"რამდენიმე ადამიანის სახე ახლაც მახსოვს, გაოცებულები მიყურებდნენ, ეს კიდევ ცოცხალიაო?" - კვირის პალიტრა

"რამდენიმე ადამიანის სახე ახლაც მახსოვს, გაოცებულები მიყურებდნენ, ეს კიდევ ცოცხალიაო?"

"მინდოდა მეცოცხლა და ასეც მოხდა"

მომღერალ გიორგი სუხიტაშვილს 13 წლის ასაკში სიმსივნის დიაგნოზი დაუსვეს და აქედან დაიწყო ბრძოლა გადარჩენისთვის... გიორგი ამ პრობლემაზე პირველად ლაპარაკობს.

- გიორგი, შენ საზოგადოება სიმღერით გიცნობს, თუმცა ძალიან კარგად წერ, როდის დაიწყე წერა?

- ვთვლი, რომ წერით უფრო შემიძლია დალაგებულად და შინაარსიანად საუბარი. როდესაც ვწერ, უცებ მომდის თავში აზრები, შეიძლება მანქანა გავაჩერო და იქვე დავწერო. ასე მაქვს დაწერილი მოთხრობა `ზამთარი~ - ფანჯარაში გავიხედე, თოვდა, შემოვტრიალდი და წერა დავიწყე.

- უფრო რაზე წერ? - პირველი მოგონებები სოფელს უკავშირდება, ბავშვურ საქმეებს, რომელიც იმ დროს ძალიან დიდ საქმეებად მიმაჩნდა. ფეხბურთი, ზამთარი, ციგა...

ჩემი ძმა ლევანი ჩემზე ხუთი წლით უფროსია. ბავშვობაში ასაკობრივი სხვაობა შესამჩნევია. მასთან, დიდ ბიჭებთან ყოფნა მინდოდა, მაგრამ არ დავყავდი.

- ბავშვობის ტკბილ მოგონებებთან ერთად მძიმე გასახსენებელიც გაქვს... - 13 წლის ვიყავი, ოცი წელი გავიდა მას შემდეგ... უცებ იღლიაში ტკივილი ვიგრძენი, ვნახე, რაღაც წანაზარდი იყო და მიმიყვანეს ექიმთან...

- მაშინ ხვდებოდი, რა ხდებოდა შენს თავს? - ჩემი მშობლების რეაქციით მივხვდი, რომ კარგი არაფერი მჭირდა. გორში ექიმმა გამსინჯა და ისეთი სახე მიიღო, ყველაფერი გასაგები იყო. დედაჩემს უთხრა, სასწრაფოდ თბილისში წაიყვანეთო. თბილისში ორ დღეში ოპერაცია გამიკეთეს. მიუხედავად იმისა, რომ პატარა ვიყავი, ანალიზის უნარი მქონდა და მალევე მივხვდი, რომ ხვალ შეიძლება არც ვყოფილიყავი, თან სადაც მე ვიწექი, ონკოლოგიურში, ბავშვთა განყოფილებაში ძალიან ბევრი ბავშვი გარდაიცვალა. ჩემს მეზობელ პალატაში ერთ გოგონას იმდენი კათეტერი ედგა, ლოგინის გარშემო ადგილი არ იყო. მიხარია, რომ დღეს კარგად არის.

ქიმიის დასაწყებად რომ ვემზადებოდით, გერმანულმა კლინიკამ გამოგზავნა ანალიზების პასუხები, რომ ჩემი მდგომარეობა გამოსწორდა.

როგორც კი ნაკერები მომხსნეს, ვარჯიში დავიწყე - ონკოლოგიური საავადმყოფოს ტერიტორიაზე დავიწყე სირბილი. მინდოდა მეცოცხლა და ასეც მოხდა.

შემდეგ სამხედრო სამსახურში არ გამიწვიეს, რაც საშინლად დამთრგუნველი იყო. პენსიაც დამინიშნეს, რომელიც ორ წელიწადში მოვახსნევინე, რადგან საშინლად მთრგუნავდა პენსიონერის სტატუსი.

- თვლი, რომ სასწაულია შენი გადარჩენა? - სასწაულების არ მჯერა. ვისთვის სასწაულია, ვისთვის მეცნიერება, ვისთვის თვითშეგნება. რთულია, როდესაც ადამიანი მორალურად გატეხილია. სწორედ მაგ დროს უნდა დაიწყო ბრძოლა, ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

- ამ ამბავმა რა გავლენა იქონია შენს შემდგომ ჩამოყალიბებაზე? - წლები გავიდა, ამ მოგონებასთან ერთად ცხოვრობ, იცი, რომ შენი ნაწილია და გადაფასება მოხდა. უპირველესად მშობლები და ჩემი ძმა დავაფასე უფრო მეტად.

დღემდე ძალიან განვიცდი, რაც დედაჩემმა და მამაჩემმა გაიარეს. ჩემი ძმა და მისი მეგობრებიც ხშირად მოდიოდნენ საავადმყოფოში, ყველა გვერდით მედგა.

- რას ურჩევდი მათ, ვინც ახლა იგივე მდგომარეობაშია? - ვურჩევ: ადამიანებო, ყველაზე დიდი მისია თქვენ გაქვთ. სამძიმარზე მიმსვლელის სახეებით ნუ მიხვალთ მათ მოსანახულებლად, ეს გამოსათხოვარს ჰგავს. რომ მახსენდება, ახლა უფრო მაღიზიანებენ ის ადამიანები, ზოგიერთი მას შემდეგ არც მინახავს. როდესაც დამთავრდა ეს ყველაფერი და სოფელში ჩავედი, რამდენიმე ადამიანის სახე ახლაც მახსოვს, გაოცებულები მიყურებდნენ, ეს კიდევ ცოცხალიაო?

- შენს პირად ცხოვრებაზეც მინდა გკითხო. ერთ-ერთი სასურველი სასიძო ხარ, დაოჯახებას ხომ არ აპირებ? - არა, მაგრამ კაცმა არ იცის, ხვალ რა იქნება.

- როგორი ხარ შეყვარებული? - ყოველთვის სხვადასხვანაირი. ხაზს გავუსვამ - ცალმხრივად არასდროს არავინ შემიყვარდება.

- როგორი გოგონები მოგწონს? - მზა რეცეპტები არა მაქვს, თუმცა უტაქტობა, გაუნათლებლობა მაღიზიანებს.

- ურთიერთობაში რა არის მთავარი? - კომპრომისი, ოღონდ ეს არ ნიშნავს, რომ ერთმა ადამიანმა დათმოს და მეორემ არა.

- ეჭვიანი ხარ? - რა თქმა უნდა, ყველა ის ადამიანი მესულელება, ვინც არ ეჭვიანობს. ესე იგი, შენი წრე არა გაქვს შემოხაზული.

ხათუნა კორთხონჯია