"დათოსგან განსხვავებით, ორი შვილი მყავს და ორივე კანონიერ მეუღლესთან"
"დათოსგან განსხვავებით, ორი შვილი მყავს და ორივე კანონიერ მეუღლესთან"
"კბილის ექიმთან რომანის გამო დიდხანს მიმწარებდნენ ცხოვრებას. ერთმა ქალმა მაღაზიაში მისაყვედურა, - არ გრცხვენია, ოჯახში მიბრუნდი, დაანებე მაგ ქალს თავიო!"

სერიალი "ჩემი ცოლის დაქალები",­ ოქტომბრის ბოლოს, ახალ ტელეარხ "ფორმულა ტვ"-ზე განსხვავებული შემადგენლობით წარდგება. მთავარი გმირი, ლევან ყოჩიაშვილი მე-16 სეზონზეც განაგრძობს დავით გოცირიძის ცხოვრების განსახიერებას. დღეს ლევანი "კვირის პალიტრის" რესპონდენტია.

- როგორც ვიცი, ახალ სეზონზე ზურა ნიჟარაძე,­ ქეთი ხუციშვილი და შოთიკო ნოზაძე­ აღარ ითამაშებენ. ეს სერიალი ჩვენც გვიყვარს და გულშემატკივარსაც, ამიტომ
ყველა ვნერვიულობდით, გაურკვეველი იყო, რა ბედი ეწეოდა. სერიალის პარალელურად, ახალ არხზე გადაცემებისა და ფილმების ანონსებს ვახმოვანებ - არხის­ ხმა ვარ, ასე მქვია.

- ჰგავხართ დათოს?
- 8 წელია ამ როლს ვთამაშობ და ალბათ, რაღაცით ვგავარ. დათო მზრუნველი კაცია, ამას ვერ წაართმევ, თანაც აშკარად ცდილობს, უკეთესი გახდეს.
მეგობრების წრეში ყოფნა კი უყვარს, მაგრამ ოჯახის მიმართ პასუხისმგებლობა აქვს, კარგი მამაა... ასეთი ვარ მეც, უბრალოდ, დათოსგან განსხვავებით, ორი შვილი მყავს და ორივე კანონიერ მეუღლესთან.

- რას ამბობს მეუღლე, როცა დათოსა და ლევანს ადარებს?
- ლევანი ჯობიაო... ჩვენ უკვე 21 წელია ერთად ვართ. მარინა უცხო ენის სპეციალისტია. პატარები ვიყავით, ერთმანეთი­ რომ გავიცანით - მარინას დედასთან ვემზადებოდი ინგლისურში და... 7 წელი გვიყვარდა ერთმანეთი. მესამე კურსზე დავოჯახდი. გავიპარეთ. მაშინ მე 20 წლის ვიყავი, მარინა - 22-ის. გვყავს 20 წლის კესო და 12 წლის ვასიკო.

- მსახიობობაზე ბავშვობიდან ოცნებობდით?­
- არა. დედა და ბაბუა ექიმები მყავს და მეც ამ პროფესიაზე ვოცნებობდი. მშობლებს უნდოდათ, ქირურგი ვყოფილიყავი და მეც ვფიქრობ, რომ კარგი ექიმი ვიქნებოდი, მაგრამ რატომღაც გადაწყვეტილება შევცვალე და სარეჟისოროზე­ მოვინდომე ჩაბარება, თუმცა, რადგან იმ წელს სარეჟისორო ფაკულტეტზე მიღება არ იყო (ყოველ 4 წელიწადში იღებდნენ სტუდენტებს), სამსახიობოზე ჩავაბარე, მეგონა დროებით, მაგრამ ბოლომდე დავრჩი... ჩემი ჯგუფელები იყვნენ ნატო გაგნიძე, კოტე თოლორდავა... ძალიან დავმეგო­ბრდით. კოტე კესოს­ ნათლია იყო. მოვილ­აპარაკეთ, ვინც პირველი გახდებოდა მამა, მეორეს მისი შვილი უნდა მოენათლა. კოტე კარგად აღზრდილი, კარგი მეგობარი და კარგი მსახიობი იყო. ცუდია, რომ ჩვენთან აღარ არის...

მსახიობები ძალიან მგრძნობიარეები ვართ, გამხნევება გვჭირდება, წახალისება. მე ამას ოჯახისგან ყოველთვის ვგრძნობ, შენიშვნებსაც მაძლევენ და ვითვალისწინებ - მჯერა მათი. სერიალის გადაღებას რომ ვიწყებდით, ძალიან ვნერვიულობდი, მაშინ ვერც წარმოვიდგენდი, რომ ამდენი სეზონი ექნებოდა და ამდენ ხანს შემოვრჩებოდი. ერთ-ერთი გადაღებისას მამაკაცი მომიახლოვდა და სრულიად სერიოზულად მითხრა, სულ მინდოდა მეკითხა, სადაური გოცირიძეები ხართო? მაშინ მივხვდი, რომ საქმეს კარგად ვართმევდით თავს. იმდენად ხშირად მომმართავენ დათოთი, რომ შევეჩვიე. კბილის ექიმთან რომანის გამო დიდხანს მიმწარებდნენ ცხოვრებას. ერთმა ქალმა მაღაზიაში მისაყვედურა, - არ გრცხვენია, როგორ იქცევი, ოჯახში მიბრუნდი, დაანებე მაგ ქალს თავიო!

- თქვენი ეკრანული შვილები - ჯეკო და ტასუნა ძალიან გაიზარდნენ...
- პაწაწუნები იყვნენ, პირველად რომ მოიყვანეს. ვათამამებდით, ვეფერებოდით, ორივე არაჩვეულებრივი ბავშვია. 8 წელია, ოჯახივით ვცხოვრობთ, გვიყვებიან, რა ხდება სკოლაში, წრეებზე...

- ჯეკოს გარდატეხის ასაკი მძიმე იყო დათოსთვის...
- მე ეგ ასაკი 90-იანებში გავიარე. არ იყო დალხენილი ცხოვრება. მიუხედავად ყველაფრისა, მიზანი დავისა­ხეთ. ზოგმა მიაღწია ჩანაფიქრს, ზოგი ემიგრაციაში წავიდა. დღეს ჩვენს შვილებს მეტი საშუალება, მეტი ინფორმაცია და გასაქანი აქვთ.

- მშობლიურ კუთხეს ხშირად სტუმრობთ?
- ქიზიყი, დედოფლისწყაროა ჩემი კუთხე. იქ გავიზარდე, სკოლაც იქ დავამთავრე. მიყვარს, მშობლების სახლს სულ სხვანაირი სუნი აქვს. თუ თავისუფალი დრო მაქვს, იქით მიმეჩქარება. მეგობრები, ბიჭები, ვისთანაც გავიზარდე, სუფრა, სიმღერა...

- თქვენ შვილებს არ გამოუთქვამთ სერიალში თამაშის სურვილი?
- ვასიკომ სამ სერიაში მიიღო მონაწილეობა, ტასუნას კლასელს თამაშობდა. კესო უკვე დიდია, არ მაქვს სასაყვედურო, კარგი გოგოა.

- მამები გაურბიან ხოლმე გოგონების დაოჯახებაზე ფიქრს...
- მე ასე არ ვარ, ხომ უნდა გათხოვდეს? მე უკვე მშობელი ვიყვავი მის ასაკში. ჭკვიანი გოგოა, კარგად სწავლობს, მინდა, წელში გაიმართოს და მერე, კი ბატონო, დაოჯახდეს. მგონი, კარგი ბაბუა ვიქნები.

- კახელმა კაცმა - ბაბუაო?..
- დედა იმერელი მყავს, წყალტუბოდან. მგონი, კარგი ნაზავი ვარ, ორივე მხარის თვისებები მაქვს - ხან დინჯი ვარ, ხანაც ემოციური.
ხომ ამბობენ, რომ ცხოვრებაში სამი რამ არის მთავარი - ხე დარგო, სახლი ააგო და შვილი დატოვო. ყველაზე მთავარია, ჩვენი შვილები კარგ ადამიანებად გაიზარდონ. სიყვარულითა და სიკეთით უნდა მორწყო ეს ნერგები.
25 ოქტომბერი 2019 08:03
გამრავლდით და გაიხარეთ!!!...
ნინო
24 ოქტომბერი 2019 00:08
რა გვარია ლევან ყოჩიაშვილის დედაა,წყალტუბოდან.ეგებ დაწეროთ.

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით,  მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, მოაგვარებს თუ არა პრობლემას აზარტული თამაშების რეკლამის აკრძალვა?