"პირველად რობოტი რომ ავაწყვე, გავოცდი" - კვირის პალიტრა

"პირველად რობოტი რომ ავაწყვე, გავოცდი"

"ჩემი ნამუშევრების შესაქმნელად ვიყენებ საყოფაცხოვრებო ნივთებს - ლურსმნებს, ჭიკარტებს, მუყაოს, კალმის თავსახურებს, მაგნიტებს, ელემენტებს..."

17 წლის სკულპტორი ვაჟა ფურცელაძე გურჯაანის მე-N2 საჯარო სკოლის მეთორმეტე კლასის მოსწავლეა. ახალგაზრდა სკულპტორი არასტანდარტული, ზოგჯერ კი გამოუსადეგარი ნაწილებისგან ნამუშევრებს აწყობს.

- ჩემს ინტერესებში ტექნიკურ საგნებსა და ასტრონომიას ყოველთვის მნიშვნელოვანი ადგილი ეკავა, რადგან ეს დისციპლინები სამყაროს აღქმის განსხვავებულ შესაძლებლობებს იძლევა. რაც შეეხება ხელოვნებას, იმიტომ მიყვარს, რომ ჩემს შთაბეჭდილებებს სრულყოფილად გამოვხატავ, ვქმნი რაღაც ახალსა და განსხვავებულს. ვიზუალური ხელოვნების, დიზაინის ან ინჟინერიის შესწავლას ვაპირებ. ამ ორს შორის გავაკეთებ არჩევანს. თავიდან ხატვაში გამოვცადე თავი. ყოველთვის მინდოდა რაიმე ნოვატორულის შექმნა.

- რა ააწყვე პირველად? - მეცხრე კლასში ვიყავი, როცა ცხოველის პატარა ფიგურა ავაწყვე რკინის ფულით. დღეს უკვე 50-მდე ნამუშევარი მაქვს, სკულპტურა კი 20-მდე. პატარა სუვენირებს, მინიმალისტურ იარაღებს, მოტოციკლებს, რობოტებსა და ყელსაბამებსაც ვამზადებ. პირველად რობოტი რომ ავაწყვე, გავოცდი. სტიმული მომეცა და ოთხი, კიდევ უფრო დახვეწილი დიზაინის ნამუშევარი შევქმენი. ნამუშევრები ფესტივალებზე გამქონდა, ხალხიც დაინტერესდა და შეკვეთებიც მივიღე.

- მასალად რას იყენებ? - საყოფაცხოვრებო ნივთებს - ლურსმნებს, ჭიკარტებს, მუყაოს, კალმის თავსახურებს, მაგნიტებს, ელემენტებს...

- შავი მოტოციკლის აწყობას რა დრო მოანდომე და რა მასალები გამოიყენე? - 6 საათში ავაწყვე. სანთებელას ნაწილები გამოვიყენე - მაბრუნებელი მექანიზმების დაშლილი დეტალებით ბორბლები გავუკეთე. პლასტმასის სარტყლით საბურავების იმიტაცია შევქმენი, საბოლოოდ კი შავად შევღებე. თუმცა ამ ხერხს იშვითად მივმართავ, რადგან, ძირითადად, ბუნებრივ სახეს ვუტოვებ. მოტოციკლი ნამდვილს რომ დამსგავსებოდა, გადაღებვა გახდა საჭირო. წინასწარ არ ვიცი, როგორი გამოვა და სწორედ ეგ არის ყველაზე საინტერესო. მუშაობისას შეიძლება ნებისმიერი სახე მიიღოს.

მხოლოდ ერთადერთი შემთხვევა მქონდა, როდესაც ნახაზის მიხედვით ავაწყვე სკულპტურა. რაც შეეხება სიზუსტეს, თვითმფრინავის სკულპტურას გამოვარჩევ - აპრილში შემიკვეთეს მეორე მსოფლიო ომისდროინდელი, B-29 ტიპის, ისტორიული მოდელი, რომელმაც ჰიროსიმა-ნაგასაკიზე ატომური ბომბი გადაზიდა. ზუსტი ასლი უნდა შემექმნა. არასტანდარტული მასალა გამოვიყენე, მაგრამ მთავარი მოთხოვნა იყო, რომ შეხედავდნენ, ვერ უნდა გამოეცნოთ, რისგან იყო აწყობილი. დაახლოებით ერთ კვირაში ავაწყვე...

- შენი ყველაზე დიდი სკულპტურის, სამურაის შესახებ მოგვიყევი. - სიმაღლით 1.40 სმ-ია. თვე-ნახევარი მოვანდომე. ჩონჩხით უნდა დაიწყო, ხორცი შეასხა, ტანსაცმელი ჩააცვა, მოხატო... სხვა სამურაებისგან ის გამოარჩევს, რომ კი არ დგას, ხმალამოღებული თითქოს შენკენ მოემართება. მთავარი სირთულეები პროპორციებისა და სიმძიმის გათვლა იყო. თუ რომელიმე ნაწილს სწორად ვერ მოვათავსებდი, შეიძლებოდა ჩამოშლილიყო. ყველაზე დიდი დრო სიზუსტის დაცვას მოვანდომე, თორემ სკულპტურას ნახევარ თვეშიც დავასრულებდი.

ნათია სიბაშვილი