ჩამოვიდა და სუხიშვილების რეპეტიციაზე წავიყვანე. ისე აღფრთოვანდა, თქვა, ამ ანსამბლს მე ჩავიყვან ინდოეთშიო. მართლაც 2017-ში 4 უდიდეს ქალაქში: მუმბაიში, დელიში, ჩენაისა და კალკუტაში სუხიშვილების კონცერტები გაიმართა ჰემა მალინის დახმარებით. ოთხივე ქალაქის ქუჩები ბილბორდებით იყო მოფენილი, პრესა აჭრელდა მათ შესახებ ინფორმაციით. კონცერტს პარლამენტის თავმჯდომარე და რამდენიმე მინისტრი დაესწრნენ.

პირველად სუხიშვილები 1962 წელს იყვნენ ინდოეთში და 55 წლის შემდეგ კვლავ დაბრუნდნენ. 1962 წელს მათ რაჯ კაპური დახვდა, თავის სტუდიაშიც წაიყვანა და იქ აღნიშნეს ერთ-ერთი ინდური დღესასწაული.

რაჯ კაპურისა და ნარგიზ დათის სიყვარულის ისტორია

რაჯ კაპურის როგორც მსახიობური, ასევე რეჟისორული მოღვაწეობის, განსაკუთრებით ნაყოფიერი წლები პირდაპირაა დაკავშირებული მსახიობ ნარგიზ დათისთან. მსახიობებმა ერთმანეთი რომ გაიცნეს, რაჯ კაპური უკვე დაქორწინებული იყო მამის ბიძაშვილზე კრიშნა მალჰოტრა ნატჰიზე. რამდენიმეწლიანი სასიყვარულო რომანის შემდეგ, რაჯმა უარი თქვა მეუღლის მიტოვებაზე და ნარგიზს დაშორდა. მოგვიანებით 1956 წელს ნარგიზი ახალ ფილმში მონაწილეობს, სადაც მომავალ მეუღლეს გაიცნობს. ნარგიზისა და რაჯის სიყვარულის ისტორია კი არაერთ კინოფილმში აისახა, რაჯ კაპურის მუზად წოდებულ ნარგიზს უკავშირებენ მსახიობის ყველაზე წარმატებულ კინოროლებს, ერთად 16 ფილმში ითამაშეს.