ქალიშვილობის ცნობის ასაღებად მისული აფრიკელი გოგოები და მოხრაკული კალია
ქალიშვილობის ცნობის ასაღებად მისული აფრიკელი გოგოები და მოხრაკული კალია
ექიმი ბადრი სეფაშვილი 2008 წლის აგვისტოს ომის დღეებში გავიცანი, საგურამოში დაბანაკებული სამედიცინო ბატალიონის ჯარისკაცებისაგან მინდოდა ინტერვიუს აღება. იმ ავადსახსენებელ დღეებში ქართველი ექიმების გმირობაზე ბევრს ლაპარაკობდნენ. სამედიცინო ბატალიონში მისულს ქირურგ ბადრი სეფაშვილზე მიმითითეს და მითხრეს, რომ თუ ვინმეს უნდა მიეცა ინტერვიუ და ვინმეს ჰქონდა უფლება, ექიმების გმირობაზე ელაპარაკა, ეს ლეგენდარული ექიმი, მრავლისმნახველი ბადრი სეფაშვილი იყო.

თუმცა მაშინ მისი ჩაწერა ვერ მოვახერხე, მხოლოდ შინაურული საუბრით დავასრულეთ შეხვედრა. ომის შემდეგ ბადრი სეფაშვილი აფრიკაში
გაემგზავრა. ამას წინათ ინტერნეტში დოქტორ ბადრი სეფაშვილისადმი მოწერილი წერილი წავიკითხე.  


წერილი აფრიკიდან


"სალამი, დოქტორო! ძალიან გვენატრებით და გვაკლიხართ. საოპერაციოში ყოველდღე თქვენზე ლაპარაკობენ. თქვენ გვასწავლეთ, როგორ უნდა ვიცხოვროთ და ვიმუშაოთ. ძალიან მაგრად გაწვრთენით ბიჭები, ძალიან რთულ საქმეებს ართმევენ თავს. არც ერთი ქირურგი არ მონატრებია და
დაჰკლებია ჩვენს გუნდს ისე, როგორც თქვენ. სულ ვლაპარაკობთ და ვლაპარაკობთ ექიმ მზეე (სუაჰილის ენაზე მზეე არის მახვში, ხევისბერი...) ბადრიზე. მთელი გუნდი მთხოვს, გადმოგცეთ გულითადი სალამი. მუდამ დავრჩებით მადლიერი იმ დიდი ადამიანური სიყვარულისთვის, იმ დიდი პროფესიული ჟესტისთვის, რაც თქვენ ჩვენს ხალხს აჩუქეთ.

ჩვენ სამუდამოდ დავრჩებით თქვენს მოსწავლეებად და მიმდევრებად. გარწმუნებთ, რომ თვით სახელი დოქტორი ბადრი სიმღერად იქცა ჩვენში. აქ, რუტშურუში მომავალი თაობები აუცილებლად იკითხავენ, ვინ იყო დოქტორი ბადრი. შეიძლება ამის კითხვა არც დასჭირდეთ, რადგან გადავწყვიტეთ თქვენი სახელობის საავადმყოფო ავაშენოთ. დიდი წვალებით შევაგროვეთ ფული. მიწა უკვე ვიყიდეთ - 9.000 დოლარად. კლინიკის ასაშენებლადაც ვიპოვით ფულს, რომელსაც დავარქმევთ ,,მზეე დოქტორ ბადრისთან".

გადავწყვიტე, აფრიკაში ლეგენდად ქცეული ქართველი ექიმის აფრიკული თავგადასავალი თქვენთვისაც მეამბნა. იგი ამჟამად თბილისში იმყოფება:
ბადრი სეფაშვილი: - პირველად ჩემს უფროს კოლეგა, შოთა მირაშვილთან ერთად მოვხვდი აფრიკაში, სოფელ ლამბარენეში, ლეგენდარული "დიდი თეთრის" (ასე ეძახიან მას აფრიკელები) ექიმ ალბერტ შვეიცერის კლინიკაში. მას შემდეგ აფრიკა  ნარკოტიკი გახდა ჩემთვის. სამჯერ ვიყავი ჰუმანიტარული მისიით და კვლავ ვაპირებ დაბრუნებას.


გაბონი

24 წლის ალბერტ შვეიცერი ევროპის ეკლესიების ორგანების მთავარი ინსპექტორი გახლდათ. 30 წლისამ ცხოვრების მიზნად ადამიანების დახმარება გაიხადა და მედიცინის შესწავლას მიჰყო ხელი. 37 წლისა აფრიკაში, გაბონში ჩავიდა და საავადმყოფო ააშენა. 50 წელზე მეტი იცხოვრა გაბონში და ნობელის პრემია მიიღო. როცა ალბერტ შვეიცერი გაბონში ჩავიდა, მოსახლეობა ლეშის ჭამაზეც არ ამბობდა უარს.

შვეიცერი უშლიდა, არ შეიძლება აყროლებული ლეშის ჭამა, დაიხოცებითო, გაბონელებს კი უკვირდათ, ჩვენ ხომ სუნს არ ვჭამთო...
შვეიცერის კლინიკაში მოხვედრა ყველა ექიმისთვის უდიდესი პატივია. ეს ულამაზესი სოფელი ჰუმანიტარული იდეის ცენტრია. ალბერტ შვეიცერი იმდენად დიდი ავტორიტეტი იყო, რომ აფრიკელების უმეტესობას ვერც კი წარმოუდგენია, რომ ეს კაცი ცოცხალი აღარ არის. გაბონში პრეზიდენტის არჩევნები რომ იყო, რამდენიმე ადგილობრივმა არჩევნებში მონაწილეობაზე უარი განაცხადა, რადგან სიაში ალბერტ შვეიცერის გვარი არ ეწერა, მის გარდა ხმას არავის მივცემთო.

პატარა და მშვენიერ სამედიცინო სოფელში, "ვილაჟ ლუმიერში" მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული ექიმები ვცხოვრობდით. ჩემი იქ ყოფნისას რომის პაპმა აჩუქა ექიმებს ოთხი სახლი. საავადმყოფოს შვეიცარიაში არსებული საერთაშორისო ფონდი განაგებს. დაფინანსების დიდი წილი მალტის ორდენზე მოდის, საფრანგეთის მთავრობა კი საავადმყოფოს დირექტორს უხდის ხელფასს, ამიტომ ის ყოველთვის ფრანგია. საავადმყოფოს იქაური საელჩოები ამარაგებენ სამედიცინო ინვენტარით, მედიკამენტებით.

არანაირი პროფილი, არანაირი დიფერენციაცია - მხოლოდ ქირურგი და მორჩა. გაბონში ჩასულს ყველანაირი ოპერაციის გაკეთება უნდა შეგეძლოს.
გაბონის დედაქალაქი ლიბრევილი სიტყვასიტყვით "თავისუფლების ქალაქს" ნიშნავს. ეს ის ქალაქია, სადაც პირველად მოეწერა ხელი შავკანიანი მონების გათავისუფლების აქტს.

უმდიდრესი ქვეყანა სიღატაკეში იხრჩობა, აურაცხელი წიაღისეული აქვთ: ოქრო, ალმასი, ნავთობი, ხეტყე, გრანიტი, მარმარილო, მაგრამ ყველაფერი უცხოელებს მიაქვთ. ერთხელ დედაქალაქში გავემგზავრეთ. გზად სოფლები გავიარეთ. სოფელს ვამბობ, თორემ რა სოფელია - გზის პირას სამი-ოთხი ქოხი დგას, მათ უკან კი ჯუნგლებია. იმან გამაკვირვა, რომ ამ ეგრეთ წოდებულ სოფელში ზოგს ჰქონდა შუქი, ზოგს კი - არა.

ვიკითხე, რა ხდება-მეთქი? მიპასუხეს, ვინც პრეზიდენტ ბონგოს ხმა არ მისცა არჩევნებზე, მათ შუქს არ აძლევენო. ახლა იქ პრეზიდენტობას ბონგოს შვილი აგრძელებს მამის სიკვდილის შემდეგ.


ფუზი ნოკტიურნი

ფუზი ნოკტიურნი უცნაური მოვლენაა. ჩვენს ენაზე ამას შეიძლება გათვალვა დავარქვათ. თუ იქაური ბელადები ვინმეს სიკვდილს სიტყვით გადაუწყვეტდნენ, ის აუცილებლად მოკვდებოდა დათქმულ დროს, ყოველგვარი ფიზიკური ზემოქმედების გარეშე. გაბონში მე და იქაური ექთანი, საოპერაციო ბლოკის უფროსი რობერი დავმეგობრდით. ყველაზე უფროსები ვიყავით ასაკით. ხუმრობით მეორე ბებერი შევარქვი, რადგან პირველი ბებერი მე ვიყავი. რობერს 23 წლის ბიჭი ჰყავდა გარდაცვლილი და დარწმუნებული იყო, რომ ერთმა ცუდმა ქალმა გათვალა, ფუზი ნოკტიურნი გაუკეთა.

ამის გამო ამ კაცს ძალიან ძვირფასი შავი ხისაგან დამზადებული შამანების შელოცვილი შუბები შეუძენია  ავი თვალისაგან ოჯახის დასაცავად. ამაზე ძვირფასი ნივთი მათთვის არ არსებობს. წარმოიდგინეთ ჩემი გაოცება, როცა გამომშვიდობებისას რობერმა საკუთარი ოჯახის დამცველი თილისმა სახლიდან გამოიტანა და მაჩუქა. ვიუარე, ვერ ავიღებ ამ საჩუქარს, რობერ, ოჯახი როგორღა უნდა დაიცვა-მეთქი?

შენთვის არ მენანება, ექიმოო. აღარ მითქვამს უარი, გული ეტკინებოდა. მიწინასწარმეტყველა, შენი წასვლისას რაღაც განსაკუთრებული მოხდებაო. მართლაც, ჩემი წამოსვლის დღეს ზარების რეკვა დაიწყო. გარეთ რომ გამოვედი, გავშეშდი ამხელა კაცი. მთელი სოფელი თავმოყრილიყო ჩემს გამოსაცილებლად. მეზობელი დასახლებიდან, სადაც მხოლოდ კეთროვნები ცხოვრობენ, ხალხი ხელჯოხებით ჩამოსულიყო.

ჩემთან დასამშვიდობებლად მოსულიყო ხეიბარი კაციც, რომელმაც ცოტა ხნით ადრე უთითებო ხელებით გაკეთებული ტამტამი და პატარა პიროგა მაჩუქა, რომელზეც მის შვილს წაეწერა: "დოქტორ ბადრისთვის"... ამაზე დიდი ჯილდო რა უნდა იყოს? წესი ყოფილა, როცა გაბონში ექიმი ჩადიოდა, ზარს რეკავდნენ, ხოლო თუU ექიმი იქაურების პატივისცემას და სიყვარულს დაიმსახურებდა, გაცილებისას ასევე ზარების რეკვით აცილებდნენ. რობერის თქმით, 40 წელიწადზე მეტი ყოფილა, რაც სოფელში ზარი აღარ დარეკილა.


ეთიოპია

ეთიოპია დაქცეული ქვეყანაა. ტიგრის რეგიონში, სოფელ ადვაში გავემგზავრე მისიით. ეს სოფელი ერიტრეის მოსაზღვრეა. ეთიოპიას ერიტრეა წაართვეს და დამოუკიდებელ სახელმწიფოდაც აღიარეს. მე რომ ჩავედი, ომი ახალი დამთავრებული იყო.

კონფლიქტის რეგიონში გაეროს ჯარები ჩააყენეს, მშვიდობას დაიცავენო, ამის გამო ხალხს თოფები ჩამოართვეს. სინამდვილეში გაეროს ჯარები მოსახლეობას ნადირისაგანაც კი ვერ იცავენ. ხალხს ქუჩაში ჭამს ნადირი. ჩემი ექთანის ძმაც შეჭამეს აფთრებმა.

ექთანმა მიამბო, ქუჩაში მოვდიოდით, ჩემი ძმა ოდნავ ჩამორჩა, მისი ყვირილის ხმა რომ გავიგეთ და მოვტრიალდით, საწყალს უკვე სამი აფთარი ჭამდაო. მიშველება რომ დავაპირეთ, დაგვიძახა, ახლოს არ მოხვიდეთ, მე აღარაფერი მეშველება, თქვენ მაინც გააღწიეთ ცოცხლებმაო. აფთარი მანამდე ტელევიზორში მყავდა ნანახი.

პირველად ღამით ვნახე, გამოძახებაზე მივდიოდი საავადმყოფოში. წინ რომ გადაირბინეს, ტანში გამცრა, - ეს იყო სასწაულად საშიში მხეცი, ტყავის ქვეშ რკინის კუნთებით. რეგიონში, სადაც მილიონ-ნახევარი კაცი ცხოვრობდა, ერთადერთი ქირურგი ვიყავი. ღამით ორი დარაჯი მიცავდა, რომ აფთრებს არ შევეჭამე. ხალხი საშინელ გასაჭირშია. ძალზე ხშირია თავის ქალის ტრავმები. მახსოვს, მამამ 15 წლის ბავშვი ჩამოიყვანა სოფლიდან, ორი დღე-ღამე ხელში აყვანილი მოჰყავდა საწყალს. თავიდან ტვინი ჰქონდა გადმოსული. უმძიმესი ოპერაცია გავუკეთე, ღვთის მადლით, ბავშვი გადარჩა(!).

ეთიოპიელები ღარიბი, მაგრამ ღრმად მორწმუნე მართლმადიდებლები არიან. ერთხელ, დილით, საავადმყოფოს ეზოში დაახლოებით ორასი 16-17 წლის გოგონა დამხვდა. რა ხდება-მეთქი? ჩემმა მძღოლმა-მნემ მითხრა, არ დაგვცინო, ექიმო, ესენი ბოლო კლასის მოსწავლეები არიან, ქალიშვილობის ცნობის ასაღებად არიან მოსულიო. მერედა, რაში სჭირდებათ-მეთქი? როგორ თუ რაში? ჯერ ერთი, შიდსია მოდებული და ეს ცნობა იმის გარანტიაა, რომ შიდსით დაავადებული არ არიან, და მეორე - ცნობა გათხოვებისა და სამსახურის შოვნის მთავარი პირობააო.

როგორც გითხარით, მილიონ-ნახევარ კაცზე ერთადერთი ქირურგი მე ვიყავი და გადავწყვიტე, ექთან დანიელ ბეჰრესთვის სასწრაფო ოპერაციების გაკეთება მესწავლებინა. ძირითადად, საკეისრო კვეთა და ჰემოსტაზური აბორტი, ქალები სისხლდენით რომ არ დაღუპულიყვნენ. დანიელს ოპერაციების ტექნიკა რომ შევასწავლე, მეცხრე ცაზე იყო სიხარულით.


კონგო

კონგოში აგვისტოს ომის შემდეგ გადავწყვიტე წასვლა. იქაური მოსახლეობა საშინელ სიღატაკეში ცხოვრობს. დაახლოებით ისეთი სიტუაციაა, 90-იან წლებში რომ იყო საქართველოში. მიწები აქვთ, მაგრამ მისი დამუშავება შეუძლებელია. კონგოში დაახლოებით 15 წლის წინ იქაურმა ჯაბა იოსელიანმა აიღო ხელში ძალაუფლება. მერე პრეზიდენტად თავისი 29 წლის შვილი დასვა. მახსოვს, სიტყვას სიტყვაზე ვერ აბამდა საწყალი. ერთი გაძვალტყავებული ბიჭი იყო. ახლა რომ ჩავედი,  გასუქებულიც დამხვდა და ბრტყელ-ბრტყელი ლაპარაკიც უსწავლია.

KvirisPalitra.Geკონგოში ენერგიის ერთადერთი წყარო ნახშირია. ხალხი სატვირთო ტრანსპორტით მგზავრობს.
ჯერ ნახშირით დატვირთავენ, მერე კი ზემოდან ასხდებიან მგზავრები. ასე დატვირთული მანქანა ხშირად გადაბრუნდება ხოლმე და მსხვერპლი დიდია, ერთდროულად 30-40 დამტვრეულ-დასახიჩრებული მოჰყავთ საავადმყოფოში.

ხალხის დახოცვა ხომ ჩვეულებრივი ამბავია. 2-3 დოლარისთვის ხალხითა და ნახშირით დატვირთულ მანქანებს ბანდიტები ცეცხლს უხსნიან. მსხვერპლი, რა თქმა უნდა, დიდია. ეს კონგოს ცხოვრების ყოველდღიურობაა. პოლიცია და სამხედროები ღამღამობით ყაჩაღობენ. მახსოვს, დაჭრილი 9 თვის ბავშვი მოიყვანეს, დედ-მამა ასეთი ჩაცხრილვის დროს მოუკლეს.

რას არ ნახავ აფრიკაში... ეთიოპიისაგან განსხვავებით კონგოში ქალიშვილობის ინსტიტუტი არ არის მნიშვნელოვანი, მაგრამ ოჯახის ერთგულებას ინარჩუნებენ. სამი და ოთხი ცოლ-შვილის ყოლა კაიბიჭობად ითვლება, თუმცა აშკარად არა, მალულად ჰყავთ რამდენიმე ოჯახი. დემოკრატიული კონგოს ჩრდილოეთ კივუს რეგიონში ქალებზე ძალადობა ჩვეულებრივი ამბავია. ჯუნგლებში აჯანყებულები არიან გავარდნილი, ქალების გაუპატიურება სწორედ მათ ჰბრალდებათ, მაგრამ ჯუნგლებში ვინ დაუწყებს მათ ძებნას. ამიტომ საერთაშორისო ორგანიზაციებმა საავადმყოფოსთან ძალადობის მსხვერპლი ქალებისთვის სოფელი გააშენეს, სადაც მათ ფსიქოლოგიურ დახმარებას უწევენ, ამშობიარებენ...

მე ეს ხალხი გულწრფელად შევიყვარე. ვაგრძნობინე, რომ მათსავით ადამიანი ვარ, მათზე არაფრით აღმატებული. ჩვენი პროექტი ადგილობრივებისთვის სამედიცინო მანიპულაციების სწავლებას არ ითვალისწინებდა. წესდება საომარი ვითარებისას საომარი ტერიტორიის დატოვებას მოითხოვს.

ეს რომ გავიგე, ვიკითხე, ხვალ რომ ომი ატყდეს, ამათ რა ეშველებათ-მეთქი? - პასუხი არავის ჰქონდა. მაშინ გადავწყვიტე, მათთვის ძირითადი მანიპულაციები მესწავლებინა, ერთმანეთისთვის მაინც რომ მიეხედათ. ბოლოს ვეუბნებოდი, საკეისრო კვეთასა და  მარტივ ოპერაციებზე ღამით ჩემი გაღვიძება არ გაბედოთ-მეთქი. ეს მათთვის დიდი პატივი იყო, ადამიანებად იგრძნეს თავი.

ერთ ღამეს სოფელში საშინელი აურზაური ატყდა. მეგონა, ომი დაიწყო. თურმე კალიების გადაფრენა ყოფილა იმ ღამეს და მთელი სოფელი კალიებზე ნადირობდა. ამისთანა რამ წელიწადში ორჯერ ხდება და მთელი სოფელი დადარაჯებულია, მოხრაკული კალიები კონგოში დელიკატესად ითვლება. ისე მართლა გემრიელი კი არის მოხრაკული კალია.
თამთა
13 თებერვალი 2017 18:52
❤❤❤
...
31 აგვისტო 2016 14:10
Es adamiani chemi mita tklisaa DA vamakob,gaixaret ekimo,sul sasikeyo sakmeebi geketebinot
marika zedginidze
24 დეკემბერი 2013 00:01
ბატონო ბადრი ღმერთმა დღეგრძელობა და დიდხანს სისცოცხლე მოგცეთ.თქვენისთანა ღვთისნიერი და უანგარო ადამიანები არ მოაკლოს ჩვენს ერს .იცოცხლეთ დიდხანს ,რომ კიდევ ბევრი ასეთი კეთილის საქმეები გეკეთებინოთ.
გილოცავთ დამდეგ ახალ წელს.ფეხბედნიერი ყოფილიყოს
თქვენ და თქვენი ოჯახისათვის ყოველი ახალი წელი.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, როგორი პრეზიდენტი იქნება სალომე ზურაბიშვილი?
თვის კითხვადი სტატიები