"დათო ბაბუას სათამაშოები" - კვირის პალიტრა

"დათო ბაბუას სათამაშოები"

"კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურად ვამბობ: კოლექციას დავარქმევ "მე გადმოვცურავ ზღვას". ჩემი ავტომობილები, ხიდები, გზები და ქალაქის მაჩვენებლები გაფორმებული იქნება წარწერებით: "სოხუმი", "გაგრა" და "ისევ ვუბრუნდები"...

52 წლის ინჟინერ-მშენებელი დავით მოსიძე ეკოლოგიურად სუფთა, ხის სათამაშოებს ამზადებს. 2015 წელს პროგრამაში "აწარმოე საქართველოში" დაფინანსება მოიპოვა, ხელსაწყო-დანადგარები შეიძინა და წალენჯიხაში, სოფელ მიქავაში, საკუთარ სახლში სახელოსნო გახსნა. ოსტატი არ იყენებს ქიმიურ საღებავებს, გამხსნელსა თუ შენაერთს. რაც მთავარია, ხის სათამაშოების შესაქმნელად ბუნებას არ აზიანებს - ხეებს არ ჭრის და ფიცრებს არ ხერხავს.

- 1991 წელს დონის როსტოვის ტრანსპორტის უნივერსიტეტი დავამთავრე. მერე თბილისში, ავეჯის საამქროში მოვხვდი და იქ შემოვრჩი.

- რატომ გადაწყვიტეთ სოფელში დაბრუნება? - მოხუცი მშობლები მყავდნენ და მათ გამო დავბრუნდი. მერე ადგილობრივი ტელე-ფოტოსტუდია დამეხმარა და ხის სახელოსნო მოვაწყვე. სხვადასხვა ნაწარმის რეალიზაციით მიღებული შემოსავლით ვცხოვრობთ. დროის უდიდეს ნაწილს სახელოსნოში ვატარებ. სათამაშოების დასამზადებლად თუთის, კაკლის, ცაცხვისა და წიფლის მერქანს ვიყენებ. სწორედ ამიტომაც არის დეტალები ერთმანეთისგან განსხვავებული და მრავალფეროვანი. მათ შესაგროვებლად ტყე-ტყე, ღელე-ღელე დავდივარ, ზოგჯერ მეზობლებიც მიგროვებენ. ყვითელი ნაწილი თუთის ხისგანაა დამზადებული, შავი კაკლისაა; ურთხლისას ცოტა მოწითალო ფერი დაჰკრავს. ეს ყველაფერი რომ შეიძინო, დიდი თანხაა საჭირო, მე კი ბუნება უფასოდ მჩუქნის. სათამაშოები რამდენიმე დეტალისგან შედგება. ტექნოლოგია შესაძლებლობას იძლევა, მასალის დანაკარგი რაც შეიძლება მინიმალური იყოს. კონვეიერული დამუშავებისას რამდენიმე ცალი ერთდროულად მზადდება. დროსაც ვზოგავ და ეს ყველაფერი ფასზეც აისახება. თავიდან დანადგარს ვიყენებ, მერე ხელით დამუშავებაზე გადავდივარ. სათამაშოების დიზაინიც ჩემია. გარდა სამხედრო თემატიკისა, სვანური კოშკებიც გამოვთალე. ტურისტებს ძალიან მოსწონთ. ადრე პატარა მაგიდა-სკამებს, ჭადრაკის დაფებსა და ფიგურებსაც ვთლიდი.

- რა უპირატესობა აქვს ხის სათამაშოებს? - ბავშვი ვერ დაამტვრევს, ამასთან, ყველა დეტალი ცალ-ცალკე მზადდება და მთავარი პრინციპი ის არის, რომ ბავშვმა თვითონ უნდა ააწყოს. ყველაფერი ხის ყუთებში ლაგდება. "აწარმოე საქართველოში" გამარჯვების შემდეგ შემომთავაზეს მონაწილეობა პროგრამაში "ინტერნეტი განვითარებისთვის". ისინი დამეხმარნენ ინტერნეტის გამოყენებაში. "ფეისბუქზე" გვერდი გამიხსნეს, საიდანაც შეკვეთებს ვიღებ.

- რაიონში თუ დაინტერესდნენ თქვენი საქმიანობით? - ერთ-ერთ კოლეჯში მუშაობა შემომთავაზეს. ჯერ არ გადამიწყვეტია, მაინც დროის ფაქტორია გასათვალისწინებელი. მოსწავლეების აყვანას ვაპირებ. ერთი გერმანელი მოსწავლეც მყავდა.

სათამაშოები არა მხოლოდ პატარებს, მშობლებსაც მოსწონთ. ერთ-ერთმა მომხმარებელმა მომწერა, ჩემი ცოლი მეუბნება, შენი მადლი მოისხა მაგ კაცმა, რა კარგად ერთობიო. ამერიკაშიც გავგზავნე კომპლექტი: ავტომობილი, ხიდი, ლამპიონი, მოაჯირი, შლაგბაუმი... ფილადელფიიდან დამიკავშირდნენ და ხუთი კომპლექტი შემიკვეთეს. ყუთზე ინდივიდუალურ წარწერებს ვაკეთებ, თუმცა ყველას როგორც ქართულად, ასევე ინგლისურად ვაწერ: "დათო ბაბუას სათამაშოები - დამზადებულია საქართველოში".

- ჩვენ ექსკლუზიურად გვიმხელთ... - დიახ. ახალი იდეები მაქვს. "კვირის პალიტრასთან" ექსკლუზიურად ვამბობ, რომ მალე ვაპირებ სათამაშოებს შემეცნებითი, პატრიოტული, მეგობრული, სიყვარულსა და მიტევებაზე დაფუძნებული ნიუანსები შევმატო. კოლექციას დავარქმევ "მე გადმოვცურავ ზღვას". ჩემი ავტომობილები, ხიდები, გზები და ქალაქის მაჩვენებლები გაფორმებული იქნება წარწერებით: "სოხუმი", "გაგრა" და "ისევ ვუბრუნდები"...

ნათია სიბაშვილი