"შვილად აყვანის მსურველად დარეგისტრირება არ არის შვილად აყვანის გარანტია" - კვირის პალიტრა

"შვილად აყვანის მსურველად დარეგისტრირება არ არის შვილად აყვანის გარანტია"

"წელს გასაშვილებელი 212 ბავშვია და მათგან 153 უნარშეზღუდული. ასეთი ბავშვების შვილად აყვანა თითქმის არავის სურს. დანარჩენები 10 წელზე მეტი ხნის ბავშვები არიან და უმრავლესობა თავად ამბობს

გაშვილებაზე უარს"

ბევრი უშვილო ოჯახისთვის იმაზე დიდი სადარდებელი არ არსებობს, ვიდრე უშვილობაა. სახელმწიფომ გაშვილებაზე მკაცრი კონტროლი დააწესა და ყველაზე არაადამიანური მხარე - დედებისგან არასასურველი შვილებით ვაჭრობა აკრძალა. რაღა თქმა უნდა, შავი ხვრელი კანონში მუდამ არსებობს, თუმცაღა გაშვილების პროცესი სახელმწიფოს მხრიდან დღეს მაქსიმალურად კონტროლდება. სახელმწიფო იმ ბიოლოგიური დედების დახმარებასაც ცდილობს, რომლებიც ბავშვის გაშვილებას მიზეზთა გამო ცდილობენ. შესაბამისად, მცირდება გასაშვილებელ ბავშვთა რაოდენობა და იზრდება შვილად აყვანის მსურველთა რიგები. ზოგიერთს შვილის აყვანის ლოდინში რიგში დგომამ 10-15 წლის განმავლობაში მოუწია, რის გამოც ბავშვის აყვანაზე თქვეს უარი. საქმეს ვერ შველის სუროგატი დედების მომსახურება, რომლებიც უშვილო წყვილებს მაღალი ანაზღაურების საფუძველზე ემსახურებიან - დაახლოებით 15-20 ათას დოლარად, რისი გაღებაც ყველას არ შეუძლია. როგორ გვარდება დღეს შვილად აყვანა, სოციალური მომსახურების სააგენტოს უფროსი ეთერ ცხაკაია გვესაუბრება.

- სააგენტოს თანამშრომლებს ხშირად უთქვამთ, რომ შვილად აყვანა ბიზნესი როდია, რომ ყველა მსურველი დაკმაყოფილდეს, მაგრამ, როდესაც ადამიანები რიგში 10-15 წელი დგანან და მაინც ვერაფერს ახერხებენ, ეს მათ ტრაგედიას კიდევ უფრო ზრდის.

- სამწუხაროდ, შვილად აყვანის მსურველად დარეგისტრირება მართლაც არ არის შვილად აყვანის გარანტია, თუმცა შანსია, რომელიც აუცილებლად უნდა გამოიყენონ. ჩვენ მიმღები ქვეყანა ვართ და ეს ნიშნავს, რომ შვილის აყვანის მსურველთა რაოდენობა გაცილებით მეტია, ვიდრე გასაშვილებელი ბავშვების. ასე რომ, შეუძლებელია ყველა მსურველი დაკმაყოფილდეს. თუმცა ბევრს მივანიჭეთ ბედნიერება. მაგალითად, 2017 წელს 62 ბავშვი გაშვილდა, 2018 წელს - 82. ბევრია შემთხვევა, როცა გადიან რიგიდან, ნაწილი უკვე საზღვარგარეთ არის წასული. დღეს მსურველთა რიგში 2650 კაცია, როცა გასულ წლებში დაახლოებით 3500 იყო. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ შვილად აყვანის მსურველთა ნაკადი შემცირდა, პირიქით, ბევრი განცხადება შემოდის.

სახელმწიფო მომხრეა, რომ ბავშვები ბიოლოგიურ დედებთან გაიზარდონ. სწორედ ამის გამო ვუწყობთ ხელს იმ ბიოლოგიურ დედას, რომელსაც ბავშვის გაშვილება ჰქონდა გადაწყვეტილი. მათთვის ერთწლიანი თავშესაფარი გვაქვს, სადაც ბავშვთან ერთად ცხოვრობენ.

- ეს დიდი ჰუმანურობაა, თუმცა უნდა შეგახსენოთ, რომ არაერთი ბიოლოგიური დედა უშვებს ქუჩაში სამათხოვროდ შვილს, როცა არაბიოლოგიურს უკეთ აღზრდა შეუძლია. - ჩვენ ვიზიარებთ ევროპულ კანონებს, მათში კი გარკვევით არის მითითებული, რომ ბავშვის ბიოლოგიურ დედასთან აღზრდისთვის სახელმწიფომ ყველა შესაძლებლობა უნდა გამოიყენოს. შესაბამისად, გასაშვილებელ ბავშვთა რაოდენობაც მცირდება. წელს გასაშვილებელი 212 ბავშვია და მათგან 153 უნარშეზღუდულია. სამწუხაროდ, ასეთი ბავშვების შვილად აყვანა თითქმის არავის სურს. დანარჩენები 10 წელზე მეტი ხნის არიან და უმრავლესობა თავად ამბობს გაშვილებაზე უარს.

- მიტოვებულ ახალშობილებს რა ელით?

- ვეძებთ ბიოლოგიურ დედებს და თუ ვერ მოიძებნა, ბავშვს გასაშვილებლის სტატუსი ენიჭება. თუმცა მსურველთა ნაწილი მიტოვებული ბავშვის აყვანაზეც უარს ამბობს...

გაცილებით უკეთესი პირობები აქვთ უცხოელ წყვილებს, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში სუროგატი დედების მომსახურებით სარგებლობენ. შესაბამისად, მათ შეზღუდვებიც ნაკლები უფიქსირდებათ.

უცხოელ მშვილებელთა მცირე პროტესტი მხოლოდ სექტემბერში დაფიქსირდა, როცა იუსტიციის სამინისტრომ სუროგაციის გზით დაბადებულ ბავშვთა კანონმდებლობაში ცვლილება შეიტანა. დადგინდა, რომ სუროგატ დედასა და მშვილებელთა შორის ხელშეკრულება ემბრიონის მიღებამდე, ანუ განაყოფიერებამდე უნდა დაიდოს და არა შემდგომ. შესაბამისად, უცხოელებს სუროგაციით დაბადებული ახალშობილების დარეგისტრირების უფლებას არ აძლევდნენ, რის გამოც 40-მა უცხოელმა ჩვილებთან ერთად ღამე იუსტიციის სახლში გაათენა. მაშინ სახელმწიფო განვითარების სააგენტომ განაცხადა, რომ კანონისთვის პრობლემურ პერიოდში, ანუ 9-დან 13 სექტემბრის ჩათვლით, 8 სხვადასხვა კლინიკაში უცხოელი მოქალაქეების მიერ ჩატარებული სუროგაციით 26 ახალშობილი იყო დაბადებული. პრობლემა მალევე მოგვარდა, თუმცა, როგორც იურისტმა ანდრანიკ მინასიანმა განგვიმარტა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი კანონმდებლობა ერთსქესიან, ლგბტ მოქალაქეებზე გაშვილებას არ ითვალისწინებს, სუროგაციის გზით დაბადებულ საერთაშორისო გაშვილებისას ამის რისკი მაინც არსებობს. არსებობს ასევე ორგანოებით ვაჭრობის მცირედი რისკიც, რაც შეუძლებელია დაემუქროს სოციალური სააგენტოს მიერ გაშვილებულ ბავშვებს, რადგან უცხო ქვეყნებიდან სააგენტო ყოველწლიურად ითხოვს მათი აღზრდის მონაცემებს ფოტოებთან ერთად.