"ჩემი ნება რომ იყოს, ბავშვებს ნიშნებს ყოველდღე არ დავუწერდი" - კვირის პალიტრა

"ჩემი ნება რომ იყოს, ბავშვებს ნიშნებს ყოველდღე არ დავუწერდი"

წლის საუკეთესო პედაგოგი მარნეულის მე-2 საჯარო სკოლის მოსწავლეებს თავისუფლების ფასთან ერთად ქართულ ენა-ლიტერატურასა და ისტორიას ასწავლის.

"ყოველთვის ვცდილობ ჩემს მოსწავლეებში თავისუფლების მარცვალი გავაღვივო. ჩემთვის უაღრესად სასიხარულოა, რომ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს 2019 წლის გამარჯვებული გავხდი. სასიამოვნო გრძნობაა, როდესაც ადამიანი არის აღიარებული, მით უმეტეს, საკუთარ პროფესიაში, იმ საქმეში, რომელსაც ცხოვრების დიდი ნაწილი მიუძღვნა", - ამბობს წლის საუკეთესო პედაგოგი გიორგი ჭაუჭიძე.

- ელოდით გამარჯვებას?

- ვფიქრობდი, რომ ხუთეულში მოვხვდებოდი, მაგრამ როდესაც გავიცანი ათეულის წევრები, ისეთი კარგი პედაგოგები იყვნენ, საუკეთესო პრაქტიკითა და ბიოგრაფიით, ეჭვი გამიჩნდა, რომ ხუთეულში მოვხვდებოდი.

- როგორი განცდა გქონდათ, როდესაც გამარჯვებულად დაგასახელეს? - თავდაპირველად იყო უხერხულობა, შემდეგ სიხარული და დიდი პატივის შეგრძნება.

- ჯილდოს მიღებისას მინისტრს მიმართეთ, ვისარგებლებ შემთხვევით და, გთხოვთ ჩვენს სკოლას სპორტული მოედანი გაუკეთოთო. ეს ექსპრომტად მოგაფიქრდათ? - ყველაფერი სპონტანურად მოხდა. ვთქვი, კარგი იქნება, თუ ტრადიციად დამკვიდრდება და შემდეგი წლების გამარჯვებულებიც თითო სურვილს სთხოვენ მინისტრს-მეთქი, თან ისიც დავძინე, რა საჭიროებაც უდგას ჩვენს მოსწავლეებს. გამიხარდება, თუ მოედანი დაპირებისამებრ გაკეთდება.

- თქვენი კოლეგები და მოსწავლეები როგორ შეხვდნენ თქვენს გამარჯვებას? - სიყვარულით მომილოცეს. თურმე სიურპრიზიც მელოდა. ზარი რომ დაირეკა, სკოლის ეზოში პომპეზური ზეიმი გამიმართეს, ტორტითა და ბუშტებით. მადლობა თითოეულს ამისთვის.

- პედაგოგობა ბავშვობის ოცნება იყო? - ჭიათურელი ვარ. სკოლის შემდეგ თსუ-ის ისტორიულ ფაკულტეტზე ჩავაბარე. მაშინ არც მიფიქრია, მასწავლებელი გავმხდარიყავი, მაგრამ უნივერსიტეტი რომ დავამთავრე, სკოლაში დავიწყე მუშაობა და ძალიან მომეწონა. პირველი 5 წელი ჩემს მშობლიურ სოფელ შუქრუთში ვმუშაობდი, მერე ითხვისში, სადაც საათ-ნახევარს ვუნდებოდი ჩასვლას. 15 წლის წინ წამოვედი არაქართულენოვან სკოლებში სამუშაოდ, ჯერ წალკაში - სომხურენოვან სკოლაში, მერე მარნეულში - ეთნიკურ აზერბაიჯანელებთან. ვასწავლი ქართულ ენა-ლიტერატურასა და ისტორიას. კოლეგებმა არასამთავრობო ორგანიზაციაც დავაფუძნეთ და პროექტებში ვმონაწილეობდი. ერთ-ერთი ასეთი ორგანიზაცია ჰქონდა ჩემს კოლეგას, რომელიც დღეს მარნეულის მე-2 სკოლის დირექტორია. ერთობლივად ვახორციელებდით პროექტებს - ბავშვები დაგვყავდა ბანაკში, ექსკურსიებზე, რაც დაგვეხმარა ერთმანეთთან კომუნიკაციის დამყარებაში.

- ერთი ცვლილების შეტანის უფლება რომ მოგცენ, რას შეცვლიდით დღევანდელ განათლების სისტემაში? - ჩემი ნება რომ იყოს, ბავშვებს ნიშნებს ყოველდღე არ დავუწერდი, შემაჯამებელი ნაშრომებით შევაფასებდი. ასეთი მიდგომა ბევრ რამეს შეცვლის. როდესაც მოსწავლეს ყოველდღიურად აფასებ, ის ნიშანზე ორიენტირებული ხდება, რაც ცვლის სწავლის შინაარსს.

- ოჯახზე მიამბეთ. - მეუღლე, ნათია ტრაპაიძე, პედაგოგია, სოფელ სადახლოს სკოლაში მუშაობს. ორივე იმ პროგრამის მონაწილე ვართ, რომელიც არაქართულენოვან სკოლებშიც მოსწავლეებისა და მასწავლებლებისთვის ქართული ენის შესწავლას ითვალისწინებს. ჩვენ ერთმანეთი ამ პროექტში გაერთიანებით გავიცანით.

ჩემი სანუკვარი ოცნებაა, ის მეთოდები, რომელთაც არაქართველ ბავშვებთან ქართული ენის სწავლებისას ვიყენებთ, გამოვიყენო აფხაზეთსა და ე. წ. სამხრეთ ოსეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში მცხოვრებ ეთნიკურ უმცირესობებთან.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს შესარჩევ კონკურსში 127 მასწავლებელი მონაწილეობდა. "მასწავლებლის ეროვნული ჯილდო" 2017 წლის 13 მაისს დაწესდა განათლების კოალიციის, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრსა და განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს შორის გაფორმებული მემორანდუმის საფუძველზე. ეს ღონისძიება საქართველოში მესამედ ტარდება. შარშან ჯილდოს მფლობელი ჩიბათის სკოლის სამოქალაქო განათლების მასწავლებელი ლადო აფხაზავა გახდა. ის მასწავლებლის "გლობალური ჯილდოს" ფინალისტიც იყო.