ბიზნესი ქართულად - ბელგიური სირაქლემები, არგენტინული ნიანგები, "წვიმის ჭიები" და "მეგრული" ლოკოკინები... - კვირის პალიტრა

ბიზნესი ქართულად - ბელგიური სირაქლემები, არგენტინული ნიანგები, "წვიმის ჭიები" და "მეგრული" ლოკოკინები...

ცნობილია, რომ ბიზნესი რისკის გარეშე არ არსებობს. ეს ჭეშმარიტება ქართველებმა შესანიშნავად გაითავისეს და ბოლო წლებში ყველაზე უჩვეულო, წარმოუდგენელი იდეების განხორციელება შეძლეს. ამ იდეებიდან ზოგიერთი წარმატებული აღმოჩნდა, ზოგიც - წარუმატებელი:

ბელგიური სირაქლემების ბედი საქართველოში

2008 წლამდე მარნეულის რაიონის სოფელ თელეთში, სირაქლემების ფერმა მოქმედებდა. ბელგიიდან ჩამოყვანილი 150-მდე სირაქლემა თავს შესანიშნავად გრძნობდა. წარმატების იმედს ისიც აძლიერებდა, რომ ეს პროექტი მსოფლიო ბანკის დაფინანსებული იყო, სირაქლემის ხორცი კი, მთელ მსოფლიოში დელიკატესად არის მიჩნეული - ის ძალიან მსუბუქი და გემრიელია, თანაც უქოლესტერინო და ბევრ ქვეყანაში ძალიან მოსწონთ. საკმაოდ მაღალია სირაქლემის კვერცხის ნაჭუჭის ფასიც, რადგან მისგან მაღალი ხარისხის ბიჟუტერიას და სამკაულებს ამზადებენ. სირაქლემის ხორცი და კვერცხი თბილისის სუპერმარკეტებშიც იყიდებოდა, მაგრამ ქართველები ამ საკვებმა ვერ მიიზიდა, რის გამოც, მისი დიდი რაოდენობით რეალიზაცია ვერ ხერხდებოდა. საბოლოოდ, ამ ბიზნესმა არ გაამართლა და სირაქლემების ფერმაც დაიხურა.

სხვათა შორის, სირაქლემის ფერმები ჩვენს მეზობელ ქვეყნებშიც აქვთ, კერძოდ, რუსეთსა და სომხეთში.

"გამქრალი" ნიანგები და ბაყაყები

წარუმატებელი აღმოჩნდა ნიანგებისა და ბაყაყების მოშენების მცდელობაც: 2010 წელს არგენტინიდან სამეგრელოში ნიანგთსაშენი ფერმიდან 4 კვერცხი ჩამოიტანეს, საიდანაც პატარა ნიანგები გამოიჩეკნენ. ერთი მათგანი მაშინვე დაიღუპა, ხოლო დანარჩენებმა სამეგრელოს ჰავა ვერ აიტანეს: ფერმა ზუგდიდის რაიონის სოფელ ცაიშში მდებარეობდა, აღმოჩნდა, რომ იქაური წყალი გოგირდს შეიცავს, რაც ნიანგის ზრდა-განვითარებას აფერხებს. იმედი, რომ საქართველოდან ნიანგის ხორცისა და ტყავის ექსპორტი დაიწყებოდა, არარეალური აღმოჩნდა. ანალოგიური ბედი ეწია ბაყაყების ფერმასაც: ბაყაყის ხორცის ექსპორტი საქართველოდან 2009-2011 წლებში ხორციელდებოდა. ამ პროდუქციას სერიოზული მომხმარებელი ჰყავდა საფრანგეთის სახით. ბაყაყის ხორცი და თათები ევროპაში ძალიან მოსწონთ, როგორც ამბობდნენ, ქართული ბაყაყი გაცილებით გემრიელი იყო ფრანგულთან შედარებით, მაგრამ მის მწარმოებლებს ძირითადად უცხოური ბაზრის იმედი ჰქონდათ. ამ ბიზნესმაც არ გაამართლა და 2011 წელს ბაყაყის ხორცის ექსპორტი საქართველოდან შეწყდა.

რა სარგებელი მოაქვთ მოშინაურებულ "წვიმის ჭიებს"?

ყველა უჩვეულო და უცხო ბიზნესი წარუმატებელი როდია. ამის დასტურია "მოშინაურებული" ჭიაყელების გამოყენება სოფლის მეურნეობაში. ჭიაყელა - იგივე წვიმის ჭია, დედამიწის ერთ-ერთი უძველესი მკვიდრია. ამავე დროს, ის ერთ-ერთი ყველაზე მომგებიანი არსებაა. ჭიაყელას "მოშინაურება" პირველად გასული საუკუნის 50-იან წლებში, ამერიკელ ექიმ თომას ბარეტს მოუვიდა აზრად. იგი დააკვირდა და შეამჩნია, რომ ნაკელი, რომელიც ჭიაყელების მიერ იყო გაფხვიერებული, ძალიან ზრდიდა მოსავლიანობას. ამის შემდეგ, მას ჭიები სპეციალურად გამოჰყავდა ყუთებში, რომელსაც მიწით და ნაკელით ავსებდა. რამდენიმე წლის შემდეგ, ეს წამოწყება ადგილობრივმა ფერმერებმა აიტაცეს. მალე მათი დაკვეთით ბიოლოგებმა გამოიყვანეს ჭიაყელას ახალი ჯიში - "კალიფორნიის წითელი ჭიაყელა", რომელიც ახლა ფართოდაა გავრცელებული. ჭიაყელების გარეშე წარმოუდგენელია იმ ფირმების საქმიანობა, რომლებიც ეკოლოგიურად სუფთა, ორგანულ სასუქს აწარმოებენ. ეს უნიკალური პროდუქტია, რომლის ინტენსიური გამოყენება გამოფიტულ და ქიმიურად დაბინძურებულ ნიადაგს აცოცხლებს და მნიშვნელოვნად ზრდის მოსავლიანობას. ასეთი სასუქის გამოყენებით ფერმერები ეკოლოგიურად სუფთა საკვებ პროდუქტებს აწარმოებენ.

ჭიაყელას მეშვეობით მოსავალი საქართველოშიც მოჰყავთ. მათი დახმარებით მიიღება უნიკალური ჰუმუსი, რომლის წყალობით არაერთი ფერმერი უარს ამბობს ნიადაგში შხამიანი, არაორგანული ქიმიკატების შეტანაზე და ეკოლოგიურად სუფთა ხილი და ბოსტნეული მოჰყავს. ჭიაყელასგან გამომუშავებული ჰუმუსი ბუნებრივი, მომგებიანი და საიმედოა. ამიტომ მას საქართველოში არაერთი ფერმერი იყენებს.

"მეგრული" ლოკოკინები

მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ლოკოკინებს სიამოვნებით მიირთმევენ და მისგან საკმაოდ გემრიელ კერძებს ამზადებენ. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი მოსახლეობა ასეთ საკვებს არ ეტანება, სამეგრელოში ლოკოკინებს დღესაც აწარმოებენ. ეს ქართველებისთვის უჩვეულო ბიზნესია, მაგრამ კომპანიაში იმედოვნებენ, რომ მისგან სერიოზულ მოგებას მიიღებენ.

ქართული მედიით გავრცელდა ინფორმაცია, რომ 5 ტონა "მეგრული" ლოკოკინა იტალიაში ექსპორტზე უკვე გავიდა. წლის ბოლოს დაგეგმილია მეორე პარტიის - ამჯერად უკვე 15 ტონის გატანა. ქართული წარმოების ლოკოკინა საერთაშორისო ბაზარზე კონკურენტუნარიანია, რადგან ის ხარისხითაც მიმზიდველია და ფასითაც: დღეს ევროპის ბაზარზე 1 კილოგრამი ლოკოკინას ფასი 5 ევროა, სამეგრელოში წარმოებული კი - 3 ევრო ღირს. ქართული პროდუქცია ჯერ მხოლოდ იტალიაში გააქვთ, თუმცა მიმდინარეობს მოლაპარაკებები საფრანგეთთან და პოლონეთთანაც.

"ჩვენ გვყავს იტალიელი პარტნიორი, რომელიც ჩვენგან შეისყიდის ლოკოკინას ხორცს და მოამარაგებს როგორც რესტორნებს, ისე სუპერმარკეტებს, ეს პარტნიორი მედიკამენტებს და პარფიუმერიულ მალამოებსაც აწარმოებს" - განაცხადეს მედიასთან ლოკოკინების მწარმოებელი ფირმის წარმომადგენლებმა.

დაგეგმილია ფარმაცევტული და კოსმეტიკური საშუალებების მწარმოებელი კომპანიების მომარაგებაც. კოსმეტიკაში ფართოდ გამოიყენება ლოკოკინას ლორწო, რომელიც მისი ხორცივით ძვირფასია. ლოკოკინების წარმოება კიდევ ერთი არატრადიციული ბიზნესია, რომელიც ჩვენთვის - ქართველებისთვის სრულიად უცხო იყო.

შავი პომიდორი, ანუ უგემრიელესი "ოქროს ვაშლი"

პომიდორი ათასობით ადამიანის საყვარელი საკვებია, რომელიც საქართველოში სამხრეთ ამერიკიდან შემოვიდა. მას ინდიელები "ოქროს ვაშლს" ეძახდნენ. 2014 წელს საქართველოში შემოიტანეს შავი პომიდორი, რომელიც ჩვენს ფერმერებს ადრე არასდროს მოუყვანიათ.

ცნობილია, რომ პომიდვრის ეს ჯიში ამერიკაში გამოიყვანეს და მერე მრავალ ქვეყანაში გავრცელდა.

როგორც ამბობენ, ეს ერთ-ერთი ყველაზე გემრიელი ბოსტნეულია მსოფლიოში და ტრადიციულ, წითელ პომიდორს არც გემოთი ჩამორჩება და არც - ხარისხით.

შავი პომიდორი საქართველოსთვის შედარებით უცხო კულტურაა, რომელიც ჯერჯერობით კერძო მეურნეობებში მოჰყავთ.

ხათუნა ჩიგოგიძე